მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქვეყნის ხელმძღვანელმა პირებმა საქართველს მოსახლეობას ახალი წელი მიულოცეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საახალწლო მილოცვისას განაცხადა, რომ 2021 წელი იქნება უკეთესი მომავლის, ქვეყნის წარმატების, აღდგენის და განვითარების წელი.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ერთიანობა დაგვაძლევინებს ყველა განსაცდელს და მიგვიყვანს ქართველი ხალხის დიდი ხნის ოცნების ახდენამდე - საქართველო დაიმკვიდრებს საკუთარ ღირსეულ ადგილს საერთო ევროპულ ოჯახში.
„გილოცავთ დამდეგ 2021 წელს. ჯანმრთელობას და კეთილდღეობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს.
გასული წელი მთელი მსოფლიოსთვის უჩვეულო და გამოწვევებით სავსე იყო. ჩვენ აღმოვჩნდით ომში უხილავ მტერთან, რომელმაც გვაიძულა უარი გვეთქვა ჩვეული ცხოვრების რიტმზე, დაგვაკარგინა ძვირფასი ადამიანები.
დიდ განსაცდელთან ერთად, ამავე დროს, 2020 წელი დიდი გადაფასებების წელიც იყო, როდესაც თითოეული ჩვენგანი დაფიქრდა ყველაზე მთავარ ღირებულებაზე - ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, რომლის გარეშეც არაფერს აქვს ფასი.
რაც ყველაზე მთავარია, 2020 წელი იყო უპრეცედენტო სამოქალაქო პასუხისმგებლობის წელი, როდესაც სახელმწიფო და მოქალაქე ერთად დადგა გამოწვევის პირისპირ.
უხილავ მტერთან ბრძოლას საკუთარი გმირები ჰყავს. ეს გმირები არიან ჯანდაცვის სფეროში მოღვაწე ადამიანები - ექიმები, ექთნები თუ სანიტრები, რომლებიც ამ წუთებშიც იბრძვიან ჩვენი მოქალაქეების გადასარჩენად, - მინდა მათ მუდამ ახსოვდეთ, რომ ყველანი განსაკუთრებულად მადლიერები ვართ მათი.
ეს გმირები არიან ის პოლიციელები, ჯარისკაცები, თვითმმართველობების თანამშრომლები, თითოეული ის საჯარო მოხელე, რომელიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დაუღალავად შრომობდა, რათა უფრო უსაფრთხო გარემო შეექმნა, უბრალოდ დახმარებოდა ჩვენს თითოეულ მოქალაქეს.
წელს უჩვეულო გარემოში ვხვდებით ახალ წელს - არ ვმართავთ საზეიმო ღონისძიებებს და მოკრძალებულად, მხოლოდ ვიწრო ოჯახურ წრეში აღვნიშნავთ ამ ყველასთვის, განსაკუთრებით კი, ბავშვებისთვის, საყვარელ დღესასწაულს. დღეს სწორედ ეს არის პასუხისმგებლობა ერთმანეთის, განსაკუთრებით კი, ჩვენი ხანდაზმულების წინაშე.
დღეს არ არის რაიმე ნიშნით დაყოფის დრო. დღეს მთელი ქვეყანა, - მათ შორის პოლიტიკური თუ სამოქალაქო საზოგადოება, ყველა ერთად უნდა ჩავდგეთ სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქის სამსახურში - ამას გვავალებს ჩვენი ხალხი.
ეს არის მთავარი წინაპირობა იმის, რომ მომავალი წელი გამარჯვების მომტანი იყოს!
მინდა, მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი ჩვენს თითოეულ თანამემამულეს - საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ; ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს - ჩვენ მხოლოდ მათთან ერთად შევქმნით საქართველოს უკეთეს მომავალს.
ვულოცავ ჩვენს პოლიციელებს, ჯარისკაცებს, მასწავლებლებს, საჯარო მოხელეებს - ყველას, ვინც დაუღალავად შრომობს ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის. ვულოცავ ბავშვებს, რომლებსაც ასე ახარებთ ახალი წელი. ვულოცავ ჩვენს უფროს თაობას, - მინდა იცოდეთ, რომ თქვენ განსაკუთრებულად გიფრთხილდებით.
ერთიანობა დაგვაძლევინებს ყველა განსაცდელს და მიგვიყვანს ქართველი ხალხის დიდი ხნის ოცნების ახდენამდე - საქართველო დაიმკვიდრებს საკუთარ ღირსეულ ადგილს საერთო ევროპულ ოჯახში.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ 2021 წელს, რომელიც იქნება უკეთესი მომავლის, ქვეყნის წარმატების, აღდგენის და განვითარების წელი!
გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას!“,- განაცხადა პრემიერმა მილოცვისას.
ერთიანობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც.
მისი თქმით, პანდემიამ დაგვანახა, რომ გადარჩენა მხოლოდ სოლიდარობით, ერთმანეთის ნდობით და გაფრთხილებით შეიძლება.
პრეზიდენტმა მილოცვაში განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო განათლების სფეროს და აღნიშნა, რომ, ერთი მხრივ, ახალგაზრდებისთვის რთული აღმოჩნდა დისტანციური სწავლება და დამთრგუნველი ერთმანეთთან კონტაქტის დაკარგვა, თუმცა არ გამოცხადებულა აკადემიური წელი და ერთიანი ეროვნული გამოცდები შეუფერხებლად ჩატარდა
„2020 წელს ვემშვიდობებით! ეს წელი უმძიმესი აღმოჩნდა მსოფლიოსთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის. მინდა მივუსამძიმრო ყველას, ვინც ამ ურთულეს პერიოდში დაკარგა ოჯახის წევრი, ახლობელი თუ მეგობარი.
პანდემიამ შეცვალა მსოფლიო – შეარყია ეკონომიკა, ჩაგვიკეტა საზღვრები, ჩვენც შეგვცვალა – შიში ჩაგვინერგა.
უარყოფითთან ერთად, პანდემიამ დაგვანახა, რომ გადარჩენა მხოლოდ სოლიდარობით, ერთმანეთის ნდობით და გაფრთხილებით შეიძლება; პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა დაავადების დამარცხების ერთადერთი გზაა! მთავარია, არ მივეცეთ სასოწარკვეთილებას, რამეთუ ყველფერ ცუდს კარგი მოსდევს.
პირველ რიგში, ეს ეხება ჯანდაცვის სფეროს. მისი წარმომადგენლები – ეპიდემიოლოგიები, ექიმები, ექთნები, სასწრაფოსმუშაკები- ფრონტის წინახაზზე იდგნენ, უშუალოდ განიცადეს ყველა დარტყმა და დანაკარგი. მათ შორისაც დიდია მსხვერპლი.თუმცა, იმავდროულად აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენ გვყავს მსოფლიო დონის პროფესიონალები და ჩვენმა ჯანდაცვის სისტემამ გაუძლო იმას, რასაც ჩვენზე ძლიერმა ქვეყნებმა ვერ გაუძლეს.
ამას არ ველოდით და გაგვიკვირდა. ამით ჩვენ დავიმსახურეთ მსოფლიოს მხრიდან მაღალი შეფასება, რამაც განაპირობა მასშტაბური საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერა.
პანდემიის მართვის პროცესში ძალიან დიდი ტვირთი და პასუხისმგებლობა დაეკისრა ჩვენს პოლიციას და თავდაცვის ძალებს. აქაც შეგვიძლია ვიამაყოთ – იმით, თუ როგორი თავდადებითა და რა ეფექტურად გაართვეს მათ თავი ამ ურთულეს და უჩვეულო სიტუაციებს.
მსოფლიო კარანტინმა ძლიერი დარტყმა მიაყენა ჩვენს ეკონომიკას, კერძოდ, ტურისტულ სფეროს. თუმცა, შიდა ტურიზმის პოპულარიზაციამ ბევრ ოჯახს მისცა საშუალება საქართველო ხელახლა აღმოეჩინა. ბევრს სოფლად დაბრუნების სურვილი გაუჩინა. ამით ჩვენ – ყველამ ერთად – მოვახერხეთ შევხიდებოდით ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე მძიმედ დაზარალებულ სფეროს.
განათლების სფეროში – ერთი მხრივ, ახალგაზრდებისთვის რთული აღმოჩნდა დისტანციური სწავლება და დამთრგუნველი ერთმანეთთან კონტაქტის დაკარგვა, თუმცა არ გამოცხადებულა აკადემიური წელი და ერთიანი ეროვნული გამოცდები შეუფერხებლად ჩატარდა. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ აქაც შევძელით ის, რაც ჩვენზე ბევრად ძლიერი ქვეყნებისთვისაც ძნელი წარმოსადგენი იქნებოდა – გაიხსნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი.
კულტურაზე ძალიან მძიმედ აისახა პანდემია. დისტანციური ფორმატების მიუხედავად, ეს სფერო პრაქტიკულად გაიყინა, რადგან კულტურა პუბლიკის გარეშე ძნელად თუ ცოცხლობს. ამ ფონზე ძალიან ვამაყობ იმით, რომ სრულყოფილად ჩავატარეთ ეროვნული და ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიების სახელმწიფო კონკურსები. შევკრიბეთ კომისიები, მივიღეთ მსოფლიო დონის სამეცნიერო ნაშრომები და ლიტერატურული ნაწარმოებები, გამოვავლინეთ გამარჯვებულები.
პანდემიის გამო დაჯილდოების ცერემონია ჯერ ვერ ჩატარდება, მაგრამ მინდა ამ ახალი წლის ღამეს გაგაცნოთ გამოვლენილი ლაურეატები და ერთად მივულოცოთ მათ ეს დიდი წარმატება, რომელიც ქვეყანას ასახელებს.
ვაჟა ფშაველას სახელობის სახელმწიფო პრემია ლიტერატურასა და პოეზიაში მიენიჭა პოეტსა და მთარგმნელს, დავით წერედიანს. ვწუხვარ, რომ მას ეს მნიშვნელოვანი აღიარება სიცოცხლეში არ ერგო. ეროვნული პრემიის გამარჯვებულები კი ქიმია-ბიოლოგიის დარგში ერთობლივი ნაშრომისთვის არიან გიორგი კვესიტაძე, გია ხატისაშვილი და თინათინ სადუნიშვილი. ფიზიკის დარგში -ალექსანდრე შენგელია.
ერთადერთი სფერო, სადაც პანდემიამ აქტივობა ვერ შეანელა, პოლიტიკაა! მძიმე პოლიტიკური წელი გვქონდა, თუმცა აქაც შევძელით და მივიღეთ კონსტიტუციური ცვლილებები, ახალი საარჩევნო კოდექსი. ჩავატარეთ არჩევნები, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობამ შეაფასა, როგორც სამართლიანი და კონკურენტული.შედგა პარლამენტი.
პანდემიამ ერთი რამ მაინც ვერ შეცვალა – ოკუპაცია და ჩვენი ტკივილი.დღეს მან კიდევ უფრო დაამძიმა ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ისედაც უმძიმესი მდგომარეობა, თუმცა დაგვანახა, თუ რამდენად აუცილებელია, სამომავლოდ გამოვნახოთ სოლიდარობისა და ურთიერთდახმარების გზები – ანუ გზა ოკუპაციის დასაძლევად.
მთავარი მიღწევა კი ის არის, რომ ურთულესი პირობების მიუხედავად, ოკუპაციისა და მძიმე რეგიონალური კონფლიქტების მიუხედავად, ამ პატარა ქვეყანამ შეძლო და შეინარჩუნა სტაბილურობა, მდგრადობა, აქვს საკუთარი თავის იმედი და სხვებსაც არაერთგზის აჩვენა, რომ ასე მარტივად არ ნებდება.
ალბათ რთული ზამთარი გველის და გამოწვევები არ გამოილევა. მაგრამ ჩვენ უკვე ვიცით, რომ ამ გზას გავივლით. ისიც ვიცით, რა გვჭირდება ამ გზაზე – ერთმანეთის ნდობა, გაფრთხილება, სოლიდარობა და ერთიანობა! უნდა დავძლიოთ გაუცხოება, უარი უნდა ვუთხრათ სიძულვილსა და დაპირისპირებას! 2021 წელი ნდობის წელი უნდა იყოს!
ყველას, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, გილოცავთ ახალ წელს, გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას, წარმატებებს და ერთსულოვნებას“, – აღნიშნულია პრეზიდენტის მილოცვაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა