მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სამხრეთ კავკასიის რეგიონში პირველი საუნივერსიტეტო ჰაბში სასწავლო პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტში დისტანციური სწავლების მიუხედავად სტუდენტებს დატვირთული დღის წესრიგი აქვთ. როგორც მენეჯმენტის პროგრამის ხელმძღვანელი ნათია ზედგინიძე აღნიშნავს, სტუდენტების ნაწილს უკვე საკუთარი ბიზნეს გეგმები და სტარტაპების წამოწყების სურვილი აქვთ.
ნათია ზედგინიძე: წელს ჩვენ მივიღეთ სტუდენტების პირველი ნაკადი. გვაქვს სამი პროგრამა: მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერებების და მენეჯმენტის. მენეჯმენტის პროგრამა მოიცავს 5 კონცენტრაციას: მარკეტინგი, სტრატეგია და ლიდერობა; ეკონომიკა და პოლიტიკა; ოპერაციების და მიწოდების ჯაჭვის მართვა; ფინანსები და საბანკო საქმე; ინოვაციები და მეწარმეობა. სტუდენტებს მოუწევთ მე-5 სემესტრიდან მათთვის სასურველი მიმართულების არჩევა. ამდენად, მენეჯმენტის პროგრამა ეს არ არის ზოგადი პროგრამა, არამედ აყალიბებს კონკრეტული მიმართულებების მიხედვით დარგის სპეციალისტებს ეკონომიკაში, ოპერაციულ სისტემებში, ფინანსებში, ინოვაციებსა და მარკეტინგში.
მენეჯმენტის პროგრამაზე 2020-2021 სასწავლო წელს მივიღეთ პირველი 78 სტუდენტი. ეს არიან სტუდენტები, ვინც შეძლეს და გადალახეს მათემატიკის საკმაოდ მაღალი, 41 ქულიანი ბარიერი. ჩვენი სტუდენტები გამოირჩევიან მაღალი მათემატიკური უნარებით და ასევე ფლობენ ინგლისურ ენას. ორივე მათგანი არსებითად მნიშვნელოვანია პროგრამის დასაძლევად, რადგან სწავლება მიმდინარეობს სრულად ინგლისურ ენაზე გერმანელი და ქართველი პროფესორების მიერ და მათემატიკური საგნები მენეჯმენტის პროგრამის სავალდებულო შემადგენელს წარმოადგენენ. ჩვენი მიდგომა, მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით შექმნილი მენეჯმენტის პროგრამის ფარგლებში არის სწორედ ტექნიკური და ტექნოლოგიური კომპეტენციების ჩამოყალიბება და განვითარება, რაც არსებითია მნიშვნელოვანია ზემოთ აღნიშნული კონცენტრაციების დაძლევისა და დასაქმების ბაზარზე კონკურენტული უპირატესობების მოპოვებისთვის.
რაც შეეხება სწავლის პროცესს, მოგეხსენებათ რომ ამ დრომდე სწავლის ჰიბრიდული მოდელით ვასწავლიდით, რაც გულისხმობდა გარკვეული საგნის პირისპირ სწავლებას; შესაბამისად სემინარები რეგულაციების სრული დაცვით სტუდენტებს აუდიტორიებში უტარდებოდათ, ხოლო დანარჩენი ლექციები ონლაინ რეჟიმში დისტანციურად მიმდინარეობდა.
უშუალოდ სწავლის პროცესი არის საკმაოდ საინტერესო, მიუხედავად იმისა, რომ ყველას სწავლების პირისპირი მეთოდი ურჩევნია, მინდა ვთქვა, რომ ამ მოცემულობით, რომელიც მსოფლიოშია, ძალიან წარმატებით მიმდინარეობს სწავლება.
- როგორია სტუდენტების აქტივობა და ხომ არ გაუჭირდათ მათ ინგლისურ ენაზე სასწავლო მასალების გაგება, ათვისება?
- სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულნი სასწავლო პროცესში. უნივერსიტეტმა სტუდენტებს (ვისაც ამის სურვილი ჰქონდა) გადასცა ლეპტობები, რომელიც აღჭურვილია Microsoft 365-ოფისის ლიცენზირებული პროგრამებით. სტუდენტების ნაწილი უნივერსიტეტის კამპუსში ცხოვრობდა, სანამ სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადავედით.
სწავლის პერიოდში, სტუდენტების მოტივაცია იმდენად გაიზარდა, რომ მათ გაუჩნდათ სხვადსხვა ბიზნესს იდეები, ინიციატივები. მაგალითად, სულ რამდენიმე ხნის წინ მათ რამდენიმე ვიდეო რგოლიც გადაიღეს იმასთან დაკავშირებით თუ როგორია მენეჯმენტის სტუდენტების საუნივერსიტეტო ცხოვრება, როგორ ხედავენ KIU-ს. მათი ვიდეოები იმდენად ავთენტური და იმდენად სასიამოვნო სანახავია, რომ ძალიან მალე ვიდეოს მნახველთა რაოდენობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ამიტომ, აქვე მინდა კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით, და პირადად გადავუხადო დიდი მადლობა ჩვენს სტუდენტებს საინტერესო, სახალისო ვიდეო რგოლებისთვის. თქვენ KIU -ს ნამდვილი ელჩები ხართ!
როგორც ზემოთ აღვნიშნე, სწავლა მიმდინარეობს სრულად ინგლისურად. ეს სტუდენტებისთვის ცნობილი იყო თავიდანვე, როდესაც აბარებდნენ უნივერსიტეტში და შესაბამისად მათთვის სიურპრიზი არ ყოფილა. თუმცა, თავიდან 2-3 კვირის განმავლობაში სტუდენტებში იყო გარკვეული მღელვარება. მათ სასწავლი მასალის საკმაოდ დიდი რაოდენობა ჰქონდათ ასათვისებელი, ახალი ტერმინები, თეორიები, რომელიც ინგლისურად უნდა ესწავლათ. ამასთან, ჰყავთ ინგლისურად მოსაუბრე გერმანელი და ქართველი პროფესორები. მარტო მიმდინარე შემოდგომის სემესტრში მათ 5 გერმანელი პროფესორი ჰყავთ, რომლებიც თვიანთი დარგის ნამდვილი უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტები არიან. სტუდენტებისთვის, ეს ყველაფერი თავიდან იყო გამოწვევა. ჩვენის სკოლის მხრიდან, იმისათვის რომ სტუდენტებს დავხმარებოდით საგნების უკეთ ათვისებაში, საოფისე/საკონსულტაციო საათებიც შემოვიღეთ და სურვილის მიხედვით, სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ ამ სერვისით. ისინი, მართლაც აქტიურად ესწრებიან საკონსულტაციო საათებს და კონკრეტული კითხვების მიმართავენ პროფესორები და მათ ასისტენტებს. ამ ყველაფერმა ძალიან კარგი შედეგი გამოიღო იმ მხრივ რომ, ერთის მხრივ სტუდენტების შიში საგნების დაძლევასთან დაკავშირებით გადალახული და მეორეს მხრივ, ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში, ძალიან მჭიდრო გუნდებად ჩამოყალიბდნენ და ერეთმნეთს აქტიურად ამეცადინებენ და ერთგვარ მენტორობასაც კი უწევენ. მოკლედ, დისტანციური სწავლის მიუხედავად გუნდური სულისკვეთება სტუდენტებში უფრო გაძლიერდა და მეტი მუხტი იგრძნობა მათ საუბრებში.
აკადემიური კუთხით რომ შევხედოთ, ჩვენ სასწავლო პროგრამაში თავიდანვე გვქონდა ჩადებული ინგლისური ენის გაძლიერებისთვის შესაბამისი კურსები პირველი, მეორე და მესამე სემესტრისთვის. ინგლისური ენის სასწავლო კურსებს ბრიტანეთის საბჭო განახორციელებს დამოუკიდებლად, რაც ხარისხის გარანტიაა დამეთანხმებით. ეს სტუდენტებს დაეხმარება კიდევ უფრო მეტად განავითარონ ინგლისური ენა. გარდა ამისა, ჩვენ მენეჯმენტის პროგრამაში დამატებული გვაქვს აკადემიური წერა და კომუნიკაცია - ეს მათ ეხმარებათ, ინგლისურ ენაზე ლოგიკური აზროვნების, აზრის გადმოცემის, მოკლე ტექსტების დაწერისა და გააზრების, ვერბალური და წერითი უნარების განვითარებაში. ეს ორი სასწავლო კურსი დამხმარე, თუმცა სავალდებულო საგნებია და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ითქვას, ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა სტუდენტებისთვის სხვა დარგობრივი საგნების დაძლევის პროცესში.
ნამდვილად ვერ გეტყვით, რომ მენეჯმენტის პროგრამა, მდგენელი კონცენტრაციებით და თავად სასწავლო პროცესი მარტივი და მსუბუქია სტუდენტებისთვის. პირადად მე, ყოველ კვირა მაქვს შეხვედრები და ვცდილობ, უშუალოდ მათგან გავიგო სად რა გამოწვევები აქვთ, რაში სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა, როგორია მათი კმაყოფილება და რა სურვილები გააჩნიათ. იმისთვის რომ სწავლის პროცესი კიდე უფრო მეტად მხარდაჭერილი ყოფილიყო ჩვენი მხრიდან, ასევე მივყევით მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პრაქტიკას, მათ კონცეფციას და თითოეულ პროფესორს ჰყავს მხარდამჭერი პერსონალი - პროფესორის ასისტენტი (Professor Assistant) ან სწავლების ასისტენტი (Teaching Assistant). რას აკეთებენ აღნიშნული ასისტენტები? - მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს მკაცრად გაწერილი სასწავლო კურსის ფორმატები (ECTS Course Formats), რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ პროფესორი კი არ შედის 3-4 საათის განმავლობაში სალექციო საათზე, არამედ ასისტენტები გერმანელ და ქართველ პროფესორების მენტორობის, ლიდერობისა და მითითების მიხედვით ატარებენ სასემინარო შეხვედრებს, ახდენენ ქვიზების, ტესტების, სხვადსხვა შეფასებითი დავალებების ადმინისტრირებას. მოკლედ მიდგომა შემდეგია: KIU-ს პროფესორი უნდა იყოს დაკავებული მაღალი ხარისხით ჩაატაროს სალექციო საათები, იფიქროს სამეცნიერო სტატიებზე, პუბლიკაციებზე, მულტიდისციპლინურ პროექტებზე და მისი დრო არ უნდა იყოს დაკავებული ტექნიკური ადმინსტრირებებით. ამასთან ერთად, აკადემიური პერსონალის მხარდამჭერი პერსონალის (ასისტენტები) სწავლობენ პროფესორების მაგალითზე მაღალი ხარისხის ლექციების, სემინარების და.ა.შ ჩატარების პრაქტიკებს. მოკლედ, ურთიერთგაზიარებისა და კოლაბორაციის პრაქტიკა აქტიურად დავნერგეთ უნივერსიტეტში. მინდა გითხრათ, რომ სტუდენტებისთვის ძალიან სასარგებლო, საინტერესო და უცხო აღმოჩნდა ეს ყველაფერი.
- მიუხედავად იმისა რომ KIU-ს თავიდანვე ჰქონდა გათვალისწინებული სწავლების ონლაინ ფორმატი, საინტერესოა, რამდენად შეცვალა პანდემიამ უნივერსიტეტის გეგმები და მოახდინა თუ არა გავლენა სასწავლო პროცესზე?
- ჰიბრიდული სწავლების პერიოდში სტუდენტების ნაწილი და პროფესორებიც, მათ შორის მეც, უნივერსიტეტის კამპუსში ვცხოვრობდით და უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვის შეგრძნება გვქონდა ყველას, რადგან KIU ძალიან ზედმიწევნით იცავდა და იცავს ყველა რეგულაციას და რეკომენდაციებს. ახლა კი როდესაც სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადავედით, დავტოვეთ კამპუსი და პროცესები მიმდინარეობს დისტანციურად. სრულად ონლაინ სწავლებაზე გადასვლის გამო სტუდენტებს გაუჭირდათ კამპუსის დატოვება, რადგან KIU კამპუსი და სტუდენტური ცხოვრება მაღალი ხარისხის გარემოში, უკვე გახდა მათი ზრდასრულობის, დამოუკიდებლობის და თავისუფლების საუკეთესო გამოცდილება . ამიტომ მესმის სტუდენტების წუხილი კამპუსის დატოვებასთან დაკავშირებით.
პანდემიის გამო, ვერ ჩამოვიდნენ მენეჯმენტის სკოლის გერმანელი პროფესორები საქართველოში, საუბარია ხუთ გერმანელ პროფესორზე, რომლებიც ამ სემესტრში კითხულობენ ლექციებს და მომავალი ოთხის წლის განმავლობაშიც, კიდევ სხვა გერმანელ და ქართველ პროფესორებთან ერთად გააგრძელებენ სტუდენტების სწავლებას. რა თქმა უნდა ყველას გვსურს, მალე გადავიდეთ პირისპირ სწავლებაზე და ჩვენი გერმანელი პროფესორებიც იმედოვნებენ, რომ გაზაფხულზე მოეცემათ შესაძლებლობა ჩამოვიდნენ.
ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ პირველ სემესტრში სტუდენტები გადიან სამეწარმეო საქმიანობასაც, სადაც ინოვაციების კომპონენტი დევს და არაერთ მათგანს უკვე გაუჩნდა თავისი ბიზნეს იდეა და სურვილი აქვთ, მონაწილეობა მიიღონ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო საგრანტო პროექტებში. უკვე ფიქრობენ, გარკვეული სტარტაპების დაწყებას და ვნახოთ როგორ შეძლებენ ამ ყველაფერს. ჩვენი მხრიდან, კი ვთავაზობთ შიდა საგრანტო მხარდაჭერას და ასევე უნივერსიტეტის გარეთ, ბიზნესს იდეების საგრანტო დაფინანსებების, კონკურსების შესახებ.
როგორც იცით, 25 დეკემბერს უკვე შემოდგომის სასწავლო პროცესი და იანვარში სტუდენტებს აქვთ ფინალური გამოცდები, ჩვენი აკადემიური კალენდრის მიხედვით. ასე რომ ვნახოთ, დაველოდოთ, როგორ შეფასდებიან ისინი საერთაშორისო და ადგილობრივი პროფესორების მიერ და როგორი იქნება მათი აკადემიური შედეგები, რომელიც მათთვის ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია. მე კი პირადად, მათ მინდა ვუსურვო წარმატებები და მჯერა, რომ მენეჯმენტის სტუდენტები ქვეყანაში ახალი თაობის სწორედ ის წარმომადგენლები არიან, რომლებიც შექმნიან ღირებულებებზე, ტექნოლოგიებსა და პროგრესზე დაფუძნებულ მომავალს!
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ქულას მუშაობის დასრულებისთანავე დაინახავთ - NAEC ინფორმაციას ავრცელებს
„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“
გალაკტიონს მცირე ხელფასი ჰქონდა, ისევე, როგორც ყველა მის კოლეგას...
ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე