სიახლეები
პიროვნება

„გვაქვს მოტივაცია, მოგვწონს სიახლეები და ვუმკლავდებით გამოწვევებს“ - თამარ კობახიძე, თბილისის N208 საჯარო სკოლის დირექტორი
27-05-2021
-
+


სკოლაში მოღვაწეობა ინგლისური ენის პედაგოგად დაიწყო, შემდგ სასწავლო ნაწილი გახდა და უკვე მეშვიდე წელია, თბლისის N208 საჯარო სკოლას ხელმძღვანელობს. ინტერვიუს დროს არაერთ საინტერესო თემას შევეხეთ - მათ შორის, სამედიცინო კაბინეტების აუცილებლობასა და სოცმუშაკების ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში; საუბარი კი, Etaloni.ge-სთან თბილისის N208 საჯარო სკოლის დირექტორმა, თამარ კობახიძემ იმით დაიწყო, თუ როგორ გააცილა სკოლის კურსდამთავრებულები ცხოვრების ახალ ეტაპზე და ისიც გაგვიმხილა, რა განცდა ეუფლება სკოლის  დირექტორს, უსაყვარლეს ბავშვებთან დამშვიდობებისას.

- როგორც N208 საჯარო სკოლის დირექტორმა, უკვე მეშვიდედ გავაცილე მეთორმეტეკლასელები... შეიძლება, ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ ეს არაა ჩვეულებრივი დღე სკოლის ცხოვრებაში, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ და მიუხედავად იმისა, ვცდილობ, არ ჩავერიო, პანდემიიდან გამომდინარე, ბევრი რეკომენდაციის დაცვა გვიწევს.

ბოლო ზარზე, რაც შევძელით პროტოკოლის ფარგლებში, ამოვწურეთ ყველა შესაძლებლობა. ღონისძიება ძალიან სახალისო იყო, მაგრამ ამავე დროს, რთულია, გაუმკლავდე ემოციებს - მეთორმეტეკლასელების წასვლის შემდეგ სკოლაც ცარიელია და დანაკლისს განიცდიან როგორც მასწავლებლები, ასევე თავად კურსდამთავრებულებიც.

- 2020-2021 სასწავლო წელი უჩვეულო იყო - წერტილოვანი შეზღუდვებით, ჰიბრიდული სწავლებით... როგორ განვლეთ ეს პერიოდი და რამდენად შეძელით, სასწავლო პროცესი წარგემართათ დანაკარგების გარეშე?

- ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას აქვს საშუალება, შესაძლებლობის ფარგლებში მოარგოს ასწავლო გეგმას თავისი მიმართულებები; ჩვენც გვქონდა მოდიფიცირების საშუალება. დისტანციური სწავლების დროს, იყო ბევრი გამოწვევა, ორ კვირაში ერთხელ იცვლებოდა ჩვენი სასწავლო პროცესი, თუმცა სკოლამ ყოველთვის უნდა შეძლოს, გამართული და ბავშვის ინტერესებზე მორგებული გახადოს სასწავლო პროცესი. ამას ყოველთვის ვახერხებდი ჩემს გუნდთან ერთად, პროცესებში სრულიად სასკოლო საზოგადოებაა ჩართული, ვცდილობთ, ყველაფერი კარგად გამოგვივიდეს და იმედია, ვახერხებთ კიდეც.

- დირექტორისთვისაც არაა მარტივი ასეთ ვითარებაში სკოლის მართვა; როგორ ახერხებთ, არ გაგექცეთ მართვის სადავეები და თუ აპირებთ 2020-2021სასწავლო წლის მონიტორინგს?

- მონიტორინგი ყოველი სასწავლო წლის ბოლო ტრადიციად გვაქვს ქცეული - რა იყო დადებითი და რა ხარვეზები გვქონდა, ვაგროვებთ მონაცემებს და სწორედ სტატისტიკის საფუძველზე ვგეგმავთ  ახალ სასკოლო სასწავლო გეგმას, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ, გუნდის თანამშრომლების სრული  ჩართულობითა და მხარში დგომით.

- თუმცა, ქალბატონო თამარ, გამოწვევებთან ერთად, სკოლებისთვის სიახლეებიც იყო, თუნდაც სამედიცინო კაბინეტების აუცილებლობა სკოლებისთვის...

- 2014 წლიდან, რაც N208 საჯარო სკოლის დირექტორი ვარ, ექიმის გარეშე ერთი დღეც არ ვყოფილვართ. ასე ჩავთვალე საჭიროდ, ავიყვანეთ ექთანი და ვფიქრობ, ასეც უნდა იყოს, რადგან მე, პირადად, წამალსაც ვერ მივცემ ბავშვს - არაკომპეტენტური ვარ და ზოგადად, არის რისკები, რაც დირექტორმა და არც ერთმა თანამშრომელმა თავის თავზე არ უნდა აიღოს.

- სოცმუშაკების ჩართულობაზეც გკითხავთ სასკოლო ცხოვრებაში. რას მოიტანს ეს სიახლე საჯარო სკოლებისთვის?

- ესაა პასუხისმგებლობების გადანაწილება და ვემხრობი სოცმუშაკების არსებობას სკოლებში - საქმე ეხება ბავშვს და სოცმუშაკი ამ დროს ჩვენი იმედია, გვერდით გვიდგას და არის ჩვენი სკოლის ნაწილი. წლებია ჩვენი სკოლა სოცმუშაკებთან თანამშრომლობს, ასე რომ, ამ მხრივ სიახლე არაფერია.

- ფიქრობთ, ისინი და კიდევ გაცდენების 45 დღემდე შემცირება დაგეხმარებათ ბავშვების ინტეგრირებაში სასკოლო ცხოვრებაში?

 - რა თქმა უნდა... მიმაჩნია, რომ ამ ცვლილებით სასწავლო პროცესში უფრო მეტად ჩაერთვებიან ეს მოსწავლეები. გვყავს რთულად სამართავი ბავშვებიც და სწორედ ამ ცვლილების შედეგად, გაგვიმარტივდება მათთან კომუნიკაცია, ურთიერთობა; რაც შეეხება 45 დღის შემდეგ მოსწავლისთვის სტატუსის შეჩერებას, აქ ჩვენი, როგორც სკოლის, პასუხისმგებლობაა სახელმწიფოს წინაშე - ვიღებთ ვაუჩერს და ფატქობრივად, მთელი წლის განმავლობაში ამ ბავშვთან ურთიერთობა არ გვაქვს. ზოგადად, მიმაჩნია, რომ პასუხისმგებლობის გადანაწილება ბევრ რამეს შეცვლის.

- თქვენზეც გვიამბეთ - რა გზა განვლეთ დირექტორობამდე, ქალბატონო თამარ?

-  ვარ ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; 18 წელია სკოლაში ვარ, ვმუშაობდი კერძო სკოლაში, შემდეგ ჩავაბარე გამოცდები,  გავხდი სასწავლო ნაწილი, შემდეგ კი -  დირექტორი... ოჯახური მდგომარეობის გამო, ამჟამად საათები არ მაქვს, თუმცა უფროსი მასწავლებელი ვარ და აუცილებლად განვაგრძობ მოღვაწეობას პედაგოგიური მიმართულებითაც.

- მიიჩნევთ, რომ დირექტორი მასწავლებლობიდან უნდა მოდიოდეს?

- თუ დირექტორმა არ იცის საგაკვეთილო პროცესი, მერხი, სკამი, რა ხდება კარსმიღმა... ძალიან გაუჭირდება...

- უფროსი მასწავლებელი ვარო, მითხარით - კარიერული წინსვლის სქემაზე რას ფიქრობთ?

- ჩვენს სკოლაში ძალიან ბევრი მასწავლებელი გახდა უფროსი... ერთად გავიარეთ ძალიან დიდი გზა, ბევრიც ვიშრომეთ და 2-3 პედაგოგია, ვისაც წელს გამოცდა ეხება. გვაქვს მოტივაცია, მოგვწონს სიახლეები, ვუმკლავდებით გამოწვევებს...

ასევე გამოწვევა იყო ახალი სკოლის მოდელიც, რომელშიც წელს ჩავერთეთ. მონდომება ნამდვილად არ გვაკლია, ვართ კრიტიკულებიც, ვხედავთ უარყოფით მხარეებს, თუმცა მთავარია, სასწავლო პროცესი მოსწავლეზე იყოს ორიენტირებული.

- მკაცრი ხართ?

- მკაცრი?.. უფრო მომთხოვნი, ვცდილობ, დავიცვა ოქროს შუალედი, საკუთარ თავსაც მაქსიმუმს ვთხოვ და შემდეგ პედაგოგებსაც. აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს კოლექტივს - რაც გაგვიკეთებია და რასაც მივაღწიეთ, ერთად დგომის დამსახურებაა, მარტო ვერაფერს შევძლებდი.

- მოსწავლეების მიმართაც მომთხოვნი ბრძანდებით?

- არა... მათთან არ გამომდის სიმკაცრე... ჩემი ბავშვები განსაკუთრებულად მიყვარს.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

დამატებით ანაზღაურებას ბაღებში დასაქმებული  3 100 თანამშრომელი მიიღებს

ქიმიის საგამოცდო ტესტები გამოქვეყნდა - NAEC

მასწავლებლების საყურადრებოდ - სამოქალაქო განათლების გამოცდაზე გამოყენებული ტესტები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

აღსანიშნავია, მეოთხე კლასის გამოსაშვები საღამო

ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2023-2024 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა

საინტერესო

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

„აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ არ მომბაძონ, არ ინერვიულონ, კარგად გამოიძინონ და ისე გავიდნენ გამოცდაზე“

საკუთარი კალმის, როგორც შეტანა, ასევე გამოტანა შესაძლებელია 

სიახლეები
საზოგადოება