მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის - „ასწავლე საქართველოსთვის“ მონაწილე და ამავე დროს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლის მასწავლებელი, ლიანა მამულაშვილი მენტორი გახდა.
პედაგოგს დაწინაურება პირადად მიულოცა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა და სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადასცა.
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ამოქმედების შემდეგ, პირველად, 9 მასწავლებელმა მოიპოვა მენტორის სტატუსი. აღნიშნულმა პედაგოგებმა, სქემის ფარგლებში, სხვადასხვა პროფესიული აქტივობების განხორციელების გზით, მენტორის სტატუსის მისაღებად გათვალისწინებული 25 კრედიტქულა დააგროვეს.
მენტორის სტატუსის მისანიჭებლად წამყვანი მასწავლებელი:
•ატარებს არანაკლებ 4 სამოდელო გაკვეთილს (თითოეული 1 კრედიტქულა);
•ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებების კვლევასა და კვლევის შედეგების საფუძველზე ატარებს სამუშაო შეხვედრას კოლეგებისთვის გამოცდილების გაზიარების მიზნით (3 კრედიტქულა);
•ქმნის სასწავლო რესურსს ან რეცენზირებულ პროფესიულ ლიტერატურას (2 კრედიტქულა);
•ახორციელებს დამატებით საქმიანობებს/აქტივობებს (16 კრედიტქულა).
მენტორის სტატუსის მისანიჭებლად წამყვანი მასწავლებელი სტატუსის შესაბამის კრედიტქულებს აგროვებს საჭიროებებზე დაფუძნებით.
მასწავლებლის შეფასების ჯგუფი აფასებს წამყვანი მასწავლებლის მიერ განხორციელებულ საქმიანობებს და მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტების შეფასების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას წამყვანი მასწავლებლისათვის მენტორის სტატუსის მინიჭების შესახებ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისთვის, წინადადების წარდგენის შესახებ.
მენტორის ფუნქცია-მოვალეობები მიმართულია სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებაზე და კათედრისა და სკოლის განვითარებაზე.
მენტორს სტატუსი უვადოდ უნარჩუნდება.
2016-2017 სასწავლო წლის განმავლობაში, სქემაში 1359 მასწავლებელი უფროსი მასწავლებლის სტატუსით დაწინაურდა, 2 - წამყვანის, ხოლო 9 მენტორის.