სიახლეები
სკოლები

„სწავლის მოშინაურება“ - თბილისის N106 სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ინა მეცხვარიშვილი საინტერესო ჩანაწერს გვიზიარებს
07-12-2020
-
+


„სწავლის მოშინაურება“ - თბილისის N106 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ინა მეცხვარიშვილი საინტერესო ჩანაწერს გვიზიარებს.

ინა მეცხვარიშვილი ახალგაზრდა, 27 წლის პედაგოგია, რომელიც მე-8 წელია სკოლაში ასწავლის. მას ბავშვები ძალიან უყვარს და ამბობს, რომ მათგან ბევრს სწავლობს. მასწავლებელი მოსწავლეთა განწყობაზე და მოტივაციის ამაღლებაზე ხშირად ფიქრობს და ზრუნავს. ეს მის ნაშრომშიც კარგად ჩანს.

წარმოგიდგენთ ინა მეცხვარიშვილის ძალიან საინტერესო ჩანაწერს.

„სწავლის მოშინაურება“

მე დაწყებითი კლასების მასწავლებელი ვარ. I-IV კლასელ ადამიანებთან ვურთიერთობ და მუდმივად იმის ფიქრში ვარ, როგორ დავაჭერინო ამ პატარა ასაკის ადამიანებს „სწავლის მუღამი“.

შორით სწავლების პროცესი რომ განხორციელდეს, საჭიროა, არ დავრჩეთ მარტონი ეკრანის წინ მხოლოდ მაწავლებლები. ახლა, როგორც არასდროს, მინდობილნი ვართ ოჯახებზე და რა თქმა უნდა, მოსწავლეებზე, რომ შემოგვიერთდნენ და სასწავლო პროცესი არ ჩავარდეს.  

აქტიურად მეფიქრება ბავშვების განწყობაზე, მოტივაციაზე, ემოციებზე და ასევე, ოჯხის, მშობლების ემოციურ მდგომარეობაზე, შვილისადმი თანაგრძნობისა და  გაგების გამოხატვასა და მიდგომებზე. 

მე ამჟამდ, პირველკლასელ ადამიანებთან და მათ ოჯახებთან ვთანამშრომლობ და ასევე, აქტიური შეხება მაქვს მე-3 და მე-4 კლასელ ადამიანებთან. 

მინდა ჩემი წარმატებული გამოცდილება და მიდგომები გაგიზიაროთ, რამაც დადებითი შედეგი გამოიღო მოსწავლეთა განწყობასა და სასწალო მოტივაციაზე და შესაბამისად, პოზიტიური და შემართებული გახდა მათი ოჯახების განწყობაც.

„სწავლება, რომელიც ახარებს მოსწავლეებს!“

მუდმივად თავში მიტრიალებს ეს წინადადება, თავისი სიტყვებით, არსით, მიზნით, შემდეგ ფიქრებში რომ წარმოვიდგენ ბედნიერ ღიმილიან მოსწავლეებს, უფრო მეტად მომწონს! 

ჩემი აზრით, კარგი მასწავლებელი მაშინ ხარ, როდესაც, თითოეულ შენს გაკვეთილზე ყველა მოსწავლის გახარებას, გაღიმებას შეძლებ! 

ამას კი შევძლებთ მაშინ, როცა არა ჩვენს, არამედ მოსწავლის ინტერესებზე ვიფიქრებთ! 

ამ „ჩაქუფრულ“ სამყაროში, მასწავლებლის ყვეეელაზე დიდ მიღწევად, მისგან წასული ქმედებებითა და დამოკიდებულებებით გახარებული მოსწავლეების სიმრავლე მიმაჩნია!

მოვიშველიებ ჰუმანური პედაგოგიკის ფუძემდებლის, შალვა ამონაშვილის სიტყვებს: 

„ამ ახალ თაობას როგორი პედაგოგიკა უნდა? გამოადგებათ თითის ქნევის პედაგოგიკა, ნიშნების პედაგოგიკა? აბა გაკვეთილი მომიყევიო, ამის პედაგოგიკა გამოადგებათ?  არა!  ახალ ბავშვს ახალი პედაგოგიკა უნდა. ახალი პედაგოგიკა წიგნებში კი არ არის, მასწავლებლის სულში და გულშია“. 

სინამდვილეში, უფრო მარტივი მგონია გულწრფელ, ურთიერთგაგებაზე დაფუძნებული სწავლა-სწავლების პროცესი! 

როგორც ზემოთ აღვნიშნე, მე ამჟამად, პირველკლასელი ადამიანების მასწავლებელი ვარ. ყოველ ჯერზე, როდესაც მათ ნაშრომებს ვეცნობი, გული და სული ამაღლებული განწყობით მევსება: პატარა ხელებით, მრავალფეროვანი, უსაზღვრო, უჩარჩოო აზროვნებითა და ფიქრებით, ყოველ დღე მნიშვნელოვანს ამატებენ საკუთარ შესაძლებლობებს. პატარა ხელებით შექმნილი ნაშრომები მუდმივად მახსენებს, რომ „1+0“_ითა და „აი ია“_თი დაწყებული მნიშვნელოვანი წარწერების ფასი გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე მხოლოდ გულგრილად  აღქმული „საშინაო დავალება“. 

ყველა ჩვენგანი ხომ სწორედ აქედან მოვდივართ. ასე ვიწყებთ და შემდეგ გრძელდება...

ამიტომ:

პირველი და უმთავრესი, პოზიტიური ურთიერთობისთვის არის ის, რომ არ დავივიწყოთ მასწავლებლებმა, რომ ერთ დროს ჩვენც ვიყავით მოსწავლეები, ჩვენც ვცდილობდით, ჩვენთვისაც იყო ბევრი სირთულე, დაბრკოლება, ნუ დავივიწყებთ იმ დროინდელ ემოციებსა და ფიქრებს და თანაგრძნობა და გაგებაც თავისთავად მოვა! 

დღევანდელი სამყაროს „ჩამუქებულობა“ თანმდევი უსიამოვნო, დაუნდობელი, უიმედო, გულსატკენი, იმედგამაცრუებელი ფაქტორებით, უფრო მეტად უნდა გვიბიძგებდეს მასწავლებლებს, გავხდეთ ჩვენი მოსწავლეების საყრდენი, თამამგრძნობი, გამზიარებელი. შევცვალოთ, შევამსუბუქოთ, გავალამაზოთ, გავამარტივოთ, გავაძვირფასოთ ყველაფერი ის, რაც სიმძიმის, დამთრგუნველობის მატარებელია. 

მეორე უმთავრესი რამ აღმოვაჩინე:

ჩემი აზრით, ბავშვებს პატარაობიდანვე უნდა გავაცნობიერებინოთ საკუთარი დანიშნულების, მიზნების, გეგმების აღქმა. დაე, ისმენდნენ ჩვენგან გამამხნევებელ შეძახილებს, რომ „მათაც აქვთ საქმე, რასაც აუცილებლად გაუმკლავდებიან, შეძლებენ!“ პატარაობიდანვე იცოდნენ, რომ „ჰაერიდან“ არაფერი ცვივა, დაუმსახურებლად არაფერი გვეძლევა! 

ყველა ასაკს გააჩნია თავისი შესაფერისი საქმე და ეს ფაქტი სულაც არ არის ცუდი და მოსაწყენი. 

პირიქით! 

მახსოვს, როცა ტერმინი „საშინაო დავალება“ „სახლის საქმე“ - თი შევცვალე, რამდენიმე მშობლისგან პირად შეტყობინებაში შექება მივიღე, მოწონება დაიმსახურა, რადგან დავალება უფრო მძაფრად ჟღერს და აბა, რომელ პატარას უხარია დავალებების მიღება. „სახლის საქმე“ კი ყველა ოჯახის წევრს აქვს. პატარებს კი მუდმივად აქვთ მოთხოვნილება, „დიდური რაღაცები“ მათაც შეეხოთ. 

