მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
როგორ აფასებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ ინიციატივას და ონლაინ სწავლებას, რას ფიქრობს ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვაზე, რას ურჩევდა აბიტურიენტებს - აღნიშნულ და სხვა საკითხებზე etaloni.ge ქობულეთის მუნიციპალიტეტის, გვარას საჯარო სკოლის დირექტორის, ნოდარ გოგმაჩაძის მოსაზრებას გთავაზობთ:
- როგორ აფასებთ ინიციატივას ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა უნივერსიტეტში ჩარიცხვისას ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გათვალისწინებული იყოს: სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან თუ კლასგარეშე მუშაობა?
- მივესალმები ამ ინიციატივას, კარგი იდეაა, მაგრამ ვფიქრობ, ეს ჩვენი ქვეყნისთვის ჯერ ძალიან ადრეა. რადგან ჩვენი მშობლები, საზოგადოება არ არის მზად იმისთვის, რომ შეიგნონ და გაიგონ თავიანთი შვილების შესაძლებლობები. ამას აკეთებს ბევრად განვითარებული ქვეყნები, არა მარტო ეკონომიკურად, არამედ სხვა გაგებითაც. თუ ბავშვს სწავლა არ შეუძლია, მშობელი უნდა მიხვდეს, სხვა რამ შეასწავლოს პროფესიული. ჩვენთან ჯერ ისევ არის სტერეოტიპი - თუ უმაღლესი არ დაამთავრა ბავშვმა, სხვანაირად უნდა იქნას აღქმული საზოგადოების მიერ. ვფიქრობ, ამ ცნობიერების ამაღლებას რამდენიმე წელი დასჭირდება.
- რას ურჩევდით აბიტურიენტებს? რას მიაქციონ ყურადღება მომავალი პროფესიის არჩევისას და როგორ გამოიყენონ გამოცდებამდე დარჩენილი პერიოდი უფრო ნაყოფიერად?
- პირველ ყოვლისა, აბიტურიენტებს ვურჩევდი, ყველა სასკოლო საგანი ისწავლონ საშუალოზე უკეთ, რადგან დღეს წარმოუდგენელია, ადამიანი იყოს ინჟინერი და არ იცოდეს გეოგრაფია. წარმოუდგენელია, ადამიანი იყოს მასწავლებელი და არ იცოდეს, რა არის პოლიტიკა; არ ვამბობ, რომ პოლიტიკაში იყოს ჩაფლული, მაგრამ უნდა იცოდეს რა არის პოლიტიკა. ნებისმიერმა ექიმმა, რომელიც თავის საქმეს აკეთებს, უნდა იცოდეს, რა ხდება მსოფლიოში. აბიტურიენტებმა გამოცდებამდე უნდა იმუშაონ საკუთარ თავზე, რათა დარწმუნებულნი იყნენ თავიანთ ცოდნაში. არ ვამბობ, რომ უმაღლესი განათლების გარეშე ცხოვრება არ შეიძლება, მაგრამ როცა ამ საქმეს შეეჭიდები, უნდა იყო მისი ღირსი; უნდა შეგეძლოს ბრძოლა მომავლისთვის - ახლის ძიება და ძველის გამოყენება. ამისთვის საჭიროა კიდევ და კიდევ სწავლა! წიგნიერი განათლება არის უკონკურენტო და აუცილებელი. თუ ხარ მათემატიკოსი უნდა იცოდე მათემატიკა ბრწყინვალედ.
- რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობა და რამდენად უნდა იყოს გათვალისწინებული საზოგადოების აზრი საექსპერტო კომისიების მიერ?
- თუ ვიტყვით, რომ საზოგადოება ნაკლებად არის გათვითცნობიერებული ამ საკითხში, არ არის აუცილებელი ამ პროცესში ჩართულობა. არ ვამბობ, რომ არ არის აუცილებელი, იმ საკითხების სწავლა, რაც დღეს სახელმძღვანელოებშია, მაგრამ დაკავშირებული უნდა იყოს ეროვნულობასთან. არ შეიძლება, ეროვნულობა ჩვენ უკუვაგდოთ. ქართული სტუმარ-მასპინძლობიდან დავიწყოთ ბავშვის სწავლება. არ იქნება გამართლებული, ეროვნულობა დავივიწყოთ და ევროპულობა გადმოვიღოთ სულ.
ყველა მშობელს ვურჩევდი, სახელმძღვანელოების არჩევაში ჩაერევიან, წინა პლანზე ეროვნულობა დააყენონ! საქართველო იმხელა კულტურის მატარებელია, რომელიც ბევრ ერს არ გააჩნია.
- როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას? რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას აღნიშნულ პროცესში.
- ძალიან დიდი ხანია ვმუშაობ სკოლაში, 45 წელია ვასწავლი, 35 წელია სკოლის დირექტორი ვარ, მიმაჩნია, რომ ელექტრონული ჟურნალის დანერგვა ეს არის ნორმალური სიტუაცია დღევანდელ ცხოვრებასთან შესაბამისობაში. ასაკოვან მასწავლებლებს ცოტა გვიჭირს ტექნოლოგიებთან ურთიერთობა, თუმცა არ ნიშნავს, რომ არ დავნერგოთ. ბავშვებმა იციან ძალიან კარგად კომპიუტერი. ვფიქრობ, დროულია დავიწყოთ სიახლეების დანერგვა. ელექტრონული ჟურნალი ბევრი რაღაცით გამოგვათავისუფლებს ზედმეტი მუშაობისგან და იქნება ბევრად ობიექტური ვიდრე ჩვეულებრივი ჟურნალი. ყველანაირად ვემხრობი.
- რას ეტყოდით და როგორ გაამხნევებდით კოლეგა-დირექტორებს, ვისაც ამ რთულ ეპიდპირობებში გიწევთ სკოლის მართვა და მუდმივი ზრუნვა ონლაინ თუ დასწრებითი გამართული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად ?
- დირექტორებს ვურჩევდი, ერთი წუთითაც არ დაიხიონ უკან! ჩვენი მიზანი და პირდაპირი მოვალეობაა მომავალი თაობის აღზრდა. მომავალი თაობა ნიშნავს საქართველოსთვის ბრძოლას ამ რთულ სიტუაციაში, რასაც ახლა ვაწყდებით, მუშაობა უნდა გავაორმაგოთ. უნდა აღვზარდოთ ისეთი თაობა, ჩვენი საქმე მათ გააგრძელონ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ელექტრონული ჟურნალი გათიშულია - 8 იანვარს შეტანილი მონაცემები არ აისახება
მნიშვნელოვანი ინფორმაცია მასწავლებლებისთვის! - თუ ჟურნალში მოსწავლეთა მონაცემები ჯერ არ მოგიწესრიგებიათ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლა „ორნატი“ მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს