კალის საჯარო სკოლაში შიდასასკოლო ინტელექტუალური ჩემპიონატი ჩატარდა
18-05-2021
დაკოპირებულია
-
+
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლაში ისტორიასა და გეოგრაფიაში შიდა სასკოლო ინტელექტუალური ჩემპიონატი ჩატარდა.
ღონისძიების მიზანი მოსწავლეებში ისტორიისა და გეოგრაფიის შესწავლისადმი ინტერესის ამაღლება, ისტორიულ ფაქტებსა და მოვლენებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენა, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების განმტკიცება, თანამშრომლობის, სხვისი აზრის მოსმენისა და პატივისცემის, წესების დაცვის გზით თვითრეალიზაციის, სასწავლო საგნებს შორის კავშირების აგების უნარების განმტკიცება და კომპლექსური განვითარების ხელშეწყობა იყო.
ინტელექტუალური ჩემპიონატის კითხვები ლოგიკურ აზროვნებაზე იყო გათვლილი. ვირტუალურმა დახმარებებმა, რომლებიც პროგრამულად იყო ჩადებული სლაიდებში, უფრო საინტერესო და სახალისო გახადა თამაში.
სკოლის ინფორმაციით, ვინაიდან სკოლა მცირეკონტიგენტიანია და ყოველთვის ვერ ხერხდება ჯგუფური მუშაობის მეთოდის გამოყენება კლასებში, ასეთი ღონისძიება ხდება ერთ-ერთი ალტერნატიული საშუალება სოციალური უნარების ფორმირება-დახვეწისათვის.
ჯგუფები დაკომპლექტდა შერეულად, სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის მოსწავლეებისაგან, თუმცა დაცული იყო ბალანსი მათი შესაძლებლობების გათვალისწინებით. ჟიურიმ, რომელიც მასწავლებლებისგან შედგა, გამარჯვებულები სამ ნომინაციაში გამოავლინა: „საუკეთესო გუნდი", „საუკეთესო მოთამაშე" და „საუკეთესო კაპიტანი".
ნომინანტები დაჯილდოვდნენ სიმბოლური საჩუქრებით, ხოლო ღონისძიების ყველა მონაწილეს გადაეცა სიგელი თამაშში აქტიური მონაწილეობისათვის.
ჩემპიონატს დახმარება სკოლის დირექციამ გაუწია, როგორც ორგანიზაციულად, ისე სხვა საჭირო რესურსებითაც.
ღონისძიების ავტორი და წამყვანი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლის ისტორიის, გეოგრაფიის და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი გიორგი ტერუნაშვილი იყო.