სიახლეები
სიახლეები

ნოემბერ-დეკემბერში საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლები გადამზადდებიან
21-11-2017
-
+


„ათასწლეულის გამოწვევის ფონდ - საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტმა, რომელსაც სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს, ქიმიის პედაგოგებისთვის ტრენინგი „სასკოლო ლაბორატორიის გამოყენება ქიმიის სწავლებაში“ ჩაატარა.

აღნიშნული მოდულის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს „ათასწლეულის გამოწვევის ფონდ - საქართველოს“ პროექტის ფარგლებში რეაბილიტირებული 21 საჯარო სკოლის მე-7-მე-12 კლასების საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლები, რომლებმაც უკვე გაიარეს ტრენინგმოდული „უსაფრთხოება სასკოლო საბუნებისმეტყველო ლაბორატორიაში.“ პროექტის მხარდაჭერით აღნიშნულ სკოლებში გარემონტდა სასკოლო საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები და შეძენილ იქნა შესაბამისი ლაბორატორიული აღჭურვილობა. ფონდი 100-მდე საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს.

ტრენინგები სამ რეაბილიტირებულ სკოლაში ჩატარდა: ქ. გორის N5 საჯარო სკოლა, გორის N9 საჯარო სკოლა და ქ. ხაშურის N9 საჯარო სკოლა. საქართველოს მასშტაბით ნოემბერ-დეკემბერში საბუნებისმეტყველო საგნების 88 მასწავლებელი გადამზადდება.

ლაბორატორიების სასწავლო რესურსად გამოყენების ხელშეწყობისთვის შემუშავდა სამი ტრენინგმოდული სასკოლო საბუნებისმეტყველო ლაბორატორიების გამოყენების შესახებ ქიმიის, ფიზიის და ბიოლოგიის საგნების სწავლებაში. ტრენინგმოდულების შემუშავებაზე მუშაობდნენ პროექტის სერტიფიცირებული მოდულის დამწერები, პროექტის საბუნებისმეტყველო საგნების სპეციალისტთა ხელმძღვანელობით და ამერიკის შეერთებული შტატების ლაბორატორიული უსაფრთხოების ინსტიტუტის წარმომადგენელთან თანამშრომლობით. ტრენინგმოდულების სახელწოდებაა:

* სასკოლო ლაბორატორიის გამოყენება ფიზიკის სწავლებაში;

* სასკოლო ლაბორატორიის გამოყენება ქიმიის სწავლებაში;

* სასკოლო ლაბორატორიის გამოყენება ბიოლოგიის სწავლებაში;

მოდულის შინაარსი ხელს შეუწყობს სხვადასხვა ხელსაწყოს ეფექტიანად გამოყენებისათვის საჭირო უნარების გავარჯიშებას. გარდა ამისა, მოდულები საშუალებას იძლევა ტრენინგის მონაწილეები დაეუფლონ ექსპერიმენტებით სწავლების მეთოდიკას, პრაქტიკულად შეასრულონ რიგი ექსპერიმენტები, შეაგროვონ და გააანალიზონ მონაცემები.

მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის მენეჯერის ირინა აბულაძის თქმით, საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები საჭირო რესურსია სკოლებისთვის და მათი აქტიური გამოყენება სასწავლო პროცესში ეფექტიანი სწავლების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. 

„საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიდგომა კვლევაზე დაფუძნებული სწავლებაა. პროექტის ფარგლებში შექმნილი ტრენინგმოდულები, რომლებიც სასკოლო ლაბორატორიების სწავლა-სწავლების პროცესში აქტიურ გამოყენებას ემსახურება, საბუნებისმეტყველო საგნებში კვლევითი კომპონენტის გაძლიერებისა და მოსწავლეთა ინტერესის გაზრდისკენაა მიმართული,“ - განაცხადა ირინა აბულაძემ.

როგორც აღვნიშნეთ, საგნის სწავლებაში სასკოლო ლაბორატორიების გამოყენების ტრენინგმოდულის შექმნას წინ უძღოდა ასევე პროექტის ფარგლებში 2016 წელს შექმნილი ტრენინგმოდული „უსაფრთხოება სასკოლო საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებში.“ მოდულის მიზანს საბუნებისმეტყველო ლაბორატორიების უსაფრთხო გამოყენებაში მასწავლებელთა გადამზადება წარმოადგენდა, რაც ლაბორატორიაში წარმატებით და ეფექტიანად მუშაობის აუცილებელი წინაპირობაა, მით უფრო, რომ ლაბორატორიაში სწავლების პროცესში ჩართულნი არიან მოსწავლეები. 2016-2017 წლებში ტრენინგმოდული „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ იმ დროისთვის რეაბილიტირებული ყველა საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო მეცნიერების მასწავლებელმა გაიარა.

”ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ პროექტს აფინანსებს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია და ახორციელებს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია IREX- ის ექსპერტული მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

სკოლის დირექტორებთან მასწავლებლის სახლმა შეხვედრა ჩაატარა

სკოლების შერჩევის 5 კრიტერიუმი ცნობილია - განაცხადის წარდგენის ვადა იწურება

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება