მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
როდესაც ცოდნის ტაძარში საკმაოდ ახალგაზრდამ, მათემატიკის მასწავლებლად შეაბიჯა ვერ წარმოიდგენდა, მალევე ხელმძღვანელ თანამდებობაზე თუ დაინიშნებოდა - ეს ამბიცია არასოდეს მქონიაო, - გაუმხილა Etaloni.ge-ს და იქვე ისიც გვითხრა, ეს პროფესია იმიტომ აირჩია, საბჭოთა ჯარისთვის თავი აერიდებინა, მაგრამ როგორც კი პირველივე გაკვეთილი ჩაატარა, მიხვდა, რომ სწორი არჩევანი გააკეთა და სკოლა მისი ნაწილი იყო. როდესაც თბილისის N103 საჯარო სკოლის დირექტორობა გადაწყვიტა და სამეურვეო საბჭოს წინაშე წარდგა, პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებდა, მოსწავლეებს სხვადასხვა წრეზე სიარულისა და განვითარების საშუალება ექნებოდათ. დღეს კი, სკოლაში არაერთი წრე ფუნქციონირებს და 400-მდე ბავშვს აქვს საშუალება, სხვადასხვა მიმართულებით განვითარდეს.
Etaloni.ge თბილისი N103 საჯარო სკოლის დირექტორს, არჩილ ჩხაიძეს წარმოგიდგენთ, რომელიც გვესაუბრება, როგორ დაძლია მოსწავლე-მასწავლებლებთან ერთად კოვიდპანდემიის გამო შექმნილი გამოწვევები და იმასაც გვიმხელს, როგორი უნდა იყოს დირექტორი, რომ სკოლამ წარმატებას მიაღწიოს.
- ბატონო არჩილ, საუბარი იმით დავიწყოთ, რა რეალობის წინაშეც პანდემიამ საგანმანათლებლო სისტემა დააყენა. დახურული სკოლები, დისტანციური სწავლება, ჰიბრიდული მოდელი... არ არის მარტივი, ფეხი აუწყო ფორსმაჟორს და იქნებ მითხრათ, რა კეთდება თქვენს სკოლაში იმისთვის, ბავშვების სწავლის უფლება არ შეიზღუდოს?
- პირველ ყოვლისა, უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი სკოლა აბსოლუტურად მზად არის სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში წარმართვისთვის - გვაქვს სადეზინფექციო ხსნარები, სანიტაიზერები, ტარდება თერმოსკრინინგი... თუმცა შექმნილმა ვითარებამ ნათლად დაგვანახა, რომ სკოლასა და სასკოლო გარემოს ალტერნატივა არ გააჩნია - მხოლოდ ასე შეძლებენ მოსწავლეები, მიიღონ სრულყოფილი განათლება.
რაც შეეხება გამოწვევებს, მეტ-ნაკლებად გავართვით თავი; მთავარია, მოსწავლეები მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები საგაკვეთილო პროცესში; იყო ხელშემშლელი ფაქტორები, განსაკუთრებით პირველ ეტაპზე - შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა არ ჰქონდა ყველა ოჯახს, მასწავლებელთა კვალიფიკაციაც, ჩართვასთან დაკავშირებით, შედარებით დაბალი იყო, მაგრამ დღეისთვის მდგომარეობა საგრძნობლად არის გამოსწორებული.
- გასაგებია, რომ დისტანციური სწავლების გარდა, სხვა გზა არ იყო, მაგრამ შედეგებზე რას მეტყვით?
- რა რეალობის წინაშეც დავდექით, ჩემი შეფასება ასეთია - სკოლაში სწავლას ალტერნატივა არ გააჩნია! დისტანციური სწავლება არის უარესს შორის უკეთესი, მაგრამ არა - საუკეთესო გამოსავალი.
- 4-დან 11 მაისის ჩათვლით ისევ გამოცხადდა არდადეგები. ასრულებთ ეროვნულ სასწავლო გეგმას, ბატონო არჩილ?
- ცოტა დაჩქარებულ რეჟიმში მოგვიწევს მუშაობა - ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნები უნდა შესრულდეს.
- როგორია სკოლის მართვა პანდემიის პირობებში? დარწმუნებული ვარ, როდესაც სკოლაში შეაბიჯეთ, ვერ წარმოიდგენდით, რომ ასეთ რთულ დროში მოგიწევდათ სკოლის ხელმძღვანელობა.
- ...ტრადიციული მართვის მეთოდიდან, არატრადიციულზე გადავედით. წარმოიდგინეთ, მოსწავლე-მასწავლებლები სკოლაში არ არიან, დირექტორმა კი პროცესები უნდა მართოს.
ბუნებრივია, გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, თუმცა აზარტიც სწორედ ესაა და ჩვენ, პედაგოგებს, ეს თვისებები უფრო განვითარებული გვაქვს - როდესაც სკოლა დგება სიახლეებისა და გამოწვევების წინაშე, გვეზრდება მოტივაცია, თავი გავართვათ მათ. რთულია, მაგრამ პროფესიული მიდგომის შემთხვევაში, შეუძლებელი არაფერია. სკოლის ადმინისტრაციაც წარმატებით მართავს სკოლასა და სასწავლო პროცესს.
- და როგორი უნდა იყოს დირექტორი, სკოლა წარმატებული გახდეს. მხოლოდ კარგი მენეჯერობა საკმარისია?
- დირექტორიც უნდა იყოს წარმატებული, პროფესიონალი და უყვარდეს თავისი საქმე; პედაგოგის პროფესია არ არის მარტივი, მაგრამ ბავშვებთან გვაქვს ურთიერთობა და ვიცით, რომ დღევანდელი ბავშვი ხვალინდელი ქვეყნის მოქალაქეა - ეს დამოკიდებულება კი შეუძლებელს შეგაძლებინებს. მხოლოდ მენეჯერობა სკოლის მართვისთვის არ არის საკმარისი - სკოლის დირექტორი უნდა იყოს კარგი ფსიქოლოგი, პედაგოგი - სულითა და მოწოდებით, სხვა შემთხვევაში, რთულია სკოლის მართვა. ბავშვების სიყვარული თუ ძვალსა და რბილში არ აქვს დირექტორს გამჯდარი, იმ ეფექტს ვერ მიაღწევს, რასაც სკოლის განვითარება ჰქვია.
- ახლა სოცმუშაკები ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში. რას მისცემს ეს სკოლას?
- სოცმუშაკები ადრე რომ ყოფილიყვნენ ჩართულები და ეს თანამშრომლობა ადრევე დაწყებულიყო, უკეთესი იქნებოდა. მთავარია, სწორად ავუხსნათ საზოგადოებას, რა დადებითი შედეგები მოჰყვება ამ მჭიდრო თანამშრომლობას. მიზანი ხომ ერთია - უკეთესი სწავლის შესაძლებლობა მიეცეს ბავშვებს. სკოლის ცხოვრებაში ყველა იმ სამსახურის ჩართვა, რომელსაც გამოცდილება აქვს და შეუძლია, სრულფასოვანი დახმარება გაუწიოს მოსწავლეებს, ძალიან კარგია.
- ცოტა თქვენზეც მიამბეთ, რატომ და როდის აირჩიეთ პროფესია?
- თითქმის 4 ათეული წელია, რაც სკოლის დირექტორად დავინიშნე. პროფესიით პედაგოგი, მათემატიკოსი ვარ, თუმცა 1982 წლიდან სკოლის დირექტორი გახლავართ და ეს მეშვიდე სკოლაა, რომლესაც ვხელმძღვანელობ.
- 1982 წლიდან ხართ სკოლის დირექტორი, მითხარით. სკოლის დირექტორი იყავით მაშინაც, როდესაც საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა აგორდა. იმ პერიოდში მოსწავლეები გაკვეთილებიდან იპარებოდნენ, რათა მიტინგზე მისულიყვნენ. ამ პროცესებს როგორ აკონტროლებდით, თუ თქვენც მათთან ერთად იდექით თავისუფლების მოედანზე?
- მიმაჩნია, რომ მოსწავლე უნდა იყოს სკოლაში. ზოგადად, სკოლა აპოლიტიკური დაწესებულებაა, რომლის მთავარი დანიშნულებაა, ხარისხიანი განათლება მისცეს მოსწავლეს. ჩვენ ვახერხებდით, მიტინგზე გასვლის ნაცვლად, სასკოლო გარემოში ჩაგვეტარებინა გაკვეთილები - შეძლებისდაგვარად ვუხსნიდით ბავშვებს, რომ სკოლაში უნდა დარჩენილიყვნენ. თუმცა ეს არანაირად არ ნიშნავდა, რომ ნაკლებად გვიყვარდა ჩვენი ქვეყანა, არ ვიყავით ამ სიახლეების მომხრე და ვეწინააღმდეგებოდით პროცესებს.
- მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, თქვენს ხელშიც ბევრმა თაობამ გაიარა... თქვენს თვალწინ ხდებოდა მათი ტრანსფორმაცია, შეხედულებების ცვლა...
- დაახლოებით 2500 მოსწავლე... გულახდილად გეტყვით - ახლა ჩვეულებრივ მოვლენად მიმაჩნია ის, რაც ადრე წარმოუდგენელი იყო, თუნდაც ყმაწვილი გრძელი ან გოგონა - შეღებილი თმით. ადრე სკოლაში ეს რომ დაეფიქსირებინა ვინმეს, ადმინისტრაციის სუსტი მუშაობის შედეგად ჩათვლიდნენ... ახლა კი ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავთ.
- გამოდის, თანამედროვე მოსწავლეებმა თქვენც შეგიცვალეს შეხედულებები.
- რა თქმა უნდა... მაშინ სკოლაში N1 ფიგურა იყო მასწავლებელი, რომელიც ახალგაზრდებს ასწავლიდა; ახლა კი მოსწავლე წამოვიდა წინა პლანზე. მთავრი ის კი არ არის, მასწავლებელს რა შეაქვს გაკვეთილზე, არამედ, მოსწავლე რას გაიტანს გაკვეთილიდან. როდესაც მასწავლებელი ამ მიდგომითაა გაჯერებული, სასწავლო პროცესს გაცილებით მეტი შედეგი აქვს
- როგორც მასწავლებელი, ეგუებით, დღეს რომ პირველ ადგილზე მოსწავლეა?
- მიმაჩნია, პირველი ბავშვი უნდა იყოს! მათ ყოველთვის ვეუბნებით - ჩვენ კი არ გასწავლით, არამედ გეხმარებით, უკეთ ისწავლოთ. ადრე დირექტორი მკაცრი უნდა ყოფილიყო, გაუცინარი... მაშინვე ამ სტერეოტიპების წინააღმდეგი ვიყავი. ვფიქრობ, თანამდებობის მიუხედავად, ყველაფერი უნდა ჯდებოდეს ადამიანური ურთიერთობის ნორმებში. ისე კი, არასოდეს მიოცნებია დირექტორობაზე. სკოლაში მუშაობა იმიტომ გადავწყვიტე, რომ პედაგოგს საბჭოთა ჯარში არ წამიყვანდნენ, მაგრამ როდესაც კლასში გაკვეთილი ჩავატარე, საოცარი ტრანსფორმაცია მოხდა ჩემში. მალევე დირექტორად დავინიშნე - მაშინ 26 წლის ვიყავი.
- გარდა იმისა, რომ ამ ასაკში სკოლის დირექტორობა წარმოუდგენელი იყო, მითხარით, როგორ „იმორჩილებდით “ უფროსკლასელებს, რომლებიც იმ პერიოდი თქვენზე მხოლოდ 8-9 წლით უმცროსები იყვნენ?
- კანონში ეწერა, რომ თანამდებობაზე ვერ დაინიშნებოდი სამწლიანი პედაგოგიური გამოცდილების გარეშე, თუმცა ჩემ შემთვევაში სხვაგვარად მოხდა... რაც შეეხება უფროსკლასელებს - ურთიერთობაში არასოდეს მქონია პრობლემა, ოღონდ ეს არ მომხდარა იმის ხარჯზე, მიმეშვა თავის ნებაზე და ასე მომეპოვებინა მათი კეთილგანწყობა. ვცდილობდი, სიტუაციიდან გამომდინარე, მკაცრიც ვყოფილიყავი და ჰუმანურიც. ბავშვის ინტერესი და სურვილი ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო.
ასე დასრულდა საინტერესო საუბარი თბილისის N103 საჯარო სკოლის დირექტორთან. Etaloni.ge კი არჩილ ჩხაიძის ციფრებში გამოხატულ ბიოგრაფიასა და მიღწევებს გაგაცნობთ:
მიღწევები
ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სკოლაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება და მისი პოპულარიზაციაა:
ჩემი სკოლის მოსწავლეს N182-ე სკოლიდან, როგორც საქართველოს მოსწავლეებს შორის გამარჯვებულს, შესაძლებლობა ჰქონდა FLEX-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ერთი სასწავლო წლით ესწავლა ა.შ.შ.-ში
ახლახან კი ჩვენი სკოლის მოდებატეთა გუნდმა გაიმარჯვა დედაქალაქის სკოლებს შორის სამოქალაქო განათლების პროგრამის - „მომავლის თაობის“ ფარგლებში ჩატარებულ დებატების ტურნირში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლა „ორნატი“ მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს