მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ღონისძიება ჩატარდა და 2020 წლის „ლანჩხუთის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.
ღონისძიებას „ეტალონის“ ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა. ეს დღე განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე რესურსცენტრისა და მერიის წარმომადგენლებისათვის.
აკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საუკეთესო შედეგი აჩვენეს და მუნიციპალიტეტის სკოლებს შორის სამი საპრიზო ადგილიდან ორი - I და III ადგილი მათ დაიკავეს. ასევე აღსანიშნავია, რომ ამ სკოლიდან „ეტალონის“ მეორე ტურში სულ 3 მოსწავლე გავიდა და სამივე მათგანი ქულებით პირველ ათეულში მოხვდა. მეორე ადგილზე კი ნინოშვილის საჯარო სკოლის მოსწავლე გავიდა.
ღონისძიებაში მონაწილე სკოლების მოსწავლეებსწარმატებები უსურვეს მერიის წარმომადგენელმა და რესურსცენტრის ხელმძღვანელმაც. ასევე ძალიან ემოციური აღმოჩნდა მუნიციპალიტეტის მერის - ალექსანდრე სარიშვილის მიმართვა, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულია და კლინიკაში მკურნალობს, თუმცა ამ ფაქტს ხელი არ შეუშლია, მისალმებოდა მოსწავლეებს, გაემხნევებინა ისინი და წარმატებები ესურვებინა.
ღონისძიების შედეგებსა და მონაწილეთა ემოციებზე, საფინალო ადგილზე გასული მოსწავლეები, მათი დირექტორები, რესურსცენტრის უფროსი და მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის უფროსი გვესაუბრა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის უფროსი - ია ჩხაიძე:
„პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ღონისძიებაზე უსაფრთხოების ნორმები იყო მაქსიმალურად დაცული და ამისთვის მადლობა „ეტალონს“, იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე დიდი ფასეულობა ადამიანის სიცოცხლეა, ჩვენი ბავშვების უსაფრთხოება ამ მხრივ დაცული იყო. ღონისძიება ძალიან კარგად იყო ორგანიზებული, დასაწყისში ინფორმაცია მიეწოდა ბავშვებს, თუ რა მიზანს ემსახურებოდა დღევანდელი ღონისძიება და რომ მასში მონაწილეობა მათთვის იქნებოდა ცხოვრებაში მოტივაციისათვის ძალიან დიდი შედეგისმომცემი, მართლაც ასეა. ამავე დროს განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსწავლეებმა ძალიან მაღალი შედეგით შეძლეს თავის წარმოჩენა. ძალიან კმაყოფილები და მადლიერები ვართ, წარმატებას ვუსურვებთ მთლიანად „ეტალონის“ შემადგენლობას“.
ლანჩხუთის რესურსცენტრის უფროსი - ნინო ჩიტაძე:
„როგორც ყოველთვის, ტრადიციულად, ღონისძიებამ კარგ გარემოში ჩაიარა. მოსწავლეებმა წარმატებულად წარმოაჩინეს საკუთარი თავი. ბატონი გოჩას თქმითაც, გამორჩეული მაჩვენებელი იყო - 89 ქულა დააგროვა გამარჯვებულმა მოსწავლემ. მშვიდად და წესების დაცვით ჩაიარა ყველაფერმა, მოსწავლეები კმაყოფილები იყვნენ, ჩვენც - ძალიან. როგორც ყოველთვის, „ეტალონი“ ამართლებს მოლოდინებს. პირველ ადგილზე გასულისთვის გამარჯვება ძალზე ემოციურიც აღმოჩნდა და აღსანიშნავია, რომ „ეტალონის“ გამარჯვებულის ტიტულთან ერთად, ის მერიისგან ფულადი ჯილდოს სახით 500 ლარსაც მიიღებს. მისთვის ეს ყველაფერი ერთად იყო ძალიან სასიხარულო. ათეულში მოხვედრილი ყველა მოსწავლეც ამავე დროს იყო ძალიან გახარებული“.
ღონისძიება ხაჯალიის საჯარო სკოლაში ჩატარდა. დირექტორმა ხათუნა აფხაზავამ აღნიშნა, რომ მოსწავლეთა ჯანმრთლობისა და უსაფრთხოების მიზნით ყველა რეკომენდაცია დაცული იყო:
„ღონისძიების დღე ძალიან ემოციური იყო და წარმატებულად ჩაიარა. ვფიქრობ, რომ კარგი იქნება თუ მსგავსი ტიპის შეჯიბრებები ხშირად ჩატარდება სკოლებში ბავშვებისთვის. მოსწავლეთა აქტიურობა ყოველთვის მაღალია, უხარიათ მონაწილეობა. პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, ყველაფერი წესების სრული დაცვით ჩატარდა“.
ლანჩხუთის „ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მაგდა ცინცაძემ მოიპოვა, რომელიც აკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეა. მაგდა „ეტალონის“ მეორე ტურს განსაკუთრებულად ელოდა და კარგი შედეგის იმედიც ჰქონდა, საკუთარმა წარმატებამ ის უფრო მეტი მოტივაციით აავსო და ემოციები ჩვენც გაგვიზიარა:
„მოლოდინი დიდი მქონდა, ემოციები იყო უსაზღვრო, ჯერ რომ არ განმიცდია, ისეთი ემოციები მქონდა. მინდა ვთქვა, რომ „ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია უსაზღვრო შესაძლებლობებით და მართლაც, ძალიან გამახარა ჩემმა წარმატებამ. ყველა მოსწავლეს, ვინც ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობას აპირებს, ვურჩევ წაიკითხონ ძალიან ბევრი წიგნი. მეტი კითხვა დაეხმარება მათ გამარჯვებაში“.
აკეთის საჯარო სკოლის დირექტორი ერემი ტოროტაძე ამაყობს თავისი მოსწავლეებით და აღნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტის დონეზე ასეთ კარგ შედეგს არ ელოდა, რადგან მისი სკოლა მცირეკონტიგენტიანია და ფიქრობდა, რომ პირველი ადგილისთვის ბრძოლა უფრო მეტად რთული იქნებოდა. დირექტორი გახარებულია, რომ მეორე ტურში სკოლიდან გადასული 3 მოსწავლიდან, სამივე ათეულში მოხვდა, მათგან ერთ-ერთი კი „ლანჩხუთის ეტალონი მოსწავლე“ გახდა.
„კარგი მოსწავლეები არიან, ძალიან კარგად სწავლობენ, ყველანაირად დადებითი ბავშვები არიან პირველ ადგილზე გასული მაგდა ცინცაძე და მესამე ადგილზე გასული გიორგი მორჩილაძე. გასულ წლებშიც მიიღეს მონაწილეობა ინტელექტ-ჩემპიონატში. ჩვენ შიდა შეჯიბრიც გვქონდა, იქ ორი ისეთი მოსწავლე დარჩა მეორე ტურის მიღმა, რომ გული ძალიან დამწყდა. მათგან ერთ-ერთი შარშანწინდელი გამარჯვებული - ანა გეგიძეა. რაც შეეხება ღონისძიების შედეგებს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით არ მეგონა, თუ პირველ ადგილს დავიკავებდით, საპრიზო ადგილს კი ველოდი, თუმცა პირველს - არა. ჩვენ მცირეკონტიგენტიანი სკოლა გვაქვს, სულ 100 ბავშვი სწავლობს. სხვა სკოლები ბევრად დიდია, მეტი ბავშვია. ასეთ მდგომრეობაში არ ველოდი, თუ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს ექნებოდათ ასეთი კარგი შედეგები, ჩვენგან 3 მოსწავლე გავიდა მეორე ტურში და სამივე ათეულში მოხვდა, მესამე მოსწავლესაც სულ მცირე დააკლდა სამეულში მოსახვედრად“.
მეორე ადგილი ნინოშვილის საჯარო სკოლის მოსწავლეს - იოანე ლომაძეს ერგო. იოანე „ეტალონში“ წელს პირველად მონაწილეობდა და საკუთარი შედეგით აღფრთოვანებულია. ამბობს, რომ მომავალშიც აუცილებლად ჩაერთვება ინტელექტ-ჩემპიონატში და ეცდება გამარჯვების მოპოვებას:
„არ ველოდი ამ ადგილს და ძალიან გამიხარდა მეორე ადგილზე გასვლა. აქამდე არასდროს მიმიღია მონაწილეობა „ეტალონში“ და ამიტომაც არ ველოდი მაღალ შედეგს. ემოციური იყო, ძალიან გამიხარდა, რადგან მოულოდნელი იყო ეს ჩემთვის. შემდეგ ჯერზეც აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას და ვეცდები გავიმარჯვო კიდეც“.
ნინოშვილის საჯარო სკოლის დირექტორი აკაკი დიასამიძე მეორე ადგილზე გასულ მოსწავლეს გვიხასიათებს და ამბობს, რომ იოანე ლომაძე ძალიან კარგი მოსწავლეა, რომელსაც სკოლაშიც მაღალი შეფასებები აქვს და ამავდროულად, ძალიან თავმდაბალია:
„იოანე მეორე წელია, რაც ჩვენთან სწავლობს. წარმატებული, თავმდაბალი, მონდომებული ბავშვია, უმაღლესი შეფასებები აქვს. მე ამ მოსწავლის იმედი მაქვს, კარგი მასწავლებელიც ხელმძღვანელობდა - დავით ბოლქვაძე, რომელიც წამყვანი პედაგოგია და ალბათ, ამანაც იმოქმედა, რომ კარგი შედეგი გვქონდა. მოსწავლე ძალიან აქტიურია და პედაგოგიც ძალიან მონდომებული იყო. ჩვენ ადრეც მოვიპოვეთ მეორე ადგილი და ამჯერადაც მქონდა კარგი შედეგის მოლოდინი, შეიძლება, ისევ მეორე ადგილს არ ველოდი, თუმცა მჯეროდა, რომ ათეულში მაინც მოხვდებოდა ჩვენი მოსწავლე. მეორე ადგილი - ეს უკვე წარმატებაა და ძალიან კმაყოფილი ვარ“.
მესამე ადგილზე გასული, აკეთის საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი მორჩილაძე ამაყია საკუთარი და თანასკოლელების ქულებით და ამბობს, რომ შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა:
„კარგ შედეგს ველოდით, იმიტომ, რომ ჩვენ ვმუშაობდით ჩვენს ხელმძღვანელთან - „ეტალონის“ პედაგოგებთან ერთად. მოვემზადეთ კარგად, ბევრ საკითხს გადავხედეთ. რაც შეეხება უშუალოდ „ეტალონის“ ღონისძიებას, სიმართლე გითხრათ, კარგი მოლოდინი გვქონდა, თუმცა შედეგი კიდევ უფრო უკეთესი მივიღეთ, ვინაიდან მაჩვენებლებით რეკორდები მოიხსნა და ეს ბატონმა გოჩამაც აღნიშნა. აღსანიშნავია ის, რომ ჩვენი სკოლა - აკეთის საჯარო სკოლა გამოირჩეოდა იმით, რომ 3 მოსწავლე ვიყავით გადასული მეორე ტურში და აქედან 2 გავედით სამეულში, მესამე მოსწავლეც მოხვდა ათეულში და მე-8 ადგილი დაიკავა“.
დაათვალიერეთ ღონისძიების ფოტოები
ასევე იხილეთ:
გთავაზობთ ლანჩხუთის ინტელექტ-ჩემპიონატის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების რეიტინგს
„ძალიან სასიხარულოა ასეთი პროექტის არსებობა“ - ლანჩხუთში „ეტალონის“ I ეტაპის ტესტირება ჩატარდა
„ეტალონი“ ლანჩხუთს ეწვევა - იხილეთ მონაწილეთა სია
ლანჩხუთის სკოლების მოსწავლეთა საყურადღებოდ - ეტალონი
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო სხდომას 27 დეკემბერს გამართავს
„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“
6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა
ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე