პროექტის ფარგლებში 227 კლასის დამრიგებელი და 2710 მოსწავლე გადამზადდა - იხილეთ სკოლების ანგარიში
07-11-2020
დაკოპირებულია
-
+
მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის საპილოტე პროექტში მონაწილე სკოლებმა ანგარიში წარადგინეს. პროგრამის ფარგლებში გადამზადდა ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის 12 და საპილოტე სკოლების 571 თანამშრომელი.
ბულინგის პრევენციისა და სოციალური უნარ-ჩვევების განვითარების გრძელვადიანი პროგრამის განხორციელება მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრმა საპილოტე სკოლებში 2019 წლის გაზაფხულზე დაიწყო. პროექტი მოიცავს ბულინგის, კიბერბულინგის, ტექნოდამოკიდებულების და მოსწავლეებში ნივთიერებათა ავადმოხმარების პრევენციის საკითხებს, ასევე, სასკოლო ცხოვრებაში ინტეგრაციის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას ყველა ბავშვისთვის, საკლასო გარემოს მართვის უნარ-ჩვევების გაძლიერებასა და კრიზისული სიტუაციების მართვაზე ორიენტირებულ მუშაობას.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა საგანმანათლებლო დაწესებულების ყველა რგოლთან ინტერვენცია: გადამზადდნენ საპილოტე სკოლების პედაგოგები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მშობლები და მოსწავლეები.
სასკოლო კლიმატის გაჯანსაღების მიზნით, პროექტის ფარგლებში მომზადდა ძალადობის (მათ შორის, ბულინგის, კიბერბულინგის) და სარისკო ქცევების იდენტიფიკაციისა და მასზე რეაგირების მოდული. აღნიშნული მოდულით გადამზადდა ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის 12 და საპილოტე სკოლების 571 თანამშრომელი. შეირჩა 112 პედაგოგი მშობლებთან და მოსწავლეებთან სამუშაოდ.
მომზადდა ბულინგის პრევენციისა და მასზე რეაგირების წესები და ფასეულობები. ამ მიმართულებით გადამზადდა საპილოტე სკოლების 227 კლასის დამრიგებელი/მასწავლებელი. მათ მიერ, ცენტრის თანამშრომელთა მხარდაჭერით, გადამზადდა 2710 მოსწავლე.
გარდა ამისა, შემუშავდა მშობლების სასკოლო ცხოვრებაში ჩართვის გეგმა. გაიმართა 102 საინფორმაციო შეხვედრა, რომელშიც 1630 მშობელი მონაწილეობდა.
„რთული ქცევის“ მოსწავლეებთან ეფექტიანი კომუნიკაციისთვის გამოიკვეთა მასწავლებელთა საჭიროებები. მომზადდა ასევე კრიზისულ სიტუაციებზე რეაგირების წესი და პროტოკოლი; შემუშავდა ჯგუფური ტრავმის მართვის, ასევე, რთული ქცევების იდენტიფიკაციისა და მხარდაჭერის საჭიროებების განსაზღვრის მოდულები და ა.შ.
ნივთიერებათა ავადმოხმარების პრევენციის მიზნით, მომზადდა ნარკოპრევენციის პროგრამები 13 წელს ზემოთ ასაკისა და 13 წლამდე მოსწავლეებისათვის. აღნიშნული პროგრამების საფუძველზე გადამზადდნენ პედაგოგები და მანდატურები.
პროგრამის განხორციელების პროცესში მანდატურის სამსახური მჭიდროდ თანამშრომლობს გაეროს ბავშვთა ფონთან, ევროკავშირის პროექტთან „ევროკავშირის მოქმედება ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ (EU ACT)“, ფონდთან - „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი“ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან.