„რაც უფრო მეტია განათლებული ადამიანი, მით უფრო ძლიერი და წარმატებულია ქვეყანა“ - მარინე ტაბატაძე, ყელქცეულის საჯარო სკოლის დირექტორი
31-05-2021
დაკოპირებულია
-
+
რას გვანიჭებს ცოდნა, რა არის წარმატებისთვის აუცილებელი, რაში ეხმარება დირექტორობა, რას ახსენებს ხშირად საკუთარ თავს - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლის დირექტორისა და ამავე სკოლის მათემატიკის უფროსი მასწავლებელის - მარინე ტაბატაძის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:
- სკოლა არის. . .
- სკოლა ჩემთვის ოჯახია, სადაც დიდ დროს ვატარებ. თითოეული მოსწავლე, მასწავლებელი და ტექპერსონალი კი ამ ოჯახის სრულფასოვანი წევრია. სკოლაში არსებული მეგობრული და პოზიტიური განწყობა, ღირებულებებზე აღზრდა მეხმარება მოსწავლეების პიროვნებებად ჩამოყალიბებაში.
- ცოდნა გვანიჭებს. . .
- „ცოდნა სიმდიდრეა, მერე იმისთანა მადლიანი სიმდიდრეა, რომ რაც უნდა ბევრს დაურიგო, ბევრს გაუწილადო, შენ არა დაგაკლდება-რა, თუ არ მოგემატება" - ილია მართლის ეს მადლიანი სიტყვები ჩემი ცხოვრების წესია - ცოდნა ძალაა! რაც უფრო მეტია განათლებული ადამიანი, მით უფრო ძლიერი და წარმატებულია ქვეყანა. ჩვენს განათლებაზე არა მარტო ჩვენი მომავალი, არამედ ქვეყნის ბედიცაა დამოკიდებული.
- მომავალ თაობას სჭირდება...
- ვინაიდან ბავშვისთვის სკოლა პირველი წარმატების და შთაბეჭდილების ადგილია, უნდა დავეხმაროთ მათ ბედნიერების მშენებლობაში. ვიყოთ მომთმენნი, მამაცნი, გამბედავი, ცოცხალ მაგალითად ქცეულებმა გავუკვალოთ ცხოვრების გზაწვრილები მწვერვალებისკენ.
- როდესაც მოსწავლე ვიყავი. . .
- მიხაროდა და მაბედნიერებდა ჩემი საინტერესო ყოველდღიურობა...
- დირექტორობა მეხმარება. . . - სკოლის დირექტორობა ჩემთვის არის შესაძლებლობა - უკეთესობისკენ შევცვალო სამყარო...
- საკუთარ თავს ხშირად ვახსენებ. . .
- „ჩვენ ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ"-ეგზიუპერის ეს საოცარი სიტყვები ჩემი ცხოვრების წესია და ყოველთვის ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით ვმოქმედებ...
- წარმატებისთვის აუცილებელია. . . - სიყვარული, მადლიერება, მოთმინება, ღირებულებებზე და დემოკრატიულ პრინციპებზე აღზრდა, მუდმივი განვითარება...