მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზორბეგ ოქროპირიძე რამდენიმე ათეული წელია ქართულ ფოლკლორს ემსახურება და სიმღერის ანსამბლ „ქობულეთის“ ლოტბარი გახლათ. ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როდესაც ფოლკლორზე უზომოდ შეყვარებულმა, მიზნად დაისახა, სიმღერა ესწავლა და ყველაფერი გააკეთა ამისთვის. „მოგვიანებით, კორიფეების გვერდით მომიწია დგომა და მათგან ბევრი ვისწავლეო“, - გაგვიმხილა, თუმცა საკუთარ თავს თვითნასწავლ მომღერალს უწოდებს და ახლაც კი, იმ დიდი საქმის ერთგული რჩება, რასაც ქართული ფოლკლორის მსახურება ჰქვია.
- ბატონო ზორბეგ, პანდემიის დროს თავს როგორ გრძნობთ?
- ახლა უკეთ ვარ... მეც და მეუღლემაც კოვიდი გადავიტანეთ და დიდი ხანი არაა, რაც ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდი.
- მოსალოცად გქონიათ საქმე. როგორია ვირუსის შემდეგ ქუჩაში გასვლა?
- საოცარი შეგრძნებაა, ძალიან სასიამოვნო.
- ანსამბლ „ქობულეთის“ ლოტბარი ბრძანდებით, რატომ აირჩიეთ ეს გზა?
- მოგეხსენებათ, ქობულეთელი კაცი ვარ, გურიასთანაც ახლოს და სიმართლე გითხრათ, ყოველთვის მიყვარდა ფოლკლორი... თვითნასწავლი მომღერალი გახლავართ.
- მასწავლებელი არ გყოლიათ?
- მოგვიანებით, კორიფეებთან მქონდა შეხება და მათგან ბევრი ვისწავლე, მაგრამ მოღვაწეობა ისე დავიწყე, როგორც თვითნასწავლმა. მას შემდეგ მივყვები ამ საქმეს და ახლაც ერთგულად ვემსახურები.
- ამჟამად, ალბათ თქვენი ანსამბლი შეკრებას ვერ ახერხებს.
- რა თქმა უნდა, ისეთი ეპიდსიტუაციაა, ყველაფერი შეჩერებულია.
- რთულია ქართული ფოლკლორის სამსახურში ყოფნა?
- დიახ, თუმცა ამას ხალხის სიყვარული აბლანსებს. ყოველთვის ვგრძნობთ, რომ საზოგადოებას ეს საზრდო სჭირდება.
- საკმაოდ ხშირად ხდება ფოლკლორის გათანამედროვება, თქვენ თუ მოგწონთ ეს?
- არა, არც მოწონს და არც ვემხრობი!
- რატომ?
- იმიტომ, რომ ძველს როდესაც ათანამედროვებ, ორიგინალზე უკეთესი უნდა იყოს - მხოლოდ ასე გახდება ის მოსაწონი საზოგადოებისთვის. თანამედროვე ნამუშევრები კი ორიგინალებს არაფრით სჯობს.
- კრიმანჭულს ამბობთ, ბატონო ზორბეგ?
- ახლა ვეღარ... ასაკის გამო მოხდა ასე, თუმცა ახალგაზრდობაში კრიმანჭულის მთქმელიც ვიყავი.
-მართლა ასეთი რთულია შესასრულებლად?
- ძალიან რთული... კრიმანჭულის თქმას სხვა ტექნიკა სჭირდება.
- თუ არიან ახალგაზრდები, რომლებიც ღირსეულად გააგრძელებენ ამ საქმეს?
- ასეთები ნამდვილად გვყავს და ეს ძალიან მახარებს. ჩვენთან, ანსამბლშიც, ისეთი პოტენციალის მქონე ბიჭები გვყავს, ამ გზას ნამდვილად ღირსეულად რომ გააგრძელებენ.
- საკუთარი ნამღერი მოგწონთ?
- ზოგიერთ შემთხვევაში არ მომწონებია. საკუთარი თავის მიმართ ძალიან კრიტიკული ვარ.
- ანსამბლის წევრების მიმართაც? ზოგადად, როგორი ურთიერთობა გაქვთ?
- ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ვმეგობრობთ... სამწუხაროდ, ახლახან ანსამბლის ორი წევრი გარდაგვეცვალა და უზომოდ რთულია ამის შემდეგ სიმღერა...
- ბევრი თაყვანისმცემელი გყავდათ?
- ალბათ, იქნებოდნენ ისეთები, ვისაც მოსწონს ჩემი სიმღერა.
- ბატონო ზორბეგ, რას ისურვებთ 2021 წლისთვის?
- მივულოცავ მთელ საქართველოს დამდეგ ახალ წელს, სიკეთისა და ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს. ჯერ ვირუსი დაგვემარცხებინოს და მალე ჩვენი ქვეყანაც გვენახოს გამთლიანებული.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.