სიახლეები
სკოლები

„მშვიდობით არა, ნახვამდის“ - დისველის საჯარო სკოლის პედაგოგის ნოველა, რომელიც სულს აფორიაქებს
18-03-2021
-
+


Etaloni.ge ბოლნისის მუნიციპალიტეტის, დისველის საჯარო სკოლის პედაგოგი, ნინო დოხტურიშვილის ნოველას წარმოგიდგენთ, რომელიც ადამიანურ სისუსტეზე, სულის სიმტკიცესა და იმაზეა, როგორ შეუძლიათ ადამიანებს, ვითომ უკეთესის სურვილით, გარშემომყოფებს ცხოვრება დაუნგრიონ.

მშვიდობით არა, ნახვამდის!

გარეთ თებერვლის ცივი  ქარი უნებართვოდ გმინავდა ჩემს მარტოსულ სხეულში საშინელი სუსხი გონებას მიყინავდა, მაოცებდა, მაკვირვებდა, დროის რუტინული სვლით. წლის დასაწყისში  ყველაფერი ერთ ფერში იმზირებოდა, წლის ბოლოს კი, ფერთა სიუხვე წარსულით მატყვევებდა. ვცდილობდი, გავქცეოდი ამ გაუაზრებელ გარემოს, მაგრამ საით ამეღო გეზი? ირგვლივ მხოლოდ კედლებით შემოფარგლული სამყარო მიბოჭავდა სულს. თეთრად  გადაპენტილი თოვლი კი მიმძიმებდა განწყობას. მოგონებებს  გამალებით ვებღაუჭებოდი, ისე, თითქოს პატარა ბავშვი ვიყო და ჩემს საყვარელ ნივთს მართმევდნენ, მაკნინებდნენ მტკენდნენ გულს. მიუხედავად ამისა, ხომ  მიისაკუთრა დედაბუნებამ მამაჩემის  სული, მე კი მაცოცხლებელი ჟანგბადის გარეშე დამტოვა. ჩემს ოთახში ზანტად  შევედი, გაუგებარი აზრებით გარემოცული ვიწექი და ჩემთვის ვბორგავდი, ნეტავ დამირეკავდნენ? სადმე წავიდოდე? საქმე გამომიჩნდებოდეს და გულსაც გადავაყოლებდი, მერე  მარტოობასაც ვეღარ ვიგრძნობდი ... სწორედ ამ დროს გაისმა  კარზე კაკუნი, ზლაზვნით ავდექი, მივუახლოვდი და უსიამოვნოდ გავაღე...

- მიხეილ! როგორ ხარ?აქ რამ მოგიყვანა?

- სალამი ელე,  არ შემომიშვებ? თუ ასე, კარის ზღურბლთან უნდა ვიდგეთ?

- უკაცრავად, ცოტა არ იყოს, გამიკვირდა შენი სტუმრობა, ხომ ყველაფერი კარგად არის? მობრძანდი...

მზერით რბილი ავეჯისკენ მივუთითე და მეც შორიახლოს ჩამოვჯექი.

- ელე, პირველ რიგში, მაინტერესებს, როგორ გრძნობ თავს?და ერთი კარგი ამბავიც მოგიტანე ძღვნად...

- მოდი , კარგი ამბით დავიწყოთ, მიხეილ...

- რამდენი ხანია სამუშაოზე არ გამოსულხარ, მამის გარდაცვალების შემდეგ სულ ჩაიქნიე ხელი, შენს მომავალ კარიერაზე. გულწრფელად გითხრა, ვერ გიმეტებ ნიჭიერების ასე, უსაფუძვლოდ აღმოსაფხვრელად. შენი რედაქტორი ვარ და ბევრი სასარგებლო მასალით გაგიოცებივარ, ჰოდა, ახლაც საინტერესო თემატიკით გესტუმრე....

- ასეთ ხოტბა-დიდებას ნუ მასხამ, ვთვლი, რომ გადამეტებულია, ბრძანე, რით შემიძლია დაგეხმარო?

- მოკლედ მოგახსენებ, რომ ჩვენ  ფსიქიკური პრობლემების მქონე ერთ პირთან გვსურს გასაუბრება, უფრო კონკრეტულად, ეს იქნება ინტერვიუ  არშემდგარი ცხოვრების შესახებ. მიუხედავად მისი დღევანდელი მდგომარეობისა,  ქალბატონს ძალიან საინტერესო წარსული  აქვს,  მთავარი მამოძრავებელი ღერძი ის გალავანია, რომელიც თავად შემოიფარგლა, თავდაცვის მიზნით,სწორედ ეს ბარიერი უნდა დავძლიოთ...

- თუ ადამიანი არაპროგნოზირებადი ქმედებით გამოირჩევა,  მე რამდენად დაცული ვიქნები?

- ქალბატონი ადეკვატურია, შეუძლია სწორი ანალიზი და კითხვებზე ორიენტირება, უბრალოდ,  ნაკლებად კონტაქტურია, შეიძლება შენთან მოისურვოს გულის გადაშლა... ოღონდ არ მკითხო, რატომ? ერთგვარი  პროფესიული ინტუიციაა...

ასე დასრულდა ჩვენი საუბარი, ფორმალური თვალსაზრისით, გონებით კი მთელი ღამე იმ ქალბატონზე ვფიქრობდი. რატომ მაინცდამაინც, მე? რა აუხსნელი წინათგრძნობით მოვიდა ჩემთან მიხეილი? თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ შეძლო ჩემი დაინტრიგება, ერთი სული მქონდა, როდის შევასრულებდი დაკისრებულ დავალებას...

დილით ფსიქიატრიული საავადმყოფოს შენობას ზანტად მივუახლოვდი, კედლების უსიცოცხლო ნიშანწყალი მაშინებდა , უფრო და უფრო მიზიდავდა ტკივილნარევ ადამიანთა სამყაროში.

ზანტად მივუახლოვდი მთავარ შესასვლელს,  ფრთხილად გავაღე კარი  და წარვადგინე საკუთარი  თავი - ჟურნალისტი ელენე მესხი. მელოდნენ და უსიტყვოდ მიმაცილეს ცარიელ ოთახთან, სადაც, სავარაუდოდ,  ჩემი და რესპონდენტის შეხვედრა უნდა შემდგარიყო...

ამ ცარიელი, გაყინული კედლების მიღმა, დაუცველად და უსუსურად ვგრძნობდი  თავს. უნებურად გავიფიქრე, მამა რომ ცოცხალი იყოს, აქ არაფრის დიდებით არ გამომიშვებდა, მეტყოდა, რომ საფრთხილოა და ჩემს სიცოცხლეს არანაირ სამსახურს არ შესწირავდა ... მაგრამ ახლა, სრულიად მარტო, ფრთაშესხმული ბარტყივით უმისამართოდ დავფრინავ და ყველა იმ ხის ტოტს ვეჭიდები, რომელიც კი ამ მარტოობისგან მიხსნის... ჩემი  ფიქრების რკალში უნებართვოდ შემოიჭრა  უცნობი ქალბატონის ხმამაღალი პროტესტი, მისი უკმაყოფილო  ხმის ტემბრი ყოველ ნაბიჯს ფონად მოსდევდა, ცხადი იყო, არ სურდა ახალ ნაცნობთან საუბარი.

როგორც კი კარის ზღურბლს გადმოაბიჯა, მაშინვე მესიამოვნა  ლამაზი სახის ხილვა  და მიუხედავად  კატეგორიული  პროტესტისა, მაინც არ მქონდა შიში, რომლიც ხელს ამაღებინებდა უკვე გათვლილ განზრახვაზე...

რესპონდენტი ჩემს პირდაპირ დასვეს: თვალებში კარგა ხანს ვუმზერდით ერთმანეთს.

- ქალბატონო, რატომ მიყურებთ ასეთი დაჟინებით, მიცნობთ?

- თქვენ არ გეშინიათ,„გიჟთან“ რომ მოხვედით?

- მე შეურაცხადი არ მგონიხართ, პირიქით, ვფიქრობ, რომ სასიამოვნოდ წარიმართება ჩვენი ნაცნობობა ...

- ვინ ხარ შენ?! - მკითხა და უფრო ღრმად ჩამხედა თვალებში, თითქოს, ასე სურდა ჩემი ვინაობის გაგება...

ჟურნალისტი ელენე მესხი ვარ, დღეს თქვენი ცხოვრების საინტერესო მოგონებების მოსასმენად ვარ მოსული. ძალიან გთხოვთ, ნუ გამიწბილებთ იმედს, ეს თემა ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანია. მამის გარდაცვალების შემდეგ , სახლიდან გარეთ  არ გამოვსულვარ, ახლა კი თქვენთან შეხვედრით,  იმედის თვალით მიმზერენ, ვფიქრობ, რომ ამ იმედის გაბათილების უფლება, ადამიანური თვალსაზრისით, არ მაქვს....

- მამა დაგეღუპა?

- დიახ, მამაჩემი სოსო მესხი, გულის შეტევით გარდაიცვალა, პედაგოგი გახლდათ, ჩემთვის მისაბაძი და საყვარელი პიროვნება....

- ქალი განწირული თვალებით მიმზერდა, უნებურად მივხვდი, რომ მის ცნობიერებაში რაღაც მოხდა...

- ვიიინ?..

- სოსო მესხი, ქალბატონო, რატომ ტირით? ქალბატონო, რა ხდება?! ნუთუ იცნობთ?!

- ქალი განწირული კიოდა, რატომ? რატომ? - სიმწრით მიმზერდა და მერე ღაწვებს იხოკავდა, რატომ მტანჯავს ასე, უფალი? რისთვის  მარგუნა ამხელა ტკივილი? რით დავიმსახურე, გამაგებინეთ?!

თეთრ ხალათებში გამოწყობილი ექთნები, ელვის სისწრაფით  შემოიჭრნენ  ჩვენს სივრცეში, გაოგნებულნი იყურებოდნენ და ვერ გაეგოთ, რა ხდებოდა ... მწარე განცდებისგან დაცლილი ქალბატონი  ხოხვით გაათრიეს პალატიდან ისე, რომ მისი დარდის მიზეზი ჩემთვის პასუხგაუცემელი დარჩა, მხოლოდ გასვლისას მთავარ ექიმს  ვთხოვე, გაემხილა  უცნობი პიროვნების  ვინაობა, იქნებ ამით მაინც ამომეცნო მისი არაადეკვატური ქმედების არსი.

როგორც აღმოჩნდა, ეს სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონი ირინა ქუქჩიშვილი, წინათ ნიჭიერი ფსიქოლოგი და განათლებული პიროვნება გახლდათ.

- კი მაგრამ რატომ არის ეს ადამიანი აქ, რა მოხდა ასეთი მის ცხოვრებაში?

- როგორც ვიცი,  შვილო, - ასე მომართავდა  შუახნის  ექიმი,  საკმაოდ  ტკბილად მოუბარი ქალბატონი, რომელმაც  გულწრფელად განიცადა  დაგეგმილი შეხვედრის გაუთვალისწინებელი დასასრული და გადაწყვიტა, რაღაცით მაინც ვენუგეშებინე, - ეს პაციენტი წინათ საკმაოდ ცნობილი და  წარმატებული ფსიქოლოგი ყოფილა, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, ერთ საინტერესო ადამიანს დაუკავშირა ცხოვრება, მათი გრძნობა ორმხრივი იყო... ისინი ერთმანეთზე უზომოდ იყვნენ შეყვარებულები, მაგრამ მამაკაცის მშობლები კატეგორიული წინააღმდეგები  იყვნენ; თვლიდნენ, რომ გოგონა  არ იყო სარფიანი საცოლე  მათი ვაჟიშვილისთვის, ამიტომ გავლენიანი ნაცნობების დახმარებით, ფსიქიატრიულ კლინიკაში გამოკეტეს. წლების განმავლობაში, აქ მყოფ მედპერსონალს დაკისრებული მოვალეობისთვის და ერთგვარი საზრუნავისთვის, საკმაოდ დიდ გასამრჯელოს  უხდიდნენ, თუმცა ქალმა ვერ გაუძლო სულიერ ტანჯვას და გონებიდან წახდა. ის დღენიადაგ  ითხოვდა  ქმარ-შვილთან დაბრუნებას, მთელი ღამე ტირილსა და მოთქმაში ატარებდა, ამიტომ იძულებულები გავხდით, დამამშვიდებელი მედიკამენტებით მოგვეხდინა მასზე ზეგავლენა. გამუდმებით ტელეფონზე კომუნიკაციას ითხოვდა, სარგებლობდა უკაბელო აპარატით, რომლის მეშვეობითაც, დიდი სიყვარულით კითხულობდა ქმარ-შვილს, ესიყვარულებოდა, ეფერებოდა მონატრებულ ოჯახს, ჰპირდებოდა, რომ აუცილებლად, დაბრუნდებოდა სახლში... აი, ასეთი ცოდვის ბუდეა ჩვენი სამყარო - უმზერ ამდენ უბედურეს და გული გტკივა.
-კი, მაგრამ, ქმრისა და მისი მშბოლების სახელები არ იცით?

- ჩემმა წინამორბედმა ექიმმა იცოდა, მაგრამ უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა და ეს საიდუმლოც სამარეში წაიყოლა, ისე, რომ სიტყვაც არ წამოსცდენია. თუმცა როდესაც გამოდიოდა და ტელეფონზე საუბრობდა, რა თქმა უნდა, წარმოსახვითი კომუნიკაციის მეშვეობით, სოსოს და ელენეს ახსენებდა.

- რა ბრძანეთ?

- სოსო და ელენე, შვილო, ასე ამბობდა...

სუნთქვა შემეკვრა, ეს უბრალო დამთხვევაა თუ...?!

გველნაკბენივით წამოვენთე სკამიდან და გამოვედი გარეთ ისე, რომ მადლიერებაც კი არ გამომიხატავს ამ ქალბატონისადმი... მხოლოდ ცივმა ნიავმა დაიწყო ჩემს სხეულში ჟრიუანტელივით გმინვა. მწარედ იკლაკნებოდა, დაუნდობლად  თრგუნავდა მთელ ჩემს სამყაროს... რაღაც ხდება და მე არ ვიცი! უმისამართოთ დატრიალებულ კითხვებს, ნირწამხდარივით ვიმეორებდი  და ვერ გამეგო, საით ამეღო გეზი...

ასე, შეუცნობლად მივადექი, საკუთარი სახლის კარს, შევედი თუ არა, ოჯახის ძველ ბიბლიოთეკას მივადექი, მთელი ცხოვრება აქ ჰქონდა გატარებული, მისი  სულიერი საზრდო იყო . დავიწყე ყველა წიგნის სათითაოდ დათვალიერება, სადაც სამართალი და წარსულის ლანდები მეგულებოდა.

ყველა წიგნი, ყველა კუთხე-კუნჭული საგულდაგულოდ დავთვალიერე, მაგრამ არაფერი... მაშინ ვიფიქრე, რომ ეს უბრალოდ დამთხვევა იყო. გულდამშვიდებული ჩამოვჯექი საკმზე  და უნებურად შიმშილი ვიგრძენი. ზანტი მოძრაობით, განჯინიდან ჭიქა გადმოვდგი, დავისხი ჩაი  იქვე მამას საფულეც დავლანდე,  გულდასმით დავათვლიერე, შინაგანი გამოძახილი მაინც ძიებისკენ მიბიძგებდა, თუმცა  სიახლე ვერ აღმოვაჩინე, ერთის გარდა, რაც  მთელი ცხოვრება გაკვირვების საგანს წარმოადგენდა - რატომ უნდა ჰქონოდა  ასეთ წარმოსადეგ ადამიანს, ნირდაკარგული საფულე. მახსოვს, სრულიად გულწრფელი გამომეტყველებით, როგორ   მითხრა, რომ დავიღუპები ეს საფულე ჩამაყოლე, მინდა, სულ თან მქონდესო, ეს ამბავი მხოლოდ მე ვიცოდი, მაგრამ მისი გარდაცვალება იმდენად დიდი ტკივილი იყო, დაკრძალვის დღეს არც კი გამხსენებია ანდერძად დანატოვარი სიტყვები. გულდაწყვეტით დავდე თავის ადგილას. რა საოცარი დამთხვევაა, ნივთი, რომელიც მისთვის ძვირფასი იყო, ახლა ჩემთვის გახდა საყვარელი და სათნო, კიდევ ერთხელ ავიღე, ჩავიხუტე, ისე, როგორც თვეების უკან მამას ვეალერსებოდი და სწორედ მაშინ შევნიშნე,  გაცრეცილი ძველი, ქართული შრიფტით დატანილი წარწერა და მოუთმენლად ამოვიკითხე: ჩემს საყვარელ მეუღლეს, ირინასგან...

რამოდენიმე წუთით გახევებული დავცქეროდი ნანახს, რაც ჩემს თავს ხდებოდა, წარმოუდგენლად მეჩვენებოდა, სასწრაფოდ მოვიძიე, დაბადების მოწმობაში ჩაწერილი,  მშობელი დედის სახელი და გვარი, რომელიც არ იყო იდენტური არსებული რეალობისა. ნუთუ იმდენი გაბედეს, რომ მშობლის სახელი შეცვალეს? კი, მაგრამ, რატომ?!  მეც მთელი ცხოვრება ტყუილში მაცხოვრეს, დღემდე მაგ რწმენით ვიყავი, რომ დედა უნკურნებელი სენით დამეღუპა და  სრულიად პატარას დედის ანარეკლის აღქმაც ვერ მოვასწარი.

მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს, ველოდი, როდის ირიჟრაჟებდა, რომ სრული სიმართლე ირინასგან გამეგო. უკვე ასე მივმართავდი სრულიად უცნობს, მონატრებული  სითბოთი და სიყვარულით. ესეც ერთგვარი შინაგანი გამოძახილი იყო.

უმალ გავიქეცი იმავე ფსიქიატრიულ კლინიკაში... უნებართვოდ შევიჭერი ექიმის კაბინეტში, გულმოსული, ცრემლიანი თვალებით, ვთხოვდი ქალბატონთან დაუგეგმავ შეხვედრას...

ექიმი გულდასმით მისმენდა და მერე ორივე ხელი მხრებზე წამავლო, მშვიდად დამსვა სკამზე, სწორედ ისე,  როგორც მშობლები ექცევიან აღელვებულ შვილებს, სევდანარევი ხმის ტემბრით მაუწყა: ელენე! ირინა გუშინ ღამით გარდაიცვალა, ყველაზე მშვიდი და უწყინარი სკივდილით, დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა, დატოვა წერილი, რომელზეც მითითიებულია შენი სახელი,  არ ვიცი, რატომ, მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ დაბრუნდებოდი კლინიკაში, ახლა მე გავალ და შენ მშვიდად წაიკითხე....

ჯერ ერთის გააზრება ვერ მოვასწარი, რომ მეორეც დაემატა. ხელის კანკალით გავშალე წერილი და დავიწყე კითხვა:

ჩემო ძვირფასო! არ გამწირა ღმერთმა, არ დამტოვა მოგონებების ამარა, შენ თავად მოხვედი ჩემთან -  ნარნარა, თვალბაჟუჟუნა ელენე, როგორი მოწიწებით გელამუნებოდი, გეხუტებოდი, გიკოცნიდი  ლამაზ სახეს.  ჩემო სიცოცხლე...  მკერდიდან მომგლიჯეს შენი თავი  და ისე განგიმარტეს, თითქოს, მარადიულ სამფლობელოში განვისვენებდი... არადა, აქ ვიყავი, ცხოველივით გამომწყვდეული.  ვეხვეწებოდი, ვემუდარებოდი ექიმებს, ერთ წუთით მაინც  დამელანდე  შორიდან, მაგრამ, არა! მკაცრად იყვნენ  გაფრთხილებულები, თავისუფლად ამოსუნთქვის საშუალებასაც არ მაძლევდნენ. ახლა, როდესაც შენი პირით გავიგე, ჩემი ერთადერთი სიყვარულის გარდაცვალების შესახებ, უკვე არა დამრჩენია რა, მოვიდა დრო, თეთრი  ზეწარით  დაიბინდოს დარდისგან  გამოფიტული სხეული. მე წავალ იქ ,სადაც უფრო ბენიერად ვიგრძნობ თავს, რამდენი წელი ველოდი მასთან შეხვედრას და აი, ამისრულდა ოცნება. შენ კი გახსოვდეს, რომ უდიდესი სიყვარულის ნაყოფი ხარ. მხოლოდ ერთზე მწყდება გული, ვერ მოვახერხე  ჩახუტება, მონატრების  გაზიარება. დიდი სიყვარულით მიიღე ეს წერილი, შენი უბედური დედისაგან. გახსოვდეს, ჩემი ლოცვა, მარადიული სიხარულისა და ბედნიერების გზამკვლევი იქნება!

აღარ მახსოვს, რამდენჯერ წავიკითხე ეს წერილი. ყველა გაკვირვებით უმზერდა, ჩემს ნიაღვარივით მოთქრიალე ცრემლებს და სიტყვებს, რომლსაც გაბმული ფრაზებით ვამბობდი დედა...დედა...


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ყველა ტესტი საგნების მიხედვით - დეტალები

მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები - 2024

დოკუმენტი სარეკომენდაციო ხასიათისაა და მიზნად ისახავს ბაღებისთვის ინფორმაციის მიწოდებას იმ ვალდებულებებზე, რასაც პროცესების მართვის კომპონენტი აკისრებს მათ

ფიზიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი ცნობილია - დეტალები

მასწავლებლების საყურადღებოდ - ბოლო საგნის გამოცდის ტესტები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

კვლევაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და დირექცია

მოსწავლეებმა შეისწავლეს სამხედრო დისციპლინები - ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია

საინტერესო

„მე არასდროს მიფიქრია საჯარო სკოლაში გადასვლაზე, დიდი და წარმატებული ოჯახის წევრი ვარ და ეს ძალიან მახარებს“

ესპანეთში, ბავშვები  დაახლოებით 10-12 კვირა ისვენებენ, სკოლები ივნისის დასასრულს ასრულებენ სასწავლო პროცესს 

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

სიახლეები
საზოგადოება