„ბავშვთა და მოზარდთა უფლებები“ - გაეცანით ბოლაჯურის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პეადგოგ თამარ აბრამიშვილის სტატიას
„ბავშვთა და მოზარდთა უფლებები“ - ადიგენის მუნიციპალიტეტის ბოლაჯურის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პეადგოგმა თამარ აბრამიშვილმა ბავშვთა უფლებების შესახებ სტატია მოამზადა, რომელსაც etaloni.ge უცვლელად გთვაზობთ:
ბავშვთა და მოზარდთა უფლებები
მოდით, წარმოვიდგინოთ ადამიანი, რომელიც დაბადებიდან ხელებშეკრულია, მას არასდროს უნახავს სხვა ხელებგათავისუფლებული ადამიანი და წარმოდგენაც კი არ აქვს, როგორ შეიძლება ამ ბორკილებისა და შეზღუდვის გარეშე როგორც მისი საკუთარი, ასევე სხვა ადამიანების ცხოვრება... ალბათ იფიქრებს, რომ ეს ბუნებრივი მდგომარეობაა, შესაძლოა გარკვეულ მომენტში დისკომფორტი და ტკივილი იგრძნოს მუდმივი დაძაბულობისა და ბორკილების სიმძიმისაგან, მაგრამ რადგანაც ბორკილების გარეშე არასდროს უცხოვრია და არც არავინ უნახავს უბორკილოდ, თავისუფალ მდგომარეობაში მყოფი, ჩათვლის, რომ ესაა ნორმა, რომელსაც უნდა დაემორჩილოს, შეეგუოს.
უფლებები მონიჭებული შესაძლებლობებია, რომელიც დავიმსახურეთ იმ დღიდან, რომელ დღესაც ადამიანებად მოვევლინეთ ამ სამყაროში. ადამიანის უფლებების ჩამოყალიბებამ და ფორმულირებამ დიდი და ამავდროულად, საკმაოდ რთული გზა განვლო, მაგრამ წინ კიდევ ბევრი ბარიერია, სანამ ადამიანთა ცნობიერება მომწიფდება უფლებების მნიშვნელობის გასააზრებლად.
ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ყოველდღიურად ვითარდება ტექნოლოგიები, მაგრამ ადამიანურ ფასეულობებს ვერ ცვლის ვერცერთი გამოგონება. სულიერი ფასეულობები, შინაგანი თავისუფლება, განვითარებისკენ სწრაფვა - ეს ის მნიშვნელოვანი კომპონენტებია, რომლის გარეშეც ბედნიერების შექმნა წარმოუდგენელია, არადა ამ სამყაროში არსებული ნებისმიერი მატერიალური თუ არამატერიალური საგანი შექმნილია სწორედ ბედნიერების მისაღწევად. როგორ ფიქრობთ, ხელებშეკრული ადამიანი რითი ჰგავს უუფლებო ადამიანს? ვფიქრობ, პასუხი მარტივია! ორივე ადამიანი შეზღუდულია თავისუფალ მოქმედებაში, ორივეს ერთნაირად აქვთ ბედნიერების შეგრძნების შესაძლებლობა დაკარგული. ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ბავშვთა და მოზარდთა უფლებებზე ვსაუბრობთ. ბავშვს აქვს უფლებები, რომლებიც ჩასახვისთანავე ენიჭება მას და მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება მზად დახვდეს თითოეული ადამიანის მოვლინებას ამ უფლებების გააზრებით. საზოგადოების პირდაპირი მოვალეობაა, შექმნას ის ფიზიკური და სოციალური გარემო, სადაც ბავშვი თავისი კუთვნილი უფლებებით შეძლებს სრულფასოვნად ცხოვრებას, სადაც მისი ფუნდამენტური უფლებები არ შეიზღუდება. მიუხედავად იმისა, რომ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი ვართ, დღეს კიდევ ვხედავთ ხელებშეკრულ ადამიანებს, მტკივნეულია ეს საკითხი, რადგან არასრულწლოვანებს ეხებათ, რომლებიც ჩვენს გვერდით, ჩვენს რეალობაში არსებობენ და სიცოცხლისთვის, გასულიერებული არსებობისთვის იბრძვიან. უფლება შესაძლებლობაა, თავისუფლება - საკუთარი თავის ფლობა შესაძლებლობების გამოყენების თვალსაზრისით, თავისუფლების ზღვარს ვერ დაიცავს ადამიანი, რომელსაც სიცოცხლის შენარჩუნებაზე უწევს ზრუნვა, მისთვის პრიორიტეტი ვერ იქნება ბედნიერებისკენ ლტოლვა, მანამ სანამ ბიოლოგიური მოთხოვნილებები ვერ დაკმაყოფილდება და მისი სიცოცხლისთვის უსაფრთხო გარემოში არ იცხოვრებს.
ჩვენ, ადამიანები, არათანაბარ პირობებში დავიბადეთ, მაგრამ თანაბარი უფლებები გვაქვს თანაცხოვრებისას. ხშირად ხდება, რომ შეზღუდული გარემო, ბავშვების მოქმედების შეზღუდვის განმაპირობებელი ფაქტორი ხდება, გარემოში შეზღუდული ბავშვი კი საზოგადოების მხრიდან შეზღუდულად აღიქმება, აქცენტი კეთდება ბავშვის შეზღუდვაზე და არა გარემოზე, ასეთი აღქმა იწვევს სტერეოტიპული აზროვნების ჩამოყალიბებას საზოგადოებაში და ამასთან იმ ბავშვთა უფლებების სისტემურად რღვევას, რომელიც გარემომაც შეზღუდა და საზოგადოებაშიც მიუღებელი აღმოჩნდა.
ჩვენ, ხელებგანთავისუფლებულები, თავისუფალ სამყაროში დავიბადეთ, უფლებებიც დაბადებიდან მოგვენიჭა, მაგრამ მაინც გვიწევს ბრძოლა ჩვენი კუთვნილი უფლებების დასაცავად. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ავიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და დავიცვათ ისინი, ვინც ჩვენს მხარდაჭერას ყველაზე მეტად საჭიროებენ, ბავშვები და მოზარდები, რადგან მათი უფლებების დაცვით დავიცავთ საკუთარ თავს, აწმყოს და მომავალს.