სიახლეები
პიროვნება

„მასწავლებელს საზოგადოება უნდა აფასებდეს“ - შორენა მენაღარიშვილი, აჭყვისთავის სკოლის პედაგოგი
12-11-2020
-
+


ბავშვობაში ორ პროფესიაზე ოცნებობდა - ან თეთრი ხალათი უნდა სცმოდა ან მასწავლებელი უნდა ყოფილიყო; საბოლოოდ, აბიტურიენტობა ისეთ პერიოდში მოუწია - 90-იანებში, როდესაც სამედიცინო სფერო ფანტასტიკას უტოლდებოდა და ამიტომ არჩევანი პედაგოგობაზე შეაჩერა. რთულია თქმა, ბევრი დაკარგა თუ არა ქართულმა მედიცინამ შორენა მენაღარიშვილის ამ გადაწყვეტილებით, მაგრამ ფაქტია - საქართველოს პედაგოგიურ საზოგადოებას კიდევ ერთი ერთგული მასწავლებელი შეემატა, რომელმაც თავის დროზე დირექტორობაზეც კი უარი თქვა, ოღონდ რიგით პედაგოგად დარჩენილიყო. არ ვნანობ ამ გადაწყვეტილებასო,  - გაუმხილა etaloni.ge- აჭყვისთავის საჯარო სკოლის პედაგოგმა შორენა მენაღარიშვილმა და არაერთ საინტერესო საკითხზეც გვესაუბრა.

- ქალბატონო შორენა, როგორ დაიწყეთ სასწავლო წელი მაშინ, როდესაც პირველს აჭარის რეგიონს შეეხო დისტანციური სწავლება?

- მოგვაკლეს საკლასო ოთახებში სწავლის დაწყების სიამოვნება, მაგრამ რა გაეწყობა... არადა, ბავშვებს ერთი სული ჰქონდათ, როდის დაუბრუნდებოდნენ სკოლას. მოგეხსენებათ, მარტიდან ვართ დისტანციურ სწავლებაზე და ფაქტობრივად, მეორე სემესტრში არ ჰქონიათ ბავშვებს შესაძლებლობა, სკოლაში მოსულიყვნენ, მასწავლებლებს შეხვედროდნენ... რაც შეეხება ახალ სასწავლო წელს, ძირითადად, მესენჯერით შემოვიფარგლებით, რადგან აჭყვისთავი მაღალმთიანი სოფელია და ბავშვებს არ აქვთ წვდომა ხარისხიან ინტერნეტთან; აქედან გამომდინარე, უჭირთ „თიმსით“ მუშაობა. მე მაგალითად დიდ სირთულეებს ვაწყდები - უცხო ენას ვასწავლი და რუსულის სწავლა დისტანციურად წარმოუდგენელია. შედარებით ადვილია მაღალ კლასებთან, მაგრამ მეხუთე კლასში ძალიან გვიჭირს - ახლა იწყებენ, აქამდე არ ჰქონიათ შეხება... თან მოგეხსენებათ რუსული ენა უკანა პლანზეა გადაწეული,  ცუდია ასეთი რეჟიმი, მაგრამ სხვა გზა არაა.

- გარკვეულ შედეგებზე თუ გადიხართ - აკადემიური წელი იქნებოდა კოლაფსი, მაგრამ საბოლოოდ რა მივიღეთ?

- მართალია, 2019-2020 არ გამოცხადდა აკადემიურ წლად, მაგრამ ჩემთვის მაინც ასე დარჩა... ბევრი მუშაობა დასჭირდებათ საკუთრ თავზე ბავშვებს და ჩვენც მათთან ერთად, რათა ავინაზღაუროთ ის, რაც დააკლდათ. ჩემს საგანში დიდი ჩავარდნა იყო, რადგან ისეთ კლასებშიც კი, სადაც მიმაჩნდა, რომ უკეთ ვმუშაობდი და ბავშვებიც, ასე თუ ისე, მომზადებულები იყვნენ, ისეთ რაღაცებზე მიწევს განმეორებით საუბარი, მიკვირს. ჩვენ პირობებში, სოფელში, ამ რეჟიმში ყოფნა, ახლაც სულ ვეძებ მასალას, რა შეიძლება მივაწოდო, რომ ელემენტარული საკითხების გავლა მაინც შევძლოთ. მიჭირს თქმა, საბოლოოდ, როგორ შედეგზე გავალთ.

- რუსულმა ენამ გადაიწია უკანა პლანზეო, - თქვით. ბავშვებს როგორი დამოკიდებულება აქვთ ენის მიმართ, როდესაც მუდმივად ესმით, რომ რუსეთი ოკუპანტია?

- სწორედ შექმნილმა ვითარებამ იქონია გავლენა ბავშვებზე... აჭარაში უფრო თურქულმა წამოიწია, ეს გეოგრაფიულმა სიახლოვემაც განაპირობა, ეკონომიკურმა მდგომარეობამაც...  ოჯახის ზოგი წევრი თურქულ საწარმოში მუშაობს, ზოგ თურქეთშია ემიგრაციაში და ბავშვებსაც მიაჩნიათ - რუსულის სწავლას, ჯობს, თურქულს ვისწავლით, უფრო გამოგვადგება. ყველაფერი მოქმედებს ბავშვებზე - გარემოც და ისიც, რომ ხშირად ესმით - რუსეთი ოკუპანტია! მე კი მიმაჩნია, რომ ყველა ოკუპანტია, ვინც ეხება ჩემს ქვეყანას... თუმცა თავის დროზე, როდესაც პროფესია უნდა ამერჩია, არჩევანი რუსულზე შევაჩერე. ეს ენა მომწონდა.

- რატომ მასწავლებლობა, ქალბატონო შორენა?

- ბავშვობიდან, მომწონდა ორი სფერო - ან თეთრი ხალათი, ან მასწავლებელი; მაგრამ არასოდეს მინანია, რომ ავირჩიე პედაგოგობა;  მთავარი ყველა მასწავლებლისთვის ისაა, გიყვარდეს ბავშვები, სხვაგვარად ამ პროფესიას ვერ უერთგულებ.

- ისე, პედაგოგობა იმ პერიოდში დაგიწყიათ, როდესაც ეს საქმე გმირობის ტოლფასი იყო - მიზერული ხელფასით და შიშველი ენთუზიაზმით.

- 2002 წელს დავიწყე მუშაობა და ორი წელი ჩემი ანაზღაურება იყო თვეში 50 ლარი... ვცხოვრობ სხვა სოფელში და გადაადგილება გვიწევდა ტრანსპორტით, მძღოლები კი მგზავრობის თანხას არ გვართმევდნენ... ჩემმა მასწავლებლებმაც როგორ უერთგულეს ამ პროფესიას, მაოცებს... და იცით - ჩემი არჩევანი გარკვეულწილად ამანაც განაპირობა - საოცარი მასწავლებლები მყავდა, ასევე ლექტორები... ესეც მოქმედებს, გაძლევს სტიმულს მიუხედავად ყველა სირთულისა... შემდეგ მქონდა კარიერული წინსვლის შესაძლებლობა, ყველა ეტაპი წარმატებით გავიარე და ვიყავი კიდეც არჩეული დირექტორი, მაგრამ როდესაც დადგა გადაწყვეტილების მიღების დრო - ვყოფილიყავი მასწავლებელი თუ დირექტორი, არჩევანი პირველის სასარგებლოდ გავაკეთე, რადგან პირველ რიგში, ვარ მასწავლებელი. არ ვნანობ ამ არჩევანს და დღესაც იგივე გადაწყვეტილებას მივიღებდი.

- დღეს მასწავლებლის პროფესია დაფასებულია, ქალბატონო შორენა, მით უმეტეს, არსებობს კარიერული წინსვლის სქემა?

- მე არ ვთვლი, რომ დაფასებულია - მართალია, ბევრი რამ შეიცვალა უკეთესობისკენ, ანაზღაურება გაზრდილია, მაგრამ ამ სქემასაც, გააჩნია, ვინ, როგორ უყურებს.  მე გავხდი უფროსი მასწავლებელი სქემამდე და ბევრი რამ მომცა გამოცდამ, მაგრამ ახლანდელი სქემა, ჩემი აზრით, ბევრს ვერაფერს მომცემდა... ასე მარტივად, ამ სქემის ფარგლებში, მიაღწიეს მასწავლებლებმა კარიერულ წინსვლას მაშინ, როდესაც წლების წინ რთული იყო. მარტივად რომ ვთქვათ - არათანაბარ პირობებში აღმოვჩნდით მასწავლებლები. ყველა მიყვარს და  პატივს ვცემ, მაგრამ ბევრს მარტივად მიეცა ყველაფერი... მაგრამ იცით, ყველაზე მთავარი რა არის? - მასწავლებელი სახელმწიფოს მიერ უნდა იყოს აღიარებული, თუმცა ის მშობლებისა და ბავშვებისთვის უნდა იყოს მისაბაძი, საზოგადოება უნდა აფასებდეს, ეს პროფესია საზოგადოებაში უნდა ფასდებოდეს, რადგან მასწავლებელი ის პიროვნებაა, რომელიც ბევრს შრომობს, რათა ღირსეული მოქალაქეები გაუზარდოს ქვეყანას; რაც დღეს, სამწუხაროდ არ არის.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

განათლებული მასწავლებელი ინვესტიციაა განათლებულ მომავალში

რა ცვლილებები შეეხება ადგილობრივ სკოლამდელ დაწესებულებებს ცნობილია

ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს 

მედიაწიგნიერება სასკოლო განათლებაში

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს (TUM) შორის თანამშრომლობა ღრმავდება

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სტუდიაში ბავშვები სწავლობენ ასაკზე მორგებულ საესტრადო და ხალხურ სიმღერებს

ღონისძიებას პედაგოგი ნონა ნონიაშვილი ხელმძღვანელობდა

ოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას

ამჯერად, გიმნაზიის III კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“ 

აქტივობაში ისინი დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ

საინტერესო

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

სიახლეები
საზოგადოება