„როგორ გავხადოთ „ვეფხისტყაოსნის“ სწავლა-სწავლების პროცესი სახალისო“ - ობუჯის თემის N1სკოლაში პროექტ-გაკვეთილი ჩატარდა
04-05-2021
დაკოპირებულია
-
+
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლაში მასწავლებელმა ნინო მიქავამ ჩაატარა პროექტ-გაკვეთილი თემაზე: „როგორ გავხადოთ „ვეფხისტყაოსნის“ სწავლა-სწავლების პროცესი სახალისო“.
გაკვეთილის მიმდინარეობისას მე-10 კლასისა და მე-11 კლასის ჯგუფები შეიქნა. მათ უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით გაუნაწილდათ სამუშაოც. მეთერთმეტეკლასელთა გუნდს მასწავლებელი მარინე ფიფია ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეები სრულიად ახალი ამოცანის წინაშე დადგნენ, რაც არსებითად განსხვავდებოდა ტრადიციული გაკვეთილისგან. ორივე ჯგუფს სხვადასხვა სირთულის კითხვებზე უნდა გაეცა პასუხი. მოსწავლეებს დაევალათ დაესაბუთებინათ თავიანთი პასუხების სისწორე, შეევსოთ კროსვორდი, ეპოვნათ პერსონაჟთა სამშობლო რუკაზე, შეესაბამებინათ აფორიზმები პოემის გმირთათვის, ეპასუხათ ბლიც-შეკითხვებზე და წარმოედგინათ თავიანთი შექმნილი რესურსები.
პროექტის სასწავლო მიზნები შემდეგნაირად განისაზღვრა:
1. ცოდნის შეძენა-გაღრმავება; 2. საინფორმაციო სივრცეში ორიენტაციისა და დამოუკიდებელი სწავლის უნარის განვითარება; ანალიტიკური, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარების ჩამოყალიბება; 3. ინფორმაციის მოძიების, დახარისხების ჩვევების გამომუშავება; 4. თანამშრომლობითი, საკომუნიკაციო უნარების განვითარება; 5. სასწავლო რესურსების შექმნა.
შეჯიბრმა საინტერესოდ ჩაიარა და მასში ყველა მონაწილე აქტიურად იყო ჩართული. ჯგუფებმა „ვეფხისტყაოსნის“ ღრმა ცოდნა და მსჯელობა-დასაბუთების კარგი უნარი გამოავლინეს.
„ამ პროექტმა შეძლო მოსწავლეთა დაინტერესება და ცოდნათა ურთიერთდაკავშირება ანუ მათი კომპლექსურად გამოყენება. რაც მთავარია, მოსწავლე გახდა სასწავლო პროცესის სუბიექტი,“ - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.