მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წლებია თეონა ყაჭეიშვილი N198 საჯარო სკოლას ხელმძღვანელობს და ეს სკოლა უდავოდ გამორჩეულია, რადგან სპეციალური საჭიროების მქონე 208 ბავშვს აერთიანებს. ქალბატონი თეონა კი თავდაუზოგავად იღვწის თავისი საყვარელი მოსწავლეების კეთილდღეობისთვის, იცავს მათ უფლებებს და ეს ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც თავად, სსსმ ბავშვის მშობელს უამრავი წინააღმდეგობა შეხვდა. მაშინ საზოგადოებრივი აზრიც სხვანაირი იყო, სტიგმაც არსებობდა და სხვა გზა არ იყოს, ადვოკატიც უნდა ყოფილიყო, უფლებადამცველიც... შემდეგ დირექტორობის მსურველთა გამოცდები ჩააბარა და მოითხოვა, N198 სკოლის ხელმძღვანელი ყოფილიყო. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, ქალბატონი თეონას ძალისხმევით სკოლა საკმაოდ წარმატებული გახდა და 2019 წელს საუკეთესო დირექტორის ტიტულიც მოიპოვა.
რა ხდება დღეს თბილისის N198 საჯარო სკოლაში და როგორ უმკლავდებიან არსებულ გამოწვევებს? - Etaloni.ge-ს თეონა ყაჭეიშვილი ესაუბრება.
- ქალბატონო თეონა, გილოცავთ საკლასო ოთახებში დაბრუნებას, როგორი განწყობა აქვთ ბავშვებს?
- სკოლაში პოზიტიური განწყობითა და ერთმანეთის დიდი მონატრებით დავბრუნდით. ზოგადად, რთული იყო ჩვენი მოსწავლეების ფსიქო-ემოციური მდგომარეობა. მოგეხსენებათ, ჩვენთან განსაკუთრებული საჭიროების მქონე 208 ბავშვია; მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირ რესურსს ვიყენებდით სასწავლო პროცესის წარმართვისთვის, ზოგ მოსწავლეს ძალიან უჭირდა კომპიუტერთან ჯდომა, ამიტომ დამატებითი სერვისები გამოვიყენეთ... მარტივი ნამდვილად არ იყო და რა თქმა უნდა, ბევრად ეფექტურია საკლასო ოთახებში სწავლება.
- არ არის მარტივი, სსსმ ბავშვები კომპიუტერს მიაჯაჭვო; როგორ არეგულირებდით ამ საკითხს და, თუ კვლავ მოგვიწია დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა, რა შედეგებზე გავა სკოლა?
- ამ მხრივ გაგვიმართლა, რადგან მოსწავლეების ნაწილი შინ სწავლების ფორმაზეა - თავიანთი ფიზიოლოგიური მდგომარეობის გამო, სკოლაში სიარული არ შეუძლიათ და სწორედ ამიტომ, დიდი ხანია დისტანციური სწავლების ფორმატს ვიყენებთ. შესაბამისად, ელექტრონული რესურსების ბაზა სკოლას ნამდვილად გააჩნდა, თუმცა ვაღიარებ - დისტანციური სწავლება ძალიან რთული იყო სკოლის ადმინისტრაციისთვის.
- ადმინისტრაციისთვის, რატომ?
-ჩვენი ბავშვების ჩართულობას მუდმივი მონიტორინგი სჭირდება - შეიძლება, ერთ კვირას დაესწროს ონლაინ-გაკვეთილებს და მეორე კვირას, ეს ვერ მოახერხოს, მიზეზი კი აუცილებლად გასარკვევია; ახლაც, 50 ბავშვი სწავლების დისტანციურ რეჟიმზეა - რისკ-ჯგუფში არიან და მშობლების შიში თუ სიფრთხილე ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია.
- ვინც სკოლას დაუბრუნდა, მათთან როგორ მუშაობთ?
- უდავოა - სკოლაში სიარული ძალიან ეფექტურია; გაკვეთილების გარდა, ბავშვები სხვადასხვა ინდივიდუალური სერვისით სარგებლობენ, როგორიცაა მეტყველების თერაპია, ფსიქოლოგის კონსულტაცია, სამკურნალო ფიზკულტურა, შრომითი თერაპია... რაც განვითარებასა და ფსიქოემოციური პრობლემების დაძლევაში ეხმარება.
- ქალბატონი თეონა, რთულია, მართო სკოლა, სადაც სსსმ ბავშვები სწავლობენ?
- სამწუხაროდ, კოლეგებისგან ხშირად მსმენია, რომ რადგან სკოლა მცირეკონტინგენტიანია, მისი მართვა იოლია, არადა მერწმუნეთ - ასე არ არის; გარდა იმისა, რომ სწავლა-სწავლების ვალდებულება გვაქვს, ყველა ბავშვს თავისებური მიდგომა სჭირდება - შესადგენია ინდივიდუალური გეგმა, გვაქვს დამატებითი სერვისები, ასევე სკოლა ჩართულია ტრანსპორტით უზრუნველყოფის პროგრამაში, გვაქვს ჯანსაღი კვების სასადილო... ამ ყველაფერს კი სჭირდება მონიტორინგი, რაც დირექტორისა და ადმინისტრაციის ვალდებულებაა.
- პირბადე ბავშვებს არ უკეთიათ, ხომ?
- არა, თუ ბავშვს აქვს ქრონიკული დაავადება ან ისეთი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, რომ პირბადეს ვერ იკეთებს, ამ ვალდებულებისგან თავისუფლდება.
- რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს თქვენი სკოლა?
- უმთავრესი საკითხი, რომელიც გვაწუხებს - ძალიან გვტკივა გული, ჩვენი მოსწავლეები, რომლებიც პროფესიულ სასწავლებლებში მიდიან და წარმატებით ამთავრებენ, არსად საქმდებიან. მათ არ აქვთ თვითრეალიზაციის საშუალება, სკოლის დასრულების შემდეგ.
- თუმცა სანამ სკოლაში სწავლობენ, ალბათ განსაკუთრებულ მიდგომებს საჭიროებენ, როგორც დირექტორი, მკაცრი ვერ იქნებით, ასეა?
- ჩვეულებრივი ურთიერთობები გვაქვს, არც ზედმეტად მკაცრი ვარ, უფრო მეგობრული და ზოგადად, ჩვენს სკოლაში არის თბილი, მშვიდი და კეთილმოსურნე გარემო. პატარა სკოლაა, ერთმანეთს კარგად ვიცნობთ და ერთი გამოხედვითაც ვხვდებით, თუ რამე ისე არ მიდის, როგორც საჭიროა.
- თქვენი აზრით, სპეცმასწავლებლების საჭირო რაოდენობა გვყავს, ქალბატონო თეონა?
- ზოგადად, სპეცმასწავლებლების დიდი დეფიციტია... იცით, ჩვენი სკოლა გახდა ფაქტობრივად, კადრების გამზრდელი. ასისტენტებად მოდიან და შემდეგ იმხელა გამოცდილებას იძენენ, სხვაგან გადადიან... ეს ძალიან გვახარებს, მაგრამ სამწუხარო ისაა, რომ კადრის გადინება ხდება, როგორც სპეცმასწავლებლების, ისე ფსიქოლოგების.
- თავად როგორ აღმოჩნდით N198 საჯარო სკოლის დირექტორის პოზიციაზე?
- ჩემი შვილი სსმ პირია... 15 წლის წინ, ინკლუზიური განათლება სიახლე იყო საქართველოსთვის და არ ვიყავი კმაყოფილი მიდგომებით. შემდეგ ჩავაბარე დირექტორობის გამოცდა, მოვხვდი 20 პროცენტში, სკოლა კი საკუთარი სურვილით ავირჩიე.
- მას შემდეგ საზოგადოების დამოკიდებულება შეიცვალა?
- მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ მაინც ძალიან დიდი მუშაობის გაწევა მოგვიწევს; სამწუხაროდ, ვაწყდებით დამოკიდებულებაში პოსტსაბჭოთა ტენდენციების გადმონაშთს, არა მხოლოდ ინკლუზიური განათლების კუთხით და უნდა ვაღიაროთ, ხშირად, მოჩვენებითია ამ კატეგორიის მიმღებლობა. საზოგადოებამ ამ მიმართულებით ბევრი უნდა იმუშაოს და ჩვენი შვილების თაობა იქნება ის, რომელიც აბსოლუტურად ყველანაირი სტერეოტიპისა და სტიგმის გარეშე მიიღებს ადამიანებს.
- ანუ ბრძოლას აზრი აქვს და შედეგიც?
- სულ ბრძოლაში ვართ, რევოლუციებში... სხვაგვარად არაფერი გამოდის. უნდა იბრძოლო, პრობლემები, რაც აქვთ ამ ბავშვებს, სააშკარაოზე უნდა გამოიტანო; უნდა იყო ადვოკატიც, უფლებადამცველიც... და თუ გიყვარს საქმე, ძალა გეძლევა - მიზანს აღწევ! მასმედიას მნიშვნელოვანი როლი აქვს და ყველამ უნდა გაიგოს, რომ ეს ბავშვები საცოდავები ნამდვილად არ არიან - თითოეულ მათგანში არის ისეთი შესაძლებლობა, რაც გარშემომყოფებს გააოცებს; სახელმწიფომ კი უნდა დანერგოს ისეთი სისტემა, დასაქმდნენ; ასევე უნდა შეიქმნას გარკვეული ბაზა, რომელიც გააძლიერებს ჩვენი ტიპის სკოლებსა და ზოგადად, ინკლუზიურ განათლებას.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ოჯახში უმცროს შვილზე დაინიშნება 50-დან 450 ლარამდე ყოველთვიური დახმარება - ბიუჯეტი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ასევე მოსწავლეებმა შეასრულეს ფრანგული სიმღერა კინოფილმიდან „ჩარირამა“
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა გამოაცხადა
ზოგან ახალი წლის მოახლოებას დარიჩინის არომატი, ხოლო ზოგან თევზის სუნი გვამცნობს.