მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებლობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა... მაშინ ალბათ ვერც წარმოიდგენდა, ეს პროფესია რამხელა თავდადებას მოითხოვდა, თუმცა საკუთარ არჩევანს ნამდვილად არ ნანობს. რატომ? - იმიტომ, რომ უსაზღვროდ უყვარს ბავშვები და მათთან ურთიერთობაც უდიდეს ბედნიერებას ანიჭებს. მაშინაც კი, როდესაც ცაგერის მუნიციპალიტეტის ღვირიშის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის, ლეილა ფრუიძის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა და ბედისწერამ შვილი წაართვა, სწორედ მოსწავლეებმა, მისივე შვილის კლასელებმა დაუბრუნეს ცხოვრების აზრი - თქვენ თუ არ წამოხვალთ სკოლაში, არც ჩვენ ვივლითო, უთხრეს და ასე წამოაყენეს საყვარელი ლეილა მასწავლებელი ფეხზე. ლეილა ფრუიძე Etaloni.ge-სთანაც თავის პროფესიასა და მოსწავლეების სიყვარულზე საუბრობს.
- ჩვენი სკოლა მცირეკონტინგენტიანია, სულ ოციოდე მოსწავლე გვყავს და ამ მხრივ ძალიან გვიჭირს; პანდემიამაც გარკვეული პრობლემები შეგვიქმნა - ოჯახების უმრავლესობა სოციალურად დაუცველია და ბავშვებს ნაკლებად აქვთ წვდომა თანამედროვე ტექნოლოგიებთან... ინტერნეტ-კავშირიც არაა გამართული და სწორედ ამიტომ, დისტანციური სწავლებისას, სხვა რომ ვერაფერი მოვახერხე, ბავშვებს ტელეფონით ვუკავშირდებოდი და ასე ვუხსნიდი გაკვეთილებს. როგორი იქნება ტელეფონით ახსნილი გაკვეთილი, ხომ წარმოგიდგენიათ, მაგრამ სულ არარაობას, ხომ სჯობს?
- თქვენი სკოლა დისტანციურ სწავლებაზე რატომ იყო, ქალბატონო ლეილა?
- სწავლა სექტემბერში დავიწყეთ, მოგვიანებით კი ერთ-ერთ მასწავლებელს დაუფიქსირდა ვირუსი, შემდეგ მეც და ჩემმა მეუღლემაც, რომელიც სკოლის დირექტორია, ტესტი გავიკეთეთ და ჩვენც დაგვიდასტურდა... ამიტომ, გარკვეული პერიოდი სწავლა შეწყვეტილი იყო, ახლა კი დავბრუნდით საკლასო ოთახებში. დადიან ბავშვები, მონდომებით სწავლობენ, თუმცა მოგეხსენებათ, მთაში ბევრსაც შრომობენ და ოჯახებს ეხმარებიან... სწავლა ნამდვილად უყვართ, მე კი ისინი მიყვარს ძალიან და ჩემ მოსწავლეებს არავისში გავცვლი. ან, როგორ არ შეგიყვარდება, როდესაც მუდმივად თვალებში გიყურებენ.
- ესე იგი, თქვენც გრძნობთ მათ სიყვარულს...
- რა თქმა უნდა...
- მთაში მასწავლებლებს მეტი ძალისხმევა გვჭირდება, შედეგებს რომ მიაღწიოთ?
- რთულია ნამდვილად, მკაცრი ბუნებრივი პირობებიც ხანდახან ხელისშემშლელია, მაგრამ მოსწავლე-მასწავლებლის წრფელი, თბილი ურთიერთობები ყველაფერს გადაწონის.
- რატომ აირჩიეთ ასეთი რთული პროფესია, ქალბატონო ლეილა?
- ბავშვობიდან მიტაცებდა მასწავლებლობა... მოსწავლის როლი არ მხიბლავდა; მინდოდა, მასწავლებელი ვყოფილიყავი, ბავშვები და მათთან ურთიერთობა ძალიან მიყვარს... მაშინც კი, როდესაც ჩვენს ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა და შვილი გარდამეცვალა, ბავშვები, ჩემი შვილის კლასელები მოვიდნენ და მითხრეს - ჩვენც არ წავალთ სკოლაში, თქვენ თუ არ ივლითო... მათ მომცეს ფეხზე წამოდგომის ძალა.
- დაუფასებელია მასწავლებლის შრომა?
- ასე ვერ ვიტყვი... მოსწავლეც მაფასებს, მშობელიც... არასოდეს მიგრძნია დაუფასებლობა.
- გვითხარით, რომ თქვენი მეუღლე სკოლის დირექტორია... როგორია მეორე ნახევრის ხელქვეითობა?
- ცოტა რთულია... სხვებთან შედარებით, მე უფრო მეტს მთხოვს. ასეა, როდესაც ჩემი შვილების მასწავლებელი ვიყავი, ალბათ, მათაც ხშირად დასწყვეტიათ გული - დედა ჩვენ უფრო მკაცრად გვექცევაო. თუმცა, ვცდილობდი, არ შეტყობოდათ, მასწავლებლის შვილობა და ხშირად, მეგობრებისთვის ნიშნის მომატებაც უთხოვიათ ჩემთვის. სოფლის მასწვლებელს დიდი შრომა აქვს, სახლში ჩემი შვილებისთვის ბევრი დრო არ მქონდა და თავიდანვე მივაჩვიე დამოუკიდებლად მუშაობას. ასეა, უნდა გამონახო ოქროს შუალედი, რათა სხვა ბავშვებმა არ იგრძნონ, რომ შვილს მეტ ყურადღებას უთმობ.
- რა უნდა გააკეთოს თანამედროვე მასწავლებელმა, რომ ბავშვები თავისი საგნით დააინტერესოს?
- ძალიან ბევრი უნდა იმუშაოს საკუთრ თავზე. მთავარია - მასწავლებელს უსაზღვროდ უნდა უყვარდეს მოსწავლე და მოსწავლეც უნდა გრძნობდეს ამას. შედეგად, მათ შორის ისეთი ხიდი გაიდება, რომ ურთიერთობა აღარ გაჭირდება. ჩემი მოსწავლეები ისე გულღიად მოდიან ჩემთან, საიდუმლოსაც მანდობენ, დამატებით მეცადინეობასაც ესწრებიან და მათ არასოდეს ვსაყვედურობ; პირიქით, ვეუბნები, რომ მეტი შეუძლიათ, საკუთარი თავის რწმენას ვმატებ და ყველაზე დიდი ბედნიერება ისაა, რომ ჩვენი მოსწავლეები, რეპეტიტორებთან სიარულის გარეშე ირიცხებიან უმაღლეს სასწავლებლებში.
- ასეთ დროს ძალიან ამაყი ხართ, ხომ?
- რა თქმა უნდა! ესაა ჩემი შრომის ყველაზე დიდი გასამრჯელო. ბედნიერებაა, როცა შენი მოსწავლეები ასეთ წარმატებას აღწევენ. ყოფილა შემთხვევა, დავალებები ღამის სამ საათზე გადმოუგზავნიათ მინაწერით - დროს არ ვიმჩნევთ, მასწავლებელოო და მეც მაშინვე დამიბრუნებია შესწორებული ვარიანტი, პასუხით - არც მე ვიმჩნევ დროს-თქო... სხვდასხვა კონკურსსა თუ ოლიმპიადაშიც მონაწილეობენ, იმარჯვებენ და ამ შედეგს რომ ვხედავ, მაშინ ვარ ბედნიერი. მეც მიტარდება ონლაინ-ტრენინგები და ასე მივდივართ, ნაბიჯ-ნაბიჯ წინ. ვცდილობ, დროს არ ჩამოვრჩე.
- მოგწონთ თანამედროვე მიდგომები და თუნდაც პროფესიული განვითარების სქემა?
- კარგია ეს სქემა, მაგრამ ძალიან ბევრ დროს მოითხოვს მასწავლებლისგან; ბევრი ფორმალური საკითხია და შედეგად, მოსწავლეს აკლდება ყურადღება, თორემ გამოცდები უნდა იყოს და მე პირადად, 2012-ში გავხდი უფროსი მასწავლებელი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე...
ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებას უამრავი სტუმარი ესწრებოდა
16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება
როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე...