ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე ვიდეოკონტროლი არ ხდება, კეთილსინდისიერება მოსწავლის პასუხისმგებლობაა - რა იცვლება მეორე ტურში?
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველ ტური 20 ნოემბერს დასრულდება. წელს პირველად, მოსწავლეები მონაწილეობას ონლაინ ფორმატში იღებენ. აღნიშნული ფორმატი კი ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს, როგორც კონტროლის მექანიზმებსა და ტექნიკურ საკითხებზე, ისე დავალებათა ტიპებზე. ამიტომ მეტი დეტალის გასარკვევად ჩვენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მივმართეთ.
ცენტრის განმარტებით, ტესტირების პროცესი გამართულად, ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს და
ტექნიკური დეტალები გათვლილია: „პლატფორმა მომზადდა ისე, რომ რაც შეიძლება მეტ მონაწილეს ჰქონოდა შესაძლებლობა, სახლიდან გაუსვლელად ჩართულიყო ტესტირების პროცესში. შეიქმნა მრავალფეროვანი დავალებების ბაზა, გაიწერა დეტალური ინსტრუქცია. ამასთან, გათვალისწინებულია უამრავი ტექნიკური დეტალი. მაგალითად, თუ ტესტირებისას მოსწავლეს გაეთიშება კომპიუტერი ან ელექტროენერგია, ან რაიმე მიზეზით დასჭირდება კომპიუტერის გადატვირთვა, ამის გამო მას არ მოუწევს ღელვა - ტესტირების შეწყვეტამდე შეკითხვებზე გაცემული პასუხები პროგრამულად დამახსოვრებული იქნება, შესაბამისად, პრობლემის მოგვარებისა და ბმულზე ახლიდან შესვლის შემდეგ იმ დავალებიდან გააგრძელებს მუშაობას, რომლის დროსაც ტესტირება შეწყდა. ამასთან, ყოველ დღე, 09:00 საათიდან 20:00 საათამდე მუდმივად მობილიზებულია ცენტრის ცხელი ხაზი ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში მოსწავლეების უმოკლეს დროში დასახმარებლად“.
ტესტირებაზე მონაწილე მოსწავლეების ვიდეოკონტროლი არ ხდება, დამკვირვებლები კი მეორე ტურიდან ჩაერთვებიან - ასეთია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პასუხი კითხვებზე, როგორ ხდება მონაწილის გაკონტროლება, როგორ მოწმდება მოსწავლე, რომ მას არ ეხმარება არავინ და დამოუკიდებლად მუშაობს ტესტირებაზე, რა გარანტიას გვაძლევს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, რომ მოსწავლემ, რომელმაც უკვე დაწერა ტესტი სხვა მონაწილეებს არ მიაწვდის ინფორმაციას საკითხების შესახებ:
„თითოეულ დავალებაზე გამოყოფილია 2 წუთი. თუკი ის პასუხს ამ დროის განმავლობაში არ მონიშნავს, ეს დავალება ავტომატურად გაქრება ეკრანიდან (გაქრობამდე 12 წამით ადრე პროგრამა საგანგებოდ შეატყობინებს მას, რომ დავალებისათვის განკუთვნილი დრო იწურება) და პროგრამა შესთავაზებს მას ახალ დავალებას. გარდა დროის ლიმიტისა, რომელიც მნიშვნელოვანი კონტროლის მექანიზმია, ამ მიმართულებით დიდ როლს თამაშობს ასევე დავალებების მრავალფეროვნებაც - თითოეულ საგანში რამდენიმე ვარიანტია, შესაბამისად, მოსწავლემ სხვა მონაწილეებს მიაწოდოს ზუსტად მისთვის რელევანტური ინფორმაცია, არც ისე მარტივი საქმეა, გარდა ამისა, ყველა სხვა მონაწილე მისი კონკურენტია და არც მისთვისაა ინფორმაციის მიწოდება სარგებლის მომტანი. ცხადია, ყოველთვის (გამონაკლისი არც ეს შემთხვევაა) გასათვალისწინებელია თითოეული მონაწილის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხიც.
ვიდეოკონტროლი არ ხდება - ჩვენ გვაქვს ის კონტროლის მექანიზმები, რომელზეც უკვე გესაუბრეთ. რიგი საკითხები თავად მოსწავლის პირადი პასუხისმგებლობაა. დამკვირვებლები მეორე ტურიდან ერთვებიან. ცხადია, ყველა მონაწილე კარგად უნდა ხვდებოდეს, რომ თუ პირველ ტურში დამოუკიდებლად ვერ გაართვა თავი ტესტს, მომდევნო, გაცილებით რთულ ტურებს მით უფრო ვერ დაძლევს“, - გვითხრეს გამოცდების ეროვნული ცენტრში.
რაც შეეხება უშუალოდ დავალებების ტიპებს,
საკითხები კვლავ არჩევით პასუხიანია და ამ მიმართულებით არაფერი შეცვლილა, ტესტების გასწორება კი ავტომატიზირებულია.„ტესტირების დასრულებისას, დავალებების ამოწურვის შემდეგ მოსწავლე მაშინვე ნახულობს ეკრანზე მის მიერ მიღებულ ქულას. მეორე ტურში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს ის მონაწილე, რომელიც დააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ს ან მეტს და მოხვდება საგნის რეიტინგული სიის პირველ 1 000 მოსწავლეს შორის. რეიტინგულ სიას ცენტრი განათავსებს შესაბამის ვადებში ვებგვერდზე, სპეციალურ პროგრამაში, რომელზე წვდომაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციას ექნება. პროცესის წარმართვასა და ორგანიზებაში ცენტრის სხვადასხვა სამსახური მონაწილეობს“, - აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
როგორც ჩანს, ტესტის კეთილსინდისიერად შესრულება დროის ლიმიტის გარდა, მოსწავლეთა პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული.
ცნობისთვის, წელს ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის სურვილი 30 700-ზე მეტმა მოსწავლემ გამოთქვა.