„მეუფე მელქისედეკს სურდა, ბავშვებისთვის კომფორტი შეექმნა“ - ხარაგაულის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიას ტრანსპორტი ემსახურება
ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის 200-მდე მოსწავლეს 15 თებერვლიდან ავტოსატრანსპორტო საშუალება ემსახურება. როგორც etaloni.ge-ს გიმნაზიის აღმასრულებელმა დირექტორმა, დეკანოზმა პავლე ცერცვაძემ განუცხადა, აღნიშნული სიახლე სკოლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ დრომდე, ფინანსური პრობლემების გამო, კერძო ტრანსპორტით სარგებლობის საშუალება არ ჰქონდათ.დეკანოზის თქმით, გიმნაზიის რექტორმა, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მელქისედეკ ხაჩიძემ იზრუნა, შეძენილიყო ავტოტრანსპორტი, რომელიც მოსწავლეების ტრანსპორტირებას ოთხი მიმართულებიდან უზრუნველყოფს.
„მეუფეს ყოველთვის სურდა, რომ ბავშვებისთვის შეექმნა კომფორტი, მაგრამ ამის ფინანსური საშუალება არასდროს არ იყო. რადგან კერძო სკოლა ვართ, ვერ ვსარგებლობთ სახელმწიფო პროგრამებით. საჯარო სკოლებს თუ აქვთ საშუალება, რომ ისარგებლონ ბუკებით, სახელმძღვანელოებით, ჩვენ ამ საშუალებას მოკლებული ვართ. მეუფე თავისი ფინანსებით ცდილობს, რომ ყველა საკითხი იყოს მოგვარებული. სკოლაში პირველად, ორშაბათიდან, 15 თებერვლიდან დაინიშნა ტრანსპორტი ოთხი მიმართულებით.
ავტობუსი, რომელიც შევიძინეთ, მოემსახურება 200-მდე ბავშვებს. მოსწავლეების ტრანსპორტირება მოხდება ოთხი მიმართულებიდან - ლაშიდან, საქარიქედიდან, ფარცხნალიდან და დაბა ხარაგაულიდან. აქამდე, სამწუხაროდ, არ იყო ტრანსპორტის საშუალება და მეუფემ მოიძია, შეიძინა ავტობუსი. მოგეხსენებათ, მას სჭირდება მძღოლი, ტექნიკური მომსახურება, ე.წ. გარაჟი. თვეში ესაჭიროება, დაახლოებით, ნახევარი ტონა საწვავი. მინდა თხოვნის სახით მივმართო, ვინც კეთილისმსურველი და შემომწირველი იქნება, ვინაიდან ჩვენ ფინანსების ნაკლებობა გვაქვს, თუ სურვილი ექნება, რომ დაგვეხმაროს. თუ გამოჩნდება კეთილი ადამიანი, დიდი სიამოვნებით მივიღებთ მოწყალებას", - განაცხადა დეკანოზმა პავლე ცერცვაძემ.
etaloni.ge-ს შეკითხვაზე, ვინაიდან სახელმწიფო პროგრამებით ვერ სარგებლობენ, როგორ ახერხებენ კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების შესრულებას, დეკანოზმა განაცხადა, რომ გიმნაზია ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების რეკომენდაციებს საკუთარი ხარჯებით იცავს.
„კოვიდ-პანდემიის გამო შექმნილ ვითარებაში, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების რეგულაციებისა და რეკომენდაციების დაცვაც ჩვენი ხარჯებით გვიწევს. დეზობარიერები, თერმოსკრინინგის აპარატები, ხელის დასამუშავებელი ხსნარები - სკოლა ყველა საჭირო ინვენტარით არის აღჭურვილი. როდესაც ჩვენთან შემოვიდა ხარაგაულის ჯანდაცვის წარმომადგენელი, რომ ნებართვა გაეცა სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი წარმატებული და პირველი ვიყავით რეგულაციების დაცვით. სკოლის შენობაში, რომელიც ორსართულიანია, არის ცენტრალური გათბობა და მოწესრიგებული სველი წერტილები", - აღნიშნა დეკანოზმა პავლე ცერცვაძემ.