როდის გამოქვეყნდება „აბიტურიენტთა ცნობარი“ და სავალდებულო იქნება თუ არა პირბადე ტესტირების პროცესში - აპლიკენტებს „ნაეკი“ პასუხობს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტების მიერ ხშირად დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
საკმარისია თუ არა სკოლის წიგნებით მომზადება, რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება მათემატიკის, ქიმიის, ფიზიკის და სხვა საგნის გამოცდებისთვის მოსამზადებლად. უნდა ეკეთოთ თუ არა პირბადე საგამოცდო სექტორში მყოფ აბიტურიენტებს? - იხილეთ ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხი.
- მათემატიკაში რომელი მასალა უნდა დავამუშაოთ განსაკუთრებით, რომ გამოცდაში არ ჩავიჭრათ?
- მათემატიკის ტესტი დაფუძნებულია საგამოცდო პროგრამაზე. ამ პროგრამის ყველა საკითხი შესაძლოა შეგხვდეთ ტესტში, ამიტომ საჭიროა ყველა მათგანის მომზადება ტესტის კარგად დაწერისათვის.
- მსჯელობით თუ მივედით მათემატიკაში პასუხამდე, მაქსიმალური ქულით შეგვაფასებენ?
- რასაკვირველია. თუ წერილობით გადმოსცემთ თქვენს მსჯელობას და ყველა ნაბიჯს თანმიმდევრულად და ნათლად წარმოაჩენთ, დაიმსახურებთ ამ დავალებისათვის გათვალისწინებულ მაქსიმალურ ქულას.
- გეომეტრიაში თუ ნახაზს არ წარმოვადგენთ, ქულა დაგვაკლდება?
- ნახაზის წარმოდგენა სასურველია, ეს თავად თქვენ გიმარტივებთ მსჯელობას და ამოცანის ამოხსნის პროცესს. ასევე გამსწორებელს უმარტივებს თქვენი მსჯელობის (ამოხსნის) შეფასებას. ჩვენი რჩევაა წარმოადგინოთ ნახაზი.
მეორე მხრივ, თუკი არ გექნებათ ნახაზი, მაგრამ თითოეული ტოლობა მსჯელობით იქნება გამყარებული, აგრეთვე თქვენ მიერ დაწერილი ყველა სიდიდე ან ამოცანის პირობაში იქნება განმარტებული, ან თქვენ ლოგიკურად წარმოაჩენთ სრულყოფილ ცოდნას მოცემულ საკითხთან დაკავშირებით და ამოხსნა უშეცდომო იქნება, ცხადია, მიიღებთ მაქსიმალურ ქულას.
- ქიმიას ვაბარებ და რომელ სახელმძღვანელოს მირჩევდით ? საკმარისია თუ არა სახელმძღვანელოთი მეცადინეობა?
- საგამოცდო პროგრამისა და ტესტის შედგენისას გათვალისწინებულია, რომ ყველა საკითხი მეტ-ნაკლებად მოცემული იყოს სკოლებში გამოყენებულ ორივე გრიფირებულ სახელმძღვანელოში. რომელიმე კონკრეტულ დამხმარე სახელმძღვანელოს რეკომენდაციას ვერ გავუწევთ, რადგან ამის უფლება არ გვაქვს. გირჩევთ, პირველ რიგში, კარგად გაეცნოთ საგამოცდო პროგრამას და მოიძიოთ სახელმძღვანელოებში შესაბამისი საკითხები.
- ქიმიაში გამოთვლითი ტიპის რამდენი ამოცანა შეგვხვდება და რას ექცევა მათი გამოყვანის დროს ყურადღება?
- პირველ რიგში, დავაზუსტოთ - გამოთვლითი ტიპის ამოცანებში თუ ვგულისხმობთ იმ დავალებებს, რომლებიც ამოხსნის გზის ჩვენებას მოითხოვს, მათი რაოდენობა, სავარაუდოდ, შემცირდება. კერძოდ, 3-ის ნაცვლად, იქნება 2. ასეთი დავალებების შეფასებისას, უპირველეს ყოვლისა, ყურადღება ექცევა ამოხსნის გზის სისწორეს. გაითვალისწინეთ, რომ ამოხსნის გზა ნათლად უნდა იყოს წარმოდგენილი. ასევე მნიშვნელოვანია, სწორად იყოს შესრულებული საჭირო გამოთვლები. ცალკეულ დავალებათა შეფასების დეტალებს შეგიძლიათ გაეცნოთ შეფასების სქემებიდან, რომლებიც ცენტრის ვებგვერდზე ქიმიის გამოცდაზე გამოყენებულ ტესტთან ერთად არის გამოქვეყნებული.
- ფიზიკაში თუ ღია დავალებაში გამოყვანას ბოლომდე არ მივიყვან, რამდენი ქულა დამაკლდება?
ღია დავალებები რამდენიმე ქულით ფასდება. თქვენ უნდა გაითვალისწინოთ, რომ შეფასდება მხოლოდ ლოგიკურად დასაბუთებული პასუხები.
- იმ შემთხვევაში, თუ გვიან მივხვდი, რომ დავალების პასუხი სხვა დავალების გრაფაში ჩავწერე, რა შეიძლება რომ გავაკეთო?
- თუ თქვენ სექტორიდან გასვლამდე აღმოაჩინეთ ეს პრობლემა, დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოთ ინფორმაცია მეთვალყურეს, რომელიც საგამოცდო დროის მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას, ხოლო თუ ცენტრიდან გასვლის შემდეგ მიხვდებით, განცხადებით უნდა მომართოთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს სააპელაციო პროცესის მიმდინარეობისას.
- ისტორიის გამოცდისთვის მე-11 და მე-12 კლასების სახელმძღვანელოებით რომ მოვემზადოთ, საკმარისი იქნება?
- დიახ, ერთიანი ეროვნული გამოცდების ისტორიის პროგრამა არ სცდება მე-11 და მე-12 კლასების გრიფირებულ სახელმძღვანელოებში მოცემულ მასალას.
- ქართულში რა შემთხვევაში ფასდება ნაშრომი ნული ქულით?
- სხვადასხვა დავალების შეფასებისათვის განსხვავებული კრიტერიუმები გამოიყენება. ამ კრიტერიუმებით განსაზღვრულია, თუ რა შემთხვევაში იწერება 0 როგორც ცალკეული კომპონენტის, ისე მთელი ნაშრომის შეფასებისას. გარდა კრიტერიუმებისა, როგორც ტესტის, ასევე ცალკეულ დავალებათა ინსტრუქციებში მითითებულია ის შემთხვევები, როდესაც ესა თუ ის დავალება ფასდება 0 ქულით. ასე მაგალითად, ნაშრომში დაუშვებელია აბიტურიენტის სახელისა და გვარის, ან იდენტიფიკაციის სხვა საშუალების მითითება. ის დავალება, რომელშიც ამგვარი მითითება იქნება, შეფასდება 0 ქულით.
- ქართულის შეფასებისას გრამატიკას უფრო მეტი ყურადღება ექცევა თუ ლიტერატურის ცოდნას?
- ჩვენი ტესტური დავალებები არ ამოწმებს გრამატიკის თეორიულ საკითხებს, მაგრამ სამივე დავალების შეფასებისას გათვალისწინებულია ქართული სალიტერატური ენის ნორმებისა და მართლწერის წესების პრაქტიკულად გამოყენების უნარი. რაც შეეხება ლიტერატურის ცოდნას, მხატვრული ტექსტის გააზრების უნარს, საგანგებოდ ის მოწმდება მხატვრული ტექსტის ანალიზის შეფასებისას, თუმცა ლიტერატურის ცოდნა ასევე მნიშვნელოვანია არგუმენტირებული ესეს დავალების კარგად შესასრულებლად.
- სოციალურად დაუცველებსა და მრავალშვილიან ოჯახებს თუ ექნებათ დაფინანსება?
- სოციალურ პროგრამებს ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. ჩარიცხვის შემდეგ თქვენ განცხადებით უნდა მიმართოთ ამ უწყებას.
- გამოცდიდან შავი ფურცლების გამოტანა თუ არის შესაძლებელი?
ე. წ. შავი ნაწერის გამოტანა საგამოცდო სექტორიდან დაუშვებელია.
- როდის გამოქვეყნდება „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“?
- „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“ ყოველ წელს, რეგისტრაციის დაწყებისთანავე ქვეყნდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge
- უცხოურ ენაში რა დონეზე მოითხოვება ცოდნა?
- უცხოური ენის ცოდნა მოითხოვება B1 ანუ საშუალო დონეზე. ეს გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნა სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების მიმართ არის B1. ჩვენი ტესტის ყველა დავალების სირთულის დონე და შეფასების კრიტერიუმები, ასევე შესამოწმებელი გრამატიკისა და ლექსიკის სირთულის დონე, ევროსაბჭოს მიერ განსაზღვრული B1 დონის შესაბამისია.
- პირბადის ტარება თუ დაგვჭირდება გამოცდის დროს?
- გამოცდების დროს ცენტრი იმოქმედებს ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების შესაბამისად და სრულად გაითვალისწინებს იმ რეკომენდაციებს, რომლებსაც შეიმუშავებს სქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
- რა არის აპელაცია?
- პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გამოსაცდელებს საშუალება აქვთ გაასაჩივრონ მიღებული ქულა. საპრეტენზიო განაცხადის ცენტრში წარდგენას, მის განხილვასა და ახალი შედეგების გამოქვეყნებას სააპელაციო პროცესი ჰქვია. უნდა გაითვალისწინოთ, რომ აპელაციის შედეგად შესაძლოა მოგემატოთ, დაგაკლდეთ ან არ შეგეცვალოთ ქულა.
- ისტორიის ტესტში მსოფლიო ისტორიიდან უფრო მეტი კითხვა შეგვხვდება თუ საქართველოს ისტორიიდან?
- ერთიანი ეროვნული გამოცდების ისტორიის ტესტში მსოფლიო ისტორიისა და საქართველოს ისტორიის საკითხების თანაფარდობა საგამოცდო პროგრამაში მოცემული მსოფლიო და საქართველოს ისტორიის საკითხების თანაფარდობის შესაბამისია.