მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სახალხო დამცველი საქართველოში ბავშვთა უფლებების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ კორონავირუსის პანდემიამ კიდევ უფრო გაამწვავა ბავშვის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული მდგომარეობა.
„პირველ ივნისს ბავშვის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ მნიშვნელოვან დღეს, საქართველოში მცხოვრებ ყველა ბავშვს მსურს ვუთხრა, რომ სახალხო დამცველი ყოველთვის იქნება მათ გვერდით და მათი უფლებების დასაცავად. დღეს, როდესაც არაერთი ბავშვი ცხოვრობს სიღარიბეში, განიცდის ძალადობას, უგულებელყოფილია ჯანდაცვის, განათლების, განვითარების საჭიროებები, ისე როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ამ დღის აღნიშვნა გასცდეს სიმბოლურ დატვირთვას და სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები გადადგას მათი უფლებების დასაცავად.
საქართველოში, წლების განმავლობაში ვხვდებით ბავშვის უფლებების დარღვევის უმძიმეს ფაქტებს, რაც უმეტესწილად დაკავშირებულია მხარდამჭერი სერვისების არაეფექტიანობასთან, სახელმწიფოს დაგვიანებულ რეაგირებასთან, სოციალური და ბავშვებზე ზრუნვის პროგრამების ხარვეზებთან. საზოგადოების დამოკიდებულება ბავშვის უფლებების დარღვევის ფაქტების მიმართ კვლავ არაერთგვაროვანია და ხშირად, ბავშვები პირისპირ რჩებიან ძალადობის წინაშე. ამ დრომდე, პასუხისმგებელი უწყებები არ ახდენენ ბავშვის უფლებადარღვევის ფაქტების დროულ იდენტიფიცირებას, სათანადო რეაგირებას და არასრულწლოვნების მხარდაჭერას მათი საჭიროებების შესაბამისად“, - აღნიშნავს ომბუდსმენი.
მისივე თქმით, კვლავ გამოწვევად რჩება ბავშვის მიმართ ძალადობა და სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული მონიტორინგის ეფექტურობა.
„ახალი კორონავირუსის პანდემიამ კიდევ უფრო გაამწვავა ბავშვის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული მდგომარეობა. გაიზარდა ბავშვის მიმართ ძალადობის, მათი ჯანმრთელობის, ბავშვთა სიღარიბისა და განათლების უფლების დარღვევის რისკები. საქართველოში, 2020 წლის იანვრიდან დეკემბრამდე პერიოდში, საარსებო შემწეობის მიმღები არასრულწლოვნების რაოდენობა 152.000-დან 186.000-მდე გაიზარდა. ხარვეზებთან იყო დაკავშირებული დისტანციური სწავლების პროცესიც, განსაკუთრებით შეზღუდული შესაძლებლობის, სიღარიბეში და სოფლად მცხოვრები ბავშვებისთვის. გამოწვევად რჩება ბავშვის მიმართ ძალადობა; 2020 წელს, არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ სექსუალური ძალადობისა და სექსუალური ექსპლუატაციის 254 შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება.
ქვეყანაში ჯერ კიდევ არ დასრულებულა წლების წინ დაწყებული დიდი ზომის დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი; დღესაც ფუნქციონირებს არაერთი რელიგიური სკოლა-პანსიონი, სადაც სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული მონიტორინგი არ არის სრულყოფილი და ეფექტური. განსაკუთრებით პრობლემურია ნინოწმინდაში არსებული პანსიონის მონიტორინგის საკითხი, რომელზე ფაქტობრივ ზედამხედველობას სახელმწიფო ვერ ახორციელებს. 2021 წლის 15 აპრილს და 19 მაისს, საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებს არ მიეცათ პანსიონში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლისა და არასრულწლოვან ბენეფიციარებთან შეხვედრის შესაძლებლობა. სახელმწიფომ ამ დრომდე ვერ უზრუნველყო გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის მიერ გამოცემული დროებითი ღონისძიების აღსრულება, რომლითაც მთავრობას ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა დაავალა.
უკიდურესად მნიშვნელოვანია, სახელმწიფო უწყებებმა მეტი პასუხისმგებლობა და პროაქტიურობა გამოიჩინონ ქვეყანაში ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენციის, ძალადობის ფაქტებზე სათანადო რეაგირების, არასრულწლოვნების მხარდაჭერის, ბავშვთა სიღარიბის და ცხოვრების არასათანადო დონის, მათი განათლებისა და ჯანმრთელობის უფლების დაცვის საკითხების მიმართულებით. ქვეყანაში ბავშვის უფლებების დაცვა სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის უნდა იყოს პრიორიტეტი და სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ყველა ღონისძიება არასრულწლოვნების საუკეთესო ინტერესებსა და არსებულ საჭიროებებს უნდა ეფუძნებოდეს“, - წერს სახალხო დამცველი მიმართვაში.
ამასთან, სახალხო დამცველის აპარატი ქვეყანაში ბავშვის უფლებების სათანადო დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწოფს მიერ განსახორციელებელ ნაბიჯებზე საუბრობს. აუცილებელია:
გადაიხედოს ბავშვთა სიღარიბესთან ბრძოლის კუთხით არსებული პოლიტიკა, იმ სოციალური და ბავშვზე ზრუნვის პროგრამების ეფექტურობა, რაც ხშირად სიღარიბეში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახების ბაზისურ საჭიროებებსაც კი ვერ აკმაყოფილებს.
გაგრძელდეს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი, გაძლიერდეს სახელმწიფო ზრუნვის სისტემა როგორც ფინანსური, ასევე, ადამიანური რესურსით და სახელმწიფომ უზრუნველყოს დიდი ზომის დაწესებულებებში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი, მათ შორის, სახალხო დამცველის, როგორც მონიტორინგის დამოუკიდებელი ორგანოს მიერ.
დროულად შემუშავდეს ძალადობის მსხვერპლი ბავშვების სარეაბილიტაციო პროგრამები, აქტიურად გატარდეს ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენციული ღონისძიებები და პასუხისმგებელმა უწყებებმა გააძლიერონ აღნიშნული მიმართულებით ერთმანეთთან დროული და ეფექტიანი კოორდინაციის სისტემა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
გამოქვეყნდა პეტიცია - „დააბრუნეთ საგამოცდო პროგრამაში აქტუალური ქართული ლიტერატურა“
„მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია ღია კომუნიკაცია...“
სვანეთის მუზეუმთან და მესტიის ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით, მოსწავლეებმა შთამბეჭდავი პრეზენტაციები გამართეს
„ჩვენ ბევრჯერ დავწერთ ისტორიას. ბევრ მწვერვალს დავიპყრობთ, როგორც საგანმანათლებლო, ასევე სპორტულ სარბიელზე“
6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა
ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე