„მასწავლებლის ხელფასი გახდეს მინიმუმ 3000 ლარი!“ - რისი შეცვლა სურთ პედაგოგებს კარიერული წინსვლის სქემაში
23-03-2021
დაკოპირებულია
-
+
ბოლო პერიოდში პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა მასწავლებლების განსჯის საკითხია და არც უკმაყოფილებას მალავენ იმის გამო, სავალდებულო აქტივობები, ლამისაა შეუსრულებელ მისიად რომ ექცათ. სწორედ ამან განაპირობა, მასწავლებლის სახლი გარკვეულ დათმობებზე წასულიყო და ამის შესახებ უკვე ვწერდით; კონკრეტულად რა შეიცვლება და როგორ, ამას მალე ახალი რეგულირების წესით შევიტყობთ, მანამდე კი სხვა საკითხზე გვსურს ყურადღების გამახვილება - რისი შეცვლა სურთ პედაგოგებს კარიერული წინსვლის სქემაში - პოსტს, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა ასობით კომენტარი აქვს და Etaloni.ge რამდნიმე მათგანს უცვლელად გთავაზობთ, რა თქმა უნდა - ანონიმურობის დაცვით:
გაუქმდეს 1,4 და 7 კრედიტი, ის აუფასურებს ცოდნას! აქტივობები განისაზღვროს სტატუსის ცვლილებისათვის და არა შენარჩუნებისათვის.
10 კრედიტზე ვისაც აქვს საგანი ჩაბარებული, სკოლაში აქვს 5 წელი და მეტი ნამუშევარი, ავტომატურად მიენიჭოს „მენტორის“ სტატუსი. სკოლაში დამწყებ მასწავლებელს, რომელსაც საგანში აქვს 10 კრედიტი, მიენიჭოს ავტომატურად „უფროსის“ სტატუსი და 5-წლიანი სტაჟის შემდეგ, ავტომატურად გახდეს „მენტორი“. ვინც უკვე არის მენტორი, მიუხედავად საგნის გამოცდის ქულებისა, შეუნარჩუნდეს მენტორის სტატუსი. წამყვანის სტატუსის მქონეც გახდეს ავტომატურად მენტორი. თუ მასწავლებელი არის დოქტორი და საგანში აქვს 10 კრედიტი, მიუხედავად სტაჟისა, მიენიჭოს ავტომატურად მენტორის სტატუსი. 1, 4 და 7 კრედიტზე ჩაბარებული საგნის პრაქტიკოს მოქმედ მასწავლებლებს ავტომატურად მიენიჭოთ უფროსი მასწავლებლის სტატუსი გამონაკლისის სახით. საგნის გამოცდის გარდა, გაუქმდეს ყველანაირი გამოცდა. სკოლებს მიეცეთ ავტონომია. „მასწავლებლის სახლი“ დაკავდეს მხოლოდ ტრენინგების ორგანიზებით, სკოლის დირექტორის მოთხოვნის საფუძველზე. კლასში მოსწავლეთა რაოდენობა არ იყოს 15-ზე მეტი. მასწავლებლის ხელფასი გახდეს მინიმუმ 3000 ლარი ხელზე ასაღები, რათა მასწავლებელი აღარ რეპეტიტორობდეს. მასწავლებელს ნდობა გამოუცხადოს ყველამ.
30 წელია სკოლაში ვარ და სულ ვცდილობდი ბავშვები დამოუკიდებლობისთვის მიმეჩვია, მოტივაცია ჰქონოდათ და ისე ემუშავათ. ვაღწევდი კიდეც, ახლა კი მეუბნებიან კომპლექსური დავალების შესრულებაში მშობლებიც უნდა დაეხმაროო. გთხოვთ, დამარწმუნეთ, რომ ეს შედეგს გამოიღებს და ის ბავშვები არ დაიჩაგრებიან, ვისი დედიკოებიც მაგარ პრეზენტაციას (როგორიც ერთ-ერთ ტრენინგზე წარმოადგინა მასწავლებელმა და თავს იწონებდა ქოუჩთან ერთად მშობელი დაეხმარაო) გაუკეთებენ შვილებს.
გავაუქმებდი მასწავლებლების 4 კატეგორიას და დავტოვებდი მხოლოდ 2-ს: გამოცდაჩაბარებულს და ჩაუბარებელს. ხელფასს მივცემდი განსხვავებულს: ჩაბარებულს - მენტორისას, ჩაუბარებელს - წამყვანისას (ან უფროსისას). გამოცდის გარდა, არაფერი აყენებს თანაბარ პირობებში მასწავლებლებს (და აფასებს მიუკერძოებლად). დამატებით სამუშაო დრო მოსწავლეებს ნამდვილად სჭირდებათ და უნდა გამოვნახოთ ამისთვის ოპტიმალური ვარიანტი.
მასწავლებლის განაკვეთი განისაზღვროს 15 საათით. არადა 20 და 24 საათი როგორ უნდა ჩაატაროს ადამიანმა? ვერ ჩაატარებს, მიაფუჩეჩებს. მინდა, კომპლექსურს შევეხო - ბევრი ტრენინგი მოვისმინე, მაგრამ ვერაფრით ვერ მივხვდი, რა არის ეს? დავალება ისედაც კომპლექსური არ არის?! ამას წინათ დავალება მთლიანად მოხსენით, ახლა კი ამხელა ნახტომი? გინდ ვებინარი დაარქვით და გინდ - ტრენინგი, ძალიან ბევრია ეს ტრენინგი თუ ვებინარი. ყველას უძნელდება ამის გაგება-გააზრება და მოსწავლეებს, მით უმეტეს; მე მგონი, ეს კომპლექსური ზედმეტია. ახალი ფორმა საჭირო არ იყო, ძალიან უკმაყოფილოა ყველა - მოსწავლე, მშობელი, მასწავლებელი. ამდენი ტრენინგით თუ ვერ იგებს მასწავლებელი, რა ვქნათ? უნდა დავამთავროთ თავიდან უმაღლესი სასწავლებელი. გულახდილად მინდა გითხრათ, უნარების გამოცდა რომ ჩავაბარე, ამდენი მაშინ არ მიწვალია. ვერაფრით ვერ ვხვდები, რას მოუტანს ეს მოსწავლეებს. ეს სწორედ ის არის, რასაც „შიშველ“ მეფეს ეძახიან.
საკითხი სხვანაირად უნდა დადგეს: ვინმე X 10 ქულიანმა, რომელიც არაფერს აკეთებდა და ისე მდორედ გაატარა წლები წინსვლისთვის, ვინმე X 1, 4, 7-ქულიანმა იშრომა და წინ წაიწია. ამას აპტოტესტებენ თუ თქვან სქემა შეიცვალოს. ერთ წელს რომ ერთია, მეორე წელს არათანაბარ პირობებში ნუ ჩამაყენებ და სიტყვაზე, წინა წელს კოლეგა რომ გახდა წამყვანი, მეც იგივე მომთხოვე. ნუ იცვლება ვიღაცის სიზმარივით პირობები.
სქემა არ მოგწონთ თუ კოლეგის წარმატების გშურთ? იცით, რა მაინტერესებს - 10-ქულიან მასწავლებლებს, იმ 1, 4, 7-ქულიანმა შეუშალა ხელი წინსვლაში? ამ ხალხმა უკან დასწია? სქემას რომ შეცვლა უნდა - ფაქტია, მაგრამ როგორც 10-ქულიანმა გაიარა გარედაკვირვება, სავალდებულო კრედიტების დაგროვება, კვლევის დაწერა, ისე 4, 7-ქულიანებმა.
ხომ არა და არ დასრულდა 1-კრედიტიანების ძახილი. 1 კრედიტის სანაცვლოდ, არავის მოურთმევია სტატუსი, სტატუსამდე, ტრენინგების, დავალებებისა და გეგმების წერაში, რესურსების შექმნაში უამრავი ღამე დაგვთენებია. 2. ბევრი ვიცი, ვინც პირველ წლებშივე ჩააბარა გამოცდები და უფროსი გახდა, მაგრამ წამყვანობისთვის მათაც კრედიტები აგროვეს. ჩემს კატეგორიას კი შემდეგი საფეხურისთვის 2 გამოცდა უწევს. არის ეს თანაბარი სიტუაცია? (ამის დაწერაც 1-კრედიტინის დაუსრულებელმა ძახილმა გადამაწყვეტინა).
მასწავლებელი თუ ხარ, საგანი 10 ქულაზე უნდა ჩააბარო - ჩვენ არც შური გვალაპარაკებს და არც ბოღმა. თქვენ ცუდად მსჯელობთ, მაგრამ 1-კრედიტიანები რომ გახდნენ უფროსი მასწავლებლები და10-10-ქულიანები რატომ არ უნდა გახდნენ წამყვანები? აი ეს არის პრობლემა. ჩვენ დასჯილები ვართ - გამოცდაც უნდა ჩავაბაროთ და ამდენი აქტივობაც, ჩვენ უფრო გაგვირთულეს სქემა. შეგრძნება მაქვს, თითქოს ამით დანაშაული ჩავიდინე და ამიტომ გვსჯიან; ამ არათანაბარი სტატუსებით სულ დამეკარგა მოტივაცია. აი, ამაშია საქმე - 1-კრედიტიანი უნდა განსხვავდებოდეს 10-კრედიტიანისგან.
მეტი ავტონომია სკოლებს და საგნობრივი ტრენინგები, ოღონდ არახშირი. გადაიღალა ყველა.
მასწავლებლის შემოწმების მექანიზმი დასაფიქრებელია... წარსულის არასწორი მიდგომები არ უნდა გავიმეოროთ. საბჭოური ინსპექტორების ინსტიტუტი მიუღებელია ჩემთვის - მოულოდნელად გაკვეთილებზე დასწრება... არც წინასწარ დაგეგმილი მომზადებული გაკვეთილის მომხრე ვარ... ეს ფაქიზი და საფრთხილო საქმეა... ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში არ გადავიდეთ - სიფრთხილეა საჭირო... მონიტორინგი აუცილებელია, მაგრამ რაღაც თანამედროვე, ცივილიზებული, არადამთრგუნველი ფორმაა საჭირო ამისთვის და არა ძველებური სადამსჯელო ელემენტების შემცველი გარემიქსებული ვარიანტი. ერთსაც დავამატებ - მასწავლებლის შემოქმდეების მთავარი კრიტერიუმი უნდა იყოს შედეგი, მოსწავლეთა შედეგები.
ჩემი აზრით, მასწავლებლის გამოცდა, მოსწავლეთა გამოცდების შედეგებით უნდა შეფასდეს.