სიახლეები
ინტერვიუ

„კრედიტების ატვირთვა-ჩამოტვირთვით წამყვანი მასწავლებელი მენტორი არ უნდა ხდებოდეს“ - ბერიკა შუკაკიძე ყველა კითხვას პასუხობს
26-12-2020
-
+


რატომ არ ჩატარდა მასწავლებლებისთვის გამოცდები 2020 წელს? რატომ არ გაუშვეს სკოლებიდან ის პრაქტიკოსები, ვინც გამოცდისთვის დარეგისტრირება ვერ მოასწრო? რა ელით წამყვან პედაგოგებს, ვინც ვერ აიმაღლა სტატუსი? რას აპირებენ 2021 წლისთვის? - მასწავლებლის სახლის მისამართით, არაერთი კითხვა დაგროვდა და სხვათა შორის, უკმაყოფილებაც გამოითქვა. მასწავლებლის სახლის დირექტორი, ბერიკა შუკაკიძე Etaloni.ge-სთან 2020 წელს აფასებს და ყველა კითხვას პასუხობს:

- ბატონო ბერიკა, როგორ შეაფასებთ 2020 წელს

- პროექტების ფორმატი შეიცვალა და ვფიქრობ, უფრო მეტი გავაკეთეთ, ვიდრე ეს შესაძლებელი იყო: ყველა მასწავლებელმა, რომელსაც 4 კრედიტი აკლდა, შეძლო მათი მოგროვება; მოხდა გადამზადება „თიმსისთვის“... სიმართლე გითხრათ, ამდენ პედაგოგს თუ დასჭირდებოდა გადამზადება, ვერ წარმოვიდგენდით. მასწავლებლის სახლმა ყველა მიმართულებით ჩაატარა 136 ვებინარი და  მნახველთა რიცხვმა მილიონ ექვსასი ათასს გადააჭარბა... მესმის, ზოგი ზრდილობის გულისთვის ესწრებოდა, მაგრამ ის უკუკავშირი, რასაც პედაგოგებისგან ვიღებდით, განსაკუთრებით დაწყებითი საფეხურების მასწავლებლებისგან, იყო საკმაოდ პოზიტიური. ასე რომ, ერთი დღითაც არ შეგვიწყვეტია საქმიანობა; პირიქით, პანდემიამ გვიბიძგა, შექმნილიყო განათლების ელექტრონული სახლი, რომელიც კონცეპტუალურად უკვე მზადაა, დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს და ის იქნება უპრეცედენტო განათლების სფეროში.

 - განათლების ელექტრონული სახლი?

- ის საშუალებას მისცემს ნებისმიერ მასწავლებელს, ნებისმიერ დირექტორს, ხარისხის მართვისა და თანამშრომლობის ჯგუფის წევრს, სკოლამდელი განათლების აღმზრდელს... 24 საათის განმავლობაში მიიღოს პროფესიული განვითარება ვებინარის, სემინარის ფორუმის... სახით. პროექტი იმდენად წარმატებულია იქნება, რომ იუნისეფმა აიღო შეფობა, მაიკროსოფტიც დაინტერესდა. ჩვენ პანდემია გამოვიყენეთ, როგორც შესაძლებლობა და შევცვალეთ მასწავლებლის სახლის ნარატივი; ახლა გადავდივართ სრულიად ახლებურ ხედვაზე და ვაყალიბებთ ახლებურ პროგრამას, თუმცა, ვითვალისწინებთ იმას, რომ მხოლოდ ჩვენი კი არა, მსოფლიოს არც ერთი პედაგოგი ბოლომდე მზად არაა ონლაინ-სწავლებისთვის. ამიტომ, პროექტის პარალელურად, გვექნება გასვლები რეგიონებში - რათა საგნობრივი ექსპერტები პედაგოგებს პირისპირ ერთხელ მაინც შეხვდნენ და ნახონ, ის რესურსები, რაც  მოისმინეს ვებინარებსა თუ ფორუმებზე, როგორ დანერგეს საკლასო ოთახში.

- ანუ, მასწავლებლები კიდევ ერთხელ უნდა შემოწმდნენ?

- ეს არ ხდება მათი შემოწმების ან დასჯის მიზნით... პირიქით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მასწავლებელს შეექმნას კომფორტული გარემო, შეიძლება პათეტიკურად ჟღერს, მაგრამ ყველა რეფორმა ჩაფლავდება თუ ის არ არის მოწოდებული და კონცენტრირებული,  გაიზარდოს სწავლა-სწავლების ხარისხი; ამიტომ მასწავლებლის სახლის საქმიანობა და ახალი სქემაც, მიმართულია, თუ როგორ დავეხმაროთ მასწავლებელს, ასწავლოს უკეთ, ვიდრე ასწავლიდა გუშინ. ჩვენი მიზანია,  მოსწავლეები უზრუნველყოფილნი იყვნენ ხარისხიანი საგანმანათლებლო მომსახურებით.

- წლებია, მასწავლებლები ადასტურებენ კომპეტენციას, იმაღლებენ სტატუსს, თუმცა საერთაშორისო კვლევები ცხადყოფს, რომ საქართველოში განათლების ხარისხი დაბალია. ამას როგორ ახსნით?

-  ჩვენი ონლაინ-პლატფორმა  ფოკუსირებული იქნება ორი მიმართულებით  - საგნის სწავლებაზე, ანუ საგანში კომპეტენციის ამაღლებაზე და ამ დროს, არც კრედიტს ვუმატებთ, არც ვსჯით, არც დავდევთ... უბრალოდ, ვეუბნებით სკოლასა და მასწავლებელს - მოდი, ერთად ვიზრუნოთ, როგორ ავიმაღლოთ კვალიფიკაცია. დიდაქტიკა, უსაფრთხო სკოლა, მშობელთა პედაგოგიზაცია... ძალიან  ბევრი მიმართულებით მოხდება მომზადება და გადამზადება.

- თუ ეს იქნება ნებაყოფლობითი და პედაგოგები არ მოისურვებენ ჩართვას, გეგმა „ბე“ გაქვთ?

- საქმე ისაა, რომ სქემაში ჩავწერეთ შემდეგი მოთხოვნები - თუ მასწავლებელს არ უნდა სტატუსის ცვლილება და სურს, დარჩეს, ვთქვათ, უფროს მასწავლებლად (ეს მისი კონსტიტუციური უფლებაა და ვერაფრით დააძალებ), მაშინ ხარისხის მართვისა და თანამშრომლობის ჯგუფი, რომელიც სკოლის ბაზაზე არსებობს - აქვე მინდა გავუსვა ხაზი სისტემის დეცენტრალიზაციას - მასწავლებლის საქმიანობაზე, საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვების შედეგად, განსაზღვრავს პროფესიული განვითარების საჭიროებას, რასაც შემდეგ უზრუნველვყოფთ ჩვენ; რა სჭირდება, „ნათელა მასწავლებელს“, საჩხერის მეორე საჯარო სკოლაში, ეს შეუძლებელია განსაზღვროს განათლების სამინისტროს რომელიმე სტრუქტურულმა ერთეულმა. ამიტომ სკოლას უნდა გადავცეთ ამ საქმის კეთების დისკრეცია, ჩვენ კი ისინი უნდა უზრუნველვყოფთ პროფესიული განვითარების სერვისებით.

თუ მასწავლებელი ბედნიერია იმ სტატუსით, რაც აქვს, მაშინ წლის განმავლობაში უფროსი 20-ს, წამყვანი 12-ს და მენტორი 8-ს საათს, პროფესიულ განვითარებას გაივლის, რათა არ მოდუნდეს და არ ჩამორჩეს სისტემას... ვიმეორებ - ეს არ არის სადამსჯელო ღონისძიება, ამიტომ, პედაგოგს შეეძლება ღიად აღიაროს, რაშიც აქვს გამოწვევა და ისურვებდა განვითარებას; ჩხუბითა და დავიდარაბით კი არა, ეს საქმე გამოვა თანამშრომლობით. სკოლამ და სასკოლო საზოგადოებამ უნდა ისწავლოს თავის მოვლა და პატრონობა!

- ბოლო პერიოდში ხშირად გვესმის - „სკოლამ, დირექციამ გადაწყვიტოს“, თქვენც საკუთრი თავის მოვლა-პატრონობისკენ მოუწოდებთ... ზედმეტ პასუხისმგებლობას ხომ არ ჰკიდებთ სასკოლო საზოგადოებას, ბატონო ბერიკა?

- ჩვენ გვაქვს არჩევანი - ან მოვიქცეთ ისე, როგორც ზემოთ ვისაუბრე, ან მასწავლებლის სახლმა, თბილისიდან, ცენტრალიზებულად დაადგინოს 2083 საჯარო სკოლის 52 112 პედაგოგის საჭიროებები, რაც უტოპიაა - როდესაც რაღაცაა გასაკეთებელი მაღალმთიანი სოფლის სკოლაში, გადაწყვეტილება მე უნდა მივიღო მასწავლებლის სახლში?! არ ვამბობთ, ამას მივუგდებთ სკოლებს - აგერ, ბატონო და იტეხეთ კისერიო. ჩვენ შევქმნით ხარისხის მართვისა და თანაშრომლობის ჯგუფებს, უკვე დავიწყეთ გადამზადებაც და დირექტორს გავუჩენთ დამხმარე სტრუქტურას; ეს ადამიანები მასწავლებლებთან ერთად იმსჯელებენ, როგორ აჯობონ მეზობელ სკოლას, კარგი გაკვეთილების ჩატარებით, ამისთვის კი, ვისაც რაში სჭირდება მდგომარეობის გამოსწორება, უნდა დავეხმაროთ.

- და რა ხდება, როცა მასწავლებელს სურს სტატუსის შეცვლა?

- სტატუსის შეცვლისთვის გასავლელი იქნება შემდეგი ეტაპები - მასწავლებელს 50 პროცენტზე მეტი შეფასება უნდა ჰქონდეს საგნის გამოცდაში; თუ ეს დაკმაყოფილებული აქვს, გადის პროფესიული უნარების გამოცდაზე (აქ ბარიერს ადგენს გამოცდების ეროვნული ცენტრი), შემდეგ სპეციალური კომისია - რესურსენტრის, მასწავლებლის სახლის, ეროვნული სასწავლო გეგმის შეფასების ცენტრის თანამშრომელების შემადგენლობით, მასწავლებელს სთხოვს, გაუგზავნოს პორტფოლიო. შეისწავლიან მასწავლებლის საქმიანობას, ოღონდ არა ერთ გაკვეთილზე დაკვირვებით, მასწავლებელს მოუწევს ამ პორტფოლიოს დაცვა და მთავარი კრიტერიუმი იქნება - რა გააკეთა მან  მოსწავლის საჭიროების დაცვისთვის.

ყველას გვწამს მასწავლებლის სახლში, რომ ფიზიკის, ქიმიის, მათემატიკის მასწავლებელი ბავშვებს აღარ უნდა ასწავლიდეს ასე: გადაშალეთ წიგნები 55-ე გვერდზე და წიკითხეთ ნიუტონის მესამე კანონი...

- აბა რას უნდა ასწავლიდეს? ამბობთ, რომ თეორიის ცოდნა საჭირო არ არის?

- საჭიროა, მაგრამ... თანამედროვე ბავშვების ნარატივი რა არის? - ისინი მეგობრულები არიან ტექნოლოგიებთან, ჩვენ კი დავდევთ ძველმოდური, ყოვლად გაურკვეველი წიგნებით და მერე ვამბობთ, რომ მასწავლებლის ავტორიტეტი დაეცა. მასწავლებლის ავტორიტეტი კი არ დაეცა, როგორ შეიძლება მასწავლებელს ავტორიტეტი ჰქონდეს, რომელიც ასწავლის მეთოდით - გადაშალეთ ბავშვებო, შეავსეთ გრაფა...

საპირწონედ დაგისახელებთ პროექტს  - „ჩხირკედელა“. წარმოიდგინეთ, შემოვიდა მასწავლებელი, დაუდო ბავშვებს რობოტი და უთხრა, ეს რობოტი უნდა ავაწყოთო. ყველა ამ პროექტს მოყვება თავისი სილაბუსი - ქიმია, ფაზიკია მთემატიკა ინგლისური, მუსიკა, ქართული რა დოზითა და წონითაა ჩართული; 21-ე საუკუნეში, განათლების სისტემაში რომ ჯერ კიდევ ვქადაგებთ, ბავშვები ცალკეულ საგნებს უნდა სწავლობდნენო, ესაა მე-16 საუკუნის ნარატივი. ბავშვში სკოლამ სწავლის გაცნობიერებული სურვილი უნდა წარმოშვას და ამ მიდგომით ეს ვერ მოხდება. ხშირად მსმენია - მე საერთოდ წიგნი მირჩევნია... თქვენ რა გირჩევნიათ, არავის აინტერესებს, მთავარია, რა აინტერესებს ბავშვს.

- ფიქრობთ, რობოტების აწყობა სწავლის სურვილს გააჩენს? ან, საერთოდ რაზეა საუბარი, როდესაც რეგიონებში და წარმოიდგინეთ, თბილისშიც კი, გვყავს ისეთი მოსწავლეები, ვისაც ტელეფონიც არ გააჩნია, ონლაინ-გაკვეთილებს დაესწროს და ამ დროს თქვენ რობოტებზე გვესაუბრებით.

- დარწმუნებული რომ არ ვიყოთ, ეს რესურსი არსებობს, ამ ინიციატივით არც გამოვიდოდით. მე ვიცი სკოლების ბიუჯეტი, ამ რობოტების ფასი 15-დან 35 ლარამდეა, ყველაზე რთული, რომელიც 9 საგნის ინტეგრირებას მოითხოვს და აჯამებს ბავშვის ცოდნას, ღირს 230 ლარი. ახლა ჩამოიარეთ სკოლებში და იკითხეთ, აქვთ თუ არ ეს თანხა.

- ექიმის კაბინეტი მოსპეს, დამლაგებლებიც არ ჰყავთ და ხან მშობლები ალაგებენ საკლასო ოათხებს, ხან ბავშვები... თქვენ ხომ შეისწავლეთ მათი ბიუჯეტი - გამოდის, სკოლები ტყუიან, როდესაც უსახსრობაზე საუბრობენ?  

- მერწმუნეთ, ამ პროექტების გაკეთება რთული არაა. გორის 63 საჯარო სკოლიდან, მხოლოდ 4-ს არ შეუძლია მონაწილეობა და გუბერნატორი დაეხმარება. სადაც სკოლებს გაუჭირდებათ, მე თვითონ ჩავალ, შევხვდები გუბერნატორს, გამგებელს და საჭირო თანხას მოვიძიებ.

ჩვენ ერთი საგნის ნარატივში ვართ გაჭედილები; ეს პარადიგმები უნდა დავარღვიოთ და გავიაზროთ, რომ ცალ-ცალკე საგნების სწავლება არის წარსული. მერე გვესმის საყვედური - რეალური ცხოვრებისთვის სკოლა ვერ გვამზადებსო... როგორ მოგამზადებს, როცა არ გაქვს თანამშრომლობის კულტურა, არ იცი, როგორ მოეპყრო პატარას, უფროსს... იტყვიან, ამას ოჯახში უნდა ასწვალიდნენო ამას, მაგრამ ყველამ ვიცით, რა მდგომარეობაა ოჯახებში და სწორედ ამიტომ, სკოლამ უნდა შეასრულოს ის სოციალური როლი, არც მას აკისრია.

- მრჩება შთაბეჭდილება, რომ მასწავლებლებზე ხართ გაბრაზებული.

- რატომ?

- ამბობთ, სკოლა ვერ აძლევს საჭირო უნარებს ბავშვებსო...

- ასეა! თუმცა მასწავლებელი რა შუაშია. პირიქით, მინდა მასწავლებელი ავტორიტეტული იყოს, რაც არ მოხდება, თუ ეტყვის - გადაშალეთ, ბავშვებო, რვეული! ბავშვებისთვის ის მასწავლებლები იქნებიან ავტორიტეტები, რომლებიც თანამედროვე ნარატივში ფუნქციონირებენ. ცოდნა გაცნობიერების გარეშე არ გამოვა, ჩვენ კი ძველ ნარატივში ვართ გაჭედილები, რაც ნელ-ნელა უნდა შევცვალოთ და ბავშვებს ავუწყოთ ფეხი - სხვაგვარად ვერ დავაბრუნებთ მასწავლებლის ავტორიტეტს. პედაგოგი დღეს უნდა იყოს პროცესის ფასილიტატორი, უნდა წარმოჩინდეს მისი კვალიფიკაცია, უნდა დაეხმაროს ბავშვებს სასარგებლო რესურსების მოძიებაში, ესაუბროს ფარადეის კანონის გამოყენების სპეციფიკაზე... ის უნდა წარმოჩინდეს როგორც პროფესიონალი ავტორიტეტი და არა, როგორც ფორომალური ავტორიტეტი - დაჯექი იქ, თავი აქეთ მოაბრუნე, არ გაინძრე...

ვიმეროებ და ვისაც უნდა იმას ვედავები - სკოლაში, სადაც არ არის სწავლება ძიებით, კვლევით, თავის მოტყუებაა სწავლა.

- ფიქრობთ, თანამედროვეობას ფეხი რომ აუწყონ, მასწავლებლებს სქემა დაეხმარებათ?

- რა თქმა უნდა! სქემა ეუბნება: თუ გინდათ, კომპეტენცია აიმაღლოთ,  შემოდით ჩვენს პორტალზე, სადაც ულევი რესურსია, გადაგამზადებენ მასწავლებლის სახლის ექსპერტები და თქვენ შეძლებთ, მოსწავლეებს მსგავსი ტიპის პროექტები აკეთებინოთ, მთავარია სურვილი გამოთქვან.

- პედაგოგები, რომლებიც ათეული წლებია სხვა პრინციპით ასწავლიან, ასე მარტივად გადაეწყობიან თანამედროვე ნარატივზე? ამბობენ, ეს თანამედროვე მიდგომები იმისთვისაა საჭირო, ასაკოვანი პედაგოგები სკოლიდან დაითხოვნო.

- განათლების რეფორმა დაეფუძნა ერთ მარტივ პოსტულატს - ჩვენ უნდა გავაკეთოთ აქცენტი კვალიფიკაციაზე და არა ასაკზე. არიან პედაგოგები, რომლებიც ასაკის მიუხედავად, გაცილებით აქტიურები და მოტივირებულები არიან. გეტყვით, ახალმა სქემამ როგორ უნდა გადააწყოს ასაკოვანი პედაგოგები - შეიძლება დღეში შვიდი გაკვეთილის ჩატარება ვეღარ შეძლონ, მაგრამ ეს ადამიანები სისტემიდან კი არ უნდა გავუშვათ, გვინდა, მენტორებად გამოვიყენოთ.

- რას ნიშნავს „გვინდა, მენტორებად გამოვიყენოთ“?

- ხარისხის მართვისა და თანამშრომლობის ჯგუფში გვჭირდება ასეთი ადამიანები, რომლებიც დაეხმარებიან სისტემაში შესულ ახალბედა პედაგოგებს.

- ამაში დამატებით ანაზღაურებას მიიღებენ?

- უნდა მიიღონ... ყველა ვალში ვართ მასწავლებლებთან, რომლებიც წლები უხელფასოდ მუშაობდნენ. მათი ღვაწლი უნდა დაფასდეს და ვერ ვეტყვით, ახალგაზრდები უნდა მოვიყვანოთო. ეს იქნება ცუდი ტონი და ასეთი მიდგომა არ უნდა იყოს სისტემაში. გვინდა ყველას ვაჩვენოთ, რომ მასწავლებელი ამ ქვეყანაში არის დაფასებული.

- გახსოვთ, იყო გამოთქმა - „ასფალტი ვჭამოთ?“... ის შეცვალა მასწავლებლების ფრაზამ - „მადლობა ვჭამოთ?“. რისი მომცემია თქვენი მადლობა და ეს პათეტიკა პედაგოგებისთვის?

- მითხარით - მენტორ და წამყვან მასწავლებელზე დიდი ხელფასი რომელ პროფესიაშია? და თუ საქმე არაქართულენოვან სკოლას ეხება, ათასლარიანი დანამატი ერიცხებათ. 1800 და 2800 ლარი, მითხარით, რომელ პროფესიაშია ხელფასი? წამყვან და მენტორ მასწავლებელს 1400-1800 ლარი აქვს ხელფასი. საქართველოს ისტორიაში როდის ჰქონია მასწავლებელს ამხელა ანაზღაურება? სტაბილური გარემო, პროფესიული განვითარების საშუალება, დაზღვევა, ჯილდოთი გასვლა... პოლიტიკურ განცხადებებს არ ვაკეთებ, ფაქტებით ვსაუბრობ. მასწავლებლის საათებიც გავაერთიანეთ, ფიზიკის მასწავლებელი გადავამზადეთ მათემატიკაში, ბიოლოგიისა - ქიმიაში...

- და გააბრაზეთ მაძიებლები, რომლებიც ამბობენ, რომ სწორედ ამ გარემოებების გამო ვერ იწყებენ სკოლაში მუშაობას.

- მესმის, არ იყო ეს საუკეთესო გამოსავალი, მაგრამ ვისაუბროთ ციფრებით - საქართველოს უმეტეს სკოლაში, კლასში ბავშვთა რაოდენობა არის 15-ზე ნაკლები და გვაქვს ასზე მეტი სკოლა, სადაც ბავშვთა რაოდენობა 50-ზე ნაკლებია. ეს მაძიებელი უკმაყოფილო რომ დარჩა, წავიდოდა მაღალმთიანი რეგიონის სკოლაში, სადაც მათემატიკის 4 საათი იყო თავისუფალი?

გასაგებია - თქვენ გესმით მასწავლებლების უკმაყოფილება, მაგრამ, აბა, დააკვირდით, რა პროფესიის არიან ისინი - ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური... დამისახელეთ ქიმიის, მათემატიკის, ბიოლოგიის, ფიზიკის მასწავლებელი... სანთლით ვეძებთ!

- მასწავლებლების არჩატარებულ გამოცდაზეც უნდა გკითხოთ. წამყვანები ამბობენ, რომ წელი დაკარგეს, პრაქტიკოსების გამოცდაც გადაიდო, არც დაურეგისტრირებელი პედაგოგები გაუშვიათ სკოლიდან, რაც მაძიებლების კიდევ ერთი პრეტენზიის მიზეზი გახდა...

- ყველა მხარე კმაყოფილი იყოს, ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. ბიბლიაზე ვერ შეთანხმდა კაცობრიობა და სქემაზე როგორ შევთანხმდებით?

პანდემიის პირობებში, როდესაც არ ვიცოდით, რასთან გვქონდა საქმე, არ იქნებოდა სამართლიანი გამოცდის ჩატარება. პანდემიას კი არ ვაწმენდ ხელებს, უბრალოდ, არც ბავშვებთან, არც მასწავლებლებთან არ  ვიქნებოდით მართლები - რომ ვერ გვეპოვა პედაგოგები მაღალმთიან სოფლებში, მაშინ რა უნდა გვექნა? მეტყოდნენ, სანამ გაუშვებდი ამ ხალხს, მანამდე გეფიქრაო! უკმაყოფილო მაძიებლები კი  ისეთ საგნებში არიან, სადაც სიჭარბეა. მითხარით, სადაც  სიჭარბე არაა, იქ რა ვქნათ? გაგიკვირდებათ და 783 ვაკანსია გვექნებოდა სპორტის მიმართულებით და არ ჩავატაროთ სპორტის გაკვეთილი? მუსიკის მიმართულებითაც იგივეა, ქიმია-ფიზიკაში საერთოდ კატასტროფიული მდგომარეობაა. ეს იყო მინისტრის გადაწყვეტილება, რომელიც ოპტიმალურად მიიღო, სისტემის საკეთილდღეოდ.

- და რომელიც პოლიტიკურ გადაწყვეტილებად მოინათლა წინასაარჩევნოდ, ბატონო ბერიკა!

- ადამიანმა, რომელიც ამას პოლიტიკური ნიშნით მონათლავს, მათემატიკა კი არა, არითმეტიკა არ იცის. 4500 მასწავლებელს თუ გავუშვებდით და უკმაყოფილოები დარჩებოდნენ, 4500-ს ხომ მივიღებდით, რომლებიც კმაყოფილები იქნებოდნენ? თხა ვიყიდე თხა გავყიდე - გამოდის. მინისტრს კი არ ვაქებ და ვადიდებ, ვამბობ, რომ მან მიიღო რაციონალური, ოპტიმალური გადაწყვეტილება. ფაქტია - ჩვენ ვერ შევძლებდით პედაგოგების მოყვანას სკოლაში და მერე უარესი მოხდებოდა, ამიტომ მიეცათ მათ კიდევ ერთი შანსი და ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკურად ნამვილად ვერავინ მონათლავს.

- წამყვანებს გამოცდამდე ხომ არ მიეცემათ შანსი, ძველი სქემით აიმაღლონ სტატუსი, რადგან ამბობენ, რომ წელი დაკარგეს?

- მასწავლებლებს, რომლებიც უკმაყოფილოები არიან და ამბობენ - წელი გაგვაცდენინეს,  გამოცდა არ ჩაგვიტარესო, მინდა ვუთხრა - ეს გამოცდა მეხუთე კლასში მოსამზადებელი ქვიზი არაა და ამისთვის ლიტერატურა უნდა მომზადდეს. ახლა რომ გამოცდა ჩავუტაროთ ამ ხალხს, რას იტყვიან, იცით? - ლიტერატურა არ მოგვაწოდეს, არ გადაგვამზადეს და პირდაპირ გამოცდაზე გაგვიყვანეს, ესე იგი, გამოჭერა უნდოდათ ჩვენიო; ამიტომ, მოდი, მივყვეთ პროცესს ნორმალურად:

მასწავლებლის სახლმა გადავეცით მასწავლებლის ახალი სტანდარტი გამოცდების ეროვნულ ცენტრს, ეროვნული სასწავლო გეგმის ცენტრი, ახალი სკოლის ფარგლებში, ლიტერატურასა და მოთხოვნებს გადასცემს მათ და ამ მოთხოვნების ბაზაზე, ისინი შექმნიან ტესტს, მოიძიებენ ლიტერატურას, რომელიც მიეცემათ მასწავლებლებს, რათა მოემზადონ და ჩააბარონ. აბა,  როგორ შეიძლება დავაანონსოთ - ხვალ ვატარებთ გამოცდას! ჩაიჭრება ნახევარზე მეტი და იტყვიან, ჩაგვჭრესო. ესაა პროცესი, რომელსაც სჭირდება სტანდარტი, ასევე ის, თუ  რა მოთხოვნები აქვს სამინისტროს მასწავლებლის მიმართ; ამის მიხედვით მომზადდება ლიტერატურა, შეიქმნება ტესტი და მასწავლებლებსაც დავურიგებთ  ლიტერატურას, რათა მომზადება შეძლონ.

- რომ დავაზუსტოთ - 2021 წელს მასწავლებლებისთვის გამოცდები ნამდვილად ჩატარდება ხომ?

- ნაეკი მუშაობს უკვე ამაზე და მინდა, მადლობა ვუთხრა, რადგან სისტემის საამაყო წევრია. ჩვენ შორის გამოცდის ჩატარების თაობაზე შეთანხმება მიღწეულია, თუმცა ვერ გეტვით კონკრეტულ ვადას, რადგან ნაეკმა უნდა გადაწყვიტოს, როდის დაინიშნება გამოცდები.

იცით, ვინაა უკმაყოფილო? ვისაც 12 კრედიტი ჰქონდა და ფიქრობდა, ამ საქმეს მერე მივხედავო. ორი წელი ვაცხადეთ, რომ სქემა შეიცვლებოდა და სად იყო ეს ხალხი? სისტემა მათ სამუდამოდ ხომ ვერ დაელოდება, როდის მორჩებიან კრედიტების დაგროვებას, რომელსაც მე არ ვეთანხმები...

- კრედიტებიც აღარ იქნება - ესეც საბოლოოდ გადაწყვეტილია?

- კრედიტი არ იქნება! არანაირი როლი არ აქვს ამ კრედიტებს. თუ მასწავლებელს უნდა სტატუსის შენარჩუნება, დადგინდება პროფესიული განვითარების საჭიროება და ყოველგვარი ხელების გადაგრეხვის, დასჯის, კრედიტების ატვირთვისა თუ ჩამოტვირთვის  გარეშე, უზრუნველყოფს მასწავლებლის სახლი ტრენინგებს. დაესწარი, გაიარე, შეგაფასებენ. წამყვანისა და მენტორის სტატუსი უნდა იყოს დამსახურებითი და კრედიტების ატვირთვა-ჩამოტვირთვით წამყვანი მასწავლებელი მენტორი არ უნდა ხდებოდეს. მესმის, ყველას უნდა მენტორობა და ეს მისასალმებელია. ყველა ჯარისკაცი გენერლობაზე უნდა ოცნებობდეს.

- მასწავლებლები კი სტატუსებზე?

- ეს არაა ცუდი, მაგრამ მოდი, ერთ წუთს გავჩერდეთ და ვნახოთ, რა გავლენა აქვს ამ სტატუსს საკლასო ოთახში. ესაა მთავარი და ჩვენი ძირითადი ამოცანა ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფაა მოსწავლეებისთვის. ამიტომ მენტორი უნდა იყოს თითით საჩვენებელი და მაღალი კვალიფიკაციის მასწავლებელი!


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სპეციალურ მასწავლებლებს სერტიფიკატები გადაეცათ

ქულას მუშაობის დასრულებისთანავე დაინახავთ - NAEC ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“

სპორტული შეჯიბრებები, რადგან ამ დროს იქმნებოდა საუკეთესო, პოზიტიური თანამშრომლობითი გარემო და მიყალიბდებოდა ემპათიის უნარი თანატოლის მიმართ 

ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი მიზანდასახულნი, შრომისმოყვარენი და შემოქმედებითნი არიან
სკოლები

მათ იცეკვეს, იმღერეს, სიტყვა წარმოთქვეს და შემოდგომაზე ვრცლად ისაუბრეს

არმატებულ სპორტსმენებს სკოლაში მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

 ღონისძიებას მასწავლებლები:  ლალი წულაია და ელენე სიხარულიძე, ხელმძღვანელობდნენ 

საინტერესო

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

AI განმარტებით, მასწავლებლის ჩაცმულობა მაინც დამოკიდებულია სკოლის კულტურასა და პოლიტიკაზე 

დისგრაფია სწავლის უნარის სპეციფიკური დარღვევაა - რა უნდა იცოდნენ მასწავლებლებმა და მშობლებმა

სიახლეები
საზოგადოება