COVID-19-ის პანდემიამ საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, თანაცხოვრების ახალი წესები დააწესა. ადამიანების დღის განრიგი შეიცვალა, მოგვიწია ყველასგან იზოლირება და სახლში დარჩენა - დისტანციურად მუშაობა და სწავლა, რამაც გარკვეული სირთულეები გამოიწვია. განსაკუთრებით მტკივნეულად ეს პროცესი ჩვენი საზოგადოების ყველაზე დაუცველი თემის წევრებმა: ბავშვებმა, მოხუცებმა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა გადაიტანეს.
ადამიანებს შორის მინიმუმ ერთი მეტრის ფიზიკური დისტანცირება ეფექტური მეთოდი აღმოჩნდა COVID-19-ის გავრცელების პრევენცირების პროცესში, თუმცა გავრცელებულმა ტერმინოლოგიამ გარკვეული გაუგებრობა წარმოქმნა სოციალურ დისტანცირებასთან დაკავშირებით. ყველაზე დიდი პრობლემა შშმ პირთა ჯგუფებთან იყო სოციალური კავშირების შემცირება და ხშირ შემთხვევაში სრული იზოლაცია.
კვლევებმა აჩვენა, რომ ყველაზე კარგად მუსიკას შეუძლია ხელი შეუწყოს სოციალური კავშირების დამყარებასა და გაძლიერებას ფიზიკური დაშორების პერიოდშიც კი. სწორედ ამიტომ ააიპ „მშობელთა ხიდის“ სპეციალისტების ორი თვის სისტემატიური მუშაობის შედეგად, საქართველოში პირველად (შშმ პირთა დისტანციურ მუსიკალურ აქტივობაში ჩართვის ხელშეწყობის მიზნით) შეიქმნა ეფექტური ელექტრონული პლატფორმა, musikagvaertianebs.ge სადაც განთავსებულია შშმ პირთა ჩართულობით შექმნილი ელექტრონული გზამკვლევი, აქტივობათა კრებული, მუსიკალური ინსტრუმენტების დამზადების ინსტრუქციები და სხვადასხვა სახის შემეცნებითი თამაშები.
აღნიშნული ვებგვერდი შეიქმნა პროექტის ,,მუსიკა - სოციალური დისტანცირების დასაძლევად’’ ფარგლებში, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური ხელშეწყობით განხორციელდა.
ელექტრონული პლატფორმა საკმაოდ მარტივად მოხმარებადია, რის გამოც ეფექტურად იმუშავებს, როგორც პანდემიის პერიოდში, ასევე ჩვეულებრივ რეჟიმში.
მუსიკალური აქტივობები იხილეთ აქ მუსიკალური ინსტრუმენტები იხილეთ აქ მუსიკალური ინსტრუმენტების დამზადების ინსტრუქციები იხილეთ აქ