ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ მოსწავლეებმა დედამიწის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს
26-04-2021
დაკოპირებულია
-
+
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ქუთაისის ფილიალში დედამიწის დღე მეხუთე კლასის მოსწავლეებმა მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს.
5ა კლასის მოსწავლეებმა დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გარემოს დაცვის თემაზე პროექტი განახორციელეს, რომლის შემაჯამებელი ღონისძიებაც დღეს გაიმართა.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დედამიწის, მისი ფლორისა და ფაუნის, ასევე ზოგადად ეკოლოგიის პრობლემებზე ისაუბრეს.
მოსწავლეებმა აუდიტორიას გლობალურ პრობლემებთან ერთად, საქართველოს მასშტაბით არსებული ეკოლოგიური გამოწვევებიც გააცნეს.
ისაუბრეს წითელ წიგნში შესული სახეობების, როგორც მცენარეების, ისე ცხოველების შესახებ.
კონკრეტულად განიხილეს კოლხური ბზის პრობლემები და მისი დაცვა-გავრცელების სტრატეგიები, მეთოდები.
პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე მოსწავლეებთან ერთად, მასწავლებელმა მცირე ვორკშოპიც ჩაატარა ბზის საშინაო პირობებში გამრავლებაზე - დაკალმებაზე.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა საინფორმაციო ბროშურებიც დაამზადეს, რომელიც თანატოლებსა და მშობლებს დაურიგეს. შემაჯამებელ ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო 5ა კლასის მოსწავლის, მიშო რუხაიას მიერ შესრულებული ბუნების პეიზაჟი, რომელიც ღონისძიების დასასრულს სკოლის აღმასრულებელ დირექტორს, ნათია კილაძეს საჩუქრად გადასცა.
პროექტი სკოლა პროგრესში დანერგილი PBL სწავლების მეთოდოლოგიით განხორციელდა, რომელსაც ბუნების მასწავლებელი, ნინო ტორაძე ხელმძღვანელობდა.