„სკოლა ადამიანს თავისუფალ აზროვნებას უნდა უყალიბებდეს“ - მაია ისიანი, ჯავშანიანის საჯარო სკოლის დირექტორი
რა არის წარმატებისთვის აუცილებელი, რა სჭირდება მომავალ თაობას, რას ახსენებს ხშირად საკუთარ თავს - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯავშანიანის საჯარო სკოლის დირექტორის, მაია ისიანის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:- სკოლა არის...
-ადგილი ,სადაც ადამიანმა სხვებთან და საკუთარ თავთან ურთიერთობა უნდა ისწავლოს. სკოლა პიროვნების ჩამოყალიბებისთვის არის გადამწყვეტი - ის ადამიანს თავისუფალ აზროვნებას უნდა უყალიბებდეს.
- ცოდნა გვანიჭებს...
- სიტყვა „განათლება“ გულისხმობს ცოდნის სასიკეთოდ გამოყენებას, აღზრდასა და სულიერებას.
- მომავალ თაობას სჭირდება...- მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება - უსაფრთხო და თავისუფალი გარემო, სადაც მოზარდი გამოავლენს თავის შემოქმედებითობის მაქსიმუმს და მოემზადება საერთაშორისო საგანმანთლებლო სივრცეში ინტეგრაციისათვის.
- როდესაც მოსწავლე ვიყავი...
- მართალია, მე და ჩემი კლასელები 90-იანების ბავშვები ვიყავით, მაგრამ საკმაოდ პროგრესულად ვაზროვნებდით და დიდხანს მიკვირდა კიდეც, როგორ ვახერხებდით ამას. მერე მივხვდი - სულ ვკითხულობდით და ამიტომ. მეამბოხეები ვიყავით და ჩვენს თავისუფალ აზროვნებას მასწავლებლები არ ზღუდავდნენ. მყავდა რამდენიმე არაჩვეულებრივი მასწავლებელი და ვფიქრობ, ეს პროფესია რომ შემიყვარდა და ავირჩიე, სწორედ მათი დამსახურებაა. როცა ჩემი მეხსიერების სიღრმეებს ვათვალიერებ, ფსკერზე მასწავლებლობაზე ოცნებას ვპოულობ – შეიძლება გასაოცარია ან დაუჯერებელი, მაგრამ ჩემი დღევანდელობა რეალობად ქცეული ბავშვობის დროინდელი სურვილებია და ახლა ამის გაცნობიერება არის უაღრესად სასიამოვნო.
- დირექტორობა მეხმარება...
- ვიყო კოლეგიალური პედაგოგების მიმართ, ვიზრუნო მათ პროფესიულ ზრდაზე. სწავლების პროცესში მე ის ვისწავლე, თუ როგორ უნდა ვასწავლო; გავაცნობიერე, რომ ღმერთმა „ჩვენ, კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა”. აუცილებელია ყოველი მოსწავლის მიღება და მოსმენა, განურჩევლად შეხედულებისა, შესაძლებლობებისა, რელიგიური აღმსარებლობისა და ა.შ.
ვისწავლე თითოეული ადამიანის პატივისცემა, ინდივიდუალური მიდგომა. კიდევ ბევრი რამ ვისწავლე და მივხვდი მთავარს – არ არსებობს მოსწავლე, რომელსაც ვერ დააინტერესებ. მასწავლებელს აქვს უზარმაზარი ძალა, უკეთესობისკენ (და, სამწუხაროდ, უარესობისკენაც) შეცვალოს გარემო, სკოლა, ქალაქი, სოფელი, სამყარო. მთავარია, მან გააცნობიეროს თავისი წილი პასუხისმგებლობა.
- საკუთარ თავს ხშირად ვახსენებ...
- შინაგანი მოტივაციის არსებობას. მუდმივი სწრაფვა სიახლეებისაკენ უმნიშვნელოვანესი მგონია, წარმატებას კი მოსწავლეებისა და საქმის სიყვარული, შრომისმოყვარეობა, მონდომება განაპირობებს. უნდა გჯეროდეს საკუთარი თავის და ვამაყობ იმით, რომ პირველ რიგში მასწავლეველი ვარ.
- წარმატებისთვის აუცილებელია...
დიდი სურვილი, მიზანდასახულობა და ბევრი შრომა.