„წინ ფართო, საინტერესო ასპარეზი გაქვთ გადაშლილი“ - ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლის დირექცია მე-12 კლასის მოსწავლეებს სკოლის დამთავრებას ულოცავს
20-05-2021
დაკოპირებულია
-
+
„გვჯერა, წინაპართა ღირსეულ ტრადიციებზე აღზრდილი თაობა საფუძველს ჩაუყრის ნათელ მომავალს“ - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლის დირექცია მე-12 კლასის მოსწავლეებს სკოლის დამთავრებას ამაღელვებელი სიტყვებით ულოცავს.
„ძვირფასო კურსდამთავრებულებო! დასრულდა თქვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპი ბავშვობა.
დასრულდა ოცნებების ფერადი სამყარო. სკოლის წლებში ჩვენი მთავარი მოთხოვნა იყო - შეიყვარეთ ის მეცნიერება, რომლისადმი გრძნობთ მოწოდებას, განავითარეთ ის ნიჭი,რომელიც ბუნებას თქვენთვის მოუცია, დაადექით იმ გზას,რომლისადმი გრძნობთ მოწოდებას, ოღონდ ეს ყველაფერი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს ემსახურებოდეს.
ჩვენ შევაასრულეთ სკოლის უპირველესი მისია - ადამიანში ადამიანის აღზრდა.
წინ ფართო, საინტერესო ასპარეზი გაქვთ გადაშლილი. ზოგი უმაღლეს სასწავლებელს მიაშურებს, სკოლაში მიღებულ ცოდნაზე ახალს დააშენებს, ზოგი პროფესიულ სასწავლებელში გააგრძელებს სწავლას, მთავარია სწორ გზას დაადგეთ. მთავარია, ადგილი დაიმკვიდროთ საზოგადოებაში.
სულიერ საგზლად გაიყოლეთ რამდენიმე შეგონება - „თასი მოწმე ადამიანისათვის საკუთარი სინდისია“; „ყველაზე დიდი გამარჯვება საკუთარ თავზე გამარჯვებაა“, „ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში“.
რთულ და საინტერესო ეპოქაში ვცხოვრობთ. გვჯერა, წინაპართა ღირსეულ ტრადიციებზე აღზრდილი თაობა საფუძველს ჩაუყრის ნათელ მომავალს და საჭიროების შემთხვევაში ზურაბივით ჩაეშენებით წინაპართა სულის აგურებისაგან ნაგებ ტაძარს, რასაც საქართველო ჰქვია“, - ვკითხულობთ ტექსტში.