მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„აბაშის ეტალონ მოსწავლე“ საბა სამუშია, რომელმაც ეს ტიტული 2018-2019 სასწავლო წელს დაიმსახურა, უკვე 12-ე კლასელია. როგორც აღმოჩნდა მარანის საჯარო სკოლის მოსწავლე კვლავ განაგრძობს წარჩინებულთა სიაში ყოფნას და მომავალი პროფესიას ისტორიას უკავშირებს. საბას ამ საგნისადმი სიყვარული პატარა კლასებიდან მოჰყვება, თუმცა ამჯერად უკვე ანალიტიკურ ჭრილშიც აკვირდება მას. მომავალმა ისტორიკოსმა საკუთარი ხედვა გაგვიზიარა ამ საგნის სწავლების გამარტივებისთვის, შესაბამისად, ჩვენ ვუთმობთ სივრცეს ისტორიის ახალგაზრა მკვლევარს და უცვლელად გთავაზობთ მოსწავლის ნააზრევს:
ისტორიის სწავლების ,,საკრალური სამის“ პრინციპი
ყველაფერი გენიალური მარტივი რომ არის, ჩემი თქმა არ სჭირდება. ყველაფერი მარტივი კი უფრო გენიალურად აღაქმევინებს სამყაროს ადამიანს. მეთოდი, რომელსაც დიდი მოწიწებით ,,საკრალური სამი“ დავარქვი, მთლიანად პრიმიტიულ და პრაგმატულ დაკვირვებას ეფუძნება, რომელიც, რასაკვირველია, მე არ შემიქმნია, თუმცა ჩემი თაობისთვის გასაგებ შაბლონად დავალაგე.
,,საკრალური სამი“ ორ უმნიშვნელოვანეს პრინციპს ემყარება, ესენია: ფსიქოლოგიური მეთოდოლოგია და სისტემატიზება.
სანამ დეტალურად აღვწერდე, თუ რაში მდგომარეობს მეთოდი, მინდა არცთუ ისე მოკლე შესავალი გავაკეთო:
ისტორია ჩემი ინტერესის უმთავრეს საგნად ადრეულ ასაკში გადაიქცა. უკვე მეორე წელია, რაც ლამის ცხოვრებისეულ საქმედ გავიხადე და მომავლის დაკავშირებასაც მასთან ვაპირებ. ყოველთვის ვწუწუნებდი, ბავშვობაში უფრო ადვილად ვიმახსოვრებდი ფაქტებსა თუ მოვლენებს და ახლა რა მჭირს-მეთქი. ვამბობდი და თურმე მაშინ ვუახლოვდებოდი იმ მეთოდის გასაღებს, რომლის წარმოდგენასაც ვაპირებ.
ნუთუ არ მიგიქცევიათ ყურადღება,რომ ადრეულ წლებში გონებაში დალექილი ინფორმაცია უფრო ადვილად აღდგება ხოლმე, ვიდრე გუშინ ნასწავლი ან გახსენებული? იქნებ ეს იმ სიმარტივის დამსახურებაა, რომელიც ჩვენს გონებას ცხოვრების ამ ეტაპზე გააჩნია?( უფრო სწორედ რომ ვთქვათ, იმ სიმარტივის დამსახურება, რომლითაც განცდა-ემოციის წარმოქმნა ხასიათდება.) ზუსტად ეს არის ,,საკრალური სამის“ ფსიქოლოგიური მეთოდიკის ქვაკუთხედი.
ძალიან გამიმართლა, რადგან თავად მოზარდი ადვილად გავხდი საკუთარი კვლევის ობიექტი- ვაკვირდებოდი შემეცნების პროდუქტიოლობას ისტორიის სწავლა-სწავლების პროცესში და ვხვდებოდი, რომ უფრო ადვილად ვიმახსოვრებდი იმას, რაც ჩემში ემოციას აღძრავდა. სამწუხაროდ, გვიან მივხვდი ამას და როგორც კი ეს შევძელი, შევეცადე სხვებზეც გამომეცადა. შედეგმა გამაოცა.
პარაგრაფების გავლის შემდეგ, ვამჩნევდი, რომ აბიტურიენტების ტესტების ხარისხი რაღაცით ჰგავდა ერთმანეთს. მაგალითად, მათი აბსოლუტური უმრავლესობა უშეცდომოდ ართმევდა თავს იმ სავარჯიშოებს, რომლებიც ვისიმე უკანონოდ გასამართლებასთან იყო დაკავშირებული ან კიდევ ლამის ზეპირად იმახსოვრებდნენ იმ პარაგრაფებს, რომელშიც აღწერილი იყო პოლიტიკური ხლართი; სახელმწიფო მესვეურების, მართლაც რომ, რთული პოლიტიკური თამაშები და ა.შ.
მივხვდი, რომ ეს უბრალო შემთხვევა სულაც არ იყო და ჩემთვის, როგორც მათი ტოლისთვის, უფრო ადვილი იქნებოდა ,,გორდიასის კვანძის“ გახსნა. საბოლოო დასტურად იქცა ,,ექსპერიმენტი“, რომლის შედეგსაც კონკისტადორებს უნდა ვუმადლოდე.
ექსპერიმენტი: აბიტურიენტებს დავავალე ესწავლათ ერთი და იგივე პარაგრაფი ამერიკული ცივილიზაციების შესახებ სხვადასხვა სახელმძღვანელოდან. განზრახ მივეცი ერთი დღე ამ სამუშაოსთვის. შედეგი ლოგიკური იყო- მათი ცოდნა არადამაკმაყოფილებელი. მაშინ მათ ვთხოვე, წაეკითხათ ჰენრი ჰაგარდის ცნობილი რომანი ,,მონტესუმას ქალიშვილი“, რომელიც ბრწყინვალედ აღწერს აცტეკთა ტრაგიკულ ბედს. შემდეგ გაკვეთილზე შთაბეჭდილებება არ მიკითხავს, ვიცოდი, ეს ცდის შედეგს ბუნდოვანს გახდიდა. მაგრამ ორი, უფრო ვრცელი რესურსი მივაწოდე მათ სასწავლად ამ თემის შესახებ. შედეგად, ყველა იმ აბიტურიენტმა, რომელმაც მწერლის ოსტატობის დახმარებით ემოციურად შეითვისა ინფორმაცია, ყველაზე უმნიშვნელო დეტალიც კი იცოდნენ.
ემოცია - აქ ვიპოვე პასუხი.
მივხვდი, რატომ მიადვილდებოდა ადრეულ ასაკში ფაქტების დამახსოვრება- ნებისმიერი ფაქტი ბავშვის გონებაში უფრო მარტივად აღძრავდა განცდებს და მაშასადამე, პირდაპირპროპორციულად, უფრო მეტად იკეტებოდა ეს ,,ცნობიერის უჯრაში.“ მივხვდი, რომ ამის გამოყენება შემეძლო და ვფიქრობ, საბოლოოდ შევძელი კიდეც.
საწყის ეტაპზე თითოეულ აბიტურიენტში დავიწყე ბავშვის ძიება. ბავშვის, რომელსაც მარტივად ჩავეჭიდებოდი და ემოციებთან ერთად რთულად აღსაქმელი ინფორმაციით ავკინძავდი. ( მათ შორის საკუთარ თავსაც!)
მეორე უპირატესობა ჩემი ასაკისა ის იყო, რომ ადვილად გავხვდი მათთვის მეგობარი, რომელსაც ჩვეულებრივი ენით ესაუბრებოდნენ. ამიტომ როგორც მეგობრებს, ვთხოვე ერთმანეთისათვის ისტორიულ პერსონაჟთა სახელები შეგვერჩია საკუთარი ნაკლის მიხედვით. მარტივი გამოსაცნობია, რომ ის, ვისაც სიმაღლის გამო პიპინობა ერგო, უკეთ იმახსოვრებდა ფრანკთა სამეფოს ჩახლართულ ისტორიას ( ჩვენს შემთხვევაში მხოლოდ სკოლის სახელმძღვანელობის მასალით არაფერი შემოიფარგლებოდა.)
ახლა საჭირო გახდა ემოციების კონტროლი უფრო განმეზოგადებინა, უფრო მრავალფეროვანი გამეხადა, რათა გონება არ შეჩვეოდა სტანდარტულ მეთოდებს. ამისათვის ჩამოვაყალიბე ემოციათა მთელი კლასტერი, რომელსაც ვანაცვლებდი, რათა უნებლიეთ ჩამედო ინფორმაცია აბიტურიენტების ,,უჯრებში.“
სწავლების ფსიქოლოგიური მეთოდოლოგია
ემოციების კლასიფიკაცია და მუშაობის ტიპები:
1. სიხარულის განცდა
როგორც არ უნდა უარვყოთ, თითოეული ჩვენგანის ,,ბავშვს“ უხარია შექება. ალბათ ეს ყველაზე მარტივი და ბანალური, თუმცა აუცილებელი, ნაწილია ამ მეთოდის, რადგან ეს გვაძლევს საშუალებას ღიად ვიმოქმედოთ აბიტურიენტის განწყობაზე. იმის თქმით, თუ როგორ კარგად გაართმევდა თავს ამ სავარჯიშოს, გამოცდაზე მოსვლის შემთხვევაში, აბიტურიენტი გაუცნობიერებლად ილექავს გონებაში ინფორმაციას. უბრალო მიზეზის გამო- მას უნდა, რომ ასე მოხდეს.
2. შიშის განცდა
შიში რომ სიყვარულს შეიქმს, ყველამ კარგად ვიცით, თუმცა მისი ეფექტურობა სწავლების პროცესში ძნელად შეიძლება ჩაითვალოს გამართლებულად. მე პირადად შიშის განცდას ჩავანაცვლებდი უხერხულობით:
წარმოიდგინე გაცვია ყვითელი პალტო, გახურავს თეთრი ქუდი, გიკეთია შენი საყვარელი საათი და მიუყვები ქუჩას. საიდანღაც ჩნდება საშუალო სიმაღლის, სიფრიფანა გოგონა, შეციებული ხელებით ( რა მხატვრულია, არა?), მიკროფონით და გეკითხება, იცი თუ არა, რომელ წლებში ცხოვრობდა პროკოფი კესარიელი და შენ იცი ( გიხარია). წარმოიდგინე, როგორ მოგერიდებოდა არცოდნის, თუ შენს ,,არას“ მთელი სანათესაო მოისმენდა. პროკოფი კესარიელის მოღვაწეობის თარიღი, რომელიც წლის ბოლომდე არც გვიხსენებია, აღმოჩნდა, რომ ყველას ახსოვდა...
3. სიყვარულის განცდა
არანაკლებ ბანალური და აუცილებელი პოსტულატია სწავლის პროცესის დაკავშირება იმ საქმესთან, რომელიც ძალიან გვიყვარს. დროთა განმვლობაში აღმოვაჩინე, რომ მასალის გადამეორების პროცესში ( არ აქვს საგანს მნიშვნელობა) მუდამ წარმოვიდგენდი თავს სტუდენტებით სავსე აუდიტორიის წინაშე, რომელიც მისმენს და აკვირდება ჩემი ხელების მოძრაობას.
აბიტურიენტებს, რომელთაც სურდათ სამართლის სტუდენტობა, ვთხოვდი წარმოედგინათ თავი ევროპარლმამენტის ცენტრალურ დარბაზში, სადაც წუთებით ადრე რუსმა დელეგატმა საქართველოსთვის რუსეთის ,,გუბერნიობა“ საუკეთესო პერიოდად დაასახელა. ვთხოვდი წარმოედგინათ, რას ეტყოდნენ მათ ღიად, რითი დაამტკიცებდნენ საპირისპიროს, რას გამოიყენებდნენ კონტრარგუმენტად. ( ემოცია+ ინფორმაცია = მტკიცე ცოდნა)
4. გაუგებრობისა და პასუხგაუცემლობის განცდა
ზოგჯერ აბიტურიენტებს ვავალებდი ისეთი სავარჯიშოების შესრულებას, რომელიც მათში ,,რაში გამომადგებას?!“ განცდას ბადებდა. მაგ:
1 60 410 218
31 48 313
7 110 202 680
65 128 419
ნიკოლოზ ბარათაშვილის უკვდავ ლექსის მიხედვით შედგენილი ,,რიცხობრივი ლექსი“ შეიცავს რომის იმპერიიასთან დაკავშირებულ თარიღებებს. მე მათ დაჟინებით ვთხოვდი ამოეწერათ და გაეანალიზებინათ მოვლენები, რომელთა აღმწერი თარიღებიც ამ და სხვა ლექსებში მქონდა გადმოცემული. აბიტურიენტების სრული უმეტესობა კონსტანტურად წუწუნებდა. მართლაც, ძნელი აღსაქმელია ამ ,,მაიმუნობის“ სარგებელი ისტორიის სწავლებაში, მით უფრო მაშინ, როდესაც წლის ბოლოს უმნიშვნელოვანესი გამოცდა გაქვს ჩასაბერებელი. მაგრამ ფაქტი ჯიუტია, გაამართლა.
5. ანიმაციებით სწავლება
რა აგრძნობინებს ადამიანს თავს ბავშვად, თუ არა ანიმაციები? ანიმაციებით შედგენილ სქემებს აქტიურად ვიყენებდი როგორც პროგრამული მასალის ასახსნელად, ისე საგამოცდო ტიპებისა და სტრუქტურების აღსაქმელად. ამ მეთოდით ყველაზე ადვილად ცოცხლდებოდა ,,ბავშვი.“ სწორედ ეს იყო ჩემი მთავარი მიზანი.
როგორც ვხედავთ, მეთოდის ფსიქოლოგიური ასპექტი ეყრდნობა ,,გრძნობებით“ სწავლებას, რა დროსაც ინფორმაცია არა მხოლოდ გონების, არამედ ემოციების ,,უჯრებშიც“ ინახება და ეს ხდის შემეცნებას პროდუქტიულს. მთავარია გონებას შევთავაზოთ განვითარების ის გზები, რომელსაც ჯერ არ შეგუებია, რომელსაც ვერ წარმოიდგენს და რომელიც, დეჟა ვუსი არ იყოს, ხანგრძლივად ინარჩუნებს აზრობრივ ორიენტირს.
სისტემატიზება
ნურავინ იფიქრებთ, რომ ,,საკრალური სამის“ პრინციპი მხოლოდ ,,მაიმუნობას“ და ემოციებით თამაშს მოიცავს. მიმაჩნია, რომ განსაკუთრებით საინტერესოა ის პრაგმატული სტრუქტურა, რომელიც მას გააჩნია. მეთოდმა სახელი სწორედ სწავლების ე.წ გარეგანი ასპექტების შესაბამისად მიიღო,რაც მდგომარეობს შემდეგში:
1. სახელმძღვანელოების ტიპები
თემატური მასალის სასწავლად ჩვენ ვიყენებთ 3 სხვადასხვა ავტორის სახელმძღვანელოს. ეს ჩვენ გვეხმარება ორ მთავარ რამეში:
1. მასალის ამომწურავად შესწავლაში.
2. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა დავინახოთ, თუ როგორ აღწერს ერთი და იმავე ინფორმაციას სხვადასხვა სახელმძღვანელო, რომელი უფრო ინფორმაციულია, რა არის მათგან ამოსაღები მთავარი ფორმულა და რა ფორმულირებით შეიძლება შეგვხვდეს ის გამოცდაზე.
2. დროის ინტერვალი სწავლებისას
თითოეულ პარაგრაფს სხვადასხვა სახელმძღვანელოდან ( ასევე, ინტ. რესურსები, დამატებითი მასალები (კონსპექტები), ვიდეოები და მისთ.) გავდივართ ერთი და იგივე ინტერვალით. ( მაგ. I სახელმძღვანელოში განვიხილავთ N პარაგრაფს, K დღის შემდეგ ( ახალი მასალის ახსნამდე!) იგივეს განვიხილავთ II სახელმძღვანელოდან. შემდეგ ვხსნით ახალ მასალას და პარალელურად ისევ K დღის შემდეგ განვიხილავთ N პარაგრაფს III სახელმძღვანელოდან. ასე გრძელდება მუდმივად და ამ გახსენებას ხელს უწყობს უმოკლესი კონსპექტები, რომელიც მხოლოდ ნუსხაა მოვლენებისა. ( შეგვიძლია IV სახელმძღვანელოდაც ჩავთვალოთ.)
ალბათ გაგიჩნდათ ლოგიკური კითხვა, როგორ არ გვავიწყდება ინფორმაცია ამ რთული მექანიზმით ?( სინამდვილეში უმარტივესია)
მთავარია, მოქმედებდეს საჭიროს+1_ის პრინციპი. როცა იმაზე მეტს სწავლობ, ვიდრე გჭირდება, უფრო მარტივად იშლება ფიქრის დიაპაზონი, რამეთუ უფრო მრავლისმომცველია აკუმულირებული ინფორმაცია და თავდაჯერებული- ადამიანი (ისევ ფსიქოლოგია).
თანაც, ჩვენ ხომ ეს ემოციებით ვისწავლეთ, ნებსით თუ უნებლიეთ, გრძნობებს დავუკავშირეთ და ,,უჯრებში“ კარგად ჩავრაზეთ. თუნც ნუ დაიჯერებთ, ამ მეთოდით მართლდება საოცარი ქართული სიტყვა- ,,შემომესწავლა.“
რა თქმა უნდა, სავარჯიშოებისა და ტესტური დავალებების პუნქტი მეტად პრაგმატულია. მივყვებით გამოცდის ფორმატს ( რაც ასევე ფსიქოლოგიური მომენტია, სხვათა შორის) და კურსისგან ვიღებთ ინფორმაციის სრულ მარაგს.
რა თქმა უნდა, ამ მეთოდის წარმოჩენა არ ემსახურება თვითპიარსა თუ ჩემი კურსის შეთავაზებას. გამიხარდება, თუ ჩემი დაკვირვება და გამოცდილება გამოადგება აბიტურიენტებს, განსაკუთრებით მათ, ვინც ურეპეტიტოროდ ჩაბარების გზა აირჩიეს.
გისურვებთ წარმატებას!
,,საკრალური სამის“ ავტორი საბა სამუშია
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ქულას მუშაობის დასრულებისთანავე დაინახავთ - NAEC ინფორმაციას ავრცელებს
„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“
გალაკტიონს მცირე ხელფასი ჰქონდა, ისევე, როგორც ყველა მის კოლეგას...
ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე