სიახლეები
სამასწავლებლო

„კორონიან მასწავლებლებს, საავადმყოფოს კედლებიდან ჩაუტარებიათ ონლაინ-გაკვეთილები“ - სკოლის დირექტორები გამოწვევებზე საუბრობენ
16-12-2020
-
+


პანდემიური 2020 წელი დასასრულს უახლოვდება და მალე სკოლებშიც პირველი სემესტრის დამამთავრებელი ზარი დაირეკება... მცირეგან ჩვეულ რეჟიმში, აი, დიდი ქალაქების სასწავლო დაწესებულებებში კი კვლავ ვირტუალურად. თბილისის სკოლების დირექტორები Etaloni.ge-სთან სწორედ 2020-2021 სასწავლო წლის პირველ სემესტრს აფასებენ და იმ გამოწვევებზე საუბრობენ, რომლის წინაშეც სწავლის დაწყებიდან აღმოჩნდნენ; თუმცა საბედნიეროდ, ასე თუ ისე, დღეს ყველა წინააღმდეგობა დაძლეულია, მალე 2020 წელი მიილევა და ჩვენი სასკოლო საზოგადოებაც, ახალი წლიდან, ახალი ძალებით იბრძოლებს იმისთვის, მაქსიმალურად შესრულდეს ეროვნული სასწავლო გეგმა, ბავშვებმა მიიღონ სათანადო ცოდნა და რაც მთავარია, სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდეს - ესაა დირექტორების მთავარი სურვილი, რომლებიც ერთხმად აღნიშნავენ - პანდემიამ, მასწავლებლებს ერთმანეთის მხარში დგომის აუცილებლობა მეტად დაანახა და მათ ეს ღირსეულად შეძლესო.

მაშ ასე, თბილისის სკოლების დირექტორები, Etaloni.ge-სთან ერთად აცილებენ „გვირგვნოსან“ 2020-და დამდეგ 2021 წელს ულოცავენ საკუთარ მოსწავლეებს, პედაგოგებსა და სრულიად საქართველოს.

თამარ ამზაშვილი, თბილისის N21 საჯარო სკოლის დირექტორი:

პანდემიის გამო, ყველა ერთად, არასტანდარტულ სიტუაციაში აღმოვჩნდით და ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე დავდექით - გარკვეული პერიოდის განმავლობაში გვიწევდა ცხრილის კორექტირება და ვისაც უმუშავია სკოლაში, იცის, ეს რას ნიშნავს.

საქმე ის გახლავთ, რომ დაწყებითი საფეხურის ბავშვები თანდათანობით დისტანციურ სწავლებაზე გადადიოდნენ და ჩვენც შესაბამისად გვიწევდა ცხრილის გადაწყობა... ამ საკითხს ხაზი იმიტომ გავუსვი, რომ ცხრილის მზადება ერთია, ხოლო შემდგომ მასწავლებლების ამ ცხრილზე ადაპტირება - სხვა; და ახლა თამამად ვიტყვი - ის ერთსულოვნება, თანადგომა, რაც ჩვენს სკოლაში იყო, მაძლევს საფუძველს ვიამაყო - მხოლოდ პირველი სემესტრი კი არა, სკოლა შედგა! ჩვენმა კოლექტივმა ყველა გამოწვევას ღირსეულად გაუძლო, უხმაუროდ, ერთგულად... არც ერთი გაკვეთილი არ ჩავარდნილა და ამას ადასტურებს მშობლების არაჩვეულებრივი გამოხმაურებები; აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ მშობლებმა შეიხედეს საკლასო ოთახებში, ნახეს, რამხელა ჯაფა ადგას მასწავლებელს... ასე რომ, ამ ყველაფერს თავისი დადებითი მხარეც აქვს და 2021 წელს ვისურვებდი პანდემიის დასრულებას. სკოლა ბავშვის გარეშე წარმოუდგენელია და მინდა, გვქონდეს ახმაურებული სასკოლო გარემო - ძალიან მოგვენატრა ერთმანეთი და კიდევ ერთი, რაც მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო - გაოცებული ვარ ჩვენი მასწავლებლების თანამშრომლობით, მეგობრობით, ერთმანეთის დახმარების სურვილით... რაც ადრე თითქოს არ ჩანდა, ახლა კი ფართოდაა კარი ღია და უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას.

მაგდა ბარამაძე, ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის N23 საჯარო სკოლის დირექტორი:

შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ყველა ის გამოწვევა, რაც პირველი ე.წ. ლოქდაუნის დროს გვქონდა სკოლებში, გათვალისწინებული იქნა. ზოგადად,  დიდი მნიშვნელობა აქვს ადმინისტრირების პროცესს დისტანციური სწავლებისას - ადმინისტრირების გამართულობა ნიშნავს მთლიანად სისტემის გამართულობას და მიუხედავად იმისა, წელს გამოიკვეთა ისეთი ფაქტორები, რომელიც გასული სასწავლო წლის მეორე სემესტრში არ გვქონდა გათვალისწინებული, ახლა სისტემა მეტად დახვეწილია; ასევე გავაუმჯობესეთ სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მუშაობის პრაქტიკა, ვისწავლეთ „თიმსის“ პროგრამის სრულყოფილად გამოყენება, რაშიც დიდი რესურსი ჩაიდო და რასაც ხელს უწყობს ვებინარები, ტუტორეალები... ყველაზე შთამბეჭდავი კი ისაა, რომ მასწავლებლებმა ვისწავლეთ ერთმანეთის მხარდაჭერა, უანგაროდ გამოცდილების გაზიარება.

თვისებრივად გადავედით ახალი შეფასების სისტემაზე; გაიზარდა ჩვენი და მოსწავლეების პასუხისმგებლობა - დედლაინების დაცვით დაწყებული, დავალებების ატვირთვისა და უკუკავშირის მიცემის აუცილებლობით დასრულებული. როცა მოსწავლე ითხოვს უკუკავშირს, ამას ვერ უგულებელყოფს მასწავლებელი; ასევე მნიშვნელოვანია, რომ შედგა საქმიანი დიალოგი მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის და ამიტომ, მიმაჩნია, რომ პირველი სემესტრი ჩვენი სკოლისთვის ნამდვილად წარმატებული აღმოჩნდა.

2021 წელს კი, ჩემს მოსწავლეებს ვუსურვებდი, ჰქონდეთ მეტი და პოზიტიური უკუკავშირი, მეტი აქტივობა; სკოლებს ვუსურვებ, გამოიჩინონ მეტი ინიციატივა, ჰქონდეთ მეტი ღონისძიება... სერიოზული მხარდაჭერა სჭირდებათ მოსწავლეებს,  რათა არ დაკარგონ სტიმული, პედაგოგებს კი ვუსურვებ, მეტად გაეცნონ სხვადასხვა პროგრამის შესაძლებლობებს და თავი გამოიჩინონ ონლაინ-სივრცეში.

ირმა ჩარტია, თბილისის N29 საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენს სკოლაში სწავლა ნორმალურ რეჟიმში მიმდინარეობს, პრობლემები არ გვაქვს. ჩართულები ვართ ახალი სკოლის მოდელში და სკოლა აღჭურვილია შესაბამისი ტექნიკით. მოსწავლეებიც მუშაობენ, განსაკუთრებით დაწყებით და საბაზო საფეხურზე, ვამზადებთ პროექტს - „ჩვენ დავამარცხებთ“, ვაპირებთ ელექტრონული წიგნის გაკეთებას, სადაც მოთავსდება გამარჯვებული ესეები, ასევე გავაკეთებთ საგამოფენო დარბაზს... და გეტყვით, რატომ გიამბეთ ეს ყველაფერი - ძალიან გამოგვაცოცხლა ამ პროექტებმა; ისეთი ჩანახატები აქვთ ბავშვებს, შეუძლებელია, გულგრილი დარჩე -  ზოგი დაუმეგობრდა კორონას, ზოგმა ბოთლში გამოამწყვდია... ბავშვებს სჭირდებათ მსგავსი პროექტები, რადგან დიდი სტიმულია მათთვის. წარმოიდგინეთ, ნიკოლოზ ბარათაშვილი გააცოცხლეს, რომელიც მტკვარს კორონაზე ესაუბრება, ილია ჭავჭავაძეც კი ასაუბრეს პანდემიაზე... ასე რომ, თამამად ვიტყვი - პანდემიამ ჩვენს სკოლას ვერაფერი დააკლო. ნებისმიერ დროს, როცა უნდა დავესწრო, გაკვეთილები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მართალია, ყველაფერს აქვს უარყოფითი მხარე და აქაც იქნება გარკვეული ხარვეზები, თუმცა არ ყოფილა შემთხვევა, გაკვეთილი არ ტარდებოდეს. რა თქმა უნდა, რაც უნდა ვაკეთოთ, ეს პირისპირ სწავლებას ვერ ჩაანაცვლებს, მაშინ მართლაც უბედნიერესი დღეები იყო, მაგრამ სანამ სიტუაცია არ გაუმჯობესდება და საბოლოოდ არ დავამარცხებთ კორონას, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სასწავლო პროცესი შედგეს. მოსწავლეებს არაფერი უნდა დავაკლოთ და სხვათა შორის, ყოფილა შემთხვევა, კორონიან მასწავლებლებს, საავადმყოფოს კედლებიდან ჩაუტარებიათ ონლაინ გაკვეთილები. ასე რომ, მადლობის მეტი არაფერი მეთქმის და ყველას, 2021 წელს ვუსურვებ სიტუაციის დარეგულირებას - პირდაპირ ურთიერთობებს არაფერი სჯობს და იმედია, სულ მალე ყველაფერი კარგად იქნება.

ლარისა მელაძე - თბილისის N37 საჯარო სკოლის დირექტორი:

უნდა ვაღიაროთ - დისტანციური სწავლების მოკლე ვადაში მასწავლებლები და  მოსწავლეები ვერ დაეუფლებოდნენ სრულყოფილად „თიმსის“ პლატფორმას, თუმცა არსებული სიტუაციის გათვალისწინებით შეუძლებელია, არ აღვნიშნო, რომ მასწავლებლებმა გარკვეული გარღვევა მოახდინეს - დისტანციური სწავლება წარმატებით მიმდინარეობს და მახარებს ის ფაქტი, რომ ისინი ერთმანეთს მუდმივად ეხმარებიან. არიან პედაგოგები, რომლებიც ყოველდღიურად იუმჯობესებენ უნარებს და ადრე თუ ვსაუბრობდით, რომ ამ ინსტრუმენტების დანერგვა სასურველი იყო, ახლა ეს აუცილებლობაა. წარმოიდგინეთ, დარჩა მასწავლებელი, მოსწავლე და კომპიუტერი. შესაბამისი უნარების გარეშე, ონლაინ-რეჟიმში სასწავლო პროცესი წარმოუდგენელია. ისედაც საკმაოდ რთულია, ამ რეჟიმში მუშაობა - მოქმედი მასწავლებელი ვარ და მიუხედავად დიდი მცდელობისა, არის რაღაცები, რასაც ვერ მიაღწევ დისტანციური სწავლებით. ფაქტია - ვეღარ ვიქნებით ისეთები, როგორებიც ვიყავით და დაგვჭირდება ადაპტაციის პერიოდი. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, 2021 წელს ვისურვებდი მალე დავბრუნდეთ სასკოლო სივრცეში, რადგან, გულახდილი ვიქნები თქვენთან, იმ სიამოვნებას, რასაც ურთიერთობა ჰქვია მოსწავლეებთან, მოკლებული ვარ.

ეკატერინე გახარია, აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის N53 საჯარო სკოლის დირექტორი:

2021 წლისთვის მსოფლიოს ვუსურვებ პანდემიის დამთავრებას. რაც შეეხება გამოწვევებს, რა თქმა უნდა, ისინი იყო, თუმცა ქართველები ნიჭიერი ხალხი ვართ და პანდემიის დროს ეს კარგად გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს სკოლაში პედაგოგები არ არიან კომპიუტერული ტექნოლოგიების საუკუნიდან, მათ წარმატებით გაართვეს თავი ყველა გამოწვევას. ასე რომ, თამამად ვიტყვი - ჩვენს სკოლაში 202-2021 სასწავლო წლის პირველი სემესტრი უდავოდ, შედგა. მოქმედი მასწავლებელი ვარ - ქართულს ვასწავლი და ვიცი, დისტანციური სწავლება არ არის ისეთი ეფექტური, როგორც საკლასო ოთახებში, თუმცა ის ნაკლი, რომ გამოხედვის მიხედვით ვერ გაიგებ, მოსწავლემ გაკვეთილი გაიაზრა თუ არა, შესაძლოა 21-ე საუკუნეში ნაკლადაც არ მივჩნიოთ.

ნანა ჟორჟოლიანი, თბილისის N67 საჯარო სკოლის დირექტორი:

ახლა, უკვე, სიამაყით შემიძლია განვაცხადო, რომ თბილისის N67 საჯარო სკოლაში პირველი სემესტრი შედგა, მასწავლებელი გაკვეთილებს ატარებენ და წარმოიდგინეთ, სრულყოფილი დასწრება გვაქვს. „თიმისში“ თუ რაიმე პრობლემა აქვთ ბავშვებს, პედაგოგები მაქსიმალურად ეხმარებიან და მე, როგორც დირექტორი, კმაყოფილი ვარ. 2021 წელს კი ყველას ვუსურვებ კოვიდისგან გათვისუფლებას, ჯანმრთელობას და შემდეგ, საკლასო ოთახებში სწავლის განახლებას. ერთად უნდა მოვერიოთ ამ ვირუსს და აქვე მადლობა მინდა გადავუხადო „ეტალონს“ ყურადღებისთვის, გუნდის თითოეულ წევრს და ყველას ერთად, წარმატებებს გისურვებთ.

ირინა ჟამკოჩიანი, თბილისის N104 საჯარო სკოლის დირექტორი:

2021 წელს ყველას ვუსურვებ ჯანმრთელობას და მინდა, მალე დასრულდეს პანდემია. აღარ გვინდა დისტანციური სწავლება - სკოლაში დაბრუნებას ვნატრობთ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სკოლის პედაგოგებიც და მოსწავლეებიც ყველაფერს აკეთებენ, სასწავლო პროცესის სრულფასოვნად წარმართვისთვის. ხომ იცით - ძალა ერთობაშია - და ეს პანდემიის პირობებში ძალიან კარგად გამოჩნდა. მასწავლებლებიც მაქსიმალურად დაუდგნენ ერთმანეთს მხარში, ბევრისმომცემია ტრენინგები და ვებინარებიც, თუმცა სკოლაში დაბრუნება გვინდა, იქაური კედლებიც კი გვენატრება.

მედიკო მირზაშვილი, თბილისის N212 საჯარო სკოლის დირექტორი:

გასული სასწავლო წლის მეორე სემესტრში პედაგოგებმა გარკვეული გამოცდილება მიიღეს და ამიტომ, ახლა დისტანციური სწავლება პრობლემას აღარ წარმოადგენს - ფეხი ყველამ კარგად აუწყო, შედეგზე ორიენტირებულია გაკვეთილები; ოლიმპიადაშიც მივიღეთ მონაწილეობა,  შემაჯამებელი წერაც ჩატარდა და მივყვებით ეროვნულ სასწავლო გეგმას. მოვაწყვეთ ნახატებისა და სლოგანების გამოფენა პროექტის - „არა ბულინგს!“ - ფარგლებში და რაც მეტად მეამაყება - სკოლაში ოთხი წამყვანი მასწავლებელი შემოგვემატა. ასე რომ, 2020-2021 სასწავლო წლის პირველი სემესტრი ჩვენთვის წარმატებული იყო, 2021 წელს კი ყველას ვუსურვებ ჯანმრთელობას, წარმატებებს, მიზნების მიღწევას და რაც მთავარია - სკოლა ბავშვის გარეშე არაფერია, ამიტომ ვისურვებდი საკლასო ოთახებში მალე დაბრუნებას.

თამარ შუბლაძე, თბილისის N214 საჯარო სკოლის დირექტორი:

2020-2021 სასწავლო წელს ბევრი გამოწვევა ახლდა და პირველი სემესტრიც ნამდვილად არ იყო მარტივი ჩვენთვის, თუმცა მოხარული ვარ, რომ ჩვენი სკოლის პედაგოგები თავს არ ზოგავენ, ყველაფერს აკეთებენ, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი ცოდნა. 2021 წელსაც იქნება ეს გამოწვევები და ამიტომ, მთელ ქვეყანას მშვიდობას ვუსურვებ. მთავარია, მალე დავბრუნდეთ საკლასო ოთახებში რადგან მეშინია, არ დავშორდეთ ბავშვებს - ეს საკითხი მადარდებს ყველაზე მეტად.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებელთა მათემატიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები  გამოქვეყნდა

ისტორიის გამოცდის სამივე ვარიანტის ტესტები ცნობილია - ნახეთ, რა წერეს აბიტურიენტებმა

ადგილების რაოდენობა და უმაღლესების მოთხოვნა პროგრამაზე ჩასარიცხად

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს კორტოხის საჯარო სკოლის დირექტორი არჩილ პაქსაძე პასუხობს

სკოლები

ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2023-2024 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა

საინტერესო

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

„აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ არ მომბაძონ, არ ინერვიულონ, კარგად გამოიძინონ და ისე გავიდნენ გამოცდაზე“

საკუთარი კალმის, როგორც შეტანა, ასევე გამოტანა შესაძლებელია 

სიახლეები
საზოგადოება