მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ეტალონის უპრეცედენტო LIVE პროექტები გრძელდება, რომლის ერთ-ერთი ნაწილიც გახლავთ გადაცემა „გაამოს“ - სააზროვნო საუბრები აღზრდა-განათლებაზე, პრობლემებსა და მათი გადაწყვეტის გზებზე, ქვეყნის მომავალზე მოფიქრალ ადამიანებთან, მზრუნველ ოჯახებსა და განათლების სფეროს წარმომადგენლებთან ერთად. რაც შეეხება გადაცემის სტუმრებს, თანაწამყვანი გახლდათ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი სერგო ჩიხლაძე, ფსიქოლოგი ხათუნა ხაჟომია, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მანანა ცუცქირიძე და შუახევის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ედუარდ გოგრაჭაძე.
პროფესიონალები განათლების საკითხებში - ასე წარადგინა გადაცემის წამყვანმა და პროექტის სულისჩამდგმელმა გოჩა ტყეშელაშვილმა მოწვეული სტუმრები და საზოგადოებას მიმართა:
„მივესალმები მთელ საქართველოს. მოზარდების მშობლებს გიბიძგებთ აზროვნებისკენ, რადგან მიმაჩნია, რომ აზროვნება ადამიანის მთავარი ინსტრუმენტია. ინტერნეტ-გადაცემის მომზადება კი უკიდურესმა აუცილებლობამ განაპირობა - ახალგაზრდებისთვის არავის სცალია. მთელი ქვეყანა დღეს ნეგატივით ცხოვრობს და თუ რამე სასიკეთოდ არ ვიღონეთ, საქართველოს მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდება, რადგან აღარ გვეყოლება აღზრდილი თაობა“.
ბატონმა გოჩამ გადაცემის დასაწყისშივე აღნიშნა, რომ საუბარი იქნებოდა პირდაპირი, საქმიანი, კონკრეტული და სიტყვა თანაწამყვანს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, სერგო ჩიხლაძეს გადასცა, რომელმაც დასძინა, რომ მისთვის დიდი პატივია მონაწილეობა პროექტში და მიაჩნია - ბავშვის, მშობლის, სახელმწიფოს ინტერაქცია უმნიშვნელოვანესი საკითხია:
„ბატონი გოჩას ინიციატივები ზუსტად ამ მიზანს ემსახურება - მეტი განათლება მივიტანოთ ადამიანებამდე; მშობელი და სკოლა იყოს ჩართული ბავშვის აღზრდაში. მნიშვნელოვანია გავიაზროთ - როდისაა ავტორიტეტული უფროსის რჩევა. მე პირადად, არ ვიყავი რთული ბავშვი, მშობლებიც ჩემთვის ავტორიტეტები იყვნენ, თუმცა ხანდახან, რჩევა არ მიკითხავს - შესაძლოა, ეს იყო შინაგანი პროტესტი. მიმაჩნია, რომ ჩემი შვილისთვის მეც ვარ ავტორიტეტი და ვიმედოვნებ, თინეიჯერობის ასაკი არ გააფუჭებს ჩვენს ურთიერთობას. ვცდილობთ, ბავშვი არ შევზღუდოთ, გონიერების ფარგლებში და შევაქოთ კიდეც, რადგან ეს მოტივაციისთვის აუცილებელია“.
ფსიქოლოგმა, ხათუნა ხაჟომიამ კი განაცხადა, რომ სწორად აღზრდა მნიშვნელოვანია მოზარდის ჩამოყალიბებაში და მადლობა გადაუხადა წამყვანს, რადგან აქვს საშუალება, სასარგებლო რჩევები მისცეს საზოგადოებას, თუ რა უნდა გაკეთდეს მოზარდებთან ურთიერთობაში გარდატეხის ასაკში:
„დედა და მამა არის როლური მოდელი ბავშვისთვის, იგი ხედავს იდეალურ ადამიანებს, რომლებიც არიან მისთვის მაგალითის მიმცემი, მაგრამ გარდატეხის ასაკში ბევრი ცვლილება ხდება ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური კუთხით, ბავშვი იწყებს პირველი ნაბიჯების გადადგმას, ხდება იდენტობის ჩამოყალიბება და ამ დროს შესაძლოა აღმოაჩინოს, რომ მშობლები არცთუ იდეალურები არიან; შეკამათება მათი თვითდამკვიდრებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. პირველი წინააღმდეგობები სწორედ ამ ასაკში მოდის და ცდილობენ რაღაც იდეების გატარებას, რომელსაც შეიძლება არ ვეთანხმებოდეთ. ამ დროს მშობლის გავლენა შვილზე მცირდება, მაგრამ სულ რომ არ გაწყდეს ეს ჯაჭვი, საჭიროა ოქროს შუალედის პოვნა. თუ არ ეთანხმებით, დააფიქსირეთ აზრი, მაგრამ აცადეთ, საკუთარი თავი გამოხატოს.
მშობლებს ჰგონიათ, რომ შვილმა მათ ჭკუაზე უნდა იაროს, მაგრამ ასე არაა, არ შეეწინააღმდეგოთ მის პირველ ნაბიჯებს... პედაგოგებსაც ამას ვურჩევდი! მესმის, რთულია, მაგრამ აცადეთ ბავშვებს, გამოხატონ აზრი.
როგორი პედაგოგია ავტორიტეტი ბავშვისთვის? - პირველ რიგში, ობიექტური, მეგობრული, რომელიც ცდილობს, გაუგოს ბავშვებს; შესაძლოა გარდატეხის ასაკში პედაგოგისა და მშობლის ავტორიტეტი მცირდება, მაგრამ მთავარია, არ მოხდეს ცუდი ადამიანების გაკერპება - აქ მნიშვნელობა აქვს გარემოს ჩამოყალიბებას“.
საგარეჯოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, მანანა ცუცქირიძემ კი აღნიშნა, რომ გადაცემის თემა საინტერესო და დროულია; გარდატეხის ასაკში კი უფროსებმა აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ დროს ბავშვი თავის დამკვიდრებას ცდილობს, შეიძლება, გახდეს მჩაგვრელი ან ჩაგვრის ობიექტიც - საკუთარი თავის ძიებაში შესაძლოა ბევრი შეცდომა დაუშვას, მაგრამ საზოგადოებამ, სკოლამ აუცილებლად უნდა იცოდეს, როგორ გამოიყვანოს ამ მდგომარეობიდან. მასწავლებლის ვალდებულებაა, მშობლის ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში, რათა უკეთ იცოდეს შვილის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა. თუ ბავშვს პრობლემა აქვს, სწორედ მასწავლებელი ახდენს მისი ინტერესების იდენტიფიცირებას და შედეგად ქმნის ისეთ პროექტებს, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლის ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში. ზოგადად ყველას ვურჩევდი - როდესაც სირთულე მატულობს, უნდა მივმართოთ კვალიფიციურ ფსიქოლოგებს“.
ედუარდ გოგრაჭაძემ, შუახევის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა კი მადლობა გადაუხადა პროექტის სულისჩამდგმელს, გოჩა ტყეშელაშვილს, ასეთი დროული და მნიშვნელოვანი გადაცემისთვის და ყურადღება გაამახვილა სკოლის, კონკრეტულად კი დამრიგებლის როლზე მოზარდის განვითარებაში:
„მიმაჩნია, რომ დამრიგებლის ფუნქციები არის უფრო გასაძლიერებელი, რადგან დაკვირვების შედეგად მან უნდა ამოიცნოს მოზარდში გარკვეული ცვლილებები, უნდა ჰქონდეს მუდმივი კომუნიკაცია მშობლებთან, უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ბავშვის ასაკობრივი თავისებურებების შესახებ და მსგავსი გადაცემები აუცილებლად უნდა იყოს, რათა ადამიანებს ჰქონდეთ წვდომა კონკრეტულ ინფორმაციაზე.
მოგვიანებით, სტუმრებმა არაერთ საინტერესო კითხვას უპასუხეს, რომელიც თანამედროვე საზოგადოებაში მშობლებს აწუხებთ, გადაცემის დასასრულს, რომლის პათოსიც გახლდათ - ვაღიაროთ მოზარდები პიროვნებებად, Etaloni.ge-სთან თავად პროექტი და ონლაინ-გადაცემა „გაამოს“ შეაფასეს:
ხათუნა ხაჟომია: „პროექტი ძალიან საინტერესოა და საინტერესო საკითხს შევეხეთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო კითხვები, რომლებიც მშობლებმა გამოგზავნეს. ზოგადად, მოზარდობის პერიოდი ისეთი რთულია, ყველა მშობელს ადარდებს. დეტალებზე თუ გავამახვილებთ ყურადღებას, მეტ ინფორმაციას მივაწვდით და ბევრად გავუადვილებთ ბავშვებთან ურთიერთობას“.
მანანა ცუცქირიძე: „პირველ რიგში, მადლობა, რომ მომეცა საშუალება, მონაწილეობა მიმეღო გადაცემაში. ზოგადად „ეტალონის“ პროექტები ძალიან მომწონს - კრეატიული და განსაკუთრებულია. სასკოლო ცხოვრებაში, გარდატეხის ასაკი მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, გადაცემის თემატიკა აბსოლუტურად სწორად იყო შერჩეული. დარწმუნებული ვარ, ბატონი გოჩა კიდევ ბევრ საინტერესო გადაცემას შემოგვთავაზებს და საინტერესო პროექტები გველის“.
ედუარდ გოგრაჭაძე: „გადაცემის თემატიკა მნიშვნელოვან საკითხს შეეხებოდა და ფორმატიც ძალიან მომეწონა. სამწუხაროდ, მოზარდთა განვითარებაზე საჯაროდ, არცთუ ხშირად საუბრობენ, ამიტომ მიმაჩნია, ამ პროექტის წამოწყება, თანაც კომპეტენტური ადამიანების აზრის გათვალისწინებით - დროული მიგნებაა და ვფიქრობ, ბატონი გოჩა ამ მიმართულებით უფრო უნდა გააქტიურდეს“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო სხდომას 27 დეკემბერს გამართავს
„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“
6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა
ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე