მუხიანის საჯარო სკოლაში „ელექტრონული ინტერაქტიული დაფის“ გამოყენება შესაძლებელი გახდა - დირექტორის წერილი სასკოლო საზოგადოებას
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხიანის საჯარო სკოლის დირექტორი მამუკა ქვაჩაკიძე სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს სასწავლო დაწესებულებაში დანერგილ სიახლესთან დაკავშირებით მიმართავს.დირექტორის ინფორმაციით, სკოლაში 15 მარტიდან „ელექტრონული ინტერაქტიული დაფის“ გამოყენებაა შესაძლებელი, რაც როგორც მამუკა ქვაჩაკიძე ამბობს, საგნის მასწავლებელს აძლევს საშუალებას, გაკვეთილი უკეთ დაგეგმოს და ჩაატაროს.
„მუხიანის საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოებას მინდა გავაცნო ის სიახლე, რასაც სკოლა პედაგოგებსა და მოსწავლეებს 15 მარტიდან სთავაზობს.
მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებმა, რომელიც გამოწვეულია პანდემიით, ყველას ნათლად დაგვანახა, თუ რამდენად საჭიროა, თანამედროვე ტექნოლოგიების ფლობა და გამოყენება საგაკვეთილო პროცესში.
ჩემი სკოლის ყველა პედაგოგის სასახელოდ უნდა ვთქვა, რომ მათ შეძლეს, კარგად გამკლავებოდნენ ამ გამოწვევას, რის გამოც მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს დაუღალავი შრომისთვის და შევთავაზოთ სიახლე, რომელიც მათ მუშაობას კიდე უფრო საინტერესოსა და ეფექტურს გახდის.
ეს არის „ელექტრონული ინტერაქტიული დაფა“, რომელიც საშუალებას აძლევს ყველა საგნის მასწავლებელს, ნაკლები ძალისხმევით, უკეთ დაგეგმოს და ჩაატაროს გაკვეთილი და მისი დრო და ენერგია მიმართოს მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებისკენ.
როგორც პრაქტიკამ გვიჩვენა, ასეთი ტექნოლოგიების საშუალებით, უფრო გაიზარდა მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი საგაკვეთილო პროცესის მიმართ.
აქვე, სკოლის დირექციის სახელით, მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენი სკოლის ისტ-ის მასწავლებელს, ჩვენი სკოლის მეგობარს, ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლის დირექტორს, ვარდენ ნიქაბაძეს დახმარებისა და თანადგომისთვის.
ასე რომ, ახლა ჯერი თქვენზეა, ძვირფასო პედაგოგებო და მოსწავლეებო. მე მჯერა თქვენი. გისურვებთ წარმატებებს“, - აღნიშნულია დირექტორის წერილში.
იხილეთ ფოტოები: