„არასოდეს დავკარგოთ „მშობლიურ სიტყვის ნათელი“ - ბარდნალის საჯარო სკოლამ მშობლიური ენის საერთაშორისო დღეს საინტერესო აქტივობა მიუძღვნა
24-02-2021
დაკოპირებულია
-
+
ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტის - „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, კულტურული მრავალფეროვნების მიმართულებით, პროექტს - „ადამის მოდგმა ერთმანეთის არის ნაწილი“ ახორციელებს.
სლოგანით - რომ არასოდეს დავკარგოთ „მშობლიურ სიტყვის ნათელი“ - სკოლამ, მშობლიური ენის საერთაშორისო დღეს, საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით, აქტივობა მიუძღვნა.
„დღევანდელ აქტივობაზე - ქართულ-ებრაული კულტურული დიალოგის ფურცლები - ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ჩვენი, ლადო ასათიანის სახელობის ბარდნალის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის მოეწყო ონლაინ გამოფენა, რომელზედაც მეათე საუკუნის ებრაული ხელნაწერის, ლაილაშის ბიბლიის ფაქსიმილური გამოცემა, ებრაული თორები, „ქართლის ცხოვრების“ მარიამ დედოფლისეული ნუსხა და „ვეფხისტყაოსანი“ იყო წარმოდგენილი.
შეხვედრა წარმომადგენლობითი იყო და მას ესწრებოდა ბევრი საპატიო სტუმარი, რომელთა შორის იყვნენ: საერთაშორისო ფონდ „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ პრეზიდენტი თიკა სვანიძე-ვენკო, განათლების სამინისტროს პროექტ „ახალი სკოლის მოდელის“ ხელმძღვანელი ციცია გაგნიძე, რეგიონის ლიდერობის ექსპერტი მაკა გრძელიშვილი, ისრაელის, ამერიკის, დიდი ბრიტანეთისა და თურქეთის საელჩოების წარმომადგენლები, ასევე საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორები, სკოლის დირექციები.
დიდი მადლობა ყველა მათგანს, განსაკუთრებით კი, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და მის თანამშრომელს, ჩვენი სკოლის პარტნიორსა და მეგობარს, ნესტან ბაგაურს. ჩვენ გვწამს, რომ ჩვენს დიდებულ კულტურულ მემკვიდრეობას, რომელიც საუკუნეებს ითვლის, ღირსეული გამგრძელებელი ეყოლება ჩვენი მომავალი თაობის სახით. ლადო ასათიანის სახელობის ბარდნალის საჯარო სკოლის სახელით, გილოცავთ მშობლიური ენის დღეს“, - აღნიშნულია სკოლის დირექტორის, მთვარისა ახვლედიანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.