სიახლეები
სიახლეები

100 კითხვა და პასუხი ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ
22-02-2021
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, აბიტურიენტთა უკეთესად ინფორმირების მიზნით, ღია კარის დღეების ჩატარება ონლაინრეჟიმში ნოემბრის თვიდან დაიწყო. გთავაზობთ, ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე ცენტრის მიერ გაცემულ პასუხებს:

1. რა ცვლილებებია წელს ტესტებთან დაკავშირებით? 
2021 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო პროგრამები და დავალებათა ტიპები უცვლელი რჩება. რამდენიმე საგანში მხოლოდ გამოცდის ხანგრძლივობა და  მაქსიმალური ქულა შემცირდება. ეს ცვლილება შეეხება მათემატიკის, ქიმიისა და ფიზიკის ტესტებს. 
 
მათემატიკა - 2021 წლის მათემატიკის ტესტში იქნება 35 (27 დახურული და 8 ღია ტიპის) დავალება, მაქსიმალური ქულა კი - 51. ღია დავალებები შედგენილი იქნება ორი ორქულიანი, ოთხი სამქულიანი და ორი ოთხქულიანი დავალებისაგან. ტესტის შესრულებისათვის გამოყოფილი დრო იქნება 3 სთ, მინიმალური ბარიერი კი - არანაკლებ 11 ქულისა (უმაღლეს სასწავლებლებს უფლება აქვთ უფრო მაღალი ბარიერი დააწესონ). 
 
ფიზიკა და ქიმია - ფიზიკისა და ქიმიის ტესტებზე სამუშაოდ გამოყოფილი იქნება 3 საათი, ხოლო მაქსიმალური ქულა - 63. 
 
2. მათემატიკის ტესტი წელს გართულდა თუ პირიქით, გამარტივდა ამ ცვლილებების შედეგად? 
მათემატიკის ტესტის სირთულე არ შეცვლილა, რადგან დავალებების შემცირების პროპორციულად შემცირდა საგამოცდო დროც. ვეცადეთ, გადაღლის ფაქტორი ყოფილიყო ნაკლები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათემატიკის ტესტი იქნება უფრო ადვილი, ვიდრე გასულ წლებში იყო. 
 
3. რეგისტრაცია როდის დაიწყება და როგორ გავიარო? 
რეგისტრაცია, სავარაუდოდ, მარტში დაიწყება. რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად ცენტრის ვებგვერდზე. ვადებთან დაკავშირებით დეტალები ყოველ წელს დაახლოებით მარტის პირველ რიცხვებში ქვეყნდება.
 
4. ქიმიის გამოცდაზე ცხრილები დაგვირიგდება?
დიახ, გამოცდაზე დაგირიგდებათ პერიოდულობისა და ხსნადობის ცხრილები. ასევე მეტალთა აქტიურობის მწკრივი.
 
5. ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტიდან ესე ამოიღეს?
არა, ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტს წელს არანაირი ცვლილება არ შეხებია.
 
6. სად მოვძებნო უმაღლესი სასწავლებლებისა და ფაკულტეტების ჩამონათვალი?
რეგისტრაციის დაწყებისთანავე ცენტრის ვებგვერდზე ქვეყნდება „ცნობარი აბიტურიენტებისათვის", რომელშიც მითითებულია ყველა აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებელი და სხვა დეტალური ინფორმაცია, რომელსაც აუცილებლად უნდა გაეცნოს თითოეული აბიტურიენტი. პროგრამების პირველადი ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.
 
7. როგორც ცნობილია, ზოგიერთ  პროგრამაზე ისევ ოთხი საგანი ბარდება, რომელი საგნები იგულისხმება?
უმაღლესმა სასწავლებლებმა (რომლებსაც ამის სურვილი ჰქონდათ) უკვე განსაზღვრეს, საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით, სავარაუდო დამატებითი საგამოცდო საგნები შემდეგი ჩამონათვალიდან: ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, ზოგადი უნარები, გეოგრაფია, ლიტერატურა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება. დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნებულია ცენტრის ვებგვერდზე, თუმცა დეკემბრის ბოლომდე უმაღლეს დაწესებულებებს უფლება აქვთ ამ ჩამონათვალში ცვლილებები შეიტანონ. პირველადი ინფორმაცია კი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე
 
8. ჯანდაცვის მიმართულებით ნებისმიერ შემთხვევაში ოთხი საგნის ჩაბარება მოუწევს აბიტურიენტს?
ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე სავალდებულო ოთხი გამოცდა იქნება: 1. ქართული ენა და ლიტერატურა; 2. უცხოური ენა; 3. ბიოლოგია; 4. მათემატიკა/ქიმია/ფიზიკა (აბიტურიენტი ირჩევს მინიმუმ ერთს). მეოთხე საგნისათვის გამოყოფილი იქნება კვოტირებული ადგილები, თითოეულ საგანზე არანაკლებ 30%-ისა.
 
9. რა ხდება იმ პროგრამებზე, რომლებზეც შემოქმედებითი ტური ბარდება?
რაც შეეხება სახელოვნებო-შემოქმედებით/სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებს, მათზე ჩასარიცხად აბიტურიენტმა სავალდებულოა შემოქმედებით ტურთან ერთად ჩააბაროს ქართული ენა და ლიტერატურა და უცხოური ენა, გრანტის მოსაპოვებლად კი დამატებით - მათემატიკა ან ისტორია.
 
10. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ისევ ზოგადი უნარების გამოცდა იქნება ჩასაბარებელი?
დიახ, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აბიტურიენტების ჩარიცხვა არსებული ფორმატით გაგრძელდება.
 
11. როგორ მოხდება გრანტის გაცემა?
გრანტი სამი საგნის შედეგის მიხედვით გაიცემა, თუმცა, თუ უმაღლესი სასწავლებელი მოითხოვს მეოთხე საგნის ჩაბარებასაც, აბიტურიენტს დაფინანსების მოპოვების კიდევ ერთი შესაძლებლობა ეძლევა - ის ორ საგრანტო კონკურსში მიიღებს მონაწილეობას. ერთი კონკურსის ფარგლებში აბსოლუტური (საგრანტო) ქულა გამოითვლება შემდეგ საგნებში მიღებული შედეგების შესაბამისად: 1. ქართული ენა და ლიტერატურა; 2. უცხოური ენა; 3. ისტორია ან მათემატიკა (მესამე საგანი). მეორე კონკურსისას აბსოლუტური ქულის გამოთვლისას გათვალისწინებული იქნება შემდეგ საგნებში მიღებული შეფასებები: 1. ქართული ენა და ლიტერატურა; 2. უცხოური ენა; 3. უმაღლესი დაწესებულების მიერ განსაზღვრული მეოთხე საგანი. აბიტურიენტი დაფინანსებას მიიღებს იმ საგნის გამოცდის შედეგის მიხედვით, რომლის საფუძველზეც იგი აკადემიური პროგრამისთვის გრანტის მეტ ოდენობას მოიპოვებს.
 
12. ჩასაბარებელი საგნებიდან რომელს მიენიჭება პრიორიტეტი გრანტის განაწილებისას?
მაღალი კოეფიციენტი (1.5) მიენიჭება ყველა საგანს, გარდა ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე, უცხოური ენებისა, რომელთა კოეფიციენტი იქნება 1.
 
13. თუ რომელიმე დამატებით საგანში (მაგალითად, ფიზიკის გამოცდაში) ჩავიჭერი, გრანტის აღების უფლება მაინც მექნება?
დიახ, ისტორიით ან მათემატიკით შეძლებთ გრანტის აღებას და ჩარიცხვების კონკურსშიც იმ სამი საგნით მიიღებთ მონაწილეობას, რომლებიც წარმატებით გექნებათ ჩაბარებული (ცხადია, მხოლოდ იმ პროგრამებზე განიხილება ჩარიცხვის საკითხი, რომლებზეც თქვენ მიერ ჩაბარებული 3 საგანია სავალდებულო).
 
14. რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტმა მათემატიკის გამოცდაც ჩააბარა და ისტორიისაც სხვა ძირითად საგნებთან ერთად?
ამ შემთხვევაში აბიტურიენტი ჩარიცხვებსა და საგრანტო კონკურსში მონაწილეობს იმ საგნის ქულით (მათემატიკა/ისტორია), რომელშიც უკეთეს შედეგს მიიღებს/რომლის საფუძველზეც იგი გრანტის მეტ ოდენობას მოიპოვებს.
 
15. თუ აბიტურიენტი ჩააბარებს დამატებით გამოცდას (მაგალითად, ქიმიას) და ჩაირიცხება იმ პროგრამაზე, რომელზეც ქიმია არ ბარდება, გამოადგება თუ არა მას ამ საგანში მიღებული ქულა?
თუ პროგრამა, რომელზეც აბიტურიენტი ჩაირიცხება, არ ითხოვს იმ დამატებით საგანს, რომელიც მან ჩააბარა, ამ საგნის შედეგს იგი ვერ გამოიყენებს ვერც ჩარიცხვისას და ვერც გრანტის მისაღებად.
 
16. კულინარიის პროგრამაზე რა საგნები ბარდება?
სავარაუდოდ, პროფესიულ ტესტირებას გულისხმობთ - კულინარიაზე ჩასარიცხად ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება არ გჭირდებათ. თუ გაინტერესებთ პროფესიულ ტესტირებასთან დაკავშირებით ტესტის ნიმუში და ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია ვებგვერდებზე: naec.ge და vet.emis.ge. ბოლოს ეს გამოცდა შემოდგომაზე ჩატარდა, მომდევნო რეგისტრაცია კი,  სავარაუდოდ, გაზაფხულზე დაიწყება. 
 
17. რა ცვლილებები შეეხო და რის ხარჯზეა შემცირებული მათემატიკის ტესტი?
წინა წლებში გამოყენებული მათემატიკის ტესტები შედგებოდა 40 (30 დახურული და 10 ღია ტიპის) დავალებისაგან. ტესტის მაქსიმალური ქულა იყო 59, ტესტის შესრულებისათვის გამოყოფილი დრო კი - 3 სთ და 40 წთ; მინიმალური ბარიერი - არანაკლებ 12 ქულისა (უნივერსიტეტებს უფლება ჰქონდათ, უფრო მაღალი ბარიერი დაეწესებინათ). 2021 წლის გამოცდისთვის მათემატიკის საგამოცდო ტესტის ფორმატში შემდეგი ცვლილებებია დაგეგმილი: ტესტში იქნება 35 (27 დახურული და 8 ღია ტიპის) დავალება, მაქსიმალური ქულა კი -  51. ღია დავალებები შედგენილი იქნება ორი ორქულიანი, ოთხი სამქულიანი და ორი ოთხქულიანი დავალებისაგან. ამოღებული იქნება პლანიმეტრიის 4-ქულიანი დავალება. 
 
18. პლანიმეტრიის დავალება საერთოდ იქნება ამოღებული ტესტიდან?
პლანიმეტრიის დავალებები არ არის ამოღებული ტესტიდან. არც საგამოცდო პროგრამა შეცვლილა. პლანიმეტრიის მხოლოდ ერთი დავალება, კერძოდ, 4 ქულიანი წერითი დავალებაა ამოღებული ტესტიდან. პლანიმეტრიიდან ტესტში იქნება როგორც ღია, ასევე დახურული დავალებები.
 
19. ფიზიკის, ბიოლოგიის, ქართულისა და ინგლისურის ბარიერები თუ შეიცვალა და რამდენია?
მინიმალური ზღვრების პროცენტული მაჩვენებლები არ შეცვლილა. აბიტურიენტს დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ ის უცხოური ენისა და მათემატიკის გამოცდებში დააგროვებს ამ საგნებისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს, ზოგადი უნარების გამოცდაში 30%-ზე მეტს, ხოლო ყველა სხვა საგანში - მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს.
 
20. ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტს თუ შეეხება წელს სიახლე და რაზე გავამახვილოთ ყურადღება?
არც ქართული ენისა და ლიტერატურის და არც არჩევითი საგნის - ლიტერატურის ტესტში ცვლილებების შეტანა არ იგეგმება. აბიტურიენტებს შეუძლიათ გაეცნონ ჩვენს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ კრებულს „როგორ მოვემზადოთ ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის“. ამ კრებულში დეტალურადაა მოცემული გამოსაცდელებისათვის საჭირო ყველა ინფორმაცია. აბიტურიენტებს ვურჩევდი, ყურადღებით გაეცნონ მას. მნიშვნელოვანია  გაითვალისწინოთ, რომ სწორდება მხოლოდ პასუხების ფურცელი და ყურადღებით გადაიტანოთ დავალებები კონკრეტულად მისთვის გამოყოფილ ადგილას. რაც შეეხება მხატვრული ტექსტის ანალიზს, აბიტურიენტმა გამოცდაზე შემოთავაზებული ორი მხატვრული ტექსტიდან უნდა აირჩიოს მხოლოდ ერთი და მხოლოდ ამ ტექსტის ანალიზი უნდა დაწეროს.  ხშირად აბიტურიენტები ვერ იღებენ სათანადო შეფასებას იმის გამო, რომ გულდასმით არ ეცნობიან ინსტრუქციებს. პირობის ზედმიწევნით დაცვა კი უმნიშვნელოვანესია გამოცდის წარმატებით დაძლევისათვის.
 
21. კონსერვატორიაში ან თეატრალურში გრანტის მოპოვება როგორ შემიძლია?
სახელოვნებო-შემოქმედებით ან/და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების მიზნით აბიტურიენტი ვალდებულია ჩააბაროს: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა და მათემატიკა ან ისტორია. თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება არ დააწესებს დამატებით გამოცდას (მათემატიკა/ისტორია), აბიტურიენტი უფლებამოსილია სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების მიზნებისათვის ჩააბაროს ერთ-ერთი მათგანი.
 
22. როგორც ვიცით, ქიმიის გამოცდას გარკვეული ცვლილებები შეეხო - შემცირდა საგამოცდო დრო და მაქსიმალური ქულა. რის ხარჯზე?
დავალებების რაოდენობის შემცირება იმ პრინციპით მოხდება, რომ საგამოცდო დრო სავსებით საკმარისი იყოს ტესტის შესასრულებლად და, ამასთანავე, შენარჩუნდეს ტესტის სირთულის დონე. ასევე შენარჩუნდება დავალებათა ტიპები, თუმცა მათი რაოდენობა შემცირდება. შემცირდება როგორც არჩევითპასუხებიანი, ასევე ღია დავალებების რაოდენობა. მაგალითად, თუ 75-ქულიან ტესტში იყო 30 არჩევითპასუხებიანი დავალება, 63-ქულიან ტესტში მათი რაოდენობა, სავარაუდოდ, 24 ან 25 იქნება. პროპორციულად შემცირდება ღია დავალებების რაოდენობაც. ბარიერი დარჩება 25%-იანი, თუმცა მაქსიმალური ქულის შემცირებასთან ერთად დაიწევს მინიმალური ქულების რაოდენობაც, კერძოდ, ბარიერის გადასალახად საჭირო იქნება მინიმუმ 16 ქულის დაგროვება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უმაღლეს სასწავლებლებს აქვთ უფლება, თავად დააწესონ უფრო მაღალი ბარიერი.
 
23. მინიმუმ რამდენი ქულა უნდა ავიღო, რომ გრანტი მოვიპოვო?
ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შედეგებს აჩვენებენ თქვენი კონკურენტები. 50-60%-იანი ზღვარის გადალახვის შემთხვევაში უკვე შეგვიძლია მინიმალურ დაფინანსებაზე ვიმსჯელოთ.
 
24. თუ გადათეთრება ვერ მოვასწარი, შავი ნაშრომი გასწორდება?
არა, შავი ნაშრომი არ სწორდება. გასწორდება მხოლოდ პასუხების ფურცელზე არსებული, თქვენ მიერ შესრულებული/გადატანილი დავალებები.
 
25. უფასო ფაკულტეტებზე თუ შეგიძლიათ, რომ ისაუბროთ?
სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამები ყოველ წელს აგვისტოს დასაწყისში მტკიცდება საქართველოს მთავრობის მიერ. ამ ეტაპზე თქვენ შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ 2020 წელს გამოქვეყნებული დოკუმენტით. მნიშვნელოვანი ცვლილებები უფასო პროგრამების ჩამონათვალში წინა წელს არ შესულა.
 
26. გამოცდების ონლაინჩატარებას ხომ არ გეგმავთ?
არა, ერთიანი ეროვნული გამოცდების დისტანციურად, ელექტრონული ფორმატით ჩატარება არ იგეგმება.
 
27. ინგლისური ენის ტესტში რამდენი მოსმენის დავალება იქნება?
უცხოური ენის ტესტი ორი მოსმენის დავალებით იწყება. პირველი დავალება შედგება 5 მოკლე ტექსტისგან, მეორე კი - ერთი, შედარებით ვრცელი ტექსტისგან.  დავალების მოსმენა ხდება ორჯერ. ჩვენი რეკომენდაცია: თუ შეკითხვაზე გაგიჭირდათ პასუხის გაცემა პირველი მოსმენით, გადადით მომდევნო კითხვაზე და მეორე მოსმენისას გაეცით მას პასუხი. იხელმძღვანელეთ კრებულებით, რომლებშიც კარგად ჩანს, თუ როგორ უნდა შეასრულოთ დავალებები. კრებულის სანახავად უნდა შეხვიდეთ ცენტრის ვებგვერდზე და ზედა მენიუში ჩამოშალოთ ბმული - ერთიანი ეროვნული გამოცდები. აბიტურიენტებმა ასევე აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, რომ არ დაწერონ პასუხების ფურცელზე სახელი და გვარი, ან რაიმე მაიდენტიფიცირებელი ნიშანი, ამ შემთხვევაში დავალება არ გასწორდება და შეფასდება ნულით.
 
28. შეიძლება თუ არა ჩავაბარო ორი უცხო ენა, ან როგორ უნდა მოიქცეს აბიტურიენტი, თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხო ენა?
 ორ უცხოურ ენას ვერ ჩააბარებთ. აბიტურიენტი ვალდებულია, ჩააბაროს ის უცხოური ენა, რომელიც საგანმანათლებლო პროგრამაზე არის მოთხოვნილი. საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო პროგრამაზე ორი ან მეტი უცხოური ენის მითითების შემთხვევაში აბიტურიენტი ვალდებულია, ჩააბაროს დასახელებულთაგან ერთ-ერთი უცხოური ენის გამოცდა, რომელსაც თავად აირჩევს.  
 
29. რომელი საგნით მივიღებ გრანტს, თუ ისტორიასაც ვაბარებ და მათემატიკასაც?
გრანტი სამი საგნის მიხედვით გაიცემა. თუ ისტორია და მათემატიკა, ორივე  ბარდება პროგრამაზე, აბიტურიენტი გრანტს მიიღებს იმ არჩევითი საგნის შედეგით, რომლითაც უკეთესი დაფინანსების მოპოვების შანსი ექნება. გაითვალისწინეთ, რომ აკადემიურ პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების მიზნით ერთიანი ეროვნული გამოცდების თითოეულ საგანს ენიჭება წონა. საგამოცდო საგნის წონა ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხოური ენის საგნებში არის 1, ხოლო ყველა სხვა საგამოცდო საგანში – 1.5.
 
30. ისტორიის ტესტში თუ შეიცვლება რამე?
ისტორიის გამოცდას წელს ცვლილება არ შეეხება. ტესტი ისევ 60-ქულიანია და საგამოცდო დრო 2 საათი და 40 წუთია. აბიტურიენტებს ვურჩევთ, ყოველთვის ყურადღებით გაეცნონ დავალების პირობას. ხშირად მათ ქულა იმის გამო აკლდებათ, რომ დასმულ კითხვას ძალიან ზოგადად პასუხობენ, როცა პირობა კონკრეტულ პასუხს ითხოვს მათგან. რაც შეეხება მომზადებას, შეუძლიათ გამოიყენონ გრიფირებული (XI-XII კლასების) სახელმძღვანელოები. არც ერთი საკითხი არ სცილდება იმ პროგრამის ჩარჩოებს, რომელსაც ჩვენ ვაქვეყნებთ ცეტრის ვებგვერდზე.
 
31. თუ იქნება რაიმე სახის ცვლილება ინგლისური ენის გამოცდაზე?
უცხოური ენის ტესტში სიახლეები გასულ წელს შევიდა, შესაბამისად, წელს ამის საჭიროება არ ყოფილა, რადგან ტესტი სტრუქტურულად საკმაოდ დაბალანსებულია. უცხოური ენის ტესტი მოსმენის ორი დავალებით იწყება, რომელიც შედგება 5 მოკლე და ერთი შედარებით ვრცელი ტექსტისაგან. დავალების მოსმენა ხდება ორჯერ. ჩვენი რეკომენდაციაა: თუ შეკითხვაზე გაგიჭირდათ პასუხის გაცემა პირველი მოსმენით, გადადით მომდევნო კითხვაზე და მეორე მოსმენისას გაეცით მას პასუხი.  იხელმძღვანელეთ კრებულებით, რომლებშიც კარგად ჩანს, თუ როგორ უნდა შეასრულოთ დავალებები. აბიტურიენტებმა ასევე აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, რომ არ დაწერონ პასუხების ფურცელზე სახელი და გვარი, ან რაიმე მაიდენტიფიცირებელი ნიშანი - ამ შემთხვევაში დავალება არ გასწორდება. წერით დავალებებში ჩვენ ვითხოვთ დაახლოებით 150 სიტყვას, შეგიძლიათ უფრო დიდი ტექსტიც დაწეროთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ამ შემთხვევაში იმატებს შეცდომების დაშვების ალბათობაც.
 
32. ინგლისური ენის თემაში უპირატესობას რთულად შედგენილ წინადადებებს ანიჭებთ, თუ მარტივად შედგენილს და კონტრარგუმენტები თუ არის საჭირო?
თქვენ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ რთული თანწყობილი და რთული ქვეწყობილი წინადადებები, თუ მაღალი ქულის მიღება გსურთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, არ დაწეროთ დაზეპირებული, შაბლონური ფრაზები. ნაწერში უნდა ჩანდეს თქვენი აზროვნება და პირადი დამოკიდებულებები. რაც შეეხება კონტრარგუმენტებს, ამის აუცილებლობა არ არის - რამდენიმე ლოგიკური არგუმენტის მოყვანაც საკმარისი იქნება.
 
33. უცხოური ენის მოსმენის დავალებასთან დაკავშირებით აბიტურიენტები ზოგჯერ პრეტენზიას გამოთქვამენ, რომ ჩანაწერი კარგად არ ისმის. რამდენად შესაძლებელია, რომ ეს პრობლემა წლევანდელ აბიტურიენტებსაც გვქონდეს?  
მოსმენის დავალების ჩასაწერად ცენტრი იწვევს ინგლისურენოვან სპეციალისტებს. ხმის ჩაწერა ხდება სპეციალური აპარატურით მაღალ დონეზე. თუ რომელიმე აბიტურიენტმა ჩათვალა, რომ მოსმენის დავალების გამო პრობლემა შეექმნა (ნებისმიერი მიზეზით), დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის თაობაზე მეთვალყურეს, თუმცა ამ ტიპის პრეტენზიები, შეგვიძლია გითხრათ, რომ ძალიან მცირეა. აბიტურიენტს საშუალება აქვს ერთი და იგივე ტექსტი ორჯერ მოისმინოს. 
 
34. რომელი საგნით მივიღებ გრანტს, თუ სამართლის პროგრამაზე ისტორიასაც ვაბარებ და ზოგადი უნარების გამოცდასაც?
გრანტი სამი საგნის მიხედვით გაიცემა. თუ პროგრამაზე ორივე  საგანი (ისტორია და ზოგადი უნარები) ბარდება, აბიტურიენტი გრანტს მიიღებს იმ არჩევითი საგნის შედეგით, რომელითაც უკეთესი დაფინანსების მოპოვების შანსი ექნება. გაითვალისწინეთ, რომ აკადემიურ პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების მიზნით ერთიანი ეროვნული გამოცდების თითოეულ საგანს ენიჭება წონა. საგამოცდო საგნის წონა ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხოური ენის საგნებში არის 1, ხოლო ყველა სხვა საგამოცდო საგანში – 1.5.
 
35. რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება მათემატიკის გამოცდაზე?
წელს იცით, რომ მათემატიკის გამოცდას გარკვეული ცვლილებები შეეხო (იხილეთ ბმული),  თქვენ შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ ცენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ნიმუშით. მათემატიკის ტესტის ღია დავალებებზე მუშაობის დროს ეცადეთ ნათლად და მკაფიოთ ჩამოაყალიბოთ თქვენი აზრი. გასაგებად უნდა იყოს გადმოცემული თქვენ მიერ შესრულებული ყველა გარდაქმნა. თუ ამოცანის ამოხსნისას შემოიტანთ ცვლადებს, აუცილებლად უნდა განმარტოთ, რას აღნიშნავთ ამ ცვლადებით. ასევე ყურადღებით გადაიტანეთ პასუხები პასუხების ფურცელზე კონკრეტულად მათთვის გამოყოფილ ადგილას.
 
36. ქიმიასა და ფიზიკას წელს რა ცვლილება შეეხო და რა უნდა გავითვალისწინოთ?
ქიმიისა და ფიზიკის გამოცდებში მცირდება გამოცდის ხანგრძლივობა და მაქსიმალური ქულა  (იხილეთ ბმული). დავალებები მცირდება ისეთი პრინციპით, რომ საგამოცდო დრო იყოს აბსოლუტურად საკმარისი. ამასთან, დავალებების ტიპები და ტესტის სირთულე იქნება იგივე. შემცირდება როგორც დახურული, ისე ღია დავალებების რაოდენობა. ფიზიკის ტესტში შესაბამისობის  2 დავალება ისევ შეხვდებათ აბიტურიენტებს. ზღვარი კვლავ მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტი დარჩება, თუმცა უმაღლეს სასწავლებლებს შეუძლიათ მათი გაზრდა. 
 
37. შეიცვალა თუ არა 2021 წლის გამოცდებისათვის მინიმალური ზღვარი? 
ზღვრის პროცენტული მაჩვენებელი არ შეცვლილა. აბიტურიენტს დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ ის უცხოური ენისა და მათემატიკის გამოცდებში დააგროვებს ამ საგნებისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს, ზოგადი უნარების გამოცდაში 30%-ზე მეტს, ხოლო ყველა სხვა საგანში - მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს.
 
38. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას თუ შეეხო ცვლილებები და რა რეკომენდაციები შეგიძლიათ მოგვცეთ გამოცდებისათვის აბიტურიენტებს?
ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტში წელს ცვლილებები არ შესულა და ისევ მხოლოდ სამი დავალება იქნება შესასრულებელი. რაც შეეხება უშუალოდ საგამოცდო პროცესს, აბიტურიენტებს გირჩევთ გაეცნოთ ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ საგამოცდო კრებულებს. ამასთან, ყურადღებით მოეკიდეთ პასუხების ფურცლის შევსებას, რადგან სწორდება მხოლოდ პასუხების ფურცელი. მიუხედავად იმისა, რომ კალიგრაფიას ყურადღებას არ ვაქცევთ, ეცადეთ ისე შეასრულოთ დავალება, რომ მისი წაკითხვა და შეფასება იყოს შესაძლებელი. გვინდა საგანგებოდ შევეხოთ დამოუკიდებელი აზროვნების კრიტერიუმს, რადგან ის გათვალისწინებულია როგორც მხატვრული ტექსტის ანალიზისას, ისე არგუმენტირებული ესეს შეფასებისას. ამ კრიტერიუმით ფასდება, თუ როგორია აბიტურიენტის დამოკიდებულება დასმული პრობლემის მიმართ და რამდენად არაშაბლონურად მსჯელობს იგი დავალებაში დასმული პრობლემების გარშემო. 
 
39. შემიძლია თუ არა მოვყვე მწერლის ბიოგრაფია? ასეთ ფაქტობრივ ცოდნაში მომემატება თუ არა ქულა?
სხვადასხვა დავალება სხვადასხვა მიდგომას მოითხოვს. ჩვენ არ ვთხოვთ აბიტურიენტებს მწერლების ბიოგრაფიების დაწვრილებით ცოდნას, თუმცა თუ დავალების პირობა და კონტექსტი მოითხოვს, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ბიოგრაფიული ცნობებიც გამოიყენოთ.
 
40. როგორ ჩატარდება 2020 წლის გამოცდები? გვიჭირს პანდემიის პირობებში სწავლა. გამოცდებზე რაიმე შეღავათი გვექნება?
2021 წელს, სავარაუდოდ, გამოცდები იმავე წესებით ჩატარდება, როგორც 2020 წელს ჩატარდა, თუმცა ყველაფერი დამოკიდებული იქნება მაინც იმ დროისათვის არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე. აუცილებლად გავითვალისწინებთ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების რეკომენდაციებს. რაც შეეხება შეღავათებს, როგორც უკვე არაერთხელ აღინიშნა, ტესტები ეფუძნება საგამოცდო პროგრამას - არ ამოწმებს დაზეპირების უნარს (მაგალითად: გახსოვთ თუ არა ციტატები ზეპირად), არამედ ამოწმებს უფრო მეტად ლოგიკური აზროვნების, წერისა და ზოგად უნარებს.
 
41. ლიტერატურის გამოცდაში გრამატიკას ექცევა ყურადღება?
ლიტერატურის გამოცდაზე მხატვრული ტექსტის ანალიზის შეფასების დროს, რა თქმა უნდა, ექცევა ყურადღება ენობრივ მხარეს, ხოლო ლიტერატურული ცოდნის შესამოწმებელ კითხვებზე პასუხით მხოლოდ შინაარსობრივი მხარე ფასდება.
 
42. პასუხების ფურცლის გამოცვლა თუ შემიძლია?
თუ პასუხების ფურცელი დაზიანდა, აბიტურიენტმა უნდა მიმართოს მეთვალყურეს ამის თაობაზე და, რა თქმა უნდა, მისი გამოცვლა შესაძლებელია გონივრულ ვადებში.
 
43. ისტორიის გამოცდაზე რა სახის დავალებების შესრულება მოგვიწევს? 
წელს ისევე, როგორც 2020 წლის გამოცდაზე გვექნება მრავალფეროვანი დავალებები: სხვადასხვა ტიპის ისტორიული წყაროების ანალიზი, კერძოდ, ისტორიული რუკის წაკითხვა, ილუსტრაციების, წერილობითი წყაროს ანალიზი. ასევე ტესტში მოცემული იქნება გარკვეული ისტორიული მოვლენის გარშემო ჩამოყალიბებული განსხვავებული შეხედულებები, რომელთა სასარგებლოდ აბიტურიენტებმა საკუთარი არგუმენტები უნდა მოიყვანონ და სხვ. ტესტურ დავალებათა უმრავლესობა სააზროვნო და კოგნიტური უნარების წარმოჩენაზეა ორიენტირებული. მოწმდება, რამდენად შეუძლია გამოსაცდელს მიზეზშედეგობრივი კავშირების დადგენა, დროში ორიენტირება, კრიტიკული ანალიზის უნარი. შარშან ტესტს დაემატა ისტორიული მოვლენის შეფასების დავალება, ძალიან მნიშვნელოვანი  დავალება. ჩვენი რჩევაა, აბიტურიენტებმა კონკრეტული პასუხები გასცენ დასმულ კითხვებს და არა ძალიან ზოგადი პასუხები, რათა  ამის გამო ქულა არ დააკლდეთ. მნიშვნელოვანია ნაწერი იყოს მკაფიო, რომ გამსწორებელმა შეძლოს აზრის ამოკითხვა, ასევე დავალების დასაწერად იმყოფინონ გამოყოფილი სივრცე, რადგან ტესტი იჭრება (იმის გამო, რომ ნაწილ-ნაწილ სწორდება) და შესაძლოა ნაწერიც მოიჭრას.
 
44. რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ სახელმძღვანელოებში მოცემული ინფორმაციები განსხვავდება ერთმანეთისგან?
თუ სახელმძღვანელოებში მოცემული ინფორმაციები ერთმანეთისგან განსხვავდება, ასეთი სადავო საკითხები ტესტში არ შედის. ტესტში შედის მხოლოდ ის მასალა, რომელიც ყველა სახელმძღვანელოში ერთნაირადაა მითითებული. 
 
45. თუ პროგრამა არ ითხოვს საგანს, შეგვიძლია მაინც ჩავაბაროთ?
თუ პროგრამა არ ითხოვს, ამ კონკრეტული საგნის  შედეგს აბიტურიენტი ვერ გამოიყენებს.
 
46. უფასო პროგრამაზე თუ ჩავირიცხე, გრანტი მჭირდება?
თუ გრანტი მიიღეთ და სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ პროგრამაზე ჩაირიცხეთ, თქვენ სრულიად უფასოდ შეძლებთ სწავლის გაგრძელებას. მოპოვებული გრანტით დაფინანსება შეგინარჩუნდებათ სხვა სასწავლო პროგრამაზე  მობილობით სწავლის გაგრძელების შემთხვევაში. 
 
47. თუ მხედველობის პრობლემა მაქვს, ამ შემთხვევაში რა ხდება?
ამ შემთხვევაში აბიტურიენტმა რეგისტრაციის დროს უნდა მიუთითოს, რომ სჭირდება სპეციალური პირობის შექმნა. საკითხს განიხილავს სპეციალური კომისია, რომელიც ჯანმრთელობის ცნობის - ფორმა N100-ის საფუძველზე მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. საჭიროების შემთხვევაში, ხდება აბიტურიენტისთვის ბრაილის შრიფტის დამზადება, რიგ შემთხვევებში კი საგამოცდო დროის მომატება. 
 
48. რომელი სახელმძღვანელოს გამოყენებას გვირჩევთ ბიოლოგიაში?
ყველა გრიფირებული სახელმძღვანელო არის სტანდარტის მიხედვით შედგენილი და ნებისმიერის გამოყენება შეუძლია აბიტურიენტს.
მათემატიკაში რომელი მასალა უნდა დავამუშაოთ განსაკუთრებით, რომ გამოცდაში არ ჩავიჭრათ?
მათემატიკის ტესტი დაფუძნებულია საგამოცდო პროგრამაზე. ამ პროგრამის ყველა საკითხი შესაძლოა შეგხვდეთ ტესტში, ამიტომ საჭიროა ყველა მათგანის მომზადება ტესტის კარგად დაწერისათვის.
 
49. მსჯელობით თუ მივედით მათემატიკაში პასუხამდე, მაქსიმალური ქულით შეგვაფასებენ?
რასაკვირველია. თუ წერილობით გადმოსცემთ თქვენს მსჯელობას და ყველა ნაბიჯს თანმიმდევრულად და ნათლად წარმოაჩენთ, დაიმსახურებთ ამ დავალებისათვის გათვალისწინებულ მაქსიმალურ ქულას.
 
50. გეომეტრიაში თუ ნახაზს არ წარმოვადგენთ, ქულა დაგვაკლდება?
ნახაზის წარმოდგენა სასურველია, ეს თავად თქვენ გიმარტივებთ მსჯელობას და ამოცანის ამოხსნის პროცესს. ასევე გამსწორებელს უმარტივებს თქვენი მსჯელობის (ამოხსნის) შეფასებას. ჩვენი რჩევაა წარმოადგინოთ ნახაზი.
მეორე მხრივ, თუკი არ გექნებათ ნახაზი, მაგრამ თითოეული ტოლობა მსჯელობით იქნება გამყარებული, აგრეთვე თქვენ მიერ დაწერილი ყველა სიდიდე ან ამოცანის პირობაში იქნება განმარტებული, ან თქვენ ლოგიკურად წარმოაჩენთ სრულყოფილ ცოდნას მოცემულ საკითხთან დაკავშირებით და ამოხსნა უშეცდომო იქნება, ცხადია, მიიღებთ მაქსიმალურ ქულას.
 
51. ქიმიას ვაბარებ და რომელ სახელმძღვანელოს მირჩევდით ? საკმარისია თუ არა სახელმძღვანელოთი მეცადინეობა?
საგამოცდო პროგრამისა და ტესტის შედგენისას გათვალისწინებულია, რომ ყველა  საკითხი მეტ-ნაკლებად მოცემული იყოს სკოლებში გამოყენებულ ორივე გრიფირებულ სახელმძღვანელოში. რომელიმე კონკრეტულ დამხმარე სახელმძღვანელოს რეკომენდაციას ვერ გავუწევთ, რადგან ამის უფლება არ გვაქვს. გირჩევთ, პირველ რიგში, კარგად გაეცნოთ საგამოცდო პროგრამას და მოიძიოთ სახელმძღვანელოებში შესაბამისი საკითხები.
 
52. ქიმიაში გამოთვლითი ტიპის რამდენი ამოცანა შეგვხვდება და რას ექცევა მათი გამოყვანის დროს ყურადღება? 
პირველ რიგში, დავაზუსტოთ - გამოთვლითი ტიპის ამოცანებში თუ ვგულისხმობთ იმ დავალებებს, რომლებიც ამოხსნის გზის ჩვენებას მოითხოვს, მათი რაოდენობა,  სავარაუდოდ, შემცირდება. კერძოდ, 3-ის ნაცვლად, იქნება 2. ასეთი დავალებების შეფასებისას, უპირველეს ყოვლისა, ყურადღება ექცევა ამოხსნის გზის სისწორეს. გაითვალისწინეთ, რომ ამოხსნის გზა ნათლად უნდა იყოს წარმოდგენილი. ასევე მნიშვნელოვანია, სწორად იყოს შესრულებული საჭირო გამოთვლები. ცალკეულ დავალებათა შეფასების დეტალებს  შეგიძლიათ გაეცნოთ შეფასების სქემებიდან, რომლებიც ცენტრის ვებგვერდზე ქიმიის გამოცდაზე გამოყენებულ ტესტთან ერთად არის გამოქვეყნებული. 
 
53. ფიზიკაში თუ ღია დავალებაში გამოყვანას ბოლომდე არ მივიყვან, რამდენი ქულა დამაკლდება?
ღია დავალებები რამდენიმე ქულით ფასდება. თქვენ უნდა გაითვალისწინოთ, რომ შეფასდება მხოლოდ ლოგიკურად დასაბუთებული პასუხები. 
 
54. იმ შემთხვევაში, თუ გვიან მივხვდი, რომ დავალების პასუხი სხვა დავალების გრაფაში ჩავწერე, რა შეიძლება რომ გავაკეთო?
თუ თქვენ სექტორიდან გასვლამდე აღმოაჩინეთ ეს პრობლემა, დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოთ ინფორმაცია მეთვალყურეს, რომელიც საგამოცდო დროის მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას, ხოლო თუ ცენტრიდან გასვლის შემდეგ მიხვდებით, განცხადებით უნდა მომართოთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს სააპელაციო პროცესის მიმდინარეობისას. 
 
55. ისტორიის გამოცდისთვის მე-11 და მე-12 კლასების სახელმძღვანელოებით რომ მოვემზადოთ, საკმარისი იქნება?
დიახ,  ერთიანი ეროვნული გამოცდების ისტორიის პროგრამა არ სცდება მე-11 და მე-12 კლასების გრიფირებულ სახელმძღვანელოებში მოცემულ მასალას.
 
56. ქართულში რა შემთხვევაში ფასდება ნაშრომი ნული ქულით?
სხვადასხვა დავალების შეფასებისათვის განსხვავებული კრიტერიუმები გამოიყენება. ამ კრიტერიუმებით განსაზღვრულია, თუ რა შემთხვევაში იწერება 0 როგორც ცალკეული კომპონენტის, ისე მთელი ნაშრომის შეფასებისას. გარდა კრიტერიუმებისა, როგორც ტესტის, ასევე ცალკეულ დავალებათა ინსტრუქციებში მითითებულია ის შემთხვევები, როდესაც ესა თუ ის დავალება ფასდება 0 ქულით. ასე მაგალითად, ნაშრომში დაუშვებელია აბიტურიენტის სახელისა და გვარის, ან იდენტიფიკაციის სხვა საშუალების მითითება. ის დავალება, რომელშიც ამგვარი მითითება იქნება, შეფასდება 0 ქულით.
 
57. ქართულის შეფასებისას გრამატიკას უფრო მეტი ყურადღება ექცევა თუ ლიტერატურის ცოდნას?
ჩვენი ტესტური დავალებები არ ამოწმებს გრამატიკის თეორიულ საკითხებს, მაგრამ სამივე დავალების შეფასებისას გათვალისწინებულია ქართული სალიტერატური ენის ნორმებისა და მართლწერის წესების პრაქტიკულად გამოყენების უნარი. რაც შეეხება ლიტერატურის ცოდნას, მხატვრული ტექსტის გააზრების უნარს, საგანგებოდ ის მოწმდება მხატვრული ტექსტის ანალიზის შეფასებისას, თუმცა ლიტერატურის ცოდნა ასევე მნიშვნელოვანია არგუმენტირებული ესეს დავალების კარგად შესასრულებლად.
 
58. სოციალურად დაუცველებსა და მრავალშვილიან ოჯახებს თუ ექნებათ დაფინანსება?
სოციალურ პროგრამებს ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. ჩარიცხვის შემდეგ თქვენ განცხადებით უნდა მიმართოთ ამ უწყებას.
 
59. გამოცდიდან  შავი ფურცლების გამოტანა თუ არის შესაძლებელი?
ე. წ. შავი ნაწერის გამოტანა საგამოცდო სექტორიდან დაუშვებელია.
 
60. როდის გამოქვეყნდება „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“?
„ცნობარი აბიტურიენტებისათვის“ ყოველ წელს, რეგისტრაციის დაწყებისთანავე ქვეყნდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge 
 
61. უცხოურ ენაში რა დონეზე მოითხოვება ცოდნა?
უცხოური ენის ცოდნა მოითხოვება B1 ანუ საშუალო დონეზე. ეს გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნა სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების მიმართ არის B1. ჩვენი ტესტის ყველა დავალების სირთულის დონე და შეფასების კრიტერიუმები, ასევე შესამოწმებელი გრამატიკისა და ლექსიკის სირთულის დონე, ევროსაბჭოს მიერ განსაზღვრული B1 დონის შესაბამისია.
 
62. პირბადის ტარება თუ დაგვჭირდება გამოცდის დროს?
გამოცდების დროს ცენტრი იმოქმედებს ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების შესაბამისად და სრულად გაითვალისწინებს იმ რეკომენდაციებს, რომლებსაც შეიმუშავებს სქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
 
63. რა არის აპელაცია?
პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გამოსაცდელებს საშუალება აქვთ გაასაჩივრონ  მიღებული ქულა. საპრეტენზიო განაცხადის ცენტრში წარდგენას, მის განხილვასა და ახალი შედეგების გამოქვეყნებას სააპელაციო პროცესი ჰქვია. უნდა გაითვალისწინოთ, რომ აპელაციის შედეგად შესაძლოა მოგემატოთ, დაგაკლდეთ ან არ შეგეცვალოთ ქულა.
 
64. ისტორიის ტესტში მსოფლიო ისტორიიდან უფრო მეტი კითხვა შეგვხვდება თუ საქართველოს ისტორიიდან?
ერთიანი ეროვნული გამოცდების ისტორიის ტესტში მსოფლიო ისტორიისა და საქართველოს ისტორიის საკითხების თანაფარდობა საგამოცდო პროგრამაში მოცემული მსოფლიო და საქართველოს ისტორიის საკითხების თანაფარდობის შესაბამისია.
 
65. მათემატიკაში ამოცანების გამოყვანისას რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, ნიმუში ხომ არ დევს სადმე?
ამ საკითხთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალას. ეს არის კრებული „როგორ მოვემზადოთ ერთიანი ეროვნული გამოცდისათვის მათემატიკაში“. აქ მითითებულია ყველა ის საჭირო ინფორმაცია, რომელიც დაგეხმარებათ გამოცდის წარმატებით ჩაბარებაში. ასევე მოცემულია დავალებების სრულყოფილი ამოხსნები, მოყვანილია გასულ წლებში აბიტურიენტების მიერ დაშვებული ტიპური შეცდომები და სხვ. https://naec.ge/#/ge/post/1170 
 
66. ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის ყველა დავალებას ერთი გამსწორებელი ასწორებს?
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე აბიტურიენტი სამ დავალებას ასრულებს, მათ შეფასებაზე გამსწორებლების სამი სხვადასხვა ჯგუფი მუშაობს. თითოეული დავალება ორჯერ სწორდება. გამსწორებლები ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად აფასებენ ნაშრომს და თუ მათი შეფასება არ დაემთხვევა, ნაშრომი მესამე გამსწორებელს ეგზავნება და საბოლოო გადაწყვეტილებას ის მიიღებს. 
 
67. ქართულ ენასა და ლიტერატურაში კალიგრაფიას თუ ექცევა ყურადღება?
აბიტურიენტის ნაშრომის შეფასებისას კალიგრაფიას საგანგებო ყურადღება არ ექცევა, თუმცა ის ნაშრომი ან ნაშრომის ის მონაკვეთი, რომლის წაკითხვაც გაურკვეველი ხელწერის გამო გაძნელდება, არ შეფასდება.
 
68. ინგლისური ტექსტის მოსმენისას ვხედავთ თუ არა შესაბამის ტესტებსაც?
მოსმენისას, ცხადია, ხედავთ დავალებასაც. ისმენთ ტექსტს და ამავე დროს ხედავთ ამ ტექსტთან დაკავშირებულ შეკითხვებს. მოსმენილის მიხედვით, რაც გესმით, თქვენ უნდა მონიშნოთ სწორი პასუხები.
 
69. ინგლისურის ესეს წერის დროს რაზე გვირჩევთ ყურადღების გამახვილებას და თუ შეგვიძლია ვნახოთ სადმე ესეს ნიმუში?
ესეს ნიმუშები და შეფასების კრიტერიუმები მოცემულია კრებულში. აქვეა განმარტებული, თუ როგორ ფასდება თითოეული ესე. დეტალები იხილეთ ბმულზე: https://naec.ge/#/ge/post/1170
 
70. ისტორიის გამოცდაზე დრო რამდენი გვაქვს, როგორ გავანაწილოთ ის და რომელია ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები?
ისტორიის გამოცდის ხანგრძლივობაა 2 საათი და 40 წუთი. რაც შეეხება დროის განაწილებას, ეს ინდივიდუალურად გადასაწყვეტი საკითხია. ჩემი რჩევა იქნება, არ იჩქაროთ და მშვიდად გასცეთ კითხვებს პასუხები. ხშირად დაშვებულ შეცდომებში გამოვარჩევდი ტექნიკურ ხარვეზებს (მაგალითად, პასუხების ფურცელში კონკრეტული კითხვისათვის გამოყოფილი ადგილის ნაცვლად სხვა შეკითხვის პასუხს და სხვ.) და შინაარსობრივ უზუსტობას - დასმულ შეკითხვაზე ძალიან ზოგადი პასუხის გაცემას (კონკრეტული პასუხის ნაცვლად), რაც გამომცდელთა მხრიდან ვერ შეფასდება.
 
71. ყველაზე ხშირად რომელ შეცდომებს უშვებენ ბიოლოგიის გამოცდაზე?
აბიტურიენტებს შედარებით უძნელდებათ სააზროვნო ამოცანების შესრულება, რომლებიც მოითხოვს დავალებაზე პასუხის გაცემას ანალიზისა და სინთეზის გზით. ეს ამოცანები ძირითადად შეეხება პლასტიკურ და ენერგეტიკულ ცვლას,  ეკოლოგიასა და ნერვულ სისტემას.
 
72. როგორც გავიგეთ, უმაღლესი სასწავლებლების არჩევის საშუალება შედეგების გამოქვეყნების შემდეგაც შეგვიძლია. რამდენად შეეფერება ეს ინფორმაცია სიმართლეს?
დიახ, პროგრამების ცვლის, წაშლისა და დამატების შესაძლებლობა აბიტურიენტებს შედეგების გაგების შემდეგაც ექნებათ. ეს პროცესი აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღეს შეწყდება. 
 
73. გრანტის მოპოვების შემთხვევაში ოთხივე წელი გვიფინანსდება?
დიახ, იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი გრანტს მოიპოვებს, დაფინანსება შეეხება სრულ სასწავლო კურსს.
 
74. თუ წერითი დავალების შესრულებისას ვერ ჩავეტიე განსაზღვრულ ჩარჩოში და გადავცდი, არ გასწორდება ნაწერი?
პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოთ, რომ სწორდება მხოლოდ პასუხების ფურცელი, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში გადაეცემა ცენტრს დასასკანერებლად. მხოლოდ დასკანერებული, პასუხების ფურცლის ელექტრონული ვერსიები ეგზავნებათ გამსწორებლებს, შესაბამისად, თუ წერის დროს ჩარჩოს გადასცდით, შესაძლოა ნაწერი „ჩამოიჭრას“ და არ გამოჩნდეს გამსწორებლის კომპიუტერის ეკრანზე, ამიტომ შეფასებაც პრობლემური იქნება. 
 
75. ქიმიის ტესტში არაორგანული ქიმიიდან უფრო მეტი საკითხია შესული თუ ორგანულიდან?
ორგანული ქიმიის საკითხების შემცველი დავალებების ჯამური ქულა ტესტის მაქსიმალური ქულის დაახლოებით 1/3-ს შეადგენს.
 
76. ვაბარებ მათემატიკასა და ისტორიას, რომელიმე საგანში ჩაჭრის შემთხვევაში გრანტის მიღების შესაძლებლობა მექნება? 
იმ შემთხვევაში, თუ პროგრამა ითხოვს ორივე სავალდებულო არჩევით საგანს (ისტორია ან მათემატიკა), რომელიმე მათგანში ჩაჭრის (ზღვრის ვერგადალახვის) ან გამოცდაზე არგამოცხადების შემთხვევაში, აბიტურიენტი ინარჩუნებს მეორე არჩევითი საგნით გრანტის მიღების შესაძლებლობას.  
 
77. გრანტის გაცემის დროს თუ აქვს მნიშვნელობა, სად ჩავირიცხები?
გრანტის გაცემის დროს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, სად ჩაირიცხებით. გრანტი გაიცემა მხოლოდ საგნების შედეგების მიხედვით, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ის პროგრამა, რომელზეც სწავლას გააგრძელებთ, იყოს აკრედიტებული. არაკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაფინანსება არ გაიცემა. 
 
78.   ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტში არის დავალება მხატვრული ტექსტის ანალიზი, რომელშიც მოცემულია ერთი პოეტური და ერთი პროზაული ნაწარმოები. მათგან ორივეს შესრულება შეგვიძლია? ამის გამო შესაძლოა უფრო მაღალი ქულა მივიღოთ, თუ არა?
საგამოცდო ტესტში გასაანალიზებლად ორ ტექსტს შემოგთავაზებთ. ერთი იქნება პოეზიიდან, ხოლო მეორე – პროზაული ტექსტი. თქვენ უნდა აირჩიოთ ერთ-ერთი მათგანი და გააანალიზოთ ის.  ინსტრუქციაში მკაფიოდ არის მითითება ამის შესახებ. გარდა ამისა, როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, ასეთ შემთხვევაში არც ერთი ტექსტის ანალიზი არ არის ხოლმე სრულყოფილად შესრულებული, რაც, ბუნებრივია, აისახება მის შეფასებაზე. 
 
79. ქართულ ენასა და ლიტერატურაში ტექსტები რამდენი სიტყვისგან უნდა იყოს შემდგარი, რას გვირჩევთ?
ალბათ გულისხმობთ თქვენ მიერ შესრულებულ წერით დავალებებს. როგორც ამ დავალებების ინსტრუქციებშია მითითებული, ჩვენ ვზღუდავთ მინიმალურ რაოდენობას, კერძოდ, თუ თქვენი ნამუშევარი, როგორც არგუმენტირებული ესე, ისე მხატვრული ტექსტის ანალიზი 120 სიტყვაზე ნაკლებია, ნამუშევრის ენობრივი მხარე არ შეფასდება და ბოლო სამი კრიტერიუმით დაიწერება 0 ქულა. რაც შეეხება მაქსიმალურ რაოდენობას, ნაშრომი არ უნდა სცდებოდეს პასუხების ფურცელში ამ კონკრეტული დავალებისათვის გამოყოფილი ადგილის საზღვრებს.
 
80. წელს მეორედ ვაბარებ, უკვე მქონდა 50%-იანი დაფინანსება, კიდევ ერთხელ გრანტის მოპოვების ან უფასო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების საშუალება მექნება?
ერთი და იგივე პირი, ერთსა და იმავე საგანმანათლებლო საფეხურზე, ფინანსდება მხოლოდ ერთხელ.  შესაბამისად, გრანტს ვერ მოიპოვებთ და ვერც უფასო პროგრამაზე გააგრძელებთ სწავლას გადასახადის გარეშე. თქვენ ასევე შესაძლებლობა გაქვთ მიიღოთ მონაწილეობა სტუდენტთა საგრანტო კონკურსში და გაიუმჯობესოთ გრანტი. 
 
81. პროგრამაზე, რომელზეც ზოგადი უნარები ბარდება, ეს საგანი არჩევითია თუ სავალდებულო?
დიახ, იმ პროგრამებზე, რომლებზეც ზოგადი უნარების გამოცდა ბარდება, ეს საგანი სავალდებულოა.  
 
82. შემიძლია თუ არა გამოცდაზე მეკეთოს მაჯის საათი ან შევიტანო კორექტორი?
გამოცდაზე არ შეიძლება გეკეთოთ საათი და ასევე არ შეიძლება საგამოცდო სექტორში შემოიტანოთ ზედმეტი ნივთები, გარდა წყლისა - პლასტმასის ბოთლით, საწერი კალმისა (გელიანი, შავი ფერის, 0,5-0,7 ბურთულიანი წვერით) და პირადი ჰიგიენის ნივთებისა.
 
83. თუ შეიძლება, რომ ისტორიაში პასუხი ნახევარი ქულით შეფასდეს და რა შემთხვევაში?
ისტორიაში ნახევარი ქულით არც ერთი დავალება არ ფასდება, აბიტურიენტმა კონკრეტულ პასუხში შეიძლება მიიღოს 0, 1, 2 ან 3 ქულა.
 
84. ქიმიაში ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომა რომელია, თუ შეიძლება რომ გვითხრათ?
აბიტურიენტები ხშირად უშვებენ შეცდომებს ნივთიერებების ფორმულების შედგენისას, ქიმიური რეაქციის ტოლობის გათანაბრებისას, ასევე ელემენტარული არითმეტიკული გამოთვლების შესრულებისას.
 
85. 100%-იანი გრანტი რამდენმა აბიტურიენტმა მიიღო 2020 წელს?
100%-იან გრანტს ყოველ წელს დაახლოებით 1000 აბიტურიენტი იღებს.
 
86. ქართულში ესეს თეზისს ნაწილობრივ რომ დავეთანხმოთ, შესაძლებელია ამის გამო ქულა დაგვაკლდეს?  
როგორც წესი, აბიტურიენტებს განსახილველად ვთავაზობთ ისეთ საკითხებს, რომელთა შესახებაც საზოგადოებაში შეიძლება განსხვავებული აზრი არსებობდეს. მათი ცალსახად შეფასება ზოგჯერ შეუძლებელიცაა. ნაწილობრივ დათანხმება გულისხმობს, რომ ამ პრობლემას თქვენ არაეთგვაროვნად აფასებთ. თუ იმასაც შეძლებთ, რომ თქვენი დამოკიდებულება საინტერესოდ დაგვისაბუთოთ, ვფიქრობ, კარგი ესე გამოგივათ.
 
87. სკოლაში არ ვსწავლობთ მხატვრული ტექსტის ანალიზს და როგორ შეიძლება ვიმეცადინოთ? 
მხატვრული ტექსტების ანალიზი დიდი ხანია ისწავლება ჩვენს სკოლებში. თქვენ მას „თემის“ ან „თხზულების“ სახელით იცნობთ. გამოცდაზე მოგეთხოვებათ, იმსჯელოთ რომელიმე მხატვრული ნაწარმოების, ან მისი ნაწყვეტის შესახებ გარკვეული მითითებების მიხედვით.
 
88. მათემატიკის ამოხსნებში პირობის ჩაწერა თუ არის საჭირო?
პირობის ჩაწერა საჭირო არ არის, მუშაობა ამოხსნით უნდა დაიწყოთ.
 
89. მათემატიკის ღია კითხვებში ამოხსნა თუ სწორადაა დაწყებული და ბოლოს შეცდომას უშვებს აბიტურიენტი, კითხვა ნულდება, თუ სწორ მონაკვეთში რაიმე ქულა იწერება?
თითოეული წერითი დავალებისათვის იწერება შეფასების სქემა, რომელიც განსაზღვრავს ამოცანის ამოხსნის ესა თუ ის ეტაპი რამდენი ქულით ფასდება. მაგალითად, თუ ამოცანა არის 3 ქულიანი, მაშინ კონკრეტული აბიტურიენტის ნაშრომი შეიძლება შეფასდეს, როგორც 0, ასევე 1, 2 ან 3 ქულით, შეფასების სქემისა და აბიტურიენტის მიერ შესრულებული სამუშაოს მიხედვით.
 
90. ზოგად უნარებში პირველ რიგში ვერბალურ ნაწილზე ვმუშაობთ თუ მათემატიკურზე?
ტესტი იწყება ვერბალური ნაწილით და სამუშაოდ გამოყოფილი გაქვთ 1 საათი და 35 წუთი. ზუტად ამდენივე დროა გამოყოფილი მათემატიკური ნაწილის ტესტური დავალებების გასაკეთებლადაც.
 
91. საბოლოოდ როდის შეგვიძლია უმაღლესი სასწავლებლის შეცვლა ან დამატება?
საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლის, წაშლისა და დამატების საშუალება რამდენიმე თვის განმავლობაში გექნებათ, ეს პროცესი აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღეს შეწყდება.
 
92. შეიცვალა თუ არა ისტორიაში ზღვარი და რომელიმე დავალება თუ არის ტესტიდან ამოღებული?
2021 წელს ისტორიის ტესტს ცვლილებები არ შეხებია და არც პროგრამა შეცვლილა. მინიმალური კომპეტენციის გადასალახად აბიტურიენტმა წელსაც 25%-იანი ბარიერი უნდა დაძლიოს.
 
93. ისტორიული ფაქტის/მოვლენის მომხრე და მოწინააღმდეგე არგუმენტის მოყვანისას თუ პასუხი საკითხთან ადეკვატურია, რამდენადაა დაცული სუბიექტური ხარისხი?
ისტორიული პრობლემის ანალიზის დროს ლოგიკური არგუმენტები, რომლებიც არ შეიცავს ფაქტობრივ შეცდომას, დადებითად შეფასდება.
 
94. ისტორიის ტესტის ილუსტრაციები ძირითადად წიგნიდან არის შესული?
ტესტში წარმოდგენილი ილუსტრაციები სახელმძღვანელოებში შესაძლოა არ იყოს მოცემული, მაგრამ მათზე ასახული ისტორიული მოვლენები და პიროვნებები სახელმძღვანელოებში აუცილებლად იქნება.
 
95. გამოცდაზე რისი შეტანა არ შეუძლია აბიტურიენტს? 
აკრძალულია გამოცდაზე ნებისმიერი ნივთის შეტანა, გარდა წყლის (პლასტმასის ბოთლით), პირადი ჰიგიენის ნივთებისა და სურვილის შემთხვევაში, შავი ფერის, გელიანი კალმისა (0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით).
 
96. უცხოური ენის ესეში ცოტა ჩვენი ინტერპრეტაციით თუ დავწერთ, ქულა დაგვაკლდება? საერთოდ საჭიროა თუ არა ციტატის მოყვანა?
ციტატის მოყვანა არ არის აუცილებელი. თუ საკუთარი ინტერპრეტაციით ციტატას მაინც დაწერთ, ქულა არ დაგაკლდებათ, მაგრამ ეს ციტატა თემასთან პირდაპირ კავშირში უნდა იყოს და არა ზოგადი და განყენებული.
 
97. ინგლისურის ესეში თუ უცნობ სახელსა და გვარს ჩავწერთ, მინიშნებად ჩაგვეთვლება?
ესეში არანაირი სახელის და გვარის ჩაწერა არ შეიძლება. ჩვენ ხომ არ ვიცით თქვენი რეალური სახელი და გვარი. ეს გასწორებისას არ ჩანს. ასე რომ, ნებისმიერი სახელი და გვარი, თუ ეს არ არის ცნობილი ადამიანი, ვინც მიზნობრივად არის მითითებული, ითვლება შეცდომად და ნაწერი შეფასდება ნული ქულით.
 
98. ქიმიაში რა შემთხვევაში არ გასწორდება ნამუშევარი?
ზოგადად ნაშრომი იმ შემთხვევაში არ სწორდება, თუ პასუხების ფურცელზე მინიშნებულია სახელი, გვარი ან პიროვნების იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემცველი რაიმე სხვა ინფორმაცია. ეს წესი მხოლოდ ქიმიის გამოცდაზე არ მოქმედებს და ყველა გამოცდას ეხება. თუ გულისხმობთ ცალკეული დავალებების შეფასებას - ზოგიერთ დავალებაში მინიშნებულია, რომ აუცილებელია ამოხსნის გზის ჩვენება. ამ შემთხვევაში, თუ პასუხების ფურცელზე მხოლოდ პასუხი წერია (თუნდაც სწორი იყოს) და ამოხსნის გზა არ არის ნაჩვენები, დავალება 0 ქულით შეფასდება.
 
99. ქართულის ტესტის რედაქტირებაში რამდენი შეცდომა უნდა იპოვოს აბიტურიენტმა და რამდენ ქულიანია ეს დავალება? 
ამ დავალების მაქსიმალური შეფასებაა 16 ქულა. აბიტურიენტმა ყველა შეცდომა და ხარვეზი იპოვოს და გაასწოროს. ამ შემთხვევაში მიიღებს მაქსიმალურ - 16 ქულას, ყოველ ცალკეულ შეცდომაში კი დააკლდება თითო ქულა. 
 
100. ქართულის ესეში პირადი ცხოვრებიდან მაგალითების მოყვანა თუ შეგვიძლია ისე, რომ საკუთარი სახელი და გვარი არ ვახსენოთ? 
რა თქმა უნდა შეიძლება, თუ თქვენი პირადი გამოცდილება უშუალოდ უკავშირდება განსახილველ საკითხს და იძლევა განზოგადების საშუალებას. 
 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო სხდომას 27 დეკემბერს გამართავს 

სტუდენტების 2 კატეგორია, რომელიც 500 და 700 ლარით დაფინანსდება - მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი

რატომ უნდა დაიწეროს ნიშნები სკოლაში - მოსწავლის შეფასების მიზნები, პრინციპები, ამოცანები

პიროვნება

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“

სპორტული შეჯიბრებები, რადგან ამ დროს იქმნებოდა საუკეთესო, პოზიტიური თანამშრომლობითი გარემო და მიყალიბდებოდა ემპათიის უნარი თანატოლის მიმართ 

ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი მიზანდასახულნი, შრომისმოყვარენი და შემოქმედებითნი არიან
სკოლები

მათ იცეკვეს, იმღერეს, სიტყვა წარმოთქვეს და შემოდგომაზე ვრცლად ისაუბრეს

არმატებულ სპორტსმენებს სკოლაში მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

 ღონისძიებას მასწავლებლები:  ლალი წულაია და ელენე სიხარულიძე, ხელმძღვანელობდნენ 

საინტერესო

6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

AI განმარტებით, მასწავლებლის ჩაცმულობა მაინც დამოკიდებულია სკოლის კულტურასა და პოლიტიკაზე 

სიახლეები
საზოგადოება