სიახლეები
პიროვნება

„მინდა, არა მხოლოდ ვალდებულება, არამედ სიამოვნებაც იყოს N23 საჯარო სკოლაში სწავლა“ - დირექტორი მაგდა ბარამაძე
21-05-2021
-
+


წლების წინ, როდესაც მისთვის სკოლის ბოლო ზარი დაირეკა, სამედიცინო სფეროს კარი გაიღო და ასეც დარჩებოდა, რომ არა ერთი გარემოება: მოგვიანებით, უკვე მომავალ ექიმს, პედაგოგმა დედამ სკოლაში ღონისძიების ორგანიზება-მოწყობაში დახმარება სთხოვა და ამის შემდეგ, კონტრაქტით დასაქმდა სკოლაში.... ეს იყო და ეს - როგორც მსახიობები სცენის მტვრით, მაგდა ბარამაძე სასკოლო ცხოვრებით ისე „მოიწამლა“, იქაურობის დატოვება აღარც კი უცდია. ვერ გეტყვით, მისი გადაწყვეტილების შედეგად რა დაკარგა სრულიად სამედიცინო სფერომ, ერთი კი ფაქტია - დღეს მაგდა ბარამაძე ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის N23 საჯარო სკოლის დირექტორია; არის განათლების ადმინისტრირების მართვის მაგისტრი; პროფესიონალი ტრენერი; განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტი, ზოგადი განათლების მიმართულებით; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ტრენერი... ეს ქალბატონი მაგდას არასრული, საკმაოდ შთამბეჭდავი ბექგრაუნდია, მაგრამ სკოლის ხელმძღვანელი არ ჩერდება, მუდმივად ზრუნავს პროფესიულ ზრდაზე, სკოლის წარმატებაზე, თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპად მიაჩნია, ყველაფერთან ერთად, გოგონა სკაუტების ასოციაციის მთავარი კომისარი რომ იყო. Etaloni.ge-სთან საუბარი კი მეთორმეტეკლასელების გაცილებით დაიწყო - თუ როგორია დირექტორის თვალით დანახული ეს დღე და რა გრძნობაა, როდესაც საკუთარი ფრთის ქვეშ გამოზრდილ, უკვე სრულწლოვან, მაგრამ შენთვის მაინც ბავშვებს ცხოვრების ახალ ეტაპზე აცილებ.

- წელს, მე-14-ედ გავაცილე მოსწავლეები და შეუძლებელია, არ ვთქვა - ეს დღე არასოდესაა ჩვეულებრივი, პირადად ჩემთვის; არასოდესაა ერთფეროვანი და რაც უნდა ბანალურად ჟღერდეს, მაინც ყველაზე დიდი დღეა! დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები გამოსაშვებ ღონისძიებას, თან არ უნდა ჩაერიო დიდი დოზით, თან არაფერი უნდა გამოგრჩეს... ოქროს შუალედის დაცვა მნიშვნელოვანია და ყველაზე მეტად ვნერვიულობ ბოლო ზარის ღონისძიების ორგანიზებისას; რთულია, გაუმკლავდე ემოციებს და იმასაც, რაც ბოლო ზარს მოსდევს - ცარიელ სკოლას, სკოლას მეთორმეტეკლასელების გარეშე. ის ერთი თვე ნამდვილად მკვდარია სკოლა მათ გარეშე.

- თუმცა, ქალბატონო მაგდა, ბოლო ზარამდე იყო დაუგეგმავი არდადეგები და კითხვა - რამდენად მოესწრებოდა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამის შესრულება. თქვენ როგორ ასწრებთ ამ ყველაფერს, დროში ხომ არ იჭედებით?

- არა, რადგან ეროვნული სასწავლო გეგმა, მოქმედი რედაქციით, გვაძლევს მეტ თავისუფლებას; სკოლა მუშაობს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად შექმნილი სასწავლო სასკოლო გეგმის საფუძველზე. ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას აქვს საშუალება, შესაძლებლობების ფარგლებში, მოარგოს სასკოლო სასწავლო გეგმას თავისი მიმართულებები; ცალსახა რეკომენდაცია და მიდგომა - მაინცდამაინც 6 შემაჯამებელი უნდა გვქონდეს - არ არის; გვაქვს საშუალება, მოდიფიცირების შედეგად, სასწავლო პროცესი მოვარგოთ ჩვენი სკოლის შესაძლებლობებს... თუმცა, აქ არის ერთი „მაგრამ“ - სკოლა აუცილებლად უნდა გადიოდეს იმ შედეგზე, რომელსაც მიზნად ისახავს ეროვნული სასწავლო გეგმა. ასე რომ, ტრაგედიას ვერ ვხედავ იმ ორკვირიანი არდადეგების გამო; პრიორიტეტები უნდა დავალაგოთ ისე, რომ შევუნაჩუნოთ ჩვენს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ჯანმრთელობა; ძალიან მნიშვნელოვანია სწავლა, მაგრამ უფრო მნშვნელოვანია ადამიანის სიცოცხლე.

- როგორ მოახერხეთ, წარმატებით დაგეძლიათ ის გამოწვევები, რომლის წინაშეც პანდემიამ უკლებლივ ყველა სკოლა და მასწავლებელი დააყენა?

- ცალსახად არ შემიძლია ვთქვა  - წარმატებული ვარ თუ წარუმატებელი, თუმცა ვფიქრობ, რომ წარმატების ფორმულა არის გუნდურობასა და თანამშრომლობაში; თუ საზოგადოება მიიჩნევს, რომ N23 სკოლა წარმატებულია, ესაა გუნდურობის დამსახურება.

იყო ბევრი გამოწვევა დისტანციურ სწავლებაზე გადასვლისას და შესაძლოა, რაღაცები უკეთ გამოგვივიდა; ამის თქმის საფუძველს მაძლევს შიდასასკოლო კვლევები, რომლებიც ჩავატარეთ, წლის ბოლოს კი შედეგებს შევაჯერებთ - სად გვქონდა წარმატება, ხარვეზები თუ ჩავარდნები.. ეს კი კარგად გააზრებული სამოქმედო გეგმის შედეგია - ჩამოყალიბდა 3 მხარდამჭერი ჯგუფი: 1. ტექნიკური მხარდაჭერის ჯგუფი, რომელსაც ნებისმიერი ტექნიკური პრობლემის მოგვარება ევალებოდა; 2. კურიკულუმის შემუშავებისა და დანერგვის მხარდაჭერის ჯგუფი - რომელიც ქმნიდა ელექტრონული რესურსების ბაზას, რომელთა გამოყენებაც გაკვეთილზე იყო შესაძლებელი; 3. მონიტორინგისა და შეფასების ჯგუფი - დოკუმენტების შემუშავებასა და დანერგვას ადევნებდა თვალყურს; ამ ჯგუფში მოიაზრებოდნენ ფასილიტატორი მშობლები, რომელთაც მოჰქონდათ ინფორმაცია - თითოეულ კლასში რა ტიპის პრობლემა იყო დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით, აღმოვაჩინეთ 4 ოჯახი, სადაც 5-7-4 შვილი იყო და ფიზიკურად არ ჰქონდათ კომპიუტერები, ჩვენ კი მოვახერხეთ და დროებით სარგებლობაში გადავეცით ტექნიკა.

ცალკე იყო სსსმ მოსწავლეებთან სამუშაო ჯგუფი და ტუტორიალები....ეს იყო მუდმივი სამუშაო პროცესი და  გუნდის შეთანხმებული მუშაობა ნამდვილად მნიშვნელოვანია, დირექტორსა და მოადგილეებთან ერთად -  ეს უნდა იყოს ერთი მთლიანი ორგანიზმი.

- ფიქრობთ, ასეთი მიდგომებით, უფრო მარტივად მოხდება ე.წ. რთული ბავშვების ინტეგრირება სასკოლო ცხოვრებაში? მით უმეტეს, გაცდენების ლიმიტი შეიზღუდა და 45-დღიანი არგამოცხადების შედეგად, მოსწავლეს სტატუსი უჩერდება.

- აქ საუბარია გაცდენების სრულ ოდენობაზე და ცვლილებას მივესალმები. აქამდე ეს პუნქტი მოიცავდა 90-დღიან პერიოდს, რაც 3-4 თვეა - მთელი სემესტრი; 15 სექტემბრიდან რომ ვერ ევლო ბავშვს სკოლაში, თებერვლამდე სტატუსს ვერ შეუჩერებდი და გამოდიოდა, ჩვენ სახელმწიფოსგან ვიღებდით ვაუჩერს იმ საქმიანობაში, რასაც არ ვახორციელებდით.

- სკოლაში სოცმუშაკების ჩართულობასა და სამედიცინო კაბინეტების დანერგვასაც მიესალმებით, ქალბატონო მაგდა?

- სამედიცინო კაბინეტი აუცილებელია; პროფესიით ექიმი ვარ, სამედიცინო განათლება მაქვს, მაგრამ არასოდეს მივცემ თავს უფლებას, თუნდაც ტკივილგამაყუჩებელი დავალევინო მოსწავლეს. ექიმი არის სკოლის ბურჯი, საიმედო და დასაყრდენი ძალა.  

რაც შეეხება სოცმუშაკებს, მათთან ვთანამშრომლობ და ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს; ესაა პასუხისმგებლობების გადანაწილება და ესაა შვება, აქ ხომ ბავშვს ეხება საქმე. საერთოდ, მიმაჩნია, რომ ერთი სოცმუშაკი უნდა იყოს მიმაგრებული ყველა სკოლაში.

- N23 საჯარო სკოლა ილია ჭავჭავაძის სახელობისაა, არაერთი ცნობილი ადამიანი გამოზარდა... თქვენთან სწავლა დიდი პასუხისმგებლობაა?

- არა მხოლოდ პასუხისმგებლობა, არამედ სტატუსიც კია ოცდამესამელობა - ასე მიაჩნიათ ჩვენს კურსდამთავრებულებს, მე კი მინდა, არა მხოლოდ ვალდებულება, არამედ სიამოვნებაც იყოს N23 საჯარო სკოლაში სწავლა თითოეული ბავშვისთვის.

- ფრანგულენოვან სკოლას ხელმძღვანელობთ. პოპულარულია საზოგადოებაში ფრანგული?

- ჩვენ ფრანგულს ვიწყებთ პირველი კლასიდან. ვართ ფრანგული ენის გაძლიერებული  სტატუსის სკოლა, ერთადეთი და უნიკალური საქართველოში; ბევრი რამ გვაქვს საამაყო - ბოლო სამ წელიწადში 4 რესპუბლიკური პროექტი განვახორციელეთ; გვაქვს საკუთარი რესურსების ბანკი, ბევრს ვმუშაობთ ფრანგულის მიმართულებით და მალე სერიოზული პრეტენზიები თუ განაცხადები გვექნება. ამასთან დაკავშირებით ვმუშაობთ საელჩოსა და ფრანგულ ინსტიტუტთან...

ზოგადად, მიმაჩნია, რომ  პროექტები არის ამოსავალი წეტილი. სკოლამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა თითოეულ მოსწავლეს გაუხსნას ფართო არეალი, მისცეს შესაძლებლობა, გამოავლინოს ნიჭი და შესაძლებლობები. ეს კი მოხდება კარგად გაწერილი, მრავალმხრივი პროექტებითა და საინტერესო შიდასასკოლო ცხოვრებით. მხოლოდ ასე განუვითარდებათ კომუნიკაციის, თანამშრომლობის, პრეზენტაბელურობის უნარები... და რაც მთვარია, ყველა ჩემს კურსდამთავრებულს ვეუბნები - მნიშვნელოვანია, მობრუნდეთ და თქვენს სკოლას მიხედოთ; თითოეულმა ადამიანმა ერთი პროექტი მაინც უნდა გააკეთოს მშობლიური სკოლისთვის.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებელთა მათემატიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები  გამოქვეყნდა

ისტორიის გამოცდის სამივე ვარიანტის ტესტები ცნობილია - ნახეთ, რა წერეს აბიტურიენტებმა

ადგილების რაოდენობა და უმაღლესების მოთხოვნა პროგრამაზე ჩასარიცხად

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს კორტოხის საჯარო სკოლის დირექტორი არჩილ პაქსაძე პასუხობს

სკოლები

ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2023-2024 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა

საინტერესო

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

„აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ არ მომბაძონ, არ ინერვიულონ, კარგად გამოიძინონ და ისე გავიდნენ გამოცდაზე“

საკუთარი კალმის, როგორც შეტანა, ასევე გამოტანა შესაძლებელია 

სიახლეები
საზოგადოება