სიახლეები
სკოლები

„დატოვა ნათელი, წარუშლელი კვალი“-ნახუნაოს საჯარო სკოლის პედაგოგები ღვაწლმოსილ პედაგოგს გოგუცა ჩიქოვანს ემშვიდობებიან
03-12-2020
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის ნახუნაოს საჯარო სკოლის პედაგოგები ღვაწლმოსილ პედაგოგს - გოგუცა ჩიქოვანს ემშვიდობებიან. მას დიდი წვლილი მიუძღვის მოსწავლეთა აღზრდაში, რისთვისაც თაობები პედაგოგს მადლიერებით და სიყვარულით აცილებენ.

„90 წელი შეუსრულდა ...

წავიდა  ჩვენგან ბუნებით არისტროკრატი, სკოლაზე და მოსწავლეებზე უზომოდ შეყვარებული საყვარელი მასწავლებელი, გოგუცა (გუგუ) ჭიჭიკოს ასულ ჩიქოვანი. მისი პიროვნება ბუნების უძვირფასესი ჯილდოა. მისი ცხოვრება რჩეულ ადამიანთა ხვედრი.    

წავიდა დიდი სიყვარულით, დიდი ერთგულებით, დიდი მონატრებით გულახდილი და დაგვიტოვა დიდი მოუშუშებელი და მოუნელებელი ტკივილი, რომელსაც ვერაფერი ვერ გაანელებს. მოწიწებით მუხლს ვიყრით  გოგუცა მასწავლებელო თქვენი ძვირფასი ხსოვნის წინაშე და დაუსრულებლად მადლობას გიძღვნით ყველაფერი იმისათვის, რაც მოგვანიჭეთ თქვენი სიცოცხლით და სიყვარულით, ღმერთის ნება იყო, რომ  გოგუცა მასწავლებელი გაუყენა მარადიული არსებობის გზას. ხოლო ჩვენ კი ცოდვილ დედამიწაზე დარჩენილთ ძალზე დაგვწყვიტა გული. გოგუცა მასწავლებელმა დატოვა ნათელი წარუშლელი კვალი დიდი სიყვარული და სითბო მის ირგვლივ.

მისი საზოგადოებაში გამოჩენით რაღაც იცვლებოდა – განსაკუთრებული ხიბლი ჩნდებოდა. გოგუცა ჩიქოვანი გამოირჩეოდა ღვთით ბოძებული ნიჭიერებით, წიგნიერებით, პიროვნული ღირსებით, ადამიანში კარგის დანახვის იშვიათი უნარით, სიკეთის კეთების საოცარი სურვილით, ოჯახიშვილობით. იგი ჭეშმარიტად იყო დამამშვენებელი იმ საზოგადოებისა, სადაც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.

ცხოვრების გზა შესაშური სიდარბაისლით გაიარა, ახალგაზრდობისათვის  იყო სინდისიერი გარჯისა და უმწიკვლო ცხოვრების მაგალითი. მზესავით ნათელი სულისა და უხვი სიყვარულის მთესველი პიროვნებაა, შთამაგონებელი და ძლიერი, მთლიანი და გაუბზარავი, ნათელღიმილა, გარეგნულ და შინაგან  მშვენიერებათა საოცარი ნაზავი, დახვეწილი გემოვნებით, იგი თავის ირგვლივ ქმნიდა სიკეთისა და სათნოების განწყობას. მისი გული და მთელი პიროვნება მარად მოქმედი ვულკანივით აფრქვევდა სითბოს, სინათლესა და სიყვარულს. მას ხელთ ეპყრა ყველაზე ძლიერი ჯადო-თილისმა – ადამიანის სულზე მოსარგები გასაღები.

გოგუცა ჩიქოვანი დაიბადა 1926 წლის 15 აგვისტოს, მარტვილის რაიონის სოფელ ნალეფსაოში, თავადის ოჯახში. 1944 წელს წარმატებით დაამთავრა მარტვილის საშუალო სკოლა.  იმავე წელსვე ჩაირიცხა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1948 წელს ბუნებისმეტყველებისა და ქიმიის სპეციალობით. სწავლის დამთავრებისთანავე დატოვებულ იქნა ინსტიტუტში ქიმიის კათედრის უფროს ლაბორანტად. სწავლობდა მიზნობრივ ასპირანტურაში 1948–1950 წლებში. ოჯახური პირობების გამო თავი დაანება ინსტიტუტში მუშაობას და მშობლიურ სოფელს დაუბრუნდა. 1951 წელს დაინიშნა მარტვილის მოზრდილთა სკოლაში ქიმია–ბიოლოგიის მასწავლებლად. იმავე წელს სამუშაოდ გადავიდა მარტვილის რაიონის სოფელ წინაკვერკვეს არასრულ საშუალო სკოლაში ქიმია–ბიოლოგიის მასწავლებლად. პარალელურად 1961–1965 სასწავლო წლებში მუშაობდა ნახუნაოს საშუალო სკოლაში ქიმიის მასწავლებლად. 1985 წელს დაჯილდოვდა ქების სიგელით წარმატებული პედაგოგიური მუშაობისათვის, ხოლო 1989 წელს – შრომის ვეტერანის მედლით. განუწყვეტლივ იმაღლებდა ცოდნას ქიმიისა და ბიოლოგიის კურსებზე. 2002 წელს გავიდა პენსიაზე.

ქალბატონმა გოგუცა ჩიქოვანმა აირჩია ახალგაზრდობის აღზრდის კეთილშობილური საქმე. მისი  საქმიანობის უტყუარობის საზომი მისივე აღზრდილების ზნეკეთილი საქმიანობაა. მისი აღზრდილები სათანადო ცოდნასთან  ერთად  შესაფერისი მორალური და ზნეობრივი საგზალით დატვირთულნი დაადგნენ ცხოვრების გზას, რომელიც გოგუცა მასწავლებელმა მათ სუფთა სულითა და თბილი გულით უსაგზლა.

ქალბატონი გოგუცა მუშაობის პერიოდში მოსწავლეებზე ფიქრსა და ზრუნვაში ატარებდა თავის შინაარსიან ცხოვრებას. იყო მოსწავლეთა გულთამხილავი, მათი ავ–კარგის თანამოზიარე.  ქალბატონმა გოგუცამ მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება მოსწავლეების სწავლა–აღზრდისათვის გაწეულ შრომაში გალია. ვინ დათვლის, რამდენ მოსწავლეს გაუვლია მის ხელში, რამდენი ხასიათისა და მისწრაფების ახალგაზრდა უნახავს, რამდენის სულში ჩაუხედავს, რამდენისთვის გაუტანებია დედობრივი ზრუნვა.

მას პირადი საქმე საერთო საქმეზე წინ არასდროს დაუყენებია. არასდროს გაქცევია სიძნელეებს,  ყოველთვის ობიექტური იყო პრობლემის გადაჭრისას და მოსწავლეების ცოდნის შეფასებისას. ყოფილი მოსწავლეები განსაკუთრებული მოწიწებითა და სიყვარულით ეპყრობოდნენ საყვარელ პედაგოგს. თითოეულ მის სიტყვაში იყო უდიდესი ნუგეში, სითბო და მომავლის იმედი ქალბატონი გოგუცას დამოკიდებულება კოლეგების მიმართ, საოცარი განწყობის, ყურადღების, სითბოსა და სიყვარულის ნიმუშია. მას ერთ დღესაც უჭირდა თავისი საყვარელი სკოლისა და მოსწავლეების გარეშე ცხოვრება, მაგრამ როგორც ძლიერმა პიროვნებამ, ეს შეძლო და 76 წლის ასაკში გავიდა პენსიაზე. თავისი საყვარელი საქმე მის მიერ გამოზრდილ შვილიშვილებს გადააბარა.

ქალბატონი გოგუცას მეტყველებასა და გრძნეულ სიტყვას  ჯადოსნური ზემოქმედება ჰქონდა მოსწავლეებზე. ტკბილი ხავერდოვანი და მეტად მოქნილი კილო მეტყველებისა, საოცრად იზიდავდა მსმენელებს და,  როცა იგი საუბარს დაასრულებდა გული დაგწყდებოდა,  ნეტავ ერთხანს კიდევ ესაუბრაო. სკოლის ვრცელ დერეფნებში ამ მშვენიერი ქალბატონის გამოჩენაც კი საკმარისი იყო, შეგენიშნათ, თუ როგორი მოკრძალებითა და პატივისცემით ხვდებოდნენ კოლეგები და  მოსწავლე - ახალგაზრდობა, მის შემობრძანებას სკოლის შენობაც კი თითქმის სხვანაირი სითბოთი ეგებებოდა ღიმილით, ალერსით. გოგუცა ჩიქოვანი პატიოსნებისა და უმწიკვლო პიროვნული თვისებებით გამორჩეული ქალბატონი იყო.

დასრულდა კიდევ ერთი უანგარო და პატიოსანი ქალბატონის ცხოვრება. ქალბატონი გოგუცა კი არ მოკვდა, არამედ გარდაიცვალა, სხვა სამყაროში გადასული მუდმივად დარჩა ჩვენს ხსოვნაში.

დღითიდღე ვრწმუნდებით, რომ ვეღარ ვიხილავთ თქვენს სახეს,  გოგუცა მასწავლებელო, რომ ამიერიდან ამაოდ  მოგელით  და არავინ არის, ვისაც თქვენებრ სასოებითა და თაყვანისცემით მივმართავთ ჩვენი საჭიროების დროს, საშინლად განვიცდით ამას.

გოგუცა მასწავლებელი დღეს აღარაა ჩვენ შორის, მაგრამ მუდმივად იქნება მისი ხსენება ჩვენს გულებში.

ღმერთმა ნათელში დაამკვიდროს გოგუცა მასწავლებლის სული. მოწიწებით მუხლს ვიყრით მისი  ძვირფასი ხსოვნის წინაშე და დაუსრულებლად მადლობას ვუძღვნით იმისათვის, რაც  თავისი პრიოფესიონალიზმით, სიცოცხლითა და სიყვარულით მოგვანიჭა.

გწამდეთ, ძვირფასო მასწავლებელო, რომ თქვენი მოწაფეები, არასოდეს დაივიწყებენ თქვენს დიდ ამაგს მშობლიური სკოლის წინაშე და მუდამ ყვავილებით შეამკობენ თქვენს საფლავს.

ღმერთმა ნათელში ამყოფოს თქვენი ლამაზი სული მამაზეციერმა და ეს სიტყვები მიითვალეთ თქვენდამი ლოცვად,  თქვენი რწმენის წმინდა ტაძარში ანთებულ სანთებლად, ძვირფასო გოგუცა მასწავლებელო“,-წერია სკოლის სამძიმრის წერილში.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„გამოცდებზე იყო ის საკითხები, რაც არამხოლოდ აბიტურიენტმა და სტუდენტმაარამედ თითოეულმა ქართველმა უნდა იცოდეს“

შარშან როდის დაიწყო ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება


10 უნივერსიტეტი, რომელთაც ე.წ. უფასო ფაკულტეტები აქვთ

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დიდი სამსარის საჯარო სკოლის დირექტორი ფატმან ლაკლაკიშვილი პასუხობს

„ვისურვებდი არასდროს დავღლილიყავი ჩემი ქვეყნისა და ახალგაზრდების სამსახურში“

სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება