ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ალპანის საჯარო სკოლის მოსწავლეებს სადამრიგებლო საათი ღია ცის ქვეშ, ბუნებაში ჩაუტარდათ.
მოსწავლეებმა პედაგოგთან ერტად საირმის უდაბნო მოინახულეს.
„საირმის უდაბნო ალპანასა და ჭრებალოს შუა ადგილზე იმყოფება და ექვსი კილომეტრი მანძილი უჭირავს.
რაჭაში მიმავალი მგზავრი აქ ისე არ გაივლის, რომ მის ულამაზეს კლდეებს თვალი არ მიაპყროს. ეს ადგილი ადამიანის გულს წარუშლელი შთაბეჭილებით ავსებს. საირმის უდაბნოს უღელტეხილიდან, სადაც გზატკეცილი ძნელ აღმართსა და დაღმართში საოცრად დაკეცილია, აღმოსავლეთითაც მომხიბვლელი სურათი მოჩანს, - წარმტაცია ქვემო რაჭის ხედი.
უდაბნოს ჩრდილოეთით, მთებს შორის, გაშენებულია სოფელი საირმე, სადაც ორასი კომლი ცხოვრობს. წინათ აქ ყოფილა ქალაქი, რომელიც უხსოვარ დროს ჩაქცეულა ორასი მეტრის სიღრმეზე. შუაში მთად აღმართულია დაუნგრეველი ნაქალაქარი, მას ორი კილომეტრი სიგრძე აქვს. ირგვლივ, სადაც ქალაქი ჩაწყვეტილა, დარჩენილია თვალუწვდენელი კლდოვანი სვეტები.
იქვე სახნავი მიწებია, რომელსაც „კლდეშუასა“ და „ლებენას“ უწოდებენ.
ჩრდილოეთითუდაბნოს არმოდიის ქედი დაჰყურებს. ამ ქედის კალთაზე ნობიდან წყალი გადმოდის, მას ქალაქის კოდი ჰქვია.
ერთგან კლდის ნაპრალიდან ამოდის კვამლი, რაც განსაკუთრებით ზამთარშია შესამჩნევი. კლდეშუაში ტეხენ ,,ბაღდადის ქვას''.ეს ქვა თეთრია, ადვილად თლიან და საუკეთესო საშენი მასალაა.უდაბნოში, მაღალ მთაზე, ორი საუკუნის წინ მონასტერი დაარსეს, მშენებლობა დაიწყო სამეგრელოს მთავარმა ოტია დადიანმა და მისმა მეუღლემ გულქანმა და დაამთავრა მათმა შვილმა კაცია მეორემ.
ეკლესია ბაღდადის ქვისაგან ააგეს და ხის სახლები დადგეს, სადაც ბერები ცხოვრობდნენ. გარშემო ტყე და ხილის ბაღი იყო. მონასტრის ადგილებს ამუშავებდნენ საირმის ლაბეჭინისა და ჭყვიშის გლეხები. სამოცდაათი წლის წინათ ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ეკლესიის ეზო შუაზე გაირღვა, რადგან საირმის უდაბნო სანდო საცხოვრებელი ადგილი არ აღმოჩნდა, ამის გამო იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა ეს მონასტერი გააუქმა. მონასტრის ქონება მარტვილში გადაიტანეს“, - ნაწყვეტი მიხეილ ალავიძის წიგნიდან „ლეჩხუმური ზეპირსიტყვიერება“.