სიახლეები
პიროვნება

„ურთულესია, როდესაც განათლებისა და მომავლის გარდა, ჯანმრთელობაზე ასე ზრუნვა გვიწევს“
12-11-2020
-
+


2012 წლიდან ხაიშის საჯარო სკოლის დირექტორია, თუმცა მას შემდეგ, რაც პირველად შეშის ღუმელებისგან გაჭვარტლულ სკოლაში ფეხი შედგა,  რკინის ქალამანი ჩაიცვა, ვინ აღარ შეაწუხა, ბევრი იბრძოლა და საბოლოოდ, დღეს ხაიშის სკოლა თანამედროვე სტანდარტებს სრულად შეესაბამება. მანანა კვიციანისთვის საკუთარი მოსწავლეების უკეთესი მომავლისთვის ბრძოლა უცხო ნამდვილად არ არის, თუმცა როგორც ინტერვიუს დროს მითხრა, მანამდე ვერასოდეს წარმოიდგენდა, პანდემიურ რეალობაში თუ მოუწევდა დირექტორობა და თითოეული მასწავლებლის, მოსწავლის ჯანმრთელობაზე ასეთი შიში. ქალბატონი მანანა იმედოვნებს, რომ მალე ამ გამოწვევას საქართველო ღირსეულად გაუმკლავდება, მანამდე კი იმის შესახებ გვიამბობს, როგორ იცავენ ხაიშის საჯარო სკოლაში არსებულ რეგულაციებს, იხსენებს, რა გზა განვლო დღემდე და როგორ მიაღწია უამრავ წარმატებას სკოლამ, რომელსაც მხოლოდ უფროსი და წამყვანი მასწავლებლები ჰყავს.

- ქალბატონო მანანა, როგორ უმკლავდება თქვენი სკოლა ეპიდსიტუაციას?

- მოგესალმებით! პირველ ყოვლისა, საქართველოს ვუსურვებ, ამ მდგომარეობიდან მალე და დანაკარგების გარეშე გამოვიდეს. ქედს ვიხრი ჩვენი ექიმების წინაშე, რომლებიც თავს არ ზოგავენ, რათა ჩვენი სიცოცხლე დაიცვან... რაც შეეხება ჩვენ სკოლას - ვითხოვთ დისტანციის დაცვას, უფროსკლასელებს მოვთხოვეთ, პირბადით იარონ, რადგან ზრდასრულები არიან, ემზადებიან რეპეტიტორებთან და ხშირად უწევთ გადაადგილება... რა გითხრათ - პირბადეს ისე შევეჩვიეთ, უკვე ვეღარც წარმომიდგენია სხვაგვარად. სკოლას სადეზინფექციო საშუალებების დიდი მარაგი გააჩნია, ხშირად ვანიავებთ ოთახებს, ჩართული გვაქვს გათბობა, არ გვყავს ბევრი მოსწავლე და არც სოციალური დისტანციის დაცვა გვიჭირს, დერეფნებშიც კი. სულ ისმის ჩვენი მოწოდებები, რომ გაუფრთხილდნენ ერთმანეთს. დილით, ორი მორიგე მასწავლებელი ატარებს თერმოსკრინინგს და ერთი გრადუსით ტემპერატურის მატების შემთხვევაშიც კი მოსწავლე გადაგვყავს საიზოლაციო ოთახში. ჯერჯერობით ჩვენთან საეჭვო შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ერთადერთი, რის გამოც მეშინია, ისაა, რომ  მარნეულთან გვაქვს კონტაქტი, იქ კი, მოგეხსენებათ, არ სჯერათ კოვიდის. ამბობენ - ესაა ჩვეულებრივი გრიპიო და ტრანსპორტში, მაღაზიებში, ბაზარში წესებს არავინ ემორჩილება; აქვთ ქორწილები და სხვა თავყრილობები... ამიტომ ვართ  ეპიდვითარების აფეთქების საშიშროების წინაშე. მე კი მზად ვარ, ყველა მოსწავლისა თუ მშობლის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას გავუფრთხილდე.

- როდესაც ამ თანამდებობაზე მოდიოდით, წარმოიდგენდით, რომ ასეთ ვითარებაში მოგიწევდათ დირექტორობა?

- ნამდვილად არა... 2007 წლიდან ჯერ გოლთეთის საჯარო სკოლის დირექტორი ვიყავი,  2012-დან კი ხაიშის საჯარო სკოლის დირექტორი ვარ. ურთულესია, როდესაც  განათლებისა და მომავლის გარდა, ჯანმრთელობაზე ასე ზრუნვა გვიწევს. ყოველ წუთს, ყველაფერს ეჭვის თვალით ვუყურებ და ეს ძალიან მოქმედებს ნერვულ სისტემაზე.

- ისე, სირთულეებთან შეჭიდება თქვენთვის უცხო ნამდვილად არ არის. ხაიშის სკოლის დირექტორმა, წარმოუდგენელი შეძელით თქვენი სკოლის წარმატებისთვის. გვიამბეთ, რა გზა განვლეთ დღემდე.

- სოხუმის უნივერსიტეტი და მაშინდელი პუშკინის პედაგოგიური ინსტიტუტი დავამთავრე... დედა პედაგოგია - საქართველოს დამსახურებული მათემატიკოსი, რომელიც ყოველდღე ფეხით 6 კილომეტრს გადიოდა, სკოლაში გაკვეთილები რომ ჩაეტარებინა. ხუთი და ვართ და მე, როგორც უფროსს მიხდებოდა მათი აღზრდაც, გაზრდაც, რადგან დედა დილიდან საღამომდე სკოლაში იყო. დედის შემართულმა ცხოვრებამ შთაგვაგონა - ყველას გვესწავლა და ოთხმა პედაგოგური დავამთავრეთ; მეც რთულ პირობებში მიწევდა მუშაობა... შემდეგ გადავედი ბაღის გამგედ. მინდოდა, ჩემ სოფელში ყოფილიყო საუცხოო ბაღი და ეს შევძელი; მოგვიანებით, ოჯახი თბილისში შევქმენი, სახლიც გვაქვს იქ, თუმცა საბოლოოდ, აქ, თეთრიწყაროში, სტიქიის შედეგად ჩამოსახლებულ სვანებთან ერთად გადავწყვიტეთ ცხოვრება.

- არ გაგიჭირდათ ამ გადაწყვეტილების მიღება?

- ... იოლი არ იყო. სვანეთში, ჩემ ეზოში ექვსი წყარო რომ მოჩუხჩუხებს, აქ სანატრელი გვაქვს წყალი და თბილისიდან მოგვაქვს სასმელი წყალი, ეს არის პირველი - უმთავრესი შერკინება! მაგრამ მაინც ასე გადავწყვიტე. 2012-ში, როცა მოვედი, სკოლა იყო სრულიად გაურემონტებელი, ჭვარტლში, კვამლში გახვეული... ჩავიცვი რკინის ქალამნები, ბევრი შევაწუხე და მგონი, ყველას მოვაბეზრე თავი, მაგრამ საბოლოოდ - მივიტანე ჩვენი გულისტკვილი. სტიქიითაც მოვაბეზრე თავი, თითქოს ის რომელიმე მთავრობის ბრალი ყოფილიყო... მგონი უფრო შევეცოდე ხალხს და მოხდა ორი ფლიგელის რეაბილიტაცია. აღარაფერს ვამბობ ბუნებრივი აირის გათბობაზე, რომელიც ჩვენ სოფელში ნამდვილი სენსაცია გახლდათ. საბოლოოდ, სრულიად უზრუნველყოფილი სკოლა მივიღეთ. დღეს კი მინდა,  თუკი ვინმეს თავი მოვაბეზრე, ქედი მოვუხარო და მადლობა გადავუხადო. ჩემი მოსწავლეები უზრუნველყოფილები არიან ყველაფრით... მხოლოდ 50-ზე მეტი ლეპტოპი მოვიტანე სკოლაში...

- სხვა ფარ-ხმალს დაყრიდა თქვენს ადგილას, ქალბატონო მანანა.

- შეიძლება... თუმცა მე არ მჩვევია დანებება. ახლაც გრანტი მოვიგეთ და ჩვენს სკოლაში ახალგაზრდული თვითმმართველობის ოთახი გაკეთდება, ყველანაირი ტექნიკით აღჭურვილი... გვყავს ფეხბურთში გამარჯვებული გოგონების გუნდი და ეს სტერეოტიპიც დავანგრიეთ, თითქოს ფეხბურთი მხოლოდ მამაკაცების თამაშია.

ვცდილობ, ბავშვები წარმოჩინდნენ, მომავლისკენ იყურონ, ვნერგავთ ცხოვრების ჯანსაღ წესს და წარმოიდგინეთ, ჩვენი სკოლის 85 მოსწავლიდან ერთიც კი არ მოიხმარს თამბაქოს. მყავს არჩვეულებრივი კოლექტივი, სადაც ყველა უფროსი და სამი წამყვანი მასწავლებელია, გვაქვს სხვადასხვა კლუბი... მართალია ვხვდებით წინააღმდეგობებსაც თუმცა ვცდილობთ, ერთად დავძლიოთ. ვფიქრობ, ეს შემიძლია და როცა ოდნავ დაღლას ვიგრძნობ, მივხვდები, სკოლას ვერაფერს მოვუტან, გადავალ პედაგოგად, რადგან თანამდებობას ჩაბღაუჭებული ნამდვილად არ ვარ.

- ასეთი უნდა იყოს დირექტორი?

- მე უკეთესს ვისურვებდი... დირექტორს უნდა ჰქონდეს სკოლა და საშრომი! სრულად უნდა იხარჯებოდე სკოლისთვის. ყველა ჩემს კოლეგას ვუსურვებ, იყოს საპატიო დირექტორი. განათლებაზე არც მაქვს საუბარი - კანონმცოდნე, მშობლების, ბავშვებისა და პედაგოგების დამცველი, არ უნდა ანსხვავებდეს სოციალური მდგომარეობის მიხედვით და შვილივით უყვარდეს თითოეული მოსწავლე. მე ასეთი დირექტორი მწამს.

აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი „ეტალონს“, რომელიც ჩემი სკოლის მონაპოვარია. ჩემთვის უდიდესი სიხარულია, „ეტალონი“ წელს ხაიშის საჯარო სკოლაში რომ ჩატარდა. ეს იყო ცოდნის გამარჯვების ზეიმი და მართალია, ჩემმა ბავშვებმა ვერ გაიმარჯვეს, ჩემი სკოლის გამარჯვებაა, წარმატებული მოსწავლეები ხაიშის საჯარო  სკოლაში რომ გამოვლინდნენ. მადლობა „ეტალონის“ ხელმძღვანელობას! გუნდის თითოეულ წევრს ასეთი პროექტისთვის, ასეთი დამოკიდებულებისა და იმ დიდი საქმისთვის, რასაც მომავალი თაობების განათლებისთვის აკეთებთ.  


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

საქართველოში მოსწავლეთა 11.3%, ელექტრონულ სიგარეტს, 11.6% კი თამბაქოს მოიხმარს - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

განათლებული მასწავლებელი ინვესტიციაა განათლებულ მომავალში

რა ცვლილებები შეეხება ადგილობრივ სკოლამდელ დაწესებულებებს ცნობილია

ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს 

მედიაწიგნიერება სასკოლო განათლებაში

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ღონისძიებას პედაგოგი ნონა ნონიაშვილი ხელმძღვანელობდა

ოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას

საინტერესო

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

სიახლეები
საზოგადოება