მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სკოლაში მუშაობის 37-წლიანი გამოცდილება აქვს, აქედან 25 წელი მასწავლებლად მუშაობდა და მიაჩნია, რომ სკოლის დირექტორი სწორედ ამ პროფესიიდან უნდა მოდიოდეს, რადგან ზუსტად იცის თითოეული მასწავლებლის, მოსწავლისა და ზოგადად, სკოლის საჭიროებები. დღეს თამარ მაჭარაშვილი თბილისის N132, მართლაც უნიკალურ საჯარო სკოლას ხელმძღვანელობს. უნიკალური კი ეს სკოლა იმიტომაა, სამ - ქართულს, რუსულსა და სომხურ სექტორს აერთიანებს. მარტივი არაა, მართო ინტერნაციონალური საგანმანათლებლო დაწესებულება და დირექტორობის პირველ დღეებსაც ჩვეული ემოციურობით იხსენებს, თუმცა დღეს ამაყობს, რომ თავად, საოცარ გუნდთან ერთად, შეუძლებელი შეძლო - 13 ეროვნების მოსწავლეები გააერთიანა და თბილისის N132 საჯარო სკოლაში სიყვარული და მეგობრობა დათესა.
სკოლას ბანერიც ამშვენებს წარწერით - აქ სიყვარულსა და მეგობრობას ასწავლიან და გვერწმუნეთ, ეს ლიტონი სიტყვები არ არის. ქალბატონი თამარი გიამბობს, როგორ დაამკვიდრა ინკლუზიური განათლება; რომ სკოლაში სპეციალური საჭიროების მქონე 37, მათ შორის, აუტისტური სპექტრის მქონე ათი მოსწავლე ჰყავთ და სპეცმასწავლებლების დიდი ძალისხმევის შედეგია, დღეს ეს ბავშვები თავს საზოგადოების სრულფასოვან წევრებად რომ გრძნობენ. თუმცა არის ერთი ფაქტი, რომელიც თბილისის N132 საჯარო სკოლის კრედოს - ასწავლოს სიყვარული - კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის.
ქალბატონმა თამარმა გვიამბო, რომ სამწუხაროდ, მშობელმა, როდესაც ინკლუზიური განათლება დანერგეს, შვილი სკოლიდან ამის გამო გაიყვანა. მერე კი კედელზე გაჩნდა წარწერა - „ნახეთ, რამდენი ავადმყოფია!“... რა მოხდა მერე? – „ეს წარწერა არ წაგვიშლია, უფროსკლასელებმა P.S. მიაწერეს - დიახ, ჩვენ სიყვარულით ვართ ავად!“ - გვიმხელს სკოლის დირექტორი და ამ ფრაზის ცრემლების გარეშე წარმოთქმა უჭირს.
რა ხდება დღეს, მოსწავლეთა დაბრუნების შემდეგ და როგორ მართავს მრავალეროვან N132 საჯარო სკოლას, Etaloni.ge-ს დირექტორი, თამარ მაჭარაშვილი ესაუბრება:
- პირველ რიგში შეუძლებელია არ აღვნიშნო, რომ ჩვენი სკოლა სწორედ Etaloni.ge-ს საშუალებით გაიცნო ფართო საზოგადოებამ და ამისთვის მადლობას გიხდით. რაც შეეხება მოსწავლეთა დაბრუნებას სასკოლო სივრცეში - სრული ანშლაგი გვაქვს და ძალიან ცოტა ბავშვია დისტანციურ სწავლებაზე. იცით, რის თქმა მინდა? - ისე არიან გაზრდილები, შეცვლილები, ზოგიერთი თვალებით ვიცანი... დისტანციური სწავლების შედეგზე ასე, უცებ, ანალიზის გაკეთება ადვილი არ არის, მაგრამ ფაქტია - ბავშვები ჩადგნენ კალაპოტში, მარტივად გადმოპორტირდნენ საკლასო ოთახებში სწავლებაზე და განვლილი მასალაც კარგად მოიტანეს ჩვენამდე.
- ვინც ვერ ერთვებოდა ონლაინ-გაკვეთილებში, ისინი როგორ დაეწევიან პროგრამას?
- უდიდესი მადლობა ჩვენს მეგობარ ორგანიზაცია „ვორდვიჟენს“, რომელმაც შეიძინა ბავშვებისთვის პლანშეტები, გარდა ამისა, გავაცოცხლეთ „ბუკები“ და მინიმუმამდე დავიყვანეთ ისეთი ბავშვების რაოდენობა, ვინც ტექნიკურად ვერ ახერხებდა ჩართვას. გვაქვს შედგენილი გეგმა და მასწავლებლები ინდივიდუალურად იმუშავებენ იმ ბავშვებთან, ვინც დისტანციურ სწავლებაში ჩართვა ვერანაირად ვერ მოახერხა ოღონდ ამისთვის აუცილებლად, მშობლის თანხმობაა საჭირო.
- მოსწავლეებს არ გაუჭირდათ სკოლაში დაბრუნება?
- არა, პირიქით, ასეთი სიყვარული, მონატრება, კომუნიკაციის სურვილი აქამდე არ მინახავს. სკოლაში ბავშვები მონატრებულები დაბრუნდნენ.
- საუბრის დასაწყისში მითხარით, რომ 13 ეროვნების მოსწავლეა. არ გიჭირთ ინტერნაციონალური სკოლის მართვა?
- მადლობა ამ კითხვისთვის! ბევრს ადვილი ჰგონია, მაგრამ ვისაც არ ჰქონია შეხება, ვერასოდეს მიხვდება, რამდენად რთული სამართავია 750-ბავშვიანი მრავალეთნიკური სკოლა.
როდესაც ამ სკოლის დირექტორი გავხდი, მეგონა, სხვა კონტინენტზე მოვხვდი. პირველი წელი ურთულესი იყო, ადაპტაცია გამიჭირდა, იყო განსხვავებული მენტალობა და დამოკიდებულება კოლეგებს შორს - 9 ეროვნების მასწავლებელია და გარე პოლიტიკური ფაქტორებიც ძაბავდა სიტუაციას...
ქართული სექტორის დანერგვა და განვითარება გადავწყვიტე, რადგან ხუთსართულიან სკოლაში დამხვდა მხოლოდ 273 ბავშვი, აუთვისებელი საკლასო ოთხები და 11 ათასლარიანი გაზის დავალიანება.
ქართული სექტორის დამატების შემდეგ, ჭრელი სკოლის იარლიყი ადვილად მაინც ვერ მოშორდა და 20 ბავშვზე მეტი არ მოვიდა. მივხვდი, გამიჭირდებოდა ქართული სექტორის განმტკიცება და გადავწყვიტე, ისეთი ბავშვები მიმეღო, რომლებსაც ამა თუ მიზეზით, სკოლები მეცხრე კლასიდან უშვებდნენ. ასე დავაკომპლექტე ქართული სექტორი - ყველა სკოლიდან გამოშვებული ბავშვები მივიღე. პირველ ჯერზე, ელვის სისწრაფით შეივსო მეათე კლასი და მეორე სემესტრში, რაოდენობის გამო, იძულებული გავხდი, კლასი გამეყო. პირველივე წელს მყავდა 70 მოსწავლე და ესეც საკმაოდ რთული იყო - წარმოიდგინეთ, სკოლა ერთ ბავშვს ვერ უძლებს, მე აქეთ მივიღე 70.
ისინი აბსოლუტურად არ იყვნენ შეგუებულები საგაკვეთილო პროცესს, ჯდომის მანერები და მოსმენის კულტურა არ ჰქონდათ, მაგრამ იცით, რა მოხდა? - ერთის გარდა, „ჩემმა ყიზილბაშებმა“ (ასე ვეძახდი მოფერებით) კატის გამოცდები ჩააბარეს და ეს სწორედ ჩვენი გუნდის დამსახურებაა.
- ქალბატონო თამარ, როგორი უნდა იყოს დირექტორი, რომ სკოლა გახდეს წარმატებული?
- თამარ თავდადებულს მეძახიან... დირექტორი ასეთიც უნდა იყოს - თავისი საქმის ერთგული და საკუთარი თავი არ ახსოვდეს. ადამიანი - სიყვარულით სავსე! ჩემი აქ მოსვლის დღიდან ამას ვქადაგებ და ჩვენს სკოლას ამშვენებს ბანერი წარწერით - სკოლა, სადაც მეგობრობასა და სიყვარულს ასწავლიან. ხოლო მათ, ვისაც ამ სიტყვებზე ეღიმება, მინდა, ვუთხრა - დიახ, სიყვარული სწორედაც რომ დასწავლადია, ბავშვი სწავლობს ოჯახიდან, როცა დედასა და მამას ერთმანეთი უყვარს, სწავლობს მაშინ - როდესაც დაუბანელი ცხვირმოუხოცავი, ნახევრადმშიერი გამოიწევს ჩასახუტებლად და შენ ხელით კი არ გასწევ, მოწმენდ ცხვირს, დააპურებ და გულში ჩაიკრავ. ასე გრძნობს, რომ, ძალიან გიყვარს, ზრუნავ და უკვე თავისიანად გთვლის. ასეთი დამოკიდებულება კი ყველაზე რთულ ადამიანებსაც ცვლის! სწორედ ჩვენ ვადგენთ ბავშვების რთული ქცევის მიზეზებს. მასწავლებელი თუ არ დაინტერესდა ბავშვის პირადი ცხოვრებით, არ დაადგინა ნაღვლიანი თვალების მიზეზი, არაფერი გამოვა. სკოლა ყველაფერს უნდა აკეთებდეს თითოეული ბავშვის ბედნიერებისთვის!
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სპეციალურ მასწავლებლებს სერტიფიკატები გადაეცათ
„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“
გალაკტიონს მცირე ხელფასი ჰქონდა, ისევე, როგორც ყველა მის კოლეგას...
ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე