მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბოლნისის მუნიციპალიტეტის კაზრეთის N1 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია ნიჭიერ და წარმატებულ კურსდამთავრებულს - ლიანა ჯაფარიძეს გვაცნობს. გოგონას ისტორია ზღაპრულია, მან სკოლა წარჩინებით დაამთავრა, შემდეგ ეროვნულ გამოცდებზე 100%-იანი გრანტი მოიპოვა, მოგვიანებით კი სწავლა სრული დაფინანსებით ოქსფორდის მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში გააგრძელა.
ლიანა ჯაფარიძე ძალიან მშრომელი გოგონაა, თუმცა აღნიშნავს, რომ წარმატების მისაღწევად იღბალიც ერთ-ერთი მთავარია. ის ექიმების ოჯახში გაიზარდა, თუმცა მამის რჩევით, სწავლა იურიდიულ ფაკულტეტზე გააგრძელა. ახლა კი კმაყოფილია, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
ლიანა ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორია იურიდიულ ფაკულტეტზე და მაგისტრებს კონკურენციის სამართალს ასწავლის.
ლიანა უნივერსიტეტში ჩასაბარებლად დაუზარელად ემზადებოდა. მან ქართული ენისა და ლიტერატურის 100 ქულიან ტესტში 99 ქულა აიღო. გარდა ამისა, კაზრეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე „ფლექსის“ ერთ-ერთი პირველი გამარჯვებული იყო ბოლნისის რაიონიდან. მისთვის გაცვლითი პროგრამით ამერიკაში სწავლა და ცხოვრება საინტერესო ცხოვრებისეული გამოცდილება იყო. ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ გოგონამ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა იურიდიულ ფაკულტეტზე, მესამე კურსზე გადაწყვიტა, რომ მაგისტრატურაზე საზღვარგარეთ ესწავლა. ჩააბარა toefel-ის გამოცდები და ამერიკულ და ევროპულ უნივერსიტეტებში მიმართვები გაგზავნა. პირველ ჯერზევე ლიანა 6 უნივერსიტეტში ჩაირიცხა, თუმცა ნაწილობრივი დაფინანსებით,რის გამოც გოგონამ ყველა უნივერსიტეტს უარი უთხრა.
2011 წლის სექტემბრიდან დაიწყო მუშაობა შავი ზღვის უნივერსიტეტში ასისტენტად და პარალელურად, სამაგისტრო პროგრამაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინტერდისციპლინურ ფაკულტეტზე საჯარო მმართველობის მიმართულებით სწავლობდა. შემდეგ იყო ოქსფორდი. მან სრული დაფინანსება მოიპოვა და ერთწლიანი სამართლის მაგისტრატურა 2013-2014 სასწავლო წელი დაუფინანსდა.
ოქსფორდის მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ 2014 წელს საქართველოში დაბრუნდა და მომდევნო 3 წელი აქ მოღვაწეობდა. წელიწად-ნახევარი იუსტიციის სამინისტროში იმუშავა. პარალელურად ცდილობდა, სწავლა კვლავ ოქსფორდში გაეგრძელებინა დოქტორანტურზე.
ლიანასთვის პრიორიტეტი საკუთარ სამშობლოში მუშაობაა. მიუხედავად ძალიან დიდი შესაძლებლობისა, იმუშაოს ბრიტანეთში დოქტორანტურის დასრულების შემდეგ, ჰქონდეს მაღალი შემოსავალი და ცხოვრების უკეთესი დონე, საქართველოში დარჩენას ამჯობინებს.
„ჩემი მოტივაცია სამშობლოში მუშაობისა არის ის, რომ ეს არის ჩემი ქვეყანა და არც მინდა, რომ სხვა ქვეყანა მქონდეს. ვინც არ ყოფილა საზღვარგარეთ და ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ უცხოვრია განსხვავებულ კულტურაში, მათთვის ძნელია წარმოდგენა, თუ რამდენად ძვირფასი და ახლობელია ის გარემო, სადაც იზრდები და ადამიანად ყალიბდები. რამდენად რთული და ფსიქოლოგიურად დამთრგუნველია, როდესაც ახალ გარემოში გადასვლას ცდილობ. ეს არ არის მხოლოდ ენის ფაქტორი, სამეგობროს წრის ფაქტორი. ფაქტობრივად, შეუძლებელია ახალ კულტურაში ინტეგრირება, საკუთარი თვითმყოფადობა რომ არ დაკარგო. მე ასეთი მიდგომა მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყანა გვაქვს, რაც გვაქვს ჩვენია“,-ამბობს ლიანა.
კაზრეთის N1 საჯარო სკოლის წარმატებული კურსდამთავრებული მოსწავლეებს ურჩევს, იოცნებონ, რადგან ყველაფერი ოცნებიდან იწყება, და არ შეეშინდეთ ოცნებისთვის ბრძოლა და შრომა.
„მოსწავლეებს ვურჩევ, რაც უნდა მოხდეს, არ შეეშვან ოცნებას და იმუშაონ მიზნის მისაღწევად პატარ-პატარა ნაბიჯებით. ამის გაკეთება არ ხდება ერთბაშად და ერთი ამოსუნთქვით, ეს ხდება ყოველდღიური, მცირე მუშაობით. ყოველი დღის ნაბიჯები რომ შეიკრიბება, რასაც ყოველდღიურად გადადგამენ, რამდენიმე წლის მერე ახდენს ხოლმე სწორედ იმ მთავარ სასწაულს. არ არის მიუღწევადი და ამის უნდა სჯეროდეთ. ის, რომ პატარა დაბიდან თუ სოფლიდან არიან, არანაირ წინაღობას არ წარმოადგენს. მთავარია მოტივაცია, მცდელობა და იმის რწმენა, რომ ყველაფერი კარგად იქნება მათ ცხოვრებაში და მიუხედავად პატარ-პატარა წარუმატებლობებისა ყველაფერი მათ სასიკეთოდ ხდება“,-აღნიშნავს ლიანა.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საკითხები, რომლებიც პედაგოგებმა მოსწავლეთა შეფასებისას უნდა გაითვალისწინონ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სასკოლო საზოგადოებას ღონისძიებით მიულოცეს ახალი წელი მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას