„სკოლა უზრუნველყოფილია სპეციალური აღჭურვილობებით“ - ახალი საყულიის საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს რეკომენდაციების დაცვით წარმართავს
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი საყულიის საჯარო სკოლის დირექცია, მოსწავლეთა და მშობელთა საყურადღებოდ, განცხადებას ავრცელებს.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სკოლა, საკლასო ოთახებში, სასწავლო პროცესს კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციებისა და რეკომენდაციების დაცვით ახორციელებს.
„მოგეხსენებათ, რომ პანდემიის შედეგად შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებილებებს გარკვეული რეგულაციების შესრულება ევალებათ.
გაცნობებთ, რომ ახალი საყულიის საჯარო სკოლა დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება თითოეული მოსწავლისა და თანამშრომლის უსაფრთხოების საკითხს და ყველა რეგულაციისა თუ რეკომენდაციის გათვალისწინებით ახორციელებს სასწავლო პროცესს.
სკოლა უზრუნველყოფილია სპეციალური აღჭურვილობებით, დეზობარიერებით, სადენზიფექციო საშუალებებით, უკონტაქტო და ვერცხლისწყლიანი თერმომეტრებით. სკოლაში მიღებულია სარეზერვო პირბადეები, რომლებიც გამოყენებული იქნება საჭიროებისამებრ.
სკოლის სველ წერტილებს ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი და იგი სრულად შეესაბამება სტანდარტით გათვალისწინებულ ნორმებს.
საკლასო ოთახები და დერეფნები მონიშნულია სპეციალური აღმნიშვნელი სტიკერებით, რომელიც მოსწავლეებს მისცემს საშუალებას, დაიცვან დისტანცია როგორც საკლასო ოთახებში, ისე დასვენებებზე დერეფნებში.
სკოლა უზრუნველყოფს ისეთი ღონისძიებების გატარებას, როგორიცაა: სკოლაში შემოსვლისას ყველა მოსწავლე უზრუნველყოფილი იქნება თერმოსკრინინგის ჩატარებით; ორგანიზებული იქნება სკოლის ეზოსა და შენობაში მოსწავლეთა შემოსვლა, გასვლა და მათი გადაადგილება; V-XII კლასების მოსწავლეები ვალდებულნი არიან, სკოლაში გამოცხადდნენ პირბადეებით; I-IV კლასის მოსწავლეებს ეძლევათ რეკომენდაცია, დასვენების დროს, დერეფანში ეკეთოთ პირბადე; სკოლა მუშაობს ერთ ცვლაში;
სკოლის პერსონალს ყოველ ორ კვირაში უტარდება სავალდებულო ტესტირება( ამ ეტაპზე გატესტილია პერსონალის 100%); მშობლებს მასწავლებლებთან კომუნიკაცია შეეძლებათ პარასკევ დღეს, გაკვეთილების დასრულების შემდეგ, სკოლის შენობიდან გამოძახებით; მშობლების სკოლის შენობაში შესვლა დასაშვებია დირექციის ნებართვით, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში;
მშობლები ვალდებულნი ბრძანდებით, ყურადღებით გაეცნოთ სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და ზედმიწევნით დაიცვათ შესაბამისი რეკომენდაციები: სკოლაში წასვლამდე აკონტროლოთ მოსწავლის ტემპერატურა; ცხელების ან სხვა სიმპტომების გამოვლენისთანავე დროულად მიაწოდოთ სკოლას ინფორმაცია; უზრუნველყოთ მოსწავლის დროული გამოცხადება სკოლაში; ცხელების დაფიქსირების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, უმოკლეს ვადაში უზრუნველყოთ მოსწავლის სკოლიდან წაყვანა; დაესწროთ სკოლის მიერ ორგანიზებულ საინფორმაციო ონლაინ შეხვედრებს, რომლებსაც ძირითადად თქვენთან უშუალოდ კლასის დამრიგებლები განახორციელებენ;
ასევე მოსწავლეებმა ინდივდიდუალურად უნდა ატარონ სასმელი წყლის შესაბამისი ჭურჭელი; რაც შეეხება სკოლის ეზოს( არტეზიული ჭა) წყლის ვარგისიანობას, ჩატარებული კვლევის საფუძველზე, სასმელი წყალი ვარგისია და უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის", - ნათქვამია სკოლის დირექციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.