პანდემიის მიუხედავად პირველ სემესტრს წარმატებით ასრულებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტი. როგორც KIU-ს რექტორი ალესანდრე თევზაძე გვეუბნება, სტუდენტებს სემესტრის წარმატებით დასახურად მცირე ნაბიჯი დარჩათ გადასადგმელი. 2020 წელი გამოწვევებით სავსე იყო ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტისთვის, რომელმაც წელს პირველად მიიღო სტუდენტები. აკადემიური სემესტრის ბოლოსთვის კი იმდენი შეძლო, რომ უცხოელი პროფესორებისა და სტუდენტებისგან დადებით შეფასებები და კმაყოფილების მაღალი დონისთვის მიეღწია.
KIU-ს პირველი სემესტრი უნივერისტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ შეაფასა:- 2020 წლის შემოდგომა იყო პირველი სემესტრი, როდესაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტში შემოვიდნენ ახალგაზრდები. არსებული ვითარებიდან გამომდინარე სწავლა მიმდინარეობდა ორი მეთოდით. სწავლა ჰიბრიდული მეთოდით დავიწეთ და ნოემბრის შუა რიცხვების შემდეგ გადავედით მთლიანად ონლაინ სწავლების სისტემაზე. კარგია, რომ ჩვენმა სტუდენტმა მოახერხეს თვეზე მეტ ხანს საუნივერსიტეტო ცხოვრება და საუნივერსიტეტო ცხოვრებაში სწავლების რეჟიმთან შეჩვევა, რაც მათ ზოგადი განათლების ეტაპიდან უმაღლესი განათლების ეტაპზე გადმოსვლაში დაეხმარა. ანუ მათ საშუალება ჰქონდათ აუდიტორიებში და მის გარეთ პროფესორებთან და ადმინისტრაციასთან ჰქონოდათ კონტაქტი. ისინი შეეჩვივნენ, ერთის მხრივ უნივერსიტეტის ონლაინ სწავლების პლატფორმას და მეთოდებს, მეორეს მხრივ კი იმას, თუ რას ვითხოვთ ახალგაზრდებისგან ჩვენი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, ვინაიდან ჩვენი სასწავლო პროგრამები მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვა უნივერსიტეტების პროგრამებისგან. ეს არის მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროგრამები, რომელსაც ჩვენ ინგლისურ ენაზე ვახორციელებთ.
შესაბამისად, გამოწვევა ბევრი იყო. ეს არის როგორ ონლაინ სწავლების კომპონენტი, ისე განსხვავება ქართული ზოგადი განათლების კურიკულუმსა და გერმანულს შორის, ანუ რა ცოდნით მიდის გერმანიაში სკოლადამთავრებული ახალგაზრდა უნივერსიტეტში და რა ცოდნა აქვს ჩვენთან სკოლადამთავრებულს. ჩვენი პროგრამის მთავარი ამოცანაა რომ პირველ წელს ეს განსხვავება აღმოვფხვრათ, რათა მეორე წლიდან ქართველი და გერმანელი სტუდენტები პარალელურად ერთი და იგივე პროგრამით და მასალით სწავლობდნენ.
ჩვენ გამოვიყენეთ სხვადასხვა კომპონენტები, იმისთვის რომ ახალგაზრდებს დავხმარებოდით ერთის მხრივ უმაღლესი განათლების საფეხურზე გადმოსვლაში, მეორეს მხრივ ინგლისურენოვანი სწავლების კომპონენტში და მესამეს მხრივ ამ გერმანული სწავლების ევროპულ სტანდარტებთან ადაპტირებაში. ამაში დაგვეხმარნენ, როგორც გერმანელი, ისე ქართველი პროფესორები, რომლებიც გარდა სალექციო საათებისა სტუდენტებთან ატარებდნენ ე.წ. საოფისე საათებს. ისინი კონსულტაციის რეჟიმში ონლაინ ხვდებოდნენ სტუდენტებს დამატებითი განმარტებებისთვის.
ამასთან, ენობრივი კომპეტენციების დასაძლევად ახალგაზრდებს შევთავაზეთ გამორჩეული შესაძლებლობა: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ინგლისური ენის კომპონენტში ხელშეკრულება დადო ბრიტანეთის საბჭოსთან. ჩვენთან ინგლისური ენის სწავლა მათი მასწავლებლებითა და სტანდარტებით მიმდინარეობს. აქაც გარდა კურიკულუმისა ახალგაზრდებს შევთავაზეთ ინგლისური ენის დამატებითი სწავლება. დღის მეორე ნახევარში იმ ახალგაზრდებს, რომლებიც თვლიდნენ რომ დახმარება სჭირდებოდათ, შეეძლოთ ეს დახმარება მიეღოთ ბრიტანეთის საბჭოს მიერ აკრედიტებული მასწავლებლებისგან.
ამ ყველაფრის შედეგია ის, რომ სტუდენტური გამოკითხვისას მათი კმაყოფილება ძალიან დიდია.
- როგორც ვიცით, პანდემიის გამო უცხოელი პროფესორების ნაწილმა ვერ მოახერხა ჩამოსვლა. მეორე სემესტრშიც დისტანციურად გააგრძელებენ სტუდენტებთან ურთიერთობას თუ იგეგმება მათი ჩამოყვანა?- ჩვენ გვყავს ათი უცხოელი პროფესორი, რომლებიც ჩართულნი არიან სწავლებაში. აქედან მხოლოდ 3-მა მოახერხა ჩამოსვლა. პროფესორების ჩამოსვლა სამ სხვადასხვა ტალღად იყო დაგეგმილი, თუმცა მხოლოდ პირველი ჩამოსვლა მოხერხდა, ვინც აგვისტოს ბოლოს ჩამოვიდნენ საქართველოში. ისინი არიან კომპიუტერული მეცნიერებისა და მათემატიკის მიმართულების პროფესორები, რომლებიც სანამ ჰიბრიდული სწავლება იყო ადგილზე ასწავლიდნენ ახალგაზრდებს. ჰიბრიდულიდან ონლაინ სწავლებაზე რომ გადავედით, პროფესორები დაბრუნდნენ უცხოეთში და ონლაინ განაგრძეს ჩვენი სტუდენტების სწავლება.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საქართველოში მყოფი უცხოელი პროფესორების გამოცდილება, როგორ აფასებენ ისინი ჩვენს სტუდენტებს, როგორ აფასებენ აკადემიურ გარემოს, ინფრასტრუქტურას, საგანმანათლებლო სივრცეს და კამპუსს, ასევე ონლაინ გამოცდილება, როგორ ხდება უმაღლესში ონლაინ სწავლებისას ხარისხის უზრუნველყოფა. ჩვენ გამოვკითხეთ უცხოელი პროფესორები, მოვისმინეთ მათი აზრი, ამ პროცესში ჩართული იყო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი ვოლფგანგ ჰერმანი. იგი 25 წელი იყო მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პრეზიდენტი, გერმანიაში საკმაოდ ცნობილი ფიგურაა და ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ადამიანი უმაღლესი განათლების ორგანიზების მიმართულებით.
პროფესორი ჰერმანის აზრია, რომ არსებულ პანდემიის პირობებში ჩვენ შევძელით, ის რასაც სავარაუდოდ ვერ ერთი გერმანული უნივერსიტეტი ვერ შეძლებდა. შევძელით, ახალი უნივერსიტეტის აწყობა, სწავლის დაწყება და ამავდროულად ვუზრუნველყავით ის, რომ უცხოელი პროფესორები ჩვენს უნივერისტეტში თავს კომფორტულად გრძნობენ.
- შეგვიძლია თუ არა სემესტრის ბოლოს სტუდენტთა შედეგებზე ვისაუბროთ?- არსებული რეგულაციების მიხედვით 1-დან 15 იანვრამდე გამოცხადებულია დასვენების დღეები, შესაბამისად საბოლოო გამოცდების პერიოდი სტუდენტებს ამის შემდგომ დაეწყებათ, თუმცა ახალგაზრდებს აქაც ვთავაზობთ ეფექტურ მეთოდებს, იმისთვის რომ ეს ორი კვირა უქმად არ დაკარგონ. ამ პერიოდი განმავლობაში მათ შეეძლებათ გამოცდებისთვის მომზადება. ჩვენი პროფესორები მზად იქნებიან, რომ ამ ორი კვირის განმავლობაში სტუდენტები დამატებითი კონსულტაციებით უზრუნველყონ.
ვფიქრობ, გამოცდებს სტუდენტები უფრო მომზადებულები შეხვდებიან და ყველანი ინტერესით ველით რა შედეგებს აჩვენებენ ამ განსხვავებულ საგანმანათლებლო პროგრამაში.
- ახალი წელი გვიახლოვდება და გკითხავთ, რას ისურვებდით 2021 წლისთვის და რა სურველები გაქვთ უნივერსიტეტისა და სტუდენტებისთვის?- სურვილები ყოველთვის ერთია აკადემიურ სივრცეში. უნივერისიტეტში ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ახალგაზრდებისთვის, ამიტომ მე მინდა პირველ რიგში ახალგაზრდებს ვუსურო წარმატება აკადემიურ გარემოში. ისინი მთელი სემესტრის განმავლობაში აქტიურად სწავლობდნენ და იღებდნენ ცოდნას და მათ მცირე ნაბიჯი დარჩათ გადასადგმელი, რომლითაც შეძლებენ მიღებული ცოდნის დადასტურებას. ყველა სტუდენტს მინდა ვუსურვო წარმატებული საგამოცდო პერიოდი და ვუსურვო, რომ მეორე სემესტრს შეხვდნენ დიდი მოლოდინით.
მეორეს მხრივ ჩვენს პროფესორებს და ადმინისტრაციულ პერსონალს, ყველას ვინც თავდაუზოგავად იმუშავა იმისთვის, რომ ევროპული სტანდარტის უნივერსიტეტი გაგვეხსნა და აგვემუშავებინა, მინდა მივულოცო ის შედეგები, რომლებსაც 2020 წელს მივაღწიეთ და მინდა ვუსურო ყველას წარმატება, როგორც პროფესიულ საქმიანობაში, ისე პირად ცხოვრებაში.