ჩემი აზრით, მასწავლებლები და ოჯახები ძლიერები ვიქნებით მაშინ, როდესაც შევძლებთ, რომ ჩვენმა ბავშვებმა მაქსიმალური სიამოვნება მიიღონ სწავლით!
დიახ, ისიამოვნონ იმ მომენტებით როცა საკუთარი თავებით იამაყებენ, „ეს მე გამომივიდა!“, „ეს მე შევძელი“, „ნახე, რა მაგარი ვარ!“ გაბედნიერდებიან ჩვენგან მიღებული შექებებით, სიურპრიზებითა და ჯილდოებით! 

და ამ ყველაფერთან ერთად, თანდათან აღიჭურვებიან განათლებით! 

სწავლა რაში გამომადგება? - 
როცა გავიზრდები, კარგი სამსახური რომ მქონდეს! - იციან ხოლმე ბავშვებმა ამ პასუხის გაცემა. და ეს პასუხი იმდენად გაუცნობიერებლად და უგულოდ ჟღერს ამ პატარა ადამიანების ბაგეებიდან, უმრავლესობას სულაც რომ არ უფიქრია ამაზე. რა სამსახური, რა მომავალი, მათთვის ხომ ეს სრულიად აბსტრაქტული და რთულად წარმოსადგენი რამეა. და აბა წარმოიდგინეთ, როგორ მიუდგება ადამიანი საქმეს, როცა იცის, რომ ამას აკეთებს რაღაც გაუცნობიერებელისთვის, რომელზე ფიქრიც მისთვის რთულია. უბრალოდ, ასე ესმის უფროსებისგან და ამ პასუხმაც მყარად გაიდგა ფესვები მის გონებაში და ყოველ ჯერზე, კითხვაზე:„რატომ სწავლობ? - ისიც ინსტიქტურად პასუხობს, „კარგი სამსახური რომ მქონდეს...“ ან მსგავსი შინაარსის პასუხს სცემს, რომელიც უმეტესად სამომავლო გეგმებითაა დატვირთული. გეგმებით, რომელიც ისევ უფროსებმა შეუქმნეს...

ბავშვებს „სწავლა უნდა მოვაშინაურებინოთ“. გავაცნობიერებინოთ, დავანახოთ, რომ სწავლა ახლაც ადგებათ ბევრ რამეში, მეტიც, ყველა ბედნიერი წამის და მხიარული და მშვიდი მომენტის მომტანი სწორედ რომ სწავლაა!.. ამ აბზაცის დასაწყისში ჩამოთვლილი არასრული ფაქტორების დაფასება ვასწავლოთ და გავაცნობიერებინოთ, რომ ყველა ის მომენტი, როცა საკუთარი თავით ამაყობ და შენით ხარობენ შენი საყვარელი ადამიანები, ეს სწავლისგან მიღებული ამჟამინდელი სარგებელია! და რომ ეს შესანიშნავია!

ბავშვებს ძალიან სჭირდებათ მხარდაჭერა, თანაგრძნობა, გაგება!

რთულია მათთვის დღევანდელი სასწავლო რეალობა. საუბარი მაქვს, განსაკუთრებულად, პირველკლასელ ადამიანებზე, რომლებმაც ჯერ ვერც გააცნობიერეს რა ხდება მათ თავს, სახლში არიან და თან სკოლის მოსწავლეები ჰქვიათ, სახლიდან გაუსვლელად აღმოჩნდებიან ხოლმე დილაობით „ვირტუალურ სკოლაში“ და მათ თავისუფალ დროს მოაკლდა ხანგრძლივობა და ეს საქმეებმა დაიკავეს. 

მიდგომის გამომუშავება გვმართებს უფროსებს. წახალისებით გამოვა ყველაფერი!

მშობლებო, თქვენ უკეთ იცით შვილის მახასიათებლები, ჩაეჭიდეთ ძლიერსა და პოზიტიურს, რაც შვილთან ურთიერთობაში მოგეხმარებათ და თქვენს სასარგებლოდ გამოიყენეთ. ამ ეტაპზე, თუნდაც გვჭირდებოდეს ჯილდოების, სიურპრიზების გაკეთება ყოჩაღად და მონდომებით მეცადინეობის სანაცვლოდ, ჯერ ასე გვჭირდება შემდეგ კი უკვე ჩვევაში გადაუვა , პასუხისმგებლობაც გაიზრდება მათში. 

ახლა, როგორც არასდროს, სკოლას ისე სჭირდება ოჯახის თანადგომა! 

ბავშვი დღეს ოჯახში ატარებს სრულყოფილად დროს, ამიტომაც, გადამწყვეტად მნიშვნელოვანია, ოჯახის წევრების დამოკიდებულებები და მიდგომები:

  • გაამხნევეთ, გვერდში დაუდექით. შეგეშალა? არაუშავს, კიდევ სცადე, მეც მეშლება. 
  • როგორი რთულია და შენ რა ადვილად დაწერე!
  • როგორ მიხარია, ასეთი შრომისმოყვარე რომ ხარ! 
  • ყოველდღე უკეთესად გამომდის! 
  • ვიცი, რომ ძალიან მოინდომე!
  • შენ ეს გამოგივიდა! 

და მსგავსი შექებები აბედნიერებთ ბავშვებს. მუდამ ვუმეოროთ ასეთი მახასიათებლები, რომ დაილექოს მათში და ღრმად გაუჯდეთ! 

„შეძახილმა ხე გაახარა“- შევცვალე ცნობილი გამონათქვამი, რადგან ღრმად მჯერა, რომ თუ გახმობა შეუძლია, გახარებასაც შეძლებს და ახლა ჩვენ ბევრი გახარება გვჭირდება! ისე, როგორც არასდროს! 

მოუყვანეთ თქვენი მაგალითი. ხომ მუშაობთ? მანაც უნდა იშრომოს და შრომით მიიღოს ის ყველფერი, რაც მას აბედნიერებს. აქედანვე დავაფიქროთ და ჩავუნერგოთ, რომ მცირე სასიკეთო ქმედებაც დაუფასდება. თუ დროს სწორად გაანაწილებს, ნახავს, რომ თამაშის დროც დარჩება და ამის შემდეგ კი ოჯახის წევრების გახარებასაც შეძლებს, შექებას დაიმსახურებს, მისით იამაყებენ.
ჯილდოებს და სიურპრიზებსაც ნუ მოაკლებთ, ეს უფროსებს გვიყვარს და გავახარებს და პატარებს ხომ საერთოდ. 

მოგიწოდებთ თქვენც და საკუთარ თავსაც: მათ გავაცნობირებინოთ, რომ სწავლა არ არის მათგან განცალკევებული რამ, რომ დაძალებით, ინერციით ან ვიღაცების ხათრით კი არ უნდა ისწავლონ, არამედ ბედნიერებისა და სიმშვიდის მოსაპოვებლად. რაღაც, ჯერ გაურკვეველ მომავლისთვის კი არა, ახლანდელი დროისთვისაც კარგი და საჭიროა, რომ მიიღო ის ყველაფერი, რაც ზემოთ ჩამოვთვალე და საკუთარი თავი უფრო შეიყვარო! 

ხშირად შევახსენოთ ჩვენს შვილებს და მოსწავლეებს სარგებელი, რასაც ისინი იღებენ ყოველდღიურად სასწავლო პროცესში ჩართულობით, ნათლად დავანახოთ მათ განათლების საჭიროება, „მოვაშინაურებინოთ სწავლა“, „დავაჭერინოთ მისი მუღამი“ და განწყობაც ამაღლდება!“


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

როგორი ამინდი იქნება თბილისა და რეგიონებში 2 აგვისტოს ჩათვლით - გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია

2024 წლის ეროვნული გამოცდების ყველა მნიშვნელოვანი ფაქტი - ერთთვიანი პერიოდის შეჯამება Etaloni.ge-სგან

მასწავლებლების საყურადღებოდ - ახალი სასწავლო წლიდან სამინისტრო 100 პროექტს შეარჩევს

სკოლებისთვის საპილოტე პროექტი გრძლედება...

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დიდი სამსარის საჯარო სკოლის დირექტორი ფატმან ლაკლაკიშვილი პასუხობს

სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება