მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ეს ულამაზესი შენობა ზესტაფონის N1 საჯარო სკოლის ისტორიული კორპუსია. მე-19 საუკუნის ბოლოსთვის დაბა ყვირილაში ყოფილა რამდენიმე სასწავლო დაწესებულება. 1870 წელს ზესტაფონში გახსნილა ბესარიონ კელენჯერიძის მიერ დაარსებული მოსამზადებელი ჯგუფი, 1877 წელს - იოსელიანის სკოლა, ხოლო 1895 წელს - 6-კლასიანი სასწავლებელი, რომელსაც ღოღობერიძის სკოლას უწოდებდნენ. ეს საკმარისი არ იყო. 1908 წელს შემდგარა კომისია დაბის მაშინდელი საზოგადოების მოწინავე ადამიანებისგან. ზესტაფონის, ხარაგაულის, ჩხარის მოსახლეობისგან 30ათასი მანეთი შეგროვილა. შენობის აგება გადაწყდა ზესტაფონის ძველუბანში, საყავრიაში. ცნობილმა მებატონემ, გიორგი საყვარელიძემ სკოლის ასაგებად აჩუქა მიწის ნაკვეთი.
1908 წელს დაიწყო მშენებლობა საყავრიაში. 1910 წელს დაუმთავრებიათ პირველი სართული. 1912 წელს შენობა დასრულებული იყო. 1912 წლის 1 სექტემბერს დაირეკა პირველი ზარი და გაიხსნა პირველი სამოქალაქო სასწავლებელი...
სურვილი უფრო დიდი იყო - 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ შორაპნის მაზრის კომიტეტმა გამოიტანა დადგენილება ქალ-ვაჟთა გიმნაზიის გახსნის შესახებ. 1917 წლის 1 სექტემბერს დაირეკა პირველი ზარი შორაპნის მაზრის პირველი საშუალო სასწავლებლისა. ეს გიმნაზია დიდხანს იყო ერთადერთი საშუალო სასწავლებელი, სადაც ცოდნას იღებდნენ ზესტაფონის, ხარაგაულის, ბაღდათისა და სხვა მეზობელი რაიონების ახალგაზრდები. გიმნაზიის დირექტორი იყო ნიკოლოზ კვინიკაძე. 1921 წელს გიმნაზია დაამთავრა კურსდამთავრებულთა პირველმა ნაკადმა - 34-მა ვაჟმა და ამდენივე ქალმა.
პირველი ატესტატი მიიღო ლუარსაბ ანთაძემ. გიმნაზია სხვადასხვა დროს დაამთავრეს - იოსებ და სოფიო ბუაჩიძეებმა, სეით ვართან სიმონგულოვებმა, ვასილ ჩანტლაძემ, გივი ნიორაძემ,დავით გეწაძემ, ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს უფროსმა გიორგი ქადაგიძემ, ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა ლევან საყვარელიძემ,მომღერლებმა -პეტრე ამირანაშვილმა, ეკატერინე ხიჯაკაძემ, კინორეჟისორმა ვასილ ალავიძემ,მწერლებმა- დავით გაჩეჩილაძემ და ლავრენტი ჭიჭინაძემ. გარკვეული პერიოდი აქ სწავლობდნენ ბუხუტი და სერგო ზაქარიაძეები, ძალიან ბევრი გამოჩენილი ადამიანი და ასევე ომის გმირები.
1923 წლიდან გიმნაზია გადაკეთდა ჰუმანიტარულ ტექნიკუმად, 1933 წელს ეწოდა 1-ლი საშუალო სკოლა. შემდეგ რამდენჯერმე შეიცვალა სტატუსი და 1954 წლიდან დაუბრუნდა ძველი სახელწოდება-1-ლი საშუალო სკოლა. ასე რომ, ამ სკოლას გიმნაზიად ყოფნის საუკუნოვანი ისტორია აქვს. ამ ხნის განმავლობაში შენობას შეუნარჩუნდა პირვანდელი სახე, ხოლო 2018 წელს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ბუნებრივია, შენობა საძირკვლიდან დაწყებული შეკეთებას საჭიროებდა, მაგრამ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვდა მასზე მუშაობა. 2019 წლიდან დაიწყო კაპიტალური სამუშაოები. ყველა ისტორიული დეტალი შენარჩუნებულია,შენობა კაპიტალურადაა გამაგრებული, ინფრასტრუქტურა სრულად შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს. სკოლაში კვლავ გრძელდება ღირსეული, საამაყო ტრადიციები, შემოგვემატნენ საუკეთესო ახალგაზრდა მასწავლებლები, გვყავს უნიჭიერესი ახალგაზრდობა! გვჯერა, რომ ისინი N1 სკოლაში მიღებულ ცოდნას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოიყენებენ!
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ქულას მუშაობის დასრულებისთანავე დაინახავთ - NAEC ინფორმაციას ავრცელებს
„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“
გალაკტიონს მცირე ხელფასი ჰქონდა, ისევე, როგორც ყველა მის კოლეგას...
ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე