„მადლობა, რომ ბევრჯერ გვასახელეთ“- დაბა წაღვერის საჯარო სკოლის დირექტორი მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს
18-05-2021
დაკოპირებულია
-
+
„მადლობა იმისთვის, რომ ბევრჯერ გვასახელეთ და გაგვხადეთ უფრო ძლიერები“ - ამ სიტყვებით ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერის საჯარო სკოლის დირექტორი, ირინა ხელისუფალი მე-12 კლასის მოსწავლეებს სკოლის დამთავრებას ულოცავს.
„ჩვენო ძვირფასო მეთორმეტეკლასელებო!
თქვენთვის ყველაზე ამაღელვებელი წამი დგება ცხოვრებაში-თქვენ ამთავრებთ სკოლას! ეს არის ემოციებით სავსე დღე, როდესაც ყველამ კარგად უნდა გაიაზროს,რომ თქვენი მომავალი ცხოვრება და მოღვაწეობა სკოლაში მიღებულ საბაზისო ცოდნაზეა დამყარებული და დამოკიდებული - რა ნაყოფსაც აქედან გაიტანთ, იმ მოსავალს მიიღებთ სტუდენტური ცხოვრების წიაღში.ყოველთვის იყავით გამორჩეულად მონდომებულები ცოდნის მიღებისას. გისურვებთ წარმატებულ სტუდენტობას და ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თქვენ ჩვენი ქვეყნის სრულფასოვან მოქალაქეებად სწორედ, რომ ჩვენთან - სკოლაში ყალიბდებოდით და ახლაც გრძელდება ეს გზა, უბრალოდ უფრო ფართოდ და სტუდენტური შესაძლებლობებით.
ყოველი თქვენგანი იტყვის გულში: რა მომცა დღევანდელმა სკოლამ? საზრისიანობა, კრიტიკული აზროვნებისა და ტრანსფერის უნარი, შემოქმედებითი არეალის გაფართოვება და ეს ყოველივე აგური აგურზე იგებოდა თორმეტი წელი. მადლობა იმისთვის, რომ ბევრჯერ გვასახელეთ, გაგვხადეთ ამაყნი, უფრო ძლიერები ჩვენს პროფესიაში. საგნების შესწავლა გაძლევთ ცოდნას, განათლება კი დაგეხმარებათ, გაიგოთ მეტი, განავითაროთ ახალი უნარები, რომლებიც მოგცემენ საშუალებას მიაღწიოთ სასურველ წარმატებას!
გილოცავთ, კიდევ ერთხელ სკოლის დამთავრებას და გახსოვდეთ, სკოლა - თქვენი განათლების პირველი აკვანია!