მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარტვილის მუნიციპალიტეტის ნახუნაოს საჯარო სკოლის დირექცია ღვაწლმოსილ პედაგოგსა და ყოფილ დირექტორს - ნელი ცანავას ემშვიდობება და სამძიმრის წერილს ავრცელებს.
„წავიდა ჩვენგან ბუნებით სიკეთით დაჯილდოვებული, სკოლაზე და მოსწავლეებზე უზომოდ შეყვარებული საყვარელი მასწავლებელი, ნელი თენგიზის ასული ცანავა. მისი პიროვნება ბუნების უძვირფასესი ჯილდოა.
წავიდა სიყვარულით, ერთგულებით, მონატრებით გულახდილი და დაგვიტოვა მოუშუშებელი და მოუნელებელი ტკივილი, რომელსაც ვერაფერი ვერ გაანელებს. მოწიწებით მუხლს ვიყრით ნელი მასწავლებელო თქვენი ძვირფასი ხსოვნის წინაშე და დაუსრულებლად მადლობას გიძღვნით ყველაფერი იმისათვის, რაც მოგვანიჭეთ თქვენი სიცოცხლით და სიყვარულით. ნელი მასწავლებელმა დატოვა ნათელი წარუშლელი კვალი, სიყვარული და სითბო მის ირგვლივ.
ნელი ცანავა გამოირჩეოდა ღვთით ბოძებული ნიჭიერებით, წიგნიერებით, პიროვნული ღირსებით, ადამიანში კარგის დანახვის იშვიათი უნარით, სიკეთის კეთების საოცარი სურვილით. იგი ჭეშმარიტად იყო დამამშვენებელი იმ საზოგადოებისა, სადაც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.
ცხოვრების გზა შესაშური სიდარბაისლით გაიარა, ახალგაზრდობისათვის იყო სინდისიერი გარჯისა და უმწიკვლო ცხოვრების მაგალითი. მზესავით ნათელი სულისა და უხვი სიყვარულის მთესველი პიროვნება, შთამაგონებელი და ძლიერი, მთლიანი და გაუბზარავი, ნათელღიმილა, გარეგნულ და შინაგან მშვენიერებათა საოცარი ნაზავი. იგი თავის ირგვლივ ქმნიდა სიკეთისა და სათნოების განწყობას. მისი გული და მთელი პიროვნება მარად მოქმედი ვულკანივით აფრქვევდა სითბოს, სინათლესა და სიყვარულს.
ნელი ცანავა დაიბადა 1936 წლის 6 მაისს, მარტვილის რაიონის სოფელ ნახუნაოში, გლეხის ოჯახში. 1955-1960 წლებში სწავლობდა სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. სწავლის დამთავრებისთანავე დაუბრუნდა მშობლიურ სოფელს. იმავე წელს მუშაობა დაიწყო მარტვილის რაიონის სოფელ წინაკვერკვეს არასრულ საშუალო სკოლაში პიონერ ხელმძღვანელად, შემდეგ იყო სხვადასხვა პერიოდში ქართული ენისა და ლიტერატურის და გერმანული ენის მასწავლებელი. სადაც გაატარა 50 წელი, 2010 წლიდან იყო ამავე სკოლის დირექტორი. 2011 წელს მოხდა სკოლის რეორგანიზაცია და დატოვა თანამდებობა და პედაგოგიური მოღვაწეობაც და თავისი საყვარელი საქმე მის მიერ გამოზრდილ თაობას გადააბარა.
ქალბატონმა ნელი ცანავამ აირჩია ახალგაზრდობის აღზრდის კეთილშობილური საქმე. მისი აღზრდილები სათანადო ცოდნასთან ერთად შესაფერისი მორალური და ზნეობრივი საგზლით დატვირთულნი დაადგნენ ცხოვრების გზას, რომელიც ნელი მასწავლებელმა მათ სუფთა სულითა და თბილი გულით უსაგზლა.
ქალბატონი ნელი მუშაობის პერიოდში მოსწავლეებზე ფიქრსა და ზრუნვაში ატარებდა თავის შინაარსიან ცხოვრებას. ქალბატონმა ნელიმ მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება მოსწავლეების სწავლა–აღზრდისათვის გაწეულ შრომაში გალია. ვინ დათვლის, რამდენ მოსწავლეს გაუვლია მის ხელში, რამდენი ხასიათისა და მისწრაფების ახალგაზრდა უნახავს, რამდენის სულში ჩაუხედავს, რამდენისთვის გაუტანებია დედობრივი ზრუნვა.
მას პირადი საქმე საერთო საქმეზე წინ არასდროს დაუყენებია. არასდროს გაქცევია სიძნელეებს, ყოველთვის ობიექტური იყო პრობლემის გადაჭრისას და მოსწავლეების ცოდნის შეფასებისას. ყოფილი მოსწავლეები განსაკუთრებული მოწიწებითა და სიყვარულით ეპყრობოდნენ საყვარელ პედაგოგს. თითოეულ მის სიტყვაში იყო უდიდესი ნუგეში, სითბო და მომავლის იმედი. ქალბატონი ნელის დამოკიდებულება კოლეგების მიმართ, საოცარი განწყობის, ყურადღების, სითბოსა და სიყვარულის ნიმუშია.
ქალბატონი ნელის მეტყველებას და გრძნეულ სიტყვას ჯადოსნური ზემოქმედება ჰქონდა მოსწავლეებზე. ტკბილი ხავერდოვანი და მეტად მოქნილი კილო მეტყველებისა, საოცრად იზიდავდა მსმენელებს და, როცა იგი საუბარს დაასრულებდა გული დაგწყდებოდა, ნეტავ ერთხანს კიდევ ესაუბრაო. სკოლის ვრცელ დერეფნებში ამ მშვენიერი ქალბატონის გამოჩენაც კი საკმარისი იყო, შეგენიშნათ, თუ როგორი მოკრძალებითა და პატივისცემით ხვდებოდნენ კოლეგები და მოსწავლე- ახალგაზრდობა, მის შემობრძანებას სკოლის შენობაც კი თითქმის სხვანაირი სითბოთი ეგებებოდა ღიმილით, ალერსით.
სამწუხაროა, რომ დიდ ტკივილს ინახავდა მისი წრფელი გული, რომელიც გამოწვეული იყო საყვარელი შვილის - მამუკას, გარდაცვალებით. ხშირად იტყოდა ხოლმე „აღარ არის ჩემი გაზრდილი ბიჭი“. მამუკას – ამ ქვეყნიდან უდროოდ წასულს, მოუშუშებელ ჭრილობას, მარადიულ ახალგაზრდად დარჩენილს, მუდამ იგონებდა თვალცრემლიანი და გულდამძიმებული.
დასრულდა კიდევ ერთი უანგარო და პატიოსანი ქალბატონის ცხოვრება. ქალბატონი ნელი კი არ მოკვდა, არამედ გარდაიცვალა, სხვა სამყაროში გადასული მუდმივად დარჩა ჩვენს ხსოვნაში.
ნელი მასწავლებელი დღეს აღარაა ჩვენ შორის, მაგრამ მუდმივად იქნება მისი ხსენება ჩვენს გულებში.
ღმერთმა ნათელში დაამკვიდროს ნელი მასწავლებლის სული. მოწიწებით მუხლს ვიყრით მისი ძვირფასი ხსოვნის წინაშე და დაუსრულებლად მადლობას ვუძღვნით იმისათვის, რაც თავისი პროფესიონალიზმით, სიცოცხლითა და სიყვარულით მოგვანიჭა.
ღმერთმა ნათელში ამყოფოს თქვენი ლამაზი სული მამაზეციერმა და ეს სიტყვები მიითვალეთ თქვენდამი ლოცვად, თქვენი რწმენის წმინდა ტაძარში ანთებულ სანთებლად, ძვირფასო ნელი მასწავლებელო“,-წერია სკოლის ადმინისტრაციის წერილში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განაცხადის გასაგზავნად ვადა 17 იანვრის ჩათვლითაა - საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სხვა დეტალები ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ უცხო ქვეყნის უძველეს საშობაო ტრადიციებს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება