მასწავლებელმა მშობელს გადაუგზავნოს სველი წერტილების ფოტო/ვიდეო მასალა - უცნაური წესები სკოლებისთვის
11-02-2021
დაკოპირებულია
-
+
სკოლებს საკლასო ოთახებსა და დისტანციურად წარმართვისთვის განახლებული რეკომენდაციები უკვე აქვთ, რომელიც სასწავლო წლის დასაწყისში მიღებული წესებისგან, მცირედით არის შეცვლილი. კლასის დამრიგებელი ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდოს საკლასო ჯგუფის თითოეულ მშობელს და მიიღოს უკუკავშირი.
შემუშავებულ რეკომენდაციებს შორის რამდენიმე ცოტა უცნაური ან გნებავთ ორაზროვანიცაა. მაგალითად, მასწავლებლებმა მშობლებს უნდა გადაუგზავნონ სველი წერტილების ფოტო ან ვიდეო მასალა, აცნობოს როგორ არის აღჭურვილი დამლაგებელი. სკოლას უნდა ჰქონდეს წყლის რეზერვუარი (ავზი) როგორც სასმელი ისე ტექნიკური წყლით. ამასთან, მაშინ, როდესაც მშობლებთან კომუნიკაცია დისტანციურად უნდა მოხდეს, ორაზროვანია პუნქტი: მშობლებთან კომუნიკაციისთვის გამოყოფილი დრო და ადგილი.
გაეცანით, რამდენიმე ერთი შეხედვით უჩვეულო რეგულაციას დეტალურად:
როგორ არის ორგანიზებული ნაკადების შესვლა სკოლის ეზოსა და შენობაში, გადაადგილება და გასვლა (თვალსაჩინო სქემები ან ფოტო/ვიდეო მასალა სკოლაში გადაადგილებასთან დაკავშირებით;
სკოლის მოვლა-პატრონობის, დალაგება-დასუფთავებისთვის გატარებული ღონისძიებები: რა საშუალებებით და რა სიხშირით ლაგდება სკოლა: საკლასო ოთახები, სველი წერტილები, სპორტული დარბაზი, საერთო სივრცეები; როგორ არის აღჭურვილი დამლაგებელი;
მშობლებთან კომუნიკაციისთვის გამოყოფილი დრო და ადგილი;
მასწავლებელმა ინტენსიურად უნდა იმუშაოს მოსწავლეებთან მათი ცნობიერების ასამაღლებლად.
სკოლის ვალდებულებები, რომელთა შორის ზოგი წესი სახეცვლილია:
მოსწავლემ სკოლაში გადაადგილებისას უნდა დაიცვას 1-მეტრიანი დისტანცია;
გაკვეთილზე ხელის დაბინძურების შემთხვევაში, მოსწავლემ ხელები უნდა დაიმუშაოს სადეზინფექციო ხსნარით;
ხველების ან ცემინების შემთხვევაში, მოსწავლემ სახეზე უნდა აიფაროს მოხრილი იდაყვი ან გამოიყენოს ერთჯერადი ხელსახოცი. გამოყენების შემდეგ ხელსახოცი მოსწავლემ უნდა მოათავსოს თავდახურულ ურნაში;
თხევადი საპონი და ხელის გასამშრალებელი ქაღალდი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა ტუალეტსა და სამზარეულოში. საპირფარეშოთი სარგებლობის შემდეგ მოსწავლემ ხელები უნდა დაიბანოს საპნით და გაიმშრალოს ქაღალდის ხელსახოცით;
წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემის არარსებობის, ან წყლის შეფერხებებით მიწოდების შემთხვევაში, სკოლას უნდა გააჩნდეს წყლის რეზერვუარი (ავზი) როგორც სასმელი ისე ტექნიკური წყლით;
კვება სკოლის შენობაში - ვინაიდან დროებით შეჩერებულია ბუფეტების ფუნქციონირება, რეკომენდებულია მოსწავლემ თან იქონიოს საკვები ლანჩ-ბოქსით;
საკვების მიღებამდე და შემდეგ მოსწავლემ აუცილებლად უნდა დაიბანოს ხელები დადგენილი წესით. სასმელი წყლის წერტილები ხელმისაწვდომი უნდა იყოს მოსწავლეებისა და სკოლის პერსონალისთვის;
სასწავლო პროცესის დაგეგმვისას, სკოლის ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე და სკოლების განტვირთვის მიზნით, შესაძლებელია ონლაინ სწავლების დღედ გამოყენებული იქნას შაბათი დღე. მას შემდეგ, რაც მოიხსნება უქმე დღეებში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობაზე არსებული შეზღუდვა, ასევე, დასაშვებია შაბათი დღის გამოყენება დასწრებით სწავლებისთვის;
სკოლამ, დასწრებით სწავლების დაწყებისთანავე უნდა უზრუნველყოს ინდივიდუალური/ჯგუფური მუშაობა იმ მოსწავლეებთან, რომლებიც არ/ვერ ერთვებოდნენ დისტანციურ სწავლებაში ან ჰქონდათ სირთულეები დისტანციური სწავლების პროცესში და მასწავლებლის მიერ იდენტიფიცირებულია მოსწავლესთან დამატებითი მუშაობის საჭიროება. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად სკოლა აორგანიზებს ჯგუფებს დამატებითი მუშაობისთვის. ზოგიერთ მოსწავლესთან/მოსწავლეებთან დამატებითი სერვისის მისაწოდებლად შესაძლებელია, გამოიყენონ უქმე დღეებიც.
იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მასწავლებელი/მასწავლებლები ცხოვრობს/ცხოვრობენ სკოლიდან მოშორებით და შეზღუდვების დაწესებამდე გადაადგილებისთვის სარგებლობდნენ საქალაქთაშორისო ტრანსპორტით, მიზანშეწონილია განხილულ იქნას სხვადასხვა შესაძლებლობა, რომელთა შორისაა:
სკოლის მიერ დაქირავებულ იქნას სატრანსპორტო საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს მასწავლებელთა სკოლაში მიყვანასა და უკან დაბრუნებას. თუ სკოლას აღნიშნული მომსახურების შესასყიდად არ აქვს ფინანსური რესურსი, ხარჯების დაფინანსება მოხდება სამინისტროს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით.
შესაძლებელია მიმართოთ ადგილობრივ ხელისუფლებას და მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულ იქნას მასწავლებელთა გადაადგილებაც.
თუ ზემოთ აღნიშნულიდან სკოლა ვერ სარგებლობს ვერცერთი შესაძლებლობით, სკოლისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის შეჯერებული პოზიციის საფუძველზე, შესაძლებელია, სამინისტროს თანხმობით, სკოლა გადავიდეს დისტანციური ელექტრონული სწავლების მოდელზე.