სიახლეები
პიროვნება

მშობლიური პირველი მაისის საჯარო სკოლის საჭადრაკო კლუბში მწერალი და ეკონომისტი ბესიკ ლაგვილავა თამაშობს
05-03-2021
-
+


ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის ბაზაზე შეიქმნა საჭადრაკო კლუბი - „ჯახუთი - ესტატეს სკოლა (ხობი) - პირველი მაისი“, რომელიც საჭადრაკო ონლაინ-პლატფორმა lichess.org -  ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო საკლუბო გუნდურ ჩემპიონატში მონაწილეობს.

კლუბი დაკომპლექტებულია სკოლის მოსწავლეებისგან, პედაგოგებისგან, კურსდამთავრებულებისგან და მათი მეგობრებისგან.

„წესების თანახმად ჩვენს კლუბს მე-17 ლიგაში დააწყებინეს მონაწილეობა. თუმცა „ჯახუთი“ ყოველ კვირა სულ უფრო მაღლა და მაღლა ინაცვლებს და ამჯერად მე-13 ლიგაში უწევს ასპარეზობა. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ კლუბის შექმნისას ბევრისთვის მოულოდნელად „ჯახუთის“ შემადგენლობაში თამაშზე თანხმობა განაცხადა ბატონმა ბესიკ ლაგვილავამ, რომელიც ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულია - მწერალი, მათემატიკოსი, ეკონომისტი, საზოგადო მოღვაწე, ადრე წლებში საქართველოს IV და V მოწვევის პარლამენტის წევრი, საქართველოს პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის წევრი. „საქართველოს რკინიგზის“ დირექტორთა საბჭოს წევრი. ავტორი რომანებისა „ლამაზად სიკვდილის თვითმასწავლებელი“, „აუქციონი: ვინ გაყიდის ქრისტეს იუდაზე იაფად“, და ნოველებისა; ავტორი სამეცნიერო ნაშრომის - „ხელოვნური ინტელექტის ამოცანა - „ვიბროპორტრეტი“, ავტორი საქართველოში მცირე ბიზნესის განვითარების სახელმწიფო პროგრამისა, თანაავტორი - „საქართველოში ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციის კონცეფციის“  და ა.შ.“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

  პირველი მაისის საჯარო სკოლა გთავაზობთ ინტერვიუს ბატონ ბესიკთან.

-  მოგესალმებით, ბატონო ბესიკ, რას იტყვით ჩვენი სკოლის ბოლო დროინდელ საჭადრაკო ინიციატივაზე, საჭადრაკო ონლაინ-კლუბ ,,ჯახუთი“-ს შექმნაზე?
-   მოგესალმებით. ჩემი მშობლიური სკოლის წარმომადგენლის, კობა კვიკვინიას წინადადება, - ჩემი სკოლის გუნდის სახელით მონაწილეობა მიმეღო საერთაშორისო  საჭადრაკო ბლიც-ტურნირში Lichess Quarantäne-ის პლატფორმაზე, თავიდან ცოტა არასერიოზულად მივიღე, თუმცა, შემდგომ გამახსენდა ჩემი ბავშვობა, როცა ვმონაწილეობდი არა მხოლოდ საჭადრაკო ტურნირებში, არამედ უამრავ სპორტულ ღონისძიებებში  მშობლიური სკოლის და არა მხოლოდ სკოლის, რაიონის და საქართველოს სახელით - დავთანხმდი და არც მინანია. ახლა ინტერესით ველოდები ყოველ ხუთშაბათს და კვირას, როცა ამ ტურნირის მორიგი ტურები იმართება და კომპიუტერთან მჯდომი ისეთი აზარტით ვთამაშობ, გერმანელ, ჰოლანდიელ, ავსტრიელ, რუს, აზერბაიჯანელ თუ სხვა ქვეყნების წარმომადგენელ  მეტოქეებთან თითოეულ პარტიას, რომ ორი სათამაშო საათის შემდეგ ემოციებისგან სრულიად დაცლილი,  დაღლილი, მაგრამ მუდამ კმაყოფილი ვტოვებ ამ საჭადრაკო ინტერნეტპლატფორმას. თუმცა, უმეტესად გამარჯვებულის კმაყოფილებით, რადგან ჩვენმა გუნდმა თამაში დაიწყო მე-17 ლიგიდან და კვირა ისე არ გაგვიცდენია, ახალ უფრო მაღალ ლიგაში არ გადავსულიყავით! ჩვენს გუნდს გულშემატკივრობს მთელი სოფელი და არა მხოლოდ ჩვენი სოფელი, არამედ მთელი ხობის მუნიციპალიტეტი, მეგობრები მთელი საქართველოდან, ჩვენი თანამემამულენი უცხოეთის ქვეყნებიდან და ჩემი უცხოელი ამერიკელი, იტალიელი, ჰოლანდიელი, ებრაელი, ბელორუსი  და სხვა მეგობრები.

-  რა განცდაა, როცა გრძნობ, რომ სხვადასხვა თაობის თანასკოლელები, თანარაიონელები იბრძვით საერთაშორისო დონეზე ერთმანეთის მხარდამხარ?
-    მინდა გითხრათ, საოცარი განცდაა! გუნდში ვეტერანების გარდა მონაწილეობენ და ლიდერობენ ჩემი სკოლის მოსწავლეები. მიხარია, რომ ჩვენ დიდნი თუ პატარანი ერთნი ვართ! ერთი მიზნისთვის ვიბრძვით! უკვე დანამდვილებით ვიცი, - როცა ჩვენ წავალთ, ჩვენზე უკეთესნი დარჩებიან და გააგრძელებენ ჩემი 125 წლის სკოლის სახელოვან ისტორიას!

-  როგორ ფიქრობთ, ბატონო ბესიკ, რა თვისებებს სძენს ამ ონლაინ-გუნდურ საჭადრაკო ასპარეზობაში მონაწილეობა სკოლის მოსწავლეებს?
-  ძალიან საჭირო თვისებებს! - ბავშვები  სწავლობენ გუნდურობას, უჩნდებათ თანამებრძოლის გატანის მოთხოვნილება! მაგალითისთვის, რამდენიმე ტურში  ცუდად ვითამაშე და მაშინვე ერთმა გოგონამ წარმატებით ჩამანაცვლა და მისი ქულები გახდა ჩასათვლელი გუნდისთვის! ისევ გავიმარჯვეთ! ამ გუნდურობის, ერთიანობის შეგრძნებას, უდიდესი მნიშვნელობა აქვს  ადამიანის აღზრდისთვის!  როცა ჩემი უფროსი ვაჟი ძალიან წარმატებულ სკოლაში „ქართულ სასწავლებელში“ სწავლობდა, მათ ხშირად აძლევდნენ დავალებებს ჯგუფური სამუშაოს შესასრულებლად! ანუ ასწავლიდნენ კოლექტივში შრომას! 
მე შესაძლოა, ბევრი მნიშვნელოვანი მიღწევა, გამარჯვება ან დამარცხება დამავიწყდეს ჩემი პოლიტიკური საქმიანობიდან, მაგრამ არასდროს დამავიწყდება არცერთი საკალათბურთო, საფრენბურთო, საჭადრაკო ან საფეხბურთო მატჩი, შეჯიბრი მძლეოსნობაში, რომელიც ბავშვობაში მომიგია ან წამიგია ჩემი სკოლის გუნდის სახელით... 

- თქვენ ახლა თქვენი ბავშვობის აქტიური სპორტული ცხოვრება გაიხსენეთ. როცა პარალელს ავლებთ თქვენი შვილების დღევანდელობასთან, რა შეიცვალა ამ მიმართულებით?
-    ვწუხვარ, რომ საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა არ იძლევა საშუალებას ახალგაზრდობის მეტი ჩართულობისთვის სპორტულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებში. ჩემი სამსახურეობრივი საქმიანობებიდან გამომდინარე მყავს უამრავი უცხოელი პარტნიორი თუ მეგობარი, რომლებთანაც დღემდე ვთანამშრომლობ და მაქვს საუბრები ამ თემაზეც, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება ახალგაზრდებში. კეთილი შურით მშურს, როცა ვხედავ, რომ ვთქვათ - ჰოლანდიის ნებისმიერ სოფელში როგორ დონეზე აქვთ მოწყობილი სპორტული ინფრასტრუქტურა, სპორტული დარბაზები, ფეხბურთის მოედნები, საცურაო კომპლექსები, სატრენაჟორო დარბაზები...  

ქართველები სპორტული და აზარტიანი ხალხი ვართ - ამას ამტკიცებს კიდეც ჩვენი მიღწევები სპორტის სხავდასხვა სახეობებში, მაგრამ სამწუხარო რეალობაა, რომ დღეს სათამაშო მოედნები ცარიელია... ბავშვები სტადიონზე თამაშს  ამჯობინებენ - მობილურ ტელეფონში ითამაშონ ფეხბურთი...
სწორ ფიზიკურ აღზრდას მეტი ძალისხმევა და პროპაგანდა სჭირდება! 

-    ბატონო ბესიკ, თქვენი უმცროსი ვაჟი თბილისის ერთერთი საუკეთესო სკოლის მოსწავლეა. ვიცით, რომ განათლებაზე ორიენტირებული მშობელი ბრძანდებით. საინტერესოა თქვენეული ხედვა საქართველოს განათლების თანამედროვე სისტემაზე.
-    როცა ქართული განათლების სისტემის პრობლემებზე ვმსჯელობთ, პირველ რიგში არ შემიძლია არ აღვნიშნო სასწავლო სახელმძღვანელოების საკმაოდ დაბალი ხარისხი.  შეძრწუნებული ვარ!  განათლებით მათემატიკოსი ვარ და ვიტყვი, რომ მათემატიკის სახელმძღვანელოები ნაკლებადაა მიმართული ბავშვებში მათემატიკური უნარების განსავითარებლად! 
უმცროსი ვაჟი სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეა და  ხშირად მასთან ერთად მიწევს ბევრ საკითხზე მსჯელობა! (უფროსმა შვილებმა უკვე დაამთავრეს სხვადასხვა უნივერსიტეტების სასწავლო კურსები საქართველოსა და უცხოეთში). ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს მე-5 კლასის სახელმძღვანელოები - ,,ბუნება“ და ,,ჩვენი საქართველო“. საქართველოში როგორ უნდა მოახერხო, რომ ასე უნიჭოდ შექმნა ბავშვებისთვის სახელმძღვანელოები, არ მესმის. ასე ბავშვს ვერც სამშობლოს შეაყვარებ და ვერც მის ბუნებას, ისტორიას და კულტურას!
         
დაწერილი მაქვს სტატიები მსოფლიოს ფუტურისტულ (მომავლის) ხედვებზე და ვიცი, რა მნიშვნელობა ენიჭება მათემატიკური აზროვნების ქონას მომავლის სამყაროში, რომლის სულ უფრო მნიშვნელოვანი ნაწილიც  გახდება ვირტუალური, ციფრული სამყარო! ჩვენ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს ცხოვრებაში გამოყენებადი მათემატიკა! მე ამაში ინტეგრალის და წარმოებულის ცოდნას არ ვგულისხმოიბ, (თუმცა, არც ამის ცოდნა დააზარალებს ვინმეს!) მე ვგულისხმობ მათემატიკური აზროვნების უნარის ჩამოყალიბებას! ეს კი უმნიშვნელოვანესია კომერციული ნიჭის რეალიზებისთვის! 
 
-    ამიტომაც ვუთმობთ ჩვენს სკოლაში განსაკუთრებულ ადგილს ტექნოლოგიების შესწავლას და საშუალო საფეხურზე არჩევით საგნად „მეწარმეობის საფუძვლებს“ ვასწავლით.
-    სწორი აქცენტებია! ასეც უნდა იყოს!
რამდენიმე წლის წინ, საქართველოში მცხოვრებმა ერთმა წარმატებულმა, ძალიან დახვეწილმა და განათლებულმა, თავის დროზე ოქსფორდ-დამთავრებულმა ებრაელმა ბიზნესმენმა, რომელიც ცხრა სხვადასხვა საწარმოს ფლობს საქართველოში, ჩემთან და ჩემს ჰოლანდიელ პარტნიორებთან საუბარში, როცა ვმსჯელობდით თუ რა მიმართულების განვითარებაა საჭირო ჩვენს ქვეყანაში, უცებ თქვა, - „ვაჭრობის! რა თქმა უნდა ვაჭრობის!“
          ხშირად გვესმის ვაი და ვიში, რომ ჩვენთან დაიხურა საწარმოო გიგანტები, მეტალურგიული, ჩარხმშენებელი და და ა.შ ინდუსტრია და ჩვენ აღარ გვაქვს უნარი საქართველოში უმარტივესი რამის, თუნდაც ელემენტარული  წინდის წარმოების... მე კი გეტყვით - არ გვაქვს და არც გვექნება, რადგან ამაში ჩვენ კონკურენციას ვერ გავუწევთ ამ „ღია სამყაროში“ თანამედროვე მსოფლიოს  გიგანტებს - ტრანსნაციონალურ კომპანიებს, მაგრამ თუ გადარჩენა გვინდა, ჩვენ უნდა მოვძებნოთ ჩვენი ნიშა ასეთ მსოფლიოში! სწორედ აქეთ  უნდა იყოს მიმართული ქართული განათლების სისტემა. სისტემა ისეთ სპეციალისტებს უნდა ზრდიდეს, რომელიც ქვეყანას სჭირდება. 

-   ამიტომ ხომ არ  რჩებიან უმუშევრები, ჩვენი განათლების სისტემის უმაღლესი რგოლის - უნივერსიტეტების კურსდამთავრებულნი?!

 - დავაკვირდეთ მიმდინარე მოვლენებს.  საქართველოში ჩამოდიან თურქები, არაბები, ინდუსები, ჩინელები, ღარიბი ამერიკელები და... უცებ იწყებენ წარმატებულ საქმიანობას! ამ დროს  ქართველი მოქალაქეები წუხან, რომ სამუშაო ადგილები არ არის, რომ დაწყებული ბიზნესი უვარდებათ და ა.შ. რატომ ხდება ეს? -
1.    ჩვენ მეომარი ხალხი ვიყავით და ქართველები ნაკლებად მისდევდნენ ვაჭრობას; ჩვენ თუნდაც მეზობელ სომეხთაგან, თურქთაგან, აზერბაიჯანელთაგან,  ჩვენთან 26 საუკუნის განმავლობაში მცხოვრებ ებრაელთაგან განსხვავებით, ნაკლებად  გვაქვს კომერციული  საქმიანობის ტრადიციები;
2.    სამწუხაროდ, ჩვენ მოწინავე  დასავლურ ქვეყნებისგან განსხვავებით ბავშვობიდან არ ვაჩვევთ ბავშვებს  თავად მოიპოვონ თავიანთი „ჯიბის ფული“, ნაკლებად ვავითარებთ მათში შრომის კულტურას! 

სწორედ ამიტომ, ჩვენს სამშობლოში, რომელიც ხელახლა ასაშენებელი და აღსადგენია და შესაბამისად უამრავი სამუშაოა, ჩვენ  ვერ ვამჩნევთ საკეთებელს, შემოსავლიან საქმეს, ვერ ვპოულობთ ჩვენს ადგილს და მივდივართ საცხოვრებლად უცხოეთში და ეს მაშინ, როცა  უამრავი უცხოელი, რომელმაც მიიღო არა რაიმე განსაკუთრებული განათლება, მაგრამ აქვს ბავშვობიდან გამომუშავებული შრომის და ვაჭრობის კულტურა,  ჩამოდის აქ და პოულობს ადგილსაც და შემოსავლიან საქმესაც. ჩვენ სამყაროს ისეთ ადგილზე მოგვიჩინა ჩვენი სამყოფელი უფალმა, რომ უნდა ვისწავლოთ „ვაჭრობა“, ფართო გაგებით „კომერცია“!  ამას კი მათემატიკური აზროვნების უნარი სჭირდება! 

მეორე, რაც უნდა ვისწავლოთ ამ გიგანტური ნაბიჯებით წინ მიმავალ სამყაროში, არის, თანამედროვე ტექნოლოგიები! თანამედროვე ტექნოლოგიებად, ზოგი მხოლოდ პროგრამირებას, საინფორმაციო, მობილურ ან კოსმოსურ ტექნოლოგიებს აღიქვამს! ეს ასე არ არის! 

ჰოლანდიაში ჩემს პარტნიორებთან ვიზიტისას, მე და ჩემი მეუღლე წაგვიყვანეს ერთ მსხვილ ფერმერთან შესახვედრად, რომლიც მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მდიდარი კაცი იყო (მან ჩემთან შეხვედრამდე 2 თვით ადრე Google-ის ევროპის ოფისს მიჰყიდა 9 ჰექტარი მიწა - 11 მილიონ ევროდ და ასეთი მიწა მას, კიდევ 600 ჰექტარი ჰქონდა), ჩემმა მეუღლემ შენიშნა, რომ მას ხელები დაკოჟრილი  ჰქონდა! 

ამ ერთ მსხვილ მაგრამ მაინც ჩვეულებრივ ფერმერს, ყოველწლიურად გამოყავს კარტოფილის, სტაფილოს, ხახვის, ხორბლის და ა.შ. იმდენი ჯიში, რამდენიც მთელ ყოფილ საბჭოთა კავშირის აგრარულ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს, რომლებშიც უამრავი აკადემიკოსი და პროფესორი მოღვაწეობდა, ერთად აღებული! ამისთვის მას არავინ აძლევს არც აკადემიკოსობას და არც პრემიას! მისი პრემია - მისი შემოსავალია! და ამას აკეთებს ჰოლანდიაში არა მხოლოდ ეს შედარებით მსხვილი ფერმერი, არამედ ყველა მსხვილი და წვრილი ფერმერი! 
სწორედ ამის გამო აღემატება, ჰოლანდიელი ფერმერის (ჩვენებურად გლეხის) მიერ ერთ ჰექტარზე მოყვანილი პროდუქციის მოცულობა ყოფილ საბჭოთა კავშირში ერთ ჰექტარზე მოყვანილს 10-ჯერ, 20-ჯერ და ხშირად მეტჯერაც! სწორედ ამიტომ კვებავდა და კვებავს ტერიტორიით საქართველოს ნახევარი და რუსეთის მეასედი ჰოლანდია - ნახევარ რუსეთს! ეს არის შრომის, მათ შორის სელექციის მაღალი კულტურა და მაღალი ტექნოლოგია სოფლის მეურნეობაში! ასეა სხვა დარგებშიც! ჩვენს ახალგაზრდებს შრომის კულტურა უნდა ვასწავლოთ და ამისთვის სკოლა და ოჯახი ერთად უნდა მუშაობდნენ! 

-   რას იტყოდით თქვენს მასწავლებლებზე და დღევანდელი მასწავლებლების როლზე ზოგადად?
-   დღეს ბუნებრივად დგას მასწავლებლის ავტორიტეტის ამაღლების პრობლემა.   მასწავლებელი, სამწუხაროდ, სოციალურად დაბალშემოსავლიან კატეგორიას განეკუთვნება და  ახალი თაობის „ინდიგო ბავშვები“, რომლებიც  ინტერნეტიდან იღებენ უამრავ ინფორმაციას, მაშინვე გრძნობენ ამას და ეს ამცირებს პატივისცემას მასწავლებლის და მისი შრომის მიმართ. როგორც პოლიტიკოსმა და ეკონომისტმა, რომელსაც წარმოდგენა აქვს ქვეყანაში მიმდინარე საბიუჯეტო პროცესებზე უნდა ვთქვა, რომ ჩვენი სახელმწიფოს უდიდესი პრობლემაა, რომ ან ვერ მოახერხა განათლების სისტემის გაუმჯობესებაზე მეტი კონცენტრაცია და ამ მიმართულებით საბიუჯეტო ხარჯების ზრდა, რაც ბევრად პრესტიჟულს გახდიდა მასწავლებლის პროფესიას და აამაღლებდა სწრაფვას განათლების ხარისხის ამაღლებისკენ! ცნობისთვის მინდა გითხრათ, რომ შვეიცარიის პარლამენტში ყოფნისას, იქ სიამაყით მითხრეს, რომ რიგითი მასწავლებლის საშუალო წლიური  ხელფასი დაახლოებით 8 000 შვეიცარული ფრანკით აღემატებოდა შვეიცარიის პარლამენტის დეპუტატისას! თუკი გვინდა ჩვენი ქვეყანა, წარმატებულ ქვეყანათა რიგში ჩადგეს - ეს განათლების სისტემის რეორგანიზაციის და მისთვის საბიუჯეტო ასიგნებების მკვეთრი ზრდის გარეშე, ვერ მოხერხდება! 
       
ჩემი მასწავლებლების შესახებ კი რა უნდა ვთქვა გარდა სასიკეთო სიტყვებისა! მათი დიდი უმრავლესობა იმ დროისთვის უდიდესი პროფესიონალიზმისა და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხიმგებლობის მქონე ადამიანი იყო. მინდა სიამაყით წარმოვთქვა მათი გვარ-სახელები! - ცისანა რატია, გრიანა ჭკადუა, მერი თაკვარელია, გიგლა კვიკვინია, გულნარა კრავჩენკო (დიდხანს სიცოცხლე - ამ შესანიშნავ ადამიანებს!)...

       არეთა ჩოკორაია, თინა შუშანია, ხუტა კვიკვინია, თამარ შენგელია, დურუ კობახიძე, გოგონა კვიკვინია, ვასო ბუკია, ლუკიანე გერგაია, ორესტი გაბრავა, კაკო ზარანდია, ვარლამ პაჭკორია, კოტე ფილიპია, ვალერიან კვიკვინია, ნორა მხეიძე, იონა ლიპარტია (ღმერთმა აცხონოს მათი სულები!)

         მიხარია, რომ ჩვენი სოფლის სკოლის დიდი ტრადიციები გრძელდება და დღესაც წარმატებული პედაგოგების უდიდესი შრომის შედეგად სსიპ ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლა სრულად პასუხობს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში არსებულ მოთხოვნებს. მინდა დიდი სიყვარულით მოვიკითხო ეს პედკოლექტივი, საჭადრაკო კლუბ „ჯახუთის“ წარმატებებით კი გვეხაროს ყველას!

-    დიდი მადლობა, ბატონო ბესიკ, ასეთი ამომწურავი პასუხებისთვის! წარმატებებს გისურვებთ!
-    წარმატებები ჩემს მშობლიურ სკოლას!


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები
სწავლების ყველაზე მარტივი მეთოდები უცხოელი პედაგოგებისგან 

ცვლილებები მასწავლებელთა გამოცდებთან დაკავშირებით - ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა

რისი გაკეთება არ შეიძლება წინასაახალწლოდ - ყველაფერი, რაც 2025 წლის დადგომამდე უნდა გავითვალისწინოთ

2025 წლის მთავარი ფერი ცნობილია - რა ტონებში და როგორი უნდა იყოს სადღესასწაულო ჩაცმულობა

ოჯახში უმცროს შვილზე დაინიშნება 50-დან 450 ლარამდე ყოველთვიური დახმარება - ბიუჯეტი

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ასევე მოსწავლეებმა შეასრულეს ფრანგული სიმღერა კინოფილმიდან „ჩარირამა“ 

კესო, მუსიკალური ფესტივალის - „სხვა საქართველო სად არის“, ლაურეატი გახდა 

მე- 7 კლასის დამრიგებლის ზენფირა ისაევის ხელმძღვანელობით ჩატარდა და მასში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა გამოაცხადა

კვირეული დაუვიწყარი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით აღსავსე იყო 

საინტერესო

რისი გაკეთება არ შეიძლება წინასაახალწლოდ - ყველაფერი, რაც 2025 წლის დადგომამდე უნდა გავითვალისწინოთ

 ზოგან ახალი წლის მოახლოებას დარიჩინის არომატი, ხოლო ზოგან თევზის სუნი გვამცნობს.

როგორ ჩავრთოთ ბავშვები საახალწლო სამზადისში

ითვლება, რომ დამწვარი ფეხსაცმლის უსიამოვნო სუნი საშობაო გობლინებს სახლიდან აძევებს

როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან

სიახლეები
საზოგადოება