სიახლეები
პიროვნება

„ამაყი ვარ - ჩვენი სკოლის უფროსკლასელები თავისუფლად ფლობენ სახელმწიფო ენას“ - სუსანა შოშიაშვილი, თბილისის N96 საჯარო სკოლის დირექტორი
12-03-2021
-
+


15 თებერვლის შემდეგ, საქართველოს მასშტაბით სწავლა საქართველოს ყველა სკოლაში საკლასო ოთახებში განახლდა. თბილისის N96 სკოლა ამ მხრივ გამონაკლისი ნამდვილად არ გახლავთ და დირექტორი, სუსანა შოშიაშვილი etaloni.ge- იმაზე ესაუბრება, როგორ დაბრუნდნენ თითქმის ერთწლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ მშობლიური სკოლის შენობაში, როგორ განახლდა სწავლა და იმასაც გვიმხელს, რა გზა განვლო სკოლის დირექტორობამდე.

სუსანა შოშიაშვილი თითქმის ორი ათეული წელი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლიდა, თუმცა მოგვიანებით, როდესაც რეორგანიზაცია გამოცხადდა, სკოლის დირექტორის კონკურსში მიიღო მონაწილეობა და მას შემდეგ, ამ საქმეს ემსახურება - დიდი სიყვარულითა და მომავალ თაობებზე ყოველდღიური ზრუნვით. თავდაპირველად თბილისის N98 სკოლას ხელმძღვანელობდა, ახლა კი თბილისის N96 სკოლის დირექტორია.

- ქალბატონო სუსანა, უნივერსიტეტში რუსულს ასწავლიდით, როგორ გახდით სკოლის დირექტორი?

- 19 წელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვასწავლიდი რუსულს, ვარ მეცნიერებათა დოქტორი, თუმცა შემდეგ უნივერსიტეტში რეორგანიზაცია გამოცხადდა, 2006-2007 წლები საკმაოდ რთული იყო და მეც მივიღე გადაწყვეტილება, დირექტორობის კონკურსში მიმეღო მონაწილეობა. ლოტოტრონის პრინციპით, მოვხვდი N98 საჯარო სკოლაში... მოგვიანებით, იმჟამინდელი მინისტრის, დიმიტრი შაშკინის გადაწყვეტილებით, სკოლაში გენინსპექცია შემოვიდა და პრობლემები შეიქმნა. თანამდებობა დავტოვე და უკვე 2014 წელს დავუბრუნდი სკოლაში, რადგან საბედნიეროდ გაირკვა, რომ ყველა დარღვევა მხოლოდ ცილისწამება იყო.

- ახლა N96 სკოლის დირექტორი ხართ. გვიამბეთ, პანდემიის გამო, ერთწლიანი პაუზის შემდეგ, როგორ დაუბრუნდით სკოლას და არცთუ მცირეკონტინგენტიანი სკოლის პირობებში, როგორ იცავთ არსებულ რეგულაციებს?

- დიდხანს ველოდით ამ დღეს და რა თქმა უნდა, ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, უზრუნველგვეყო მოსწავლეებისა და მასწავლებლების უსაფრთხოება. დაძაბულები ვიყავით და ახლაც ასეა, რადგან ვაღიაროთ - საფრთხე, რომელიც არსებობს, სახუმარო ნამდვილად არ არის.

რაც შეეხება გაწყობას - ბავშვები დიდი სიხარულით შეხვდნენ ერთმანეთს და ძალისხმევა დაგვჭირდა იმისთვის, დაეცვათ სოციალური დისტანცია. მანამდე კი, პედაგოგებს ვთხოვე, ონლაინ-გაკვეთილების მსვლელობისას, მოსწავლეებისთვისაც, მშობლებისთვისაც გაეცნოთ ის რეგულაციები, რომლის დაცვაც სკოლაში დაბრუნებულებს მოუწევდათ. ამ მხრივ, მიმაჩნია, რომ პედკოლექტივმა კარგად იმუშავა.

ვიცავთ პროტოკოლს, სკოლა აღჭურვილია სანიტაიზერებით, დეზობარიერებითა და სხვა აუცილებელი ინვენტარით... ბავშვები ოთხ ნაკადად შემოდიან, გარდა ამისა, ჩვენს ჭერქვეშაა N86 საჯარო სკოლაც და ესაა მეხუთე ნაკადი... თუმცა ვაღიარებ, ყველაზე რთული მაინც შესვენებაზე დისტანციის დაცვაა.

- თქვენი სკოლა რუსულენოვანია. როგორ მართავთ მრავალეთნიკურ საგანმანათლებლო დაწესებულებას, მით უმეტეს, N86 სკოლასთან ერთ ჭერქვეშ ხართ?

- N86 საჯარო სკოლას თავისი დირექტორი ჰყავს, ქალბატონი ნანა ქაჯაია, არაჩვეულებრივი პიროვნება და ჩვენ ძალიან კარგად გავუგეთ ერთმანეთს... რაც შეეხება მრავალეთნიკურობას, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ ნიადაგზე ჩვენს სკოლაში, პრობლემა არ შექმნილა. რა გითხრათ, თავადაც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ვარ და ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ შესვენებაზე სამ-ოთხ ენაზე საუბარი ისმის. თუმცა ისიც ფაქტია - არა რუსული, არამედ ბილინგვური სკოლაა, გაკვეთილები ტარდება ქართულადაც, რუსულადაც და დიახ, ვამაყობ - ეთნიკურ ნიადაგზე არანაირი პრობლემა არ შექმნილა. სხვათა შორის, პედაგოგიური კოლექტივიც მრავალეთნიკურია.

- რუსულენოვანი პედაგოგების დეფიციტიც არ არსებობს?

- ამ წინააღმდეგობას ნამდვილად წავაწყდი, განსაკუთრებით, დაწყებით კლასებში; თუმცა ახლა საგნის მასწავლებლები შედიან და ეს საკითხიც მოგვარდა. იცით, რატომ ვარ ამაყი ჩემი სკოლით? - მართალია, სწავლების ენა რუსულია, მაგრამ უფროსკლასელები თავისუფლად საუბრობენ სახელმწიფო ენაზე. ნებისმიერი სირთულის ტესტი რომ დაუდოთ, გაართმევენ თავს, იმდენად კარგად ფლობენ ენას.

- როგორ მოახერხეთ, როგორც სკოლის დირექტორმა, სახელმწიფო ენის ცოდნა ასეთ მაღალ დონეზე აგეყვანათ?

- უფროსკლასელები შემთხვევით არ მიხსენებია - პატარები რომ მოდიან, პრაქტიკულად, არ იციან ქართული, თუმცა დროთა განმავლობაში მასწავლებლების ძალისხმევის შედეგად, რა თქმა უნდა, გარემოს გათვალისწინებით, მოსწავლეები სწავლობენ სახელმწიფო ენას და უფრო აქტიურები ხდებიან ამ კუთხით. გარდა ამისა, ქართულის სახელმძღვანელოები გვაქვს.

- და რას ეუბნებით თქვენს მოსწავლეებს - რატომ უნდა იცოდნენ სახელმწიფო ენა, ქალბატონო სუსანა?

- ბავშვებთან საუბარს პირადი მაგალითით ვიწყებ. ვარ ეთნიკურად სომეხი, რუსულენოვანი ადამიანი. 19 წელი ჯავახიშვილში ვასწავლიდი რუსულ ენას, ვარ მეცნიერებათა დოქტორი, თუმცა სკოლის დირექტორი ვერ გავხდებოდი, სახელმწიფო ენა რომ არ მცოდნოდა. მათ იციან, რომ წინსვლა თუ უნდათ, უნდა იცოდნენ იმ სახელმწიფოს ენა, სადაც ცხოვრობენ.

ფილოლოგს, გული მწყდება, რომ სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა არ მაქვს, ჩემს მოსწავლეებს კი ვუხსნი - არ არის აუცილებელი, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ხელოსანი იყოს. სახელმწიფო ჩვენს გვერდითაა, აძლევს სერტიფიკატს, კოლეჯში სწავლის შესაძლებლობას, მაგრამ რატომ არ უნდა გახდეს ექიმი, იურისტი? ეს ყველაფერი კი სახელმწიფო ენის ცოდნის გარეშე წარმოუდგენელია. მიხარია, რომ ჩემგან მსგავსი სიტყვები არ სწყინთ.

- როგორი უნდა იყოს დირექტორი, რომ სკოლა იყოს წარმატებული?

- პირველ რიგში, ბავშვი, საერთოდ, ადამიანი უნდა უყვარდეს - ჰუმანური, თბილი თუმცა, ამავე დროს, მკაცრი. მასწავლებელსაც და მოსწავლესაც უნდა შეუქმნა ისეთი გარემო, არ დაიძაბოს და ამავე დროს, დისციპლინაც აუცილებელია. საყვედურებით კი ვერაფერს გახდები, თუ ხათრი და ურთიერთპატივისცემა არ არსებობს.

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებელთა მათემატიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები  გამოქვეყნდა

ისტორიის გამოცდის სამივე ვარიანტის ტესტები ცნობილია - ნახეთ, რა წერეს აბიტურიენტებმა

ადგილების რაოდენობა და უმაღლესების მოთხოვნა პროგრამაზე ჩასარიცხად

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს კორტოხის საჯარო სკოლის დირექტორი არჩილ პაქსაძე პასუხობს

სკოლები

ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2023-2024 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა

საინტერესო

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

„აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ არ მომბაძონ, არ ინერვიულონ, კარგად გამოიძინონ და ისე გავიდნენ გამოცდაზე“

საკუთარი კალმის, როგორც შეტანა, ასევე გამოტანა შესაძლებელია 

სიახლეები
საზოგადოება