იელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 3 მარტს ორი დღესასწაული აღნიშნეს
05-03-2021
დაკოპირებულია
-
+
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 3 მარტს დედის და ველური ბუნების საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
სკოლის ინფორმაციით, მოსწავლეებმა დედებს დღესასწაული მიულოცეს და სიყვარულისა და მადლიერების ნიშნად, canve.com-ის გამოყენებით, მათთვის სერტიფიკატები დაამზადეს.
ველური ბუნების საერთაშორის დღის აღსანიშნავად, ეკო-კლუბის წევრებმა, საზოგადოებას 3 მარტის, როგორც გარემოსდაცვითი დღის მიზანი და მნიშვნელობა გააცნეს.
„აღნიშნული დღის მიზანია, საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება ველური ბუნების პრობლემების შესახებ.
2021 წელს ველური ბუნების მსოფლიო დღის თემა ტყეები და მისგან მიღებული სარგებელია.
მოსწავლეებმა, დამსწრე საზოგადოებასთან ერთად, იმსჯელეს ტყის როლზე ეკოსისტემების თუ ველური ბუნების დაცვისა და შენარჩუნების პროცესში, თუ როგორ უწყობს ხელს ტყე კლიმატის ცვლილების გავლენის შემცირებას.
მოგეხსენებათ, ველური ბუნების მსოფლიო დღე 2013 წლიდან, გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით აღინიშნება.
2021 წელს ველური ბუნების მსოფლიო დღე მიზნად ისახავს ტყის მართვის ისეთი მოდელების წახალისებას, რომლებიც ითვალისწინებს, როგორც ადამიანების კეთილდღეობას, ისე ტყისა და მისი ველური ბუნების გრძელვადიან კონსერვაციას.
ეკო-კლუბის წევრებმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაიხსენეს 17 გლობალური მიზანი, ყურადღება გაამახვილეს მე-15 მიზანზე, რომელიც გულისხმობს დედამიწის ეკოსისტემების დაცვა-აღდგენასა და მდგრად გამოყენებას, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერებასა და აღდგენა-გაუმჯობესებას. მათ საზოგადოებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოს ტყეების შესახებ“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